ვეტერინარის რჩევები
კითხვა: როგორც ვიცი, ჯიშიანი ძაღლის ასაყვანად მარტო სურვილი არ კმარა, ამისთვის საკმაოდ ბევრი ფულიც უნდა გქონდეს. საშუალოდ რა თანხაა საჭირო ძაღლის ნორმალურად უზრუნველსაყოფად?
პასუხი: ჯიშიანი ძაღლის შეძენა მსურველს საშუალოდ 500-დან 2 000 დოლარამდე დაუჯდება. როცა ადამიანი ასეთ ღირებულ ცხოველს იძენს, საკუთარ თავზე ოთხმაგი პასუხისმგებლობა და ვალდებულება უნდა აიღოს, კარგად რომ მოუაროს. როგორც იცით, რამდენიმე ტიპის (კლასის) საკვები არსებობს. თუ ჯიშიანი ძაღლი გყავთ, საკვებიც საუკეთესო ხარისხის უნდა აჭამოთ, ანუ „სუპერ-პრემიუმის“ კლასის. ძაღლის ყოველთვიური კვება, საორიენტაციოდ, 100 ლარი ჯდება. ფორსმაჟორული სიტუაციები, რომელშიც შედის ვაქცინაციები და ასე შემდეგ, დაახლოებით 20-50 ლარს ითვლის. თუ ძაღლი საოპერაციო აღმოჩნდა, შეიძლება, დაგიჯდეთ როგორც 100, ასევე, 4 000 ლარი. რაც შეეხება ძაღლის გასაწვრთნელად პროფესიონალი მწვრთნელის აყვანას, სხვადასხვა ფასებია – გააჩნია, რისთვის ამზადებთ ძაღლს. საორიენტაციოდ, ძაღლის გაწვრთნის ფასი 500-დან 1 500 დოლარამდე მერყეობს. ასე რომ, ჯიშიანი ძაღლისა და კარგი ავტომობილის შენახვა დაახლოებით ერთი და იგივე ფასი ჯდება. აქედან გამომდინარე, კარგად უნდა დაფიქრდეთ, გაქვთ თუ არა ამის საშუალება. ძაღლი არასდროს არ უნდა იყიდოთ მოდის გამო. ისიც უნდა იცოდეთ, რომ, ფასიდან გამომდინარე, სუფთა სისხლის ძაღლებშიც არის განსხვავება. ისინი ერთმანეთისგან ხარისხით განსხვავდებიან, რაც მოყვარულისთვის ძნელი შესამჩნევია. ამიტომ, არ უნდა დაინანოთ ლეკვში თანხის გადახდა, რადგან, საბოლოოდ, დაბალფასიანი ძაღლი მაინც ვერ გაიზრდება ისეთი, როგორიც გსურდათ, რომ ის ყოფილიყო. ფულის დაზოგვის შედეგად მიიღებთ ჯიშის დაბალი ხარისხის წარმომადგენელს, მერე კი მასზე გულს აიცრუებთ. გაითვალისწინეთ, რომ ძაღლზე ეკონომიის გაკეთება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. თუ ეკონომიის გაკეთება გსურთ, შეგიძლიათ, მეტისი აიყვანოთ და ის გაზარდოთ – ამით ძალიან დიდ კეთილ საქმესაც გააკეთებთ და მის გამოკვებასა და მკურნალობაში ის ორგანიზაციაც დაგეხმარებათ, საიდანაც მაწანწალა ძაღლს წამოიყვანთ. სხვათა შორის, მეტისებს გაცილებით ძლიერი იმუნური სისტემა აქვთ, ვიდრე ჯიშიან ძაღლებს და შესაბამისად, ამდენი ვაქცინაცია, ფუფუნება და თან გადაყოლა მათ არ სჭირდებათ.
კითხვა: ჩემი ძაღლი საკმაოდ აგრესიულია სხვა ძაღლების მიმართ. ქუჩაში სეირნობისას ხშირად უყეფს და თავს ესხმის მათ. მაინტერესებს, პირველ ყოვლისა რა უნდა გავაკეთო თუ მათ შემთხვევით ჩემი ძაღლი დაკბინეს?
პასუხი: როგორც წესი, დაკბენის შემთხვევაში, ძაღლი სასწრაფოდ უნდა მიიყვანოთ ვეტერინართან, რადგან, ერთი დღე-ღამის შემდეგ ჩირქოვანი პროცესი ძალიან ღრმად მიდის და მისი მდგომარეობა უარესდება: იწყება ჩირქოვან-რეზორბციული ცხელება, რაც რთულდება სეფსისით, რაც, შესაძლოა, ძაღლის სიკვდილით დამთავრდეს ან მიიღოს ქრონიკული სახე. თუ მაშინვე მიიყვანთ დაკბენილ ცხოველს ვეტერინართან და სწრაფად აღმოუჩენთ დახმარებას, ამით უზრუნველყოფთ გართულებების მინიმალიზაციასა და ძაღლის გამოჯანმრთელების პროცესის ხანგრძლივობის შემცირებას. ვეტერინარი შეაფასებს მის ზოგად მდგომარეობას, ტრავმის ხარისხსა და ნაკბენების რაოდენობას. ჩაატარებს ნაკბენი ჭრილობების ქირურგიულ დამუშავებას, შეაჩერებს სისხლდენას და სიცოცხლისთვის საშიში ორგანოების დაზიანების შემთხვევაში, დაუნიშნავს ქირურგიულ ოპერაციასა და პოსტოპერაციულ მკურნალობას. ყოველივე აღნიშნულის თავიდან ასაცილებლად, უნდა მოვარიდოთ ჩვენი ძაღლები სხვა ცხოველებთან აგრესიულ ურთიერთობას. ყოვლად დაუშვებელია ქუჩაში ძაღლების ჩხუბი. განსაკუთრებით უნდა მოვარიდოთ ჩვენი ოთხფეხა მეგობრები ქუჩის ძაღლებთან კონტაქტსა და კონფლიქტს. უნდა გვახსოვდეს, რომ ერთ-ერთი ყველაზე საშიში ინფექციური დაავადება – ცოფი, სწორედ ნაკბენითა და ნაკაწრით გადადის. აუცილებლად უნდა ჩაუტაროთ ცხოველებს ყოველწლიური ვაქცინაცია ცოფის საწინააღმდეგოდ – ამით დაიცავთ როგორც მათ, ისე საკუთარ თავსა და საზოგადოებას ამ მეტად საშიში ინფექციისგან.