კოსმეტოლოგის რჩევები
კითხვა: მინდა ეპილაციის გაკეთება, მაგრამ, მეშინია, კანში თმა არ ჩამეზარდოს. როგორ ავიცილო ეს თავიდან?
პასუხი: ყოველი ეპილაციის შემდეგ იზრდება უფრო რბილი და თხელი ბეწვი, რის გამოც მას უჭირს კანის შრის „გაჭრა“ და ზემოთ ამოსვლა. სწორედ ამიტომ ხდება თმის ჩაზრდა. ეს რომ აიცილოთ თავიდან, ეპილაციის გაკეთების წინ მიიღეთ ცხელი შხაპი – ის გააფართოებს ფორებს და გააადვილებს თმის ღერების მოშორებას. გარდა ამისა, აუცილებლად გაიკეთეთ პილინგი, რომ გარქოვანებული კანის საფარი მოიშოროთ.
კითხვა: რით ჯობია სხვა საპნებს გლიცერინიანი საპონი?
პასუხი: გლიცერინი ხელს უწყობს კანში ტენიანობის შენარჩუნებას, მაგრამ, მისი სიჭარბე უკუეფექტს იძლევა – „გამოქაჩავს“ ტენს ეპიდერმისიდან და აშრობს კანს. ამიტომ, გლიცერინიანი საპნის სისტემატური მოხმარება მიზანშეწონილი არ არის.
კითხვა: პერიოდულად მიჩნდება მეჭეჭები. როგორ მოვიშორო ისინი უმტკივნეულოდ?
პასუხი: დღეს მეჭეჭების მოსაშორებლად ყველაზე ეფექტური მეთოდია ლაზერული თერაპია. ლაზერი „აორთქლებს“ მეჭეჭს სულ რამდენიმე წამის განმავლობაში, თანაც ისე, რომ კანი მის გარშემო არ ზიანდება.
კითხვა: გავიკეთე ლოკონები ეგრეთ წოდებული ქიმიური დახვევით, მაგრამ, არ ვიცი, როგორ უნდა მოვუარო ახლა – ისევ ისე, როგორც დახვევამდე ვუვლიდი თუ რაიმე სხვა მეთოდის გამოყენებაა საჭირო?
პასუხი: ქიმიურ ნივთიერებებს, რომლებსაც უსვამენ თმაზე დახვევის წინ, თმის ღერი შეიწოვს რამდენიმე დღის განმავლობაში. ამიტომ, დიდხანს რომ „გაჩერდეს“ ის თმაში, დახვევიდან 2-3 დღის განმავლობაში ნუ გამოიყენებთ ფენს, ნუ გაიკეთებთ „ბიგუდებს“ და ნუ შეიკრავთ „ცხენის კუდს“. ლოკონები დაივარცხნეთ ხოლმე მეჩხერკბილებიანი სავარცხლით, ოღონდ ისე, რომ თმა ძალიან არ დაქაჩოთ.