რატომ ხოცავდა ქერათმიან რუს გოგონებს სოხუმელი მანიაკი
სადისტური მკვლელობა
1971 წლის 11 ივლისს სოხუმში, ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე, მორიგე მილიციელმა, რომან აშუბამ ქერათმიანი ქალის ცხედარი აღმოაჩინა. უმცროსმა სერჟანტმა ქალაქის მილიციის სამმართველოში დარეკა და ოპერატიული ჯგუფი, თამაზ ასათიანის ხელმძღვანელობით, თხუთმეტ წუთში მივიდა შემთხვევის ადგილზე. კრიმინალისტები მუშაობას შეუდგნენ და დადგინდა, რომ მოკლული 19 წლის მოსკოველი სტუდენტი, კლარა პავლეს ასული მაქსიმოვა იყო. გოგონა მეორე კურსზე სწავლობდა და სოხუმში დასასვენებლად საგზურით იყო ჩამოსული. ის სანატორიუმ „აფხაზეთში“ ცხოვრობდა. გაირკვა, რომ მკვლელს მაქსიმოვა ჯერ გაეუპატიურებინა, შემდეგ კი მოეკლა.
– სანამ გააუპატიურებდნენ, გოგონას მძიმე საგანი ჩაარტყეს და გათიშეს, – თქვა ექსპერტმა პავლე გულიამ.
მაქსიმოვას ძუძუსთავები ჰქონდა მოკვეთილი და თვალები დათხრილი. გამომძიებლებმა ვერც მოკვეთილი ძუძუსთავები აღმოაჩინეს და ვერც დათხრილი თვალები.
გაუპატიურებული გოგონას სხეულიდან აღებული სპერმა ლაბორატორიულ შემოწმებაზე გაგზავნეს. შემთხვევის ადგილიდან გამქრალი იყო ქვედა საცვალიც. ხოლო ბეჭედი, სამაჯური და ჩანთა, რომელშიც 27 მანეთი იდო, მილიციელებს ხელუხლებელი დახვდა.
– ეს ყოველივე მანიაკის ჩადენილს ჰგავს, – თქვა თამაზ ასათიანმა.
– მანიაკიღა გვაკლდა, – კბილებში გამოსცრა პოლკოვნიკმა სოროკინმა, რომელიც სამმართველოს უფროსის მოვალეობას ასრულებდა, – კრინტი არ დაძრათ სერიული მკვლელის შესახებ და ეს ამბავი არ გააბაზროთ.
სოროკინის მცდელობის მიუხედავად, ახალგაზრდა გოგონას სადისტური მკვლელობის ამბავი სამ საათში მოედო სოხუმს. საღამოს კი უკვე მთელ აფხაზეთში იცოდნენ, რომ სოხუმში მანიაკი მოქმედებდა.
გამწარებულმა სოროკინმა შუაღამეს დაიბარა ასათიანი, კატეგორიულად მოსთხოვა ამ საქმის უმოკლეს დროში გახსნა და სამი დღის ვადა მისცა. მაგრამ სამ დღეში დანაშაულის გახსნა ვერ მოხერხდა და ასათიანის ნაცვლად, ეს საქმე ასტამურ ჩაჩბას გადასცა.
ტყუილად დასჯილი
თამაზ ასათიანთან შედარებით, ასტამურ ჩაჩბა ახალგაზრდა, გამოუცდელი, მაგრამ მეტად ენერგიული გამომძიებელი იყო. მან პირობა მისცა სოროკინს, რომ ბოროტმოქმედს უმოკლეს დროში იპოვიდა და შეასრულა კიდეც. სამ დღეში ჩაჩბამ ვინმე ვიტალი ანქვაბი დააპატიმრა, რომელიც „აფხაზეთში“ ელექტრომონტიორად მუშაობდა და კლარა მაქსიმოვას ეარშიყებოდა. დაპატიმრებულმა ანქვაბმა თავიდან ყველაფერი უარყო და თქვა, რომ მაქსიმოვას მკვლელობასთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა. მაგრამ, ორდღიანი დამუშავების შემდეგ, რომლის დროსაც ჩაჩბას გორილებმა დაპატიმრებულ ანქვაბს ნეკნები ჩაუმტვრიეს და არც ერთი წინა კბილი არ შეარჩინეს, დაპატიმრებულმა დანაშაული აღიარა. მის ჩვენებაში ეწერა: „მაქსიმოვა ბოტანიკურ ბაღში დავპატიჟე და ჯერ ალკოჰოლი დავლიეთ. შემდეგ მას სქესობრივი ურთიერთობა შევთავაზე, რაზეც უარი მივიღე. ამის შემდეგ ის ძალით წავათრიე ბუჩქებში. თავში ქვა ჩავარტყი, გონება დავაკარგვინე და გავაუპატიურე, ბოლოს თვალები დავთხარე, ძუძუსთავები მოვკვეთე და გავიქეცი. მოკვეთილი და დათხრილი ორგანოები, აგრეთვე დასაკეცი დანა, მოგვიანებით, ზღვაში გადავყარე“.
ანქვაბის ეს ჩვენება დაედო საფუძვლად იმ საბრალდებო დასკვნას, რომელიც ჩაჩბამ შეადგინა და რომლის საფუძველზეც ანქვაბს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს. ყოველივე ეს იმ პერიოდისთვისაც კი ძალიან მოკლე ვადებში მოხდა. ანქვაბი 16 ივლისს დააპატიმრეს. 18 ივლისს მან დანაშაული აღიარა. 20 აგვისტოს უმაღლესი სასამართლო გაიმართა თბილისში. 27 აგვისტოს – საკასაციო სასამართლო, რომელმაც სასიკვდილო განაჩენი ძალაში დატოვა. 4 სექტემბერს კი ანქვაბი ციხეში დახვრიტეს. ეს ყველაფერი ისე ჩაატარეს, რომ არ გამოუკვლევიათ ანქვაბის სპერმა. არ დაუდგენიათ ორგანოების მოკვეთის მიზეზი და მიუხედავად იმისა, რომ თავის ჩვენებაში ანქვაბი ალკოჰოლის მიღების ფაქტს ახსენებდა, მოკლული გოგონას ორგანიზმში ექსპერტებს გრამი ალკოჰოლი არ აღმოუჩენიათ. ასეთ სარეკორდო დროში ანქვაბი იმიტომ დასაჯეს, რომ მოკლული მაქსიმოვას მამა მოსკოვში „ცეკას“ ინსტრუქტორი იყო და პროვინციამ ცენტრთან თავის მართლება სცადა. თუმცა, ყველაფერი მალევე გაირკვა და ნათელი გახდა, რომ ანქვაბი ტყუილად დახვრიტეს.
1971 წლის 11 სექტემბერს, მაქსიმოვას მკვლელობიდან ორ თვეში და ანქვაბის დასჯიდან ერთი კვირის შემდეგ, ანალოგიური მკვლელობა მოხდა ქალაქ სოჭში. თამაზ ასათიანი იმ პერიოდში სოხუმიდან სოჭში იყო გადაყვანილი და ისე მოხდა, რომ ეს საქმე სწორედ მას დაავალეს გამოსაძიებლად.
ლურჯი ქსოვილი
სოჭში 11 სექტემბერს სადისტურად მოკლული გოგონა, 20 წლის ლენინგრადელი სტუდენტი, ანასტასია ვავილოვა იყო. მოკლული ვავილოვა, მაქსიმოვას მსგავსად, ქერათმიანი და თითქმის ისეთივე აღნაგობის გახლდათ. სოჭში ჩადენილი მკვლელობაც სოხუმში ჩადენილი მკვლელობის ნიშნებით ხასიათდებოდა. მოკლულს მოკვეთილი ჰქონდა ძუძუსთავები, დათხრილი თვალები და მისი ქვედა საცვალიც წაღებული იყო. ვავილოვას სხეულიდან აღებული სპერმის ნიმუშიც დაემთხვა მაქსიმოვას სხეულიდან ამოღებულ სპერმის ნიმუშს და აბსოლუტურად ზუსტად დადგინდა, რომ ორივე გოგონას მკვლელი ერთი და იგივე პიროვნება იყო. სოხუმის შემთხვევისგან განსხვავებით, სოჭში მომხდარ მკვლელობაში ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი იყო: მოკლულ ვავილოვას კბილებზე სისხლი ჰქონდა, რაც იმაზე მიანიშნებდა, რომ გათიშვამდე გოგონამ მოძალადეს უკბინა. ყველაზე მნიშვნელოვანი სამხილი კი მოკლული გოგონას მარჯვენა ხელში აღმოჩენილი ლურჯი ქსოვილის ნაგლეჯი აღმოჩნდა. ანასტასია ვავილოვას გრძელი ფრჩხილები ჰქონდა. როგორც ჩანდა, მოძალადეს მან აქტიური წინააღმდეგობა გაუწია და ფრჩხილებით პერანგის ქსოვილი ჩამოახია. ასათიანმა ნივთმტკიცება ექსპერტიზაზე გაგზავნა და განსაცვიფრებელი დასკვნა მიიღო – ლურჯი ქსოვილი მილიციელის პერანგის ნაგლეჯი აღმოჩნდა. ეს კი აშკარად მიუთითებდა, რომ სადისტური მკვლელობების ჩამდენი ორგანოს თანამშრომელი იყო, რადგან მილიციელის უნიფორმას იმ პერიოდში უბრალო მოქალაქე ვერ შეიძენდა. ამიტომ, ასათიანმა მანიაკის ძებნა მილიციელებს შორის დაიწყო. მაშინ სოჭის მილიციის უფროსი პოლკოვნიკი იან პავლოვსკი გახლდათ, რომელსაც ასათიანმა ასეთი წინადადებით მიმართა:
– მანიაკი რომ ჩვენიანია, თითქმის დარწმუნებული ვარ. მკვლელის სპერმა გვაქვს. მოძალადე სოხუმი-სოჭის რეგიონში უნდა ვეძებოთ და, ეჭვი რომ არავისში აღვძრათ, ყველა მილიციელს ვენეროლოგიური კონტროლის საბაბით, სპერმა უნდა ჩავაბარებინოთ.
– ჭკვიანურია, – დაეთანხმა ასათიანს პავლოვსკი, – მაგრამ 15 ათასი კაცის სპერმის ექსპერტიზა საკმაოდ შრომატევადი პროცესია. თუმცა, სხვა გზა არაა და იმოქმედე!
ეჭვმიტანილი ლეიტენანტი
პავლოვსკისთან შეთანხმებით, ასათიანმა ეს ოპერაცია აბსოლუტური კონსპირაციის პირობებში ჩაატარა და რამდენიმე ადამიანის გარდა, არავინ იცოდა, რატომ აბარებდნენ მილიციელები სპერმას. ამასობაში, 26 სექტემბერს კიდევ ერთი დანაშაული მოხდა დაგომისში. კომპლექსის ტერიტორიაზე 20 წლის ოქსანა პოპლავსკაია მოკლეს. გოგონა მოსკოველი აღმოჩნდა, ქერათმიანი იყო და წინამორბედების მსგავსად, მასაც თვალები ჰქონდა დათხრილი, ძუძუსთავები – მოკვეთილი, ქვედა საცვალი – წაღებული. მოძალადის სპერმის ექსპერტიზით დადგინდა, რომ ქერათმიან რუს გოგონას ერთი და იგივე პიროვნება კლავდა. წინა მკვლელობებისგან განსხვავებით, პოპლავსკაიას მკვლელობაში ირიბი მოწმე გამოჩნდა. ერთ-ერთმა ადგილობრივმა მცხოვრებმა თამაზ ასათიანს ამცნო, რომ მოკლული გოგონა ვიღაც მილიციელთან ერთად მიდიოდაო. თუმცა, ქალმა ისიც თქვა, რომ ქალ-ვაჟს ზურგიდან უყურებდა და მოძალადის სახე არ დაუნახავს.
29 სექტემბერს ასათიანი ექსპერტიზის სამსახურში გამოიძახეს კრასნოდარში და უფროსმა ექსპერტმა უთხრა:
– წარმატებაა. სამივე მოკლულის საშოში აღმოჩენილი სპერმა სოხუმელ ლეიტენანტს, ივანე სოროკინს ეკუთვნის.
– ვის, ვის? – ჩაეკითხა ასათიანი და თვალები გაუფართოვდა.
– ვის და სოროკინს, 25 წლის ლეიტენანტს. ყოველ შემთხვევაში, ასე წერია მის მიერ ჩაბარებულ სპერმის ნიმუშზე, – მიუგო ასათიანს ექსპერტმა.
სერიული მკვლელი
ასათიანი რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, 25 წლის ივანე სოროკინი სერიული მკვლელი გამოდიოდა. ის ასათიანის ყოფილი უფროსის, პავლე სოროკინის ვაჟი გახლდათ. ივანე სოროკინი სოხუმის სისხლის სამართლის სამძებროს ინსპექტორად მუშაობდა და თანამშრომლებს ის მამის „გაქაჩულად“ მიაჩნდათ. ამიტომ, ასათიანმა პავლოვსკის უთხრა:
– მანიაკი ჩვენი ძალებით უხმაუროდ უნდა ავიყვანოთ. მისი დაპატიმრების მოთხოვნა რომ სოხუმს გადავცეთ, აუცილებლად მამამისს მიუვა. მე კი დარწმუნებული არ ვარ, რომ მამა შვილს ხელს არ აფარებს.
პავლოვსკი ასათიანს დაეთანხმა და სოჭის მილიციის გაძლიერებული ოპერჯგუფი ოთხი მანქანით გაემგზავრა სოხუმში ივანე სოროკინის დასაპატიმრებლად.
სოროკინი მალევე მოძებნეს და ქუჩაში, მაღაზიიდან გამოსვლისას აიყვანეს, შემდეგ მანქანაში ჩატენეს, ტაბელური იარაღი და მოწმობა ჩამოართვეს და სოჭში გააქანეს.
მანიაკი ჯერ ყველაფერს უარყოფდა და მამამისთან დარეკვას ითხოვდა. გამომძიებელმა მას ექსპერტიზის დასკვნები გააცნო. მცირე ხნის წინააღმდეგობის შემდეგ უმცროსი ლეიტენანტი სოროკინი საბოლოოდ გატყდა.
– ქერათმიანები მიზიდავენ. ისინი ჩემში შორეულ მოგონებას აღძრავენ და მათზე ძალადობა ერთგვარ აზარტს მმატებდა, – აღიარა მან.
– რა მოგონებებს აღძრავდნენ თქვენში ქერები? – ჰკითხა სოროკინს ასათიანმა.
– ათი წლის ვიყავი, როდესაც მამაჩემმა ერთი ქერათმიანი რუსი ქალი მოკლა გაგრის ფიჭვნარში. მაშინ ჩვენ იქ ვცხოვრობდით და შემთხვევით შევესწარი. მაგრამ, მან დღემდე არ იცის, რომ ეს ამბავი ვიცი.
– თქვენი მანიაკობის ამბავი თუ იცის?
– მე, მგონი, რაღაცას ხვდება.
– ქალებს რატომ კლავდით?
– ხომ გითხარით, აზარტის გამო. ვერ წარმოიდგენთ, რა აზარტია კლანჭებში გამომწყვდეულთან თამაში და შემდეგ მისი ისე მოსპობა, რომ არავინ არაფერი გაიგოს. თვალებს იმიტომ ვთხრიდი, რომ გამიგია, თითქოს მოკლული ადამიანის თვალებში მკვლელის გამოსახულების ანაბეჭდი რჩება. ისევე, როგორც ფოტოაპარატში, – განმარტა ივანე სოროკინმა.
იმავე დღეს, საკუთარ კაბინეტში დააპატიმრეს პავლე სოროკინიც, რომელმაც შემდგომ აღიარა, რომ 1956 წელს გაგრაში მან მართლაც მოკლა ვინმე ლუდმილა ანდრეევა, შემდეგ დაჩეხა და გვამი წყალში გადააგდო.
ივანე სოროკინის ბინაში მილიციამ სამივე მოკლულის თვალები, ძუძუსთვები და ქვედა საცვალი აღმოაჩინა. მამა-შვილი განზრახ მკვლელობის მუხლით გაასამართლეს და ორივე დახვრიტეს.
უდანაშაულოდ დახვრეტილი ვიტალი ანქვაბის ნათესავებმა კი, გამომძიებელი ასტამურ ჩაჩბა შეიპყრეს და ქვებით სასიკვდილოდ ჩაქოლეს.