როგორ ეძებს 45 წლის შვილი ჯავის რაიონის სოფელ მსხლებში მამას, რომელიც მას არასდროს უნახავს
45 წლის ირმა ქათამაძე (მეუღლის გვარზეა) ეძებს დაახლოებით 72-74 წლის ქრისტეფორე ზალიკოს ძე ცხოვრებოვს;
ბიძებს: ჯაბე და პეტრე ცხოვრებოვებს (ზუსტი ასაკი უცნობია);
მამიდას: ნინა ცხოვრებოვას (ასაკი უცნობია);
ბაბუას: ზალიკო ცხოვრებოვს (ასაკი უცნობია);
ბებიას: ნუცა ცხოვრებოვას (ასაკი უცნობია).
ისტორია: ვეძებ მამაჩემს, დაახლოებით 72-74 წლის ქრისტეფორე ზალიკოს ძე ცხოვრებოვს. ჩემი მშობლები (ქრისტეფორე ცხოვრებოვი და ზოია ვასილის ასული კულუხოვა) ერთმანეთს დაშორდნენ მაშინ, როდესაც მე ჯერ კიდევ არ ვიყავი დაბადებული. მამაჩემი არასდროს მინახავს და ძალიან მინდა მისი პოვნა. აქამდე მის შესახებ თითქმის არაფერი ვიცოდი. სულ ახლახან გავიგე მამის ნათესავების სახელებიც და, გადავწყვიტე, დახმარებისთვის თქვენთვის მომემართა. სავარაუდოდ, მამაჩემი და მისი ნათესავები დღემდე ჯავის რაიონის სოფელ მსხლებში უნდა ცხოვრობდნენ, გთხოვთ, დამეხმაროთ მათ პოვნაში. თავად მე ოთხი შვილის დედა ვარ და ჯერჯერობით სამი შვილიშვილი მყავს. ჩემი ოჯახის წევრებსაც ძალიან უნდათ მამაჩემისა და მისი ნათესავების პოვნა.
– ირმა, მოგვიყევით თქვენი ისტორია, როგორ მოხდა, რომ მამა არასდროს გინახავთ და რა იცით მის შესახებ?
– ყოველკვირეულად ვეცნობი თქვენს ჟურნალში გამოქვეყნებულ მასალებს, დიდი ხნის უნახავი ადამიანების მოძებნასთან დაკავშირებით. გადავწყვიტე, მეც მოგმართოთ და გთხოვოთ დახმარება მამაჩემისა და მამის მხრიდან ნათესავების მოძებნაში. იმის გამო, რომ დედაჩემი გაშორებულია მამაჩემთან (ქრისტეფორე ცხოვრებოვთან) და მასზე განაწყენებული იყო (და არის ამჟამადაც), აქამდე მამას შესახებ არაფერს მეუბნებოდა. მე მხოლოდ მისი სახელი და გვარი ვიცოდი. აღდგომის დღეებში კი, ჩემთან საუბრისას, დედამ გაიხსენა თავისი ახალგაზრდობა და მეც კითხვა შევაპარე მამაჩემის შესახებ და ასე გავიგე ყველაფერი, რაც ამჟამად ვიცი. ჩემმა მშობლებმა ერთმანეთი ჯავის რაიონში გაიცნეს, ისინი ერთ სკოლაში სწავლობდნენ. დედაჩემს ზრდიდა ბიძა (რადგან მას მშობლები არ ჰყავდა). როდესაც ჩემმა მშობლებმა იქორწინეს, მამაჩემი იმ დროს, თურმე, ხშირად დადიოდა რუსეთში, იქ მუშაობდა და ხანდახან თვეობით არ ჩამოდიოდა. დედამ მამის ოჯახში, ანუ, მამამთილთან და დედამთილთან, ხუთი წელი იცხოვრა, შემდეგ კი წამოვიდა იმ ოჯახიდან. მაშინ ის ჩემზე ორსულად იყო. მე დავიბადე 1967 წლის 17 აპრილს „ნახალოვკაში“ მდებარე პირველ სამშობიარო სახლში. თავიდან მე და დედა ავჭალაში ვცხოვრობდით და 5 წლამდე იქ ვიზრდებოდი, შემდეგ კი დედას საერთო საცხოვრებელში გამოუყვეს ბინა და ჩვენც გადმოვედით. დედამ მითხრა, რომ მამას ჰყავს ორი ძმა – უფროსს ჯაბე ჰქვია, უმცროსს კი – პეტრე. მამაჩემი შუათანაა. გავიგე, ასევე, რომ მყავს მამიდა, რომელსაც ნინა ჰქვია. ჩემთვის ცნობილი გახდა ბებიის და ბაბუის სახელებიც – ზალიკო და ნუცა.
– ირმა, როგორც მითხარით, ამჟამად უკვე 45 წლის ხართ. მამათქვენს თუ უცდია მთელი ამ ხნის განმავლობაში თქვენი ნახვა ან მოძებნა?
– სანამ მე და დედა ავჭალაში ვცხოვრობდით, მამა ერთხელ იყო მოსული საბავშვო ბაღში ჩემს სანახავად, მაგრამ, ეს დედის სიტყვებიდან ვიცი; თავად მე, სამწუხაროდ, მამა არ მახსოვს. დაახლოებით 5 წლის ვიქნებოდი, როდესაც ჩვენ საცხოვრებელი შევიცვალეთ. როგორც ვიცი, მამაჩემისთვის ჩვენი ახალი მისამართი უცნობი იყო და, შესაბამისად, ის ვერ მიპოვიდა. ასევე, დედასგან ვიცი, რომ, როდესაც ის მამაჩემს დაშორდა, ჩვენთან ხშირად მოდიოდა მამიდაჩემი ნინა და დედას დაბრუნებას სთხოვდა, მაგრამ, ესეც ჩვენი ავჭალაში ცხოვრების დროს ხდებოდა. ფიზიკურად, თურმე, ძალიან ვგავარ მამიდაჩემს.
– რა იყო თქვენი მშობლების დაშორების მიზეზი?
– დაზუსტებით ვერ გეტყვით, მაგრამ, ვფიქრობ, რომ ამის მიზეზი მამაჩემის რუსეთში ხშირი და ხანგრძლივი წასვლა-წამოსვლა იქნებოდა. მე დედის გვარით გავიზარდე, ამჟამად კი მეუღლის გვარს ვატარებ; ამიტომ, მამაჩემს რომც გადაეწყვიტა ჩემი მოძებნა, ამას იოლად ვერ მოახერხებდა. იმედი მაქვს, მას და მის ნათესავებს ენდომებათ ჩემი ნახვა. პირადად მე ძალიან მინდა მათი გაცნობა. მამა ეროვნებით ოსი მყავს. მისი უფროსი ძმის (ჯაბეს) შესახებ ვიცი, რომ ერთი ფეხი მოჭრილი ჰქონია. იმედი მაქვს, მამა და მისი ნათესავები დღესაც ჯავის რაიონის სოფელ მსხლებში ცხოვრობენ და, იქნებ, რომელიმე მათგანი მაინც გამომეხმაუროს.
– ირმა, როგორ ფიქრობთ, ჰყავს თუ არა მამათქვენს სხვა ოჯახი?
– დიდი დროა გასული და, ბუნებრივიც იქნება, რომ მამაჩემს მეორე ოჯახი შეექმნა. სავარაუდოდ, მე მეყოლება ნახევარძმები და ნახევარდები. მინდა მათი ნახვა და გაცნობა, მით უმეტეს, რომ მე დედისერთა ვარ.
– დედათქვენმა თუ იცის, რომ მამას ეძებთ და რა აზრის არის ის ამ საკითხთან დაკავშირებით?
– სიმართლე გითხრათ, დედამ არ იცის, რომ მამას ვეძებ. სავარაუდოდ, ის წინააღმდეგი იქნება, მაგრამ, ეს ჩემი გადაწყვეტილებაა და მე ძალიან მინდა მამისა და მისი ნათესავების პოვნა. იმედია, დედა ამას გამიგებს. ვფიქრობ, ისედაც დიდი დრო დავკარგე, რომ მამა აქამდე არ მიძებნია. მთელი ჩემი ოჯახი მხარში მიდგას და მგულშემატკივრობს ამ საკითხთან დაკავშირებით, ყველას ძალიან გვინდა ამ სურვილის ახდენა.
– მამის პოვნის შემთხვევაში როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი შეხვედრა?
– ამაზე ბევრჯერ მიფიქრია და მიოცნებია კიდეც (იცინის). შეხვედრა ემოციური იქნება და იმ დღეს ვიფიქრებ, რომ ოცნება ამიხდა. რთულია, როდესაც არ იცნობ და არ გინახავს მამა, მისი ახლო ნათესავები. დარწმუნებული ვარ, მამაჩემის ძმებსაც აქვთ ოჯახები და, ალბათ, შვილიშვილებიც ეყოლებათ. ჩემი სურვილია, ყველა პირადად ვნახო და გავიცნო.
თუ გაქვთ რამე ინფორმაცია ამ ისტორიის შესახებ ან თუ გსურთ, თქვენც გაგიწიოთ დახმარება დაკარგული ახლობლის მოძებნაში, დაგვიკავშირდით: 233-42-24; 593 22-04-31. დარეკეთ საღამოს, 6 საათის შემდეგ. E-mail: tbiliselebi2001@yahoo.com.