კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ დაასრულეს თაღლითმა დებმა აფერაზე აგებული ოჯახური დინასტია და რატომ გაწირა „ატამანი” უმცროსმა დამ

თაღლითური ისტორია, რომლის შედეგადაც დაზარალებულ ადამიანთა  რაოდენობა საკმაოდ მრავალრიცხოვანია,  თითქმის სამი  წლის განმავლობაში გრძელდებოდა. დები – მანანა და მადონა კუროშვილები, რომელთაც ეს „ხელობა” თითქოს გენეტიკურად ერგოთ, გისოსებს მიღმა იმ აფერის გამო მოხვდნენ, გამოცდილებისა და მოხერხებულობის მიუხედავად, მათთვის საბედისწერო რომ აღმოჩნდა, თუმცა, მთავარი მაინც „კოლეგა” დების დაპირისპირება იყო, რომელიც მათთვის ძალიან ცუდად დამთავრდა.
„ატამანი” მადონას  აფერული ბიზნესის  დასაწყისი
    დები, მადონა და მანანა კუროშვილები   შიდა ქართლში  ცხოვრობდნენ. მათ ოჯახს რაიონში ყველა კარგად იცნობდა, რადგან  კომუნისტური რეჟიმის დროს, მათი დედა, ცნობილი სპეკულანტი, გახმაურებული აფერის გამო, ცხრა წლით ციხეში მოხვდა. მაშინ დები პატარები იყვნენ, თუმცა ამ ფაქტს, როგორც მოგვიანებით  აღმოჩნდა, უკვალოდ არ ჩაუვლია – აფერაც „დინასტიური” გამოდგა და შედეგიც ისეთი ჰქონდა,  როგორც მოსალოდნელი იყო.   თავად მადონა და მანანა, ერთი შეხედვით,  ჩვეულებრივი დები იყვნენ,  არაფრით გამორჩეულნი – ერთი საბავშვო ბაღში მუშაობდა, მეორე კი პროფესიით ინფექციონისტი იყო. როდესაც სოფლად ცხოვრება გაუჭირდათ, უფროსმა დამ, მადონამ, რომელიც მარტოხელა დედაა, სოფელი მიატოვა და ბედის საძიებლად  თბილისში ჩამოვიდა. 48 წლის ასაკში ცხოვრების თავიდან დაწყება იოლი საქმე ხომ არ იყო, თუმცა მოხერხებული ხასიათი აქაც დაეხმარა – პატარა ფართი იქირავა და ეგრეთ წოდებული ძონძების ბიზნესი წამოიწყო. მარტოხელა ქალი გაჭირვებით  ორ შვილსაც არჩენდა და სოფელშიც ეხმარებოდა დას, რომელსაც ინვალიდი ქმარი ჰყავდა. მოგვიანებით, მადონას უმცროსმა დამაც მიჰბაძა – სოფელში ინვალიდი ქმარი და ერთი შვილი დატოვა, მეორე თან წამოიყვანა და ისიც დედაქალაქში გადმობარგდა. მადონამ მანანა საკუთარ ბიზნესში ჩართო, თუმცა რამდენიმე თვის შემდეგ, როცა დებს ნაცნობ-მეგობრების წრე  გაეზარდათ, გადაწყვიტეს, რომ მეორადი ტანსაცმლის ბიზნესი არცთუ ისე მომგებიანი იყო. ამიტომ, გადაწყვიტეს უმჯობესი იყო, უფრო სარფიანი საქმისთვის მოეკიდათ ხელი. მადონა „ატამანი” იყო – მანანა ასე ეძახდა უფროს დას ხუმრობით. ქალს ეს მეტსახელი იქამდე შემორჩა, სანამ დებს შორის შავმა კატამ არ გაირბინა. თუმცა, ატამანი მაინც ატამანად დარჩა.
საქმე, რომელიც დებმა ერთად წამოიწყეს, ბინებით ვაჭრობა იყო. პირველი ბინა ნაცნობ-მეგობრების წყალობით  საკმაოდ სარფიანად გაყიდეს. ეს საქმე ისე მოეწონათ, რომ მადონამ უმცროს დას შესთავაზა: სამაკლერო ფირმა ჩამოვაყალიბოთო. ბევრი არ უფიქრიათ, ისე მისცეს  ბიზნესს „ოფიციალური” სახე –  ერთი პატარა ოთახიც დაიქირავეს, სადაც მადონა უფროსი იყო, მანანა კი მისი  თანაშემწე. მათი პირველი მსხვერპლი რაიონიდან ჩამოსული  ახალგაზრდა ცოლ-ქმარი აღმოჩნდა, რომელთაც სოფელში  სახლი გაეყიდათ  და მცირე თანხებით, პატარა ბინის ყიდვა უნდოდათ. მადონამ მათ  თავისი ნაცნობის დაკეტილი ბინა  აჩვენა. სახლის პატრონი,  საბერძნეთში იყო წასული სამუშაოდ. მადონამ ცოლ-ქმრისგან ფული წინასწარ აიღო – ბინის საბუთებს მოწესრიგება სჭირდება, 3 ათასი დოლარი უნდა მომცეთ წინასწარ, რომ  მემკვიდრეობისა და „ატსტუპნიკობის” საკითხი მოვაგვარო და  ბინას მერე გადმოგიფორმებთო. ცოლ-ქმარი, რა თქმა უნდა, სიამოვნებით დასთანხმდა ორ ქალბატონს, რომლებიც უმტკიცებდნენ, რომ ამ საქმეში დიდი გამოცდილება ჰქონდათ. სამი თვის განმავლობაში ელოდა წყვილი ბინის გადაფორმებას, მაგრამ  ერთ დღესაც აღმოაჩინეს, რომ დები უკვალოდ გამქრალიყვნენ –  მათ „ოფისს” ბოქლომი ედო, მაკლერ ქალბატონებს კი თავად ფართის მეპატრონეც ეძებდა  გადაუხდელი ვალების გამო. დიდხანს ეძება ცოლ-ქმარმა ატამანი და მისი  თანაშემწე, მაგრამ ვერ მიაგნო – დებს ოფისი  სხვა უბანში დაექირავებინათ და ახალი აფერისთვის ემზადებოდნენ.
თაღლითი დების მრავალპროფილური „ბიზნესი”
პირველი წარმატებული აფერის შემდეგ, დებმა ასპარეზის გაფართოება გადაწყვიტეს –  სახლების ყიდვა-გაყიდვა, იპოთეკური სასხები, ადამიანების მოწყობა სამსახურში, ანტიკვარიატით ვაჭრობა, დები ხან სოციალური აგენტები იყვნენ, ხან – მაკლერები. ყველა როლის მორგება  შეეძლოთ. სამოქმედო ადგილებსაც ხშირად იცვლიდნენ და „ოფისებსაც”, ისე რომ კვალს არ ტოვებდნენ.  როგორც ერთი დაზარალებული აცხადებდა, ატამანი განსაკუთრებით მოხერხებული იყო, ყველაფრის გათვლა და მოკვარახჭინება შეეძლო. მოკლედ, მათი ბიზნესი მრავალპროფილური  გახდა,  თუმცა შედეგით მხოლოდ თვითონ იყვნენ კმაყოფილნი. დაზარალებულთა რაოდენობა კი, გეომეტრიული პროგრესიით იზრდებოდა. დების ანგარიშზე ათამდე გახსნილი საქმეა, რომელთაგან ჩვენ მხოლოდ რამდენიმეზე მოგითხრობთ. მოხერხებულმა დებმა   43 წლის ნინელი  ფ-შვილის ნდობა იოლად მოიპოვეს. მას ვითომდა იპოთეკური სესხის გაფორმების სახით, 4 300 დოლარი თაღლითურად გამოსძალეს. ქალბატონმა ფული ისე დაკარგა, ვერც კი მიხვდა ვისთან ჰქონდა საქმე. არც დაპირებული მიწის ნაკვეთი გაუფორმეს თბილისთან ახლოს მდებარე კურორტზე და ვერც დაპირებული პროცენტები აიღო.  დაზარალებულთა შორის მოხვდა ხათუნა მელიქიშვილიც, რომელმაც მოგვიანებით თავად განაცხადა სამართალდამცველებთან: „მადონა და მანანა მეგობარმა გამაცნო. ბინა გავყიდე, 16 ათასი დოლარი მქონდა და ვფიქრობდი, იპოთეკაში ჩამედო –  ფულს ფულს მოვაგებინებდი და ისევ ბინის ყიდვას ვგეგმავდი. დებთან მისვლა ჩემმა მეგობარმა მირჩია, რომელსაც მადონა და მანანა ბინის გაყიდვაში    დაეხმარნენ. მე გამოუცდელი ვიყავი, არ ვიცოდი, რა უნდა გამეკეთებინა. დები ისე ახლოს შემოვიდნენ ჩემთან ურთიერთობაში, თითქოს მთელი ცხოვრება ერთად გვქონდა გატარებული. წამიყვანეს, ბინაც დამათვალიერებინეს, რომელიც თითქოსდა იპოთეკურ სესხში უნდა ჩადებულიყო და, თუ ფულს ვერ გადამიხდიდნენ, ბინა მე დამრჩებოდა. ისეთი ორსართულიანი სახლი მაჩვენეს, ნამდვილი სასახლე იყო, ამაზე უარს როგორ ვიტყოდი, დავთანხმდი, ბინა ჩემზე გააფორმეს, ფული მივეცი. სამი თვის მერე პროცენტების გადახდის დრო რომ მოვიდა, მადონას შევხვდი: ატამანი ცუდ ხასიათზე დამხვდა. იცი, რა მოგვივიდაო, იმ ბინის საბუთები გაყალბებული ყოფილა და შენს სესხში სხვა ბინა დევს რეალურადო. იმ ბინის ნახვა რომ მოვინდომე, ხან რა მოიმიზეზეს, ხან – რა. ბოლოს აღმოჩნდა, რომ იმ მისამართზე დარეგისტრირებული ქონება, რომელშიც მე ფული  მქონდა თურმე ჩადებული, ერთი პატარა ქოხი იყო, მას რომ მომენდომებინა 5 000 დოლარადაც კი ვერ გავყიდიდი. დიდხანს ვდიე დებს, ჩემს ფულს, მაგრამ  ვერაფერს მივაღწიე. დები სხვა შუამავლისკნ იშვერდნენ ხელს, ეგაა დამნაშავეო, ის კი ატამან მადონას აბრალებდა ყველაფერს. ისეთ დღეში აღმოვჩნდი, ყველაფერი დავკარგე ამ თაღლითების წყალობით.”   
ამონაწერი კიდევ ერთი დაზარალებულის ქეთევან კ-ძის ჩვენებიდან: „მადონა კუროშვილს მეგობარმა დამაკავშირა, რომელიც საბერძნეთში გავიცანი. ჩემი მეგობარია, ბინებით ვაჭრობს. ის დაგეხმარება, ბინას მოგიძებნის და ისე გაყიდინებს, შენ არც კი მოგიწევს საქართველოში ჩასვლაო. ორი  წელი ჯოჯოხეთურად ვშრომობდი, რომ ფული დამეგროვებინა და სახლი მეყიდა. ჩემს მეგობარს ვენდე, მადონა რამდენჯერმე დამიკავშირდა საბერძნეთში. ნუ ნერვიულობ, კარგ ბინას აგირჩევო – დამპირდა.   ასე დავიწყეთ ურთიერთობა,  რამდენიმე ბინა შემირჩია, ფოტოებიც გადმომიგზავნა ინტერნეტით. ხან ბინა არ მომეწონა, ხან ადგილმდებარეობა. ბოლოს როგორც იქნა, შევთანხმდით ერთ ბინაზე – 23 ათასი დოლარი მჭირდებოდა. მთელ ჩემს დანაზოგს მოვუყარე თავი,  რაც დამაკლდა, აქაურ ქართველებს ვესესხე, – ვიცით ხელის გამართვა.  მადონამ  ბინის საბუთებიც გადმომიგზავნა. არ ვიცი, რა ჩაიდინა, მაგრამ ჩემი თვალით ვნახე, შავით თეთრზე ეწერა, რომ იმ ბინის მეპატრონე მე ვიყავი. არც ეჭვი შემპარვია, ჩემი ძმის   შვილიშვილი  გავგზავნე ბინის სანახავად და იმანაც დამიდასტურა,   რომ კარგი ბინა იყო. ერთ  თვეში მადონამ შემომთავაზა, რაღაც ფირმაა,  ბინებს არემონტებენ, სამი ათასი დოლარი გამომიგზავნე და რომ ჩამოხვალ, ბინას გარემონტებულს დაგახვედრებენო. ფირმის წარმომადგენელიც დამალაპარაკა ტელეფონზე – მერე გავიგე, რომ ის მისი და, მანანა იყო. ასე, ვითომ რემონტისთვის, კიდევ 2 500 დოლარი გამომძალეს. ბოლოს აღმოჩნდა, რომ  ის ბინა, რომელიც ვითომ მე ვიყიდე, სხვისი კუთვნილება იყო. მისი საბუთები კი მხოლოდ იმიტომ მოხვედრილა დების ხელში, რომ ერთ-ერთი კლიენტისთვის მიეგირავებინათ. ანუ, დაგირავებული ბინა მომყიდეს. დიდხანს დავდევდი დებს.  ჯერ მემალებოდნენ, მერე მითხრეს, შენს ჩამოსვლამდე ყველაფერს მოვაგვარებთ, ჩვენც სხვების ტყუილის მსხვერპლნი გავხდითო. რა ვიცოდი, როგორ მოხერხებულ თაღლითებთან მქონდა საქმე?!”
დასასრულის დასაწყისი
– დაპირისპირება დებს შორის
   მალე დებს შორის დაპირისპირება დაიწყო – უმცროსმა ატამანისგან გამოყოფა და ცალკე   საქმიანობა გადაწყვიტა. დების დაპირისპირების მიზეზი, რა თქმა უნდა, აღმოჩნდა თანხა, რომელიც მათ ერთ-ერთ დაზარალებულს გამოსძალეს და ვერ გაიყვეს. უფროსი უმცროსს უმტკიცებდა, რომ მას ამ საქმიდან  მეტი წილი ეკუთვნოდა.  დებს შორის ურთიერთობა ისე გამწვავდა, რომ ერთმანეთს მტრებად მოეკიდნენ. უმცროსი და ვერ აღმოჩნდა უფროსივით მარჯვე და ფანტაზიის არც ისეთი მრავალფეროვანი გაქანება ჰქონდა, როგორც  მადონას. პირველი საქმე, რომლიდანაც  მან 1 000 დოლარი გამოსძალა ერთ-ერთ ძველ კლიენტს, დასაქმებასთან იყო დაკავშირებული. მანანა დაჰპირდა ძველ ნაცნობს, რომ მის შვილს 1 000 დოლარად სამსახურში მოაწყობდა, მაგრამ ეს, რა თქმა უნდა,  მხოლოდ დაპირება იყო. როცა ნაცნობმა, ჩაშლილი გარიგების სანაცვლოდ, უკან მოსთხოვა 1 000 დოლარი, მანანა კუროშვილმა განუცხადა: მე ვისაც ფული გადავუხადე დაიჭირეს და ფულს ვერ დაგიბრუნებო. რთული სათქმელია, რამდენ ხანს გაგრძელდებოდა უკვე ერთმანეთთან დაპირისპირებული დების თაღლითური ისტორია,  ერთ დღეს მანანა კუროშვილის მიერ დაზარალებულ ერთ-ერთ ქალბატონს  დასახმარებლად სამართალდამცველებისთვის რომ არ მიემართა. როგორც ჩანს, უმცროს დას, გამოცდილებამ უმტყუნა და  გისოსებს მიღმა მოხვდა. მისი დაკავების შემდეგ ძალიან ბევრ ისეთ თაღლითურ ეპიზოდსაც მოეფინა ნათელი, რომელიც  აქამდე უცნობი იყო. სასჯელს მარტო ხომ არ გაიზიარებდა და  მანანამ თაღლითურ საქმიანობაში უფროსი დაც ამხილა. პასუხისგებას ვერც ატამანი გადაურჩა, რომლის  „ანგარიშზეც” უფრო მეტი სისხლის სამართლის საქმე იყო. განსასჯელის სკამზე დები ერთად აღმოჩნდნენ. სასამართლომ მანანა კუროშვილს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ატამანი კი უფრო მკაცრად დასაჯა – ჩადენილი დანაშაულებისთვის მას ათი წლით პატიმრობა შეეფარდა.

скачать dle 11.3