კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ დაატყდა თავს რისხვა 200 მილიონის მფლობელ თემურ ჭყონიას


მისი სახელი საქართველოში, სხვადასხვა ხელისუფლებისა და პოლიტიკის პირობებში. „კოკა-კოლასთან“, „მაკდონალდსთან“ და წარმატებასთან არის გაიგივებული. ის ერთ-ერთი უმდიდრესი ქართველია – მისი ქონება, ქართული პრესის ცნობებით, 200 მილიონ დოლარს აღწევს. როგორც „კოკა-კოლა“, ისე „მაკდონალდსი“ რამდენჯერმე დასახელდა საქართველოს წლის საუკეთესო კომპანიებად, თემურ ჭყონია კი წლის საუკეთესო ბიზნესმენად აღიარეს.

„კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ მფლობელმა წარმატებულ ბიზნესმენად ჩამოყალიბებამდე რთული და გრძელი გზა გაიარა. თემურ ჭყონია 1950 წლის 9 სექტემბერს ქალაქ ბოლნისში, სიმონ და მარგალიტა ჭყონიების ოჯახში დაიბადა. ჰყავს მეუღლე – მარინა ჭყონია, ორი შვილი – სოფიკო ჭყონია და გიორგი ფხაკაძე. თემურ ჭყონიას ხელშეწყობით მისმა ქალიშვილმა თბილისის ცენტრში, რუსთაველის პროსპექტზე, ცნობილი „ფეშენ კაფე“ გახსნა, რომელიც წლების განმავლობაში ელიტარული ახალგაზრდობის საყვარელი თავშეყრის ადგილი იყო.

თემურ ჭყონიამ განათლება თბილისის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში მიიღო. უმაღლესი სასწავლებლის დასრულების შემდეგ, გარკვეული პერიოდის განმავლობაში რუსეთში იმყოფებოდა: 1970-1972 წლებში იგი რუსეთის ერთ-ერთ პურის ფაბრიკაში მუშაობდა ტექნოლოგად; 1973-1975 წლებში კი მოსკოვის ქიმიური აღჭურვილობის საინჟინრო ინსტიტუტის ლაბორატორიაში თანაშემწედ მსახურობდა, 1975-1977 წლებში კი მოსკოვის სამშენებლო-სამონტაჟო სამმართველოში განაგრძო მუშაობა.

შემდეგ იწყება თემურ ჭყონიას საქართველოში მოღვაწეობის პერიოდი: 1977-დან 1978 წლამდე ის „თბილლუდში“ ტექნიკურ მოსამსახურედ მუშაობდა; 1978-1979 წლებში იყო „თბილხილწყალის“ მთავარი ინჟინერ-მექანიკოსი; ამავე დაწესებულებაში, 1979-1983 წლებში, სამრეწველო განყოფილების უფროსად დანიშნეს, 1983-1987 წლებში კი მთავარი ინჟინერი გახდა. ჭყონია არაერთი სამეცნიერო ნაშრომის ავტორია უალკოჰოლო სასმელების წარმოების ტექნოლოგიის სფეროში. 1993-1995 წლებში თემურ ჭყონია „კოკა-კოლა კავკასიონის“ პრეზიდენტია. 1995 წლიდან ის უკვე კომპანია „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ აფუძნებს და მისი ხელმძღვანელია. 1990-იან წლებში ის იმ პერიოდში პოპულარული გაზეთის „კავკასიონის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და გამომცემელია. ჭყონია „მაკდონალდსი – საქართველოს“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და ერთ-ერთი უმსხვილესი აქციონერია. იყო პრეზიდენტთან არსებული ეკონომიკური საბჭოს წევრი, აგრეთვე, „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიასა“ და გამაგრილებელი წყლების ქარხანა „კავკასიონის“ გენერალური მენეჯერი.

1990 წლების დასაწყისში მან, სხვა ქართველ ბიზნესმენებთან ერთად, რამდენიმე მილიონი დოლარი აიღო სესხად, იმ თურქული კრედიტიდან, რომელსაც დროგამოშვებით დიდი ხმაური სდევდა თან სხვადასხვა ბრალდების თანხლებით. ისიც აუცილებლად არის აღსანიშნავი, რომ მის წარმატებაში ამ კრედიტს მართლაც დიდი წვლილი მიუძღვის.

„კოკა-კოლა“

„კოკა-კოლას“, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე კარგად ცნობილი ბრენდია, დიდი და საინტერესო ისტორია აქვს. „კოკა-კოლა“ უალკოჰოლო გაზიანი სასმელების მსოფლიოში უმსხვილესი კომპანიაა. ის ერთ-ერთი ყველაზე ძველი კომპანიაა ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომელიც ჯორჯიის შტატის ქალაქ ატლანტაში 1886 წლის 8 მაისს ვინმე ჯორჯ სტიტ პემბერტონმა შექმნა. რაც შეეხება „კოკა კოლას“ მსოფლიოში ყველაზე ცნობილ ლოგოტიპს, ის ძალიან მარტივად შეიქმნა – პემბერტონის ბუღალტერმა, ფრენკ რობინსონმა, ლამაზი კალიგრაფიითა და ფიგურული ასოებით დაწერა სიტყვა „კოკა-კოლა“ და ის დღემდე ამ ბრენდის ლოგოტიპია. „კოკა-კოლას“ შესახებ მთელი მეოცე საუკუნის განმავლობაში ამერიკულ თუ მსოფლიო პრესაში უამრავი მითი ითხზვებოდა და ჭორი ვრცელდებოდა. მას აგრესიულ და უსარგებლო სასმელადაც მიიჩნევდნენ. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ამერიკის ზოგიერთ შტატში შავკანიანების მხრიდან თეთრებზე გახშირებულ თავდასხმებს „კოკა-კოლას“ ზემოქმედებას უკავშირებდნენ. ეს ბრენდი დღესდღეობითაც ყველაზე პოპულარული და აღიარებულია – „კოკა-კოლა“ 2006-2009 წლებში მსოფლიოს უძვირფასეს ბრენდად დასახელდა. საბჭოთა ადამიანებმა მსოფლიოში ყველაზე ცნობილ უალკოჰოლო გაზიან სასმელს პირველად გემო 1980 წელს, მოსკოვის ოლიმპიადის დროს გაუგეს, საბჭოთა კავშირის ბაზარზე მისი გაყიდვა კი, 1988 წლიდან დაიწყო.

„კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“ 1993 წლის 26 ივნისიდან „კოკა-კოლა ატლანტის“ მიერ სერტიფიცირებული „კოკა-კოლას“ პროდუქციის ოფიციალური მწარმოებელი კომპანიაა საქართველოში. ამ კომპანიის წლიური ბრუნვა, უკვე არაერთი წელიწადია, რამდენიმე ათეული მილიონი დოლარია. ჭყონია და მისი კომპანია დიდი ხანია, კულტურულ, სპორტულ თუ საზოგადოებრივად მნიშვნელოვან სხვა ღონისძიებათა მთავარ დამფინანსებლებს შორის არიან.

„კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“ ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური კომპანია იყო საქართველოს პირობებში. ამდენად, უჩვეულო იყო ის ხმები, რომელიც მასთან დაკავშირებით 2008 წელს არაოფიციალურად გავრცელდა, „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“ გავლენიან თურქულ კომპანია „ეფესთან“ აწარმოებდა მოლაპარაკებებს მისთვის წილის მიყიდვის შესახებ. „ჩვენ მივესალმებით ისეთი სერიოზული კომპანიის შემოსვლას ქართულ ბაზარზე, როგორიც „ეფესია“ და ჯანსაღი კონკურენციის იმედი გვაქვს“, – აცხადებდნენ „კოკა კოლაში“. ეს ხმები მას შემდეგ გააქტიურდა, რაც თემურ ჭყონიას ბიზნესში გარკვეული სიძნელეები შეექმნა. „კოკა-კოლას“ სავაჭრო ქსელში დეფიციტი შეიქმნა, რადგან ქარხანა სასმელს ვეღარ ასხამდა. ბიზნესწრეებში იმაზე დაიწყეს საუბარი, რომ ამერიკის სათავო ოფისმა ქარხანას ექსტრაქტების მიწოდება შეუწყვიტა, რისი მიზეზიც სხვადასხვა დარღვევა გახდა. გავრცელებული ხმების თანახმად, ერთ-ერთი სერიოზული დარღვევა ის იყო, რომ რომ ქარხანა გაცილებით მეტ სასმელს ასხამდა, ვიდრე ოფიციალურად არეგისტრირებდა და ის ექსპორტზეც გაჰქონდა, რამაც სათავო ოფისი გააღიზიანა. „კოკა-კოლას“ ქართულ წარმომადგენლობაში ამ ხმებს დაბეჯითებით უარყოფდნენ.

„მაკდონალდსი“

„კოკა-კოლას“ გარდა, რომელსაც ბიზნესმენი ხშირად „შვილობილს“ უწოდებს, თუმურ ჭყონია აქტიურად არის დაკავებული „მაკდონალდსის“ ბიზნესით და მისი გაფართოებით. მან 2008 წელს „მაკდონალდსის“ უკვე მესამე რესტორანი გახსნა თბილისში, სპორტის სასახლის წინ. ამ ობიექტის გახსნისას ბიზნესმენმა განაცხადა, რომ ახალი ობიექტის მშენებლობაში 3 მილიონი დოლარი ჩაიდო. „დიდი გეგმები გვაქვს. ვაპირებთ, დაახლოებით სამ წელიწადში, საქართველოში „მაკდონალდსის“ 13 რესტორანი გავხსნათ, რაც ავტომატურად კიდევ 3 ათასი ახალი სამუშაო ადგილის გაჩენას ნიშნავს“, – განაცხადა ჭყონიამ პრესასთან საუბრისას. მისი თქმით, „მაკდონალდსი“ კვლავაც სოციალურ პროგრამებზე იქნება განსაკუთრებით ორიენტირებული.

როგორც ცნობილია, „მაკდონალდსი“ მსოფლიოში ყველაზე პოპულარული სწრაფი კვების ობიექტების ქსელია, რომელშიც 30 ათასამდე რესტორანი შედის. ეს ქსელი მსოფლიოს ასზე მეტ ქვეყანაში მოქმედებს. „მაკდონალდსის“ მომსახურებით ყოველდღიურად მილიონობით ადამიანი სარგებლობს.

ტურიზმი

ბოლო ხანებში თემურ ჭყონია ტურისტული ბიზნესითაც დაინტერესდა. 2005 წელს „კოკა კოლა ბოთლერს ჯორჯიამ“ შპს „საქართველო“ აუქციონზე 760 ათას დოლარად შეისყიდა. შეძენილ ობიექტს პროფილი შეეცვალა და ის სასტუმროდ გადაკეთდა. სანატორიუმი შპს „საქართველო“ ქობულეთში, დავით აღმაშენებლის გამზირზე მდებარეობდა და ვიდრე მას „კოკა-კოლა“ შეიძენდა, სახელმწიფო საკუთრება იყო.

„ჯორჯიან ჰოტელ პალასი“ 2008 წლის ივნისში კაპიტალური რეკონსტრუქციის შემდეგ გაიხსნა. ამ საქმეში თემურ ჭყონიამ 30 მილიონამდე ლარი დახარჯა. „ჯორჯიან ჰოტელ პალასში“ 155 ნომერია განთავსებული. ქართულ პრესაში გაჟღერდა, რომ ეს სასტუმრო საქართველოში მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ კანონის დარღვევით აშენდა. თავად ჭყონია „ჯორჯიან ჰოტელ პალასის“ მშენებლობასთან დაკავშირებულ აჟიოტაჟს ჭორებს უწოდებს და მას სერიოზულად არც აღიქვამს. ის დიდ იმედებს ამყარებდა ამ სასტუმროზე, თუმცა, 2008 წლის აგვისტოში განხორციელებულმა რუსეთის აგრესიამ საქართველოში მის ტურისტულ ბიზნესს სერიოზული პრობლემები შეუქმნა. ამას თან დაერთო მუდმივი პოლიტიკური დაძაბულობაც, რამაც, მისივე განცხადებით, ტურისტებისა და ინვესტიციების მოზიდვა შეაფერხა.

ქართულ პრესაში და პოლიტიკურ კულუარებში ბევრს საუბრობდნენ თემურ ჭყონიას ხელისუფლებასთან ახლო კავშირებზე. საინტერესოა, რომ ასე იყო შევარდნაძის პრეზიდენტობის დროსაც და ასეა სააკაშვილის მმართველობის პერიოდშიც. ფაქტი ის არის, რომ ჭყონია ყველა ხელისუფლებასთან კარგი ურთიერთობების დამყარებას ახერხებდა.

თემურ ჭყონია პოლიტიკაში სკანდალის გმირი პირველად 2002 წელს იმის წყალობით გახდა, რომ მოსაზრება გამოთქვა მაშინდელი პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის საპრეზიდენტო ვადის უფლებამოსილების ორი წლით გახანგრძლივების შესახებ. საინტერესო ის არის, რომ მაშინ ჭყონიას ამ ინიციატივას მხარი ხელისუფლებასთან დაახლოებულმა სხვა ბიზნესმენებმაც დაუჭირეს. თავად შევარდნაძე ჭყონიას ამ აზრს თავდაპირველად ხუმრობით მოეკიდა, თუმცა, ერთკვირიანი ფიქრის შემდეგ, საჯაროდ განაცხადა, რომ მისი მხრიდან საპრეზიდენტო ვადის გაგრძელების სურვილი გამორიცხული იყო.

2008 წელს კიდევ ერთი სკანდალი აგორდა თემურ ჭყონიასა და კიდევ რამდენიმე ბიზნესმენის მიერ უკვე ერთგზის პრეზიდენტის და იმჟამად პრეზიდენტობის კანდიდატ მიხეილ სააკაშვილის წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსების შესახებ. საქმე იქამდე მივიდა, რომ ოპოზიციამ თავის მომხრეებს „კოკა-კოლასა“ და „მაკდონალდსის“ პროდუქციის აქტიური ბოიკოტირებისკენ მოუწოდა. როგორც ამბობენ, მაშინ „კოკა- კოლამ“ მართლაც სერიოზულად იზარალა ამ ბოიკოტის გამო. 2008 წლის იანვარში ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა, ოპოზიციური ტელევიზიის „კავკასიის“ ეთერში გამოსვლისას თემურ ჭყონია სააკაშვილის წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსებაში კიდევ ერთხელ, ღიად დაადანაშაულა და ამის გამო სასტიკად გააკრიტიკა. „თქვენ ხომ არ გაგიჟდით ბიზნესმენებო?! თემურ ჭყონია! ჩვენ შენს „კოკა- კოლას“ ვყიდულობთ, შენ კი ამ ფულს სააკაშვილს აძლევ? ტვინი არ გაქვს თავში? ეს მუქარა არ არის, მაგრამ გეშინოდეს ჩვენი! ვინ მოგცა უფლება, ის ფული, რომელიც ჩვენგან გაქვს, სააკაშვილს მოახმარო?!“ – მიმართავდა ძიძიგური ჭყონიას. თემურ ჭყონიამ მოგვიანებით უპასუხა ბრალდებებს და განაცხადა, რომ „კოკა-კოლასა“ და, საერთოდ, ქართულ ბიზნესთან დაპირისპირება ბევრი ადამიანის უმუშევრად დატოვებას, ბიუჯეტისთვის მნიშვნელოვანი გადასახადების დაკლებასა და ქვეყნის ეკონომიკის დანგრევას ნიშნავს, რისი მსურველიც საქართველოში არავინ უნდა იყოს, მით უმეტეს – ოპოზიცია.

უნდა აღინიშნოს, რომ ოპოზიციის მხრიდან ანალოგიური ბრალდებები სხვა კომპანიების მიმართაც არაერთხელ გაისმა და ამ მხრივ, თემურ ჭყონია გამონაკლისი პერსონა არ ყოფილა. ოპოზიციის განსაკუთრებული რისხვა „კოკა-კოლას“ მფლობელს იმიტომ დაატყდა თავს, რომ სწორედ ჭყონია აღმოჩნდა პირველი ქართველ ბიზნესმენებს შორის, რომელიც ოპოზიციის საპროტესტო აქციებს 2008 წლის აპრილ-მაისში ღიად დაუპირისპირდა. „ჩვენ ტურიზმში მნიშვნელოვანი ინვესტიციები ჩავდეთ და სერიოზულად ვზარალდებით იმის გამო, რომ საქართველოში ტურისტების ჩამოსვლა შეფერხებულია. ჩემთვის სერიოზულ პრობლემად რჩება ქუჩების გადაკეტვაც, რადგან საცობების გამო „კოკა-კოლას“ მანქანები დისტრიბუციას ვერ ახერხებენ. ამიტომაც, ჩვენი შემოსავლები მცირდება და შესაბამისად, ბიუჯეტს თანხები აკლდება“, – განაცხადა ჭყონიამ საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას.

თემურ ჭყონია აქტიურად ეწევა ბიზნესმენთა ინტერესების ლობირებას. მან 2009 წლის ოქტომბერში გააპროტესტა საგადასახადო კოდექსში შესატანი ერთ-ერთი ცვლილება, რომლის მიხედვითაც, შედარებისას, თუ ბიზნესმენის წლიური შემოსავალი აღემატება წინა წლის მაჩვენებელს, ის, შეიძლება, გადასახადების დაფარვაში დაადანაშაულონ.

2009 წლის ოქტომბერში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქართველი ბიზნესმენები პროფესიული გაერთიანებების შექმნას აპირებდნენ. ბიზნესმენთა ასოციაციის შექმნასთან დაკავშირებით მოსაზრება ჭყონიამაც გამოთქვა: „თუ სერიოზული ორგანიზაცია იქნება და კარგად ითანამშრომლებს სახელმწიფოსთან, თუ სწორი გადაწყვეტილების მიღებაში ხელს შეუწყობს, აქტიურად ჩავერევი მის საქმიანობაში. თუ ეს ისეთი ორგანიზაცია იქნება, სადაც მხოლოდ ლაქლაქს დაიწყებენ და სხვას არაფერს გააკეთებენ, მაშინ დავემშვიდობები“, – აღნიშნა „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ მფლობელმა და ამ განცხადებით თავისი ლოიალურობა ხელისუფლების მიმართ კიდევ ერთხელ საჯაროდ დაადასტურა.

2008 წლის ზაფხულში თემურ ჭყონიას სახელი კიდევ ერთი ხმაურიანი დაპირისპირების კონტექსტში გაჟღერდა: ქართულ მასმედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ჭყონიას „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“, შესაძლოა, „პროქტერ ენდ გემბელის“ პროდუქციის დისტრიბუტორი გამხდარიყო საქართველოში. არადა, მანამდე ამ მსოფლიოში ცნობილი კომპანიის პარტნიორი საქართველოში, ამჟამად დევნილობაში მყოფი ქიბარ ხალვაშის კუთვნილი კომპანია „არტ ჯგუფი“ იყო. ჭყონიამ არ უარყო ეს ინფორმაცია და განაცხადა, რომ გარკვეულ მოლაპარაკებებს მართლაც აწარმოებდა „პროქტერ ენდ გემბელის“ წარმომადგენლებთან. მისი თქმით, პროდუქციის დისტრიბუციას სპეციალურად ამ მიზნისთვის შექმნილი კომპანია ახორციელებდა და თანამშრომლობის სურვილი უცხოელების მხრიდან მოდიოდა. საინტერესოა, რომ „არტ ჯგუფს“ ამჟამად სტრასბურგში აქვს საქმე შეტანილი საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ და 20 მილიონ დოლარს ითხოვს მისი მხრიდან მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად.

მას შემდეგ, რაც რამდენიმე თვის წინ გოგი თოფაძემ განაცხადა იმის შესახებ, რომ ბიზნესის რთულ პირობებში წარმოების გამო თავისი ბიზნესი უცხოეთში გააქვს, თემურ ჭყონიამ აღნიშნა, რომ საქართველოში ბიზნესგარემო ტრაგედიის შექმნის საფუძველს ნამდვილად არ იძლევა. „ჩვენთან ბიზნესგარემო იდეალური ნამდვილად არ არის, პრობლემები ნამდვილად გვაქვს, თუმცა, ასეთი პრობლემები ყოველთვის იყო. უცხოეთში ქართული ბიზნესის განვითარების მცირე შანსია, ამიტომ, ჯობია, ყველა ქართველმა ბიზნესმენმა საკუთარი ცოდნა საქართველოს მოახმაროს“, – აცხადებს ჭყონია.

ის იმედის თვალით უყურებს მომავალს და ამბობს, რომ ბოლო პერიოდის გლობალურ და ადგილობრივ ეკონომიკურ კრიზისს დადებითი მხარეებიც აქვს. „ალბათ, ეს კრიზისი აუცილებელი იყო, რათა კომპანიებს საკუთარი ეკონომიკური პოლიტიკა გადაესინჯათ. ეკონომიკური კრიზისის დამთავრების შემდეგ, როგორც ბიზნესსექტორი, ისე მოსახლეობა, მდგომარეობის გაუმჯობესებას იგრძნობს. კონკრეტულად ჩვენს ბიზნესს ეს კრიზისი მთელი სიმძაფრით არ შეხებია, რადგან ჩვენ ისეთ სფეროში ვმოღვაწეობთ, რომელიც მოსახლეობას ყოველდღიურად სჭირდება. უხეშად რომ ვთქვათ, ხალხს კრიზისის დროსაც შია და სწყურია“, – ოპტიმისტურად ასკვნის ბიზნესმენი.


скачать dle 11.3