ძირხვენებიანი ბოსტნეული – სიმსუქნისა და ავიტამინოზის წინააღმდეგ
„ავიტამინოზი (avitaminosis – a – უარყოფითი ნაწილაკი, vita – სიცოცხლე) – ავადმყოფობა, რომელიც გამოწვეულია საკვებში სიცოცხლისთვის მნიშვნელოვანი ნივთიერებების (ვიტამინების) უკმარისობით. ვითარდება ხანგრძლივი დროის განმავლობაში ვიტამინებით ღარიბი საკვების მიღების შედეგად“ – ასე განმარტავს ამ ტერმინს სამედიცინო ლექსიკონი. როგორც იტყვიან, კომენტარი ზედმეტია. ამიტომ, კომენტარის ნაცვლად, შემოგთავაზებთ იმ პროდუქტებს, რომლებიც ამ პრობლემას აგაცილებთ თავიდან, და, თან, გახდომაში შეგიწყობთ ხელს.
სტაფილო იდეალური პროდუქტია მათთვის, ვინც გახდომაზე ოცნებობს, რადგან, 100 გრამი სტაფილო სულ რაღაც 39 კილოკალორიას შეიცავს. ის აუმჯობესებს მხედველობას, აძლიერებს იმუნიტეტს, ხელს უწყობს უჯრედების განახლებას.
სტაფილოს ზეთი და ექსტრაქტი გამოიყენება ანტიასაკობრივ კოსმეტიკაში: ის აახალგაზრდავებს და ელასტიკურს ხდის კანს.
თუ 1 ჩაის ჭიქა უმი სტაფილოს წვენს სოლარიუმში ვიზიტის შემდეგ დალევთ, ნარუჯი უფრო დიდხანს შეგინარჩუნდებათ.
დიეტის დროს ხშირად მიირთვით უმი სტაფილოს სალათა – ის თან დაგანაყრებთ და, თან, თქვენს ორგანიზმს ვიტამინებითა და მიკროელემენტებით აავსებს, კალორიები კი ამ პროდუქტს, როგორც უკვე მოგახსენეთ, სიმბოლური აქვს. გარდა ამ თვისებებისა, სტაფილო ხელს უწყობს ორგანიზმში ცხიმების წვას და თრგუნავს მადას.
არც ერთი სხვა პროდუქტი არ შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ იმდენ გამაახალგაზრდავებელ ნივთიერებას, რამდენსაც შავი ჭარხალი. მასში დიდი რაოდენობით არის ფოლიუმის მჟავა (რომელიც ხელს უწყობს ახალი უჯრედების წარმოქმნას) და ბეატინი (რომელიც ხელს უშლის ცხიმების დაგროვებას ღვიძლში და ქოლესტერინის დაგროვებას სისხლძარღვებში). გარდა ამისა, არეგულირებს სისხლში ჰემოგლობინის დონეს.
მიზანშეწონილი არ არის ახალგამოწურული ჭარხლის წვენის დალევა. უმჯობესია, წვენი 2 საათით დადგათ მაცივარში, შემდეგ კი შეურიოთ ცოტა სტაფილოს წვენი და ადუღებული წყალი (პროპორციით: 1/2 ჩაის ჭიქა ჭარხლის წვენი, 1/4 ჩაის ჭიქა სტაფილოს წვენი და 1/4 ჩაის ჭიქა წყალი).
გარდა ამისა, შავი ჭარხლის წვენი გამოდევნის ორგანიზმიდან ჭარბ ქოლესტერინს (რაც ხელს შეგიწყობთ გახდომაში) და ძალიან სასარგებლოა მათთვის, ვისაც ანემია აწუხებს.
ძირთეთრა ფორმით ძალიან ჰგავს სტაფილოს, ოღონდ, ცოტა უფრო დიდი ზომის და თეთრი ფერისაა. ის ზომიერად შარდმდენია და, შესაბამისად, მისი მიღება კარგია მათთვის, ვისაც უშუპდება კიდურები (მისი ეს თვისება წონაში დაკლებაშიც მოგეხმარებათ), თანაც, თურმე, ხელს უწყობს პოტენციის ამაღლებას.
თალგამი ვიტამინების შემცველობით ორჯერ აღემატება ფორთოხალს, ლიმონსა და კომბოსტოს. ამ მცენარეს უამრავი სასარგებლო თვისება აქვს, მაგრამ, განსაკუთრებით მათთვის არის სასარგებლო, ვისაც ჭარბი წონის მოშორება სურს. ეს ძალიან დაბალკალორიული პროდუქტი მისწრებაა მათთვისაც, ვისაც აწუხებს შაქრიანი დიაბეტი ან ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის დაავადებები.
თალგამი ბუნებრივი ანტისეპტიკია. ის წმენდს ნაწლავებს და ამაღლებს ენერგიას, ხოლო, თუ 2/3 ჩაის ჭიქა თალგამის წვენს დაუმატებთ 1/3 ჭიქა წყალს და ისე მიირთმევთ, მოგიწესრიგდებათ ძილი და, ასევე, არითმიული შეტევა.
ოხრახუშის ძირები აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას, ორგანიზმიდან გამოაქვს წიდები, შლის ცხიმებს, არის ზომიერად შარდმდენი, ამაღლებს სისხლძარღვების ტონუსს, ხელს უწყობს გონებრივ გააქტიურებას. შეიცავს უამრავ ვიტამინსა და მიკროელემენტს.
მიწის ვაშლი (ტოპინამბური) მდიდარია C ვიტამინით, მინერალებითა და ორგანული ნაერთებით. საუკეთესო პროდუქტია იმუნიტეტის ასამაღლებლად და ბუნებრივი ენერგეტიკული ბალანსის შესანარჩუნებლად. ის შეგიძლიათ მიირთვათ უმი, მოხარშული ან გამომცხვარი სახით.
მიწის ვაშლი დიდი რაოდენობით შეიცავს ინსულინს, ამიტომ, ის განსაკუთრებით სასარგებლოა მათთვის, ვისაც აწუხებს დიაბეტი და ჰიპერტონია. მისი ახალგამოწურული წვენი კი მისწრებაა იმ ქალბატონებისთვის (და ბატონებისთვისაც), ვინც გახდომაზე ოცნებობს.
თუ გაითვალისწინებთ ჩვენს რჩევებს და თითოეულ პროდუქტს თითო დღეს გამოუყოფთ (მონაცვლეობით), გვერწმუნეთ, მაქსიმუმ ორ თვეში გახდებით გაცილებით უფრო ჯანმრთელი, ენერგიული და... ტანწერწეტი.