ვინ სდებდა პაატა ციქურიშვილს ოჯახურ ძალადობაში ბრალს და როგორ აღმოჩნდა ტყეში ირინა ციქურიშვილი
ამერიკაში მოღვაწე რეჟისორის – პაატა ციქურიშვილისა და მისი „სინეტიქ თეატრის“ ირგვლივ, ბოლო დროს, ქართულ მედიაში დიდი აჟიოტაჟია ატეხილი... თუმცა, ფაქტია, ნიჭიერმა რეჟისორმა და მისმა მეუღლემ შტატებში გზის გაკვლევა დამოუკიდებლად შეძლეს და მსოფლიოს ყველაზე სოლიდური გამოცემებისა და „ბიბისის“ ყურადღება დაიმსახურეს. გთავაზობთ ინტერვიუს ირინა ციქურიშვილთან.
ირინა ციქურიშვილი: ჩვენ ახლახან გვქონდა „ჭირვეულის მორჯულების“ პრემიერა, რომელიც ცოტა გადავაკეთეთ – უფრო ჰოლივუდური ვერსიაა, დღევანდელობაზე მორგებული და ძალიან კარგი გამოვიდა, აქტუალური: მშობლებისა და შვილების ურთიერთობა, გაუგებრობები თაობებს შორის, ჟურნალისტებისა და ვარსკვლავების ურთიერთობა, პაპარაცები... ახალი მოძრაობები შევიტანე, ახალი ელემენტები, ჰიპ-ჰოპი, პაპინგი, სლოუ მოუშენი, თანამედროვე ცეკვის ნიუანსები. ძალიან მხიარული და სასაცილო სპექტაკლი გამოვიდა, ყველას მოეწონა. მაყურებელი დარბაზში სიცილით იხოცებოდა. გმირები უფრო სწორად, გმირების სახელები, იგივე დარჩა, მაგრამ, თანამედროვე სპექტაკლში მოახლე-მოსამსახურეები და ეგეთი რაღაცეები არ ჩაჯდებოდა კონტექსტში. გროტესკული და ნაწილობრივ დრამატული სპექტაკლია.
– საინტერესო იყო კომიკური როლის თამაში?
– სულ დრამას ვთამაშობდი და ისე მოხდა, რომ დრამატული მსახიობი ვარ. ჩემთვის ტრაგიკული როლის თამაში უფრო ადვილია, ვიდრე კომიკურის, მაგრამ, კომედიებში თამაში უფრო მსიამოვნებს, მაგალითად, „ზაფხულის ღამის სიზმარში“, „ჭირვეულის მორჯულებაში“ – უფრო მხიარულად მიდის რეპეტიციები, კარგ ხასიათზე ხარ, მაყურებლის რეაქციაც უფრო სწრაფია. მაგალითად, აღაზას როლს რომ ვთამაშობდი, სულ „დაგრუზული“ დავდიოდი, ცუდ ხასიათზე ვიყავი – ყოველთვის განიცდი გმირის ბედს, მისი ცხოვრებით ცხოვრობ. სხვათა შორის, „სტუმარ-მასპინძელი“ ძალიან კარგად მიიღო მაყურებელმა, ეს მათთვის უფრო ეგზოტიკის სფერო იყო – ჩვენი ნაციონალური კოსტიუმები, ტრადიციები... თანდათანობით მიხვდნენ, რომ რუსები არ ვიყავით. ძალიან უკვირდათ ნაწარმოების მორალი. ძნელია მათთვის გაგება, რა არის სტუმარმასპინძლობის წესი და რატომ არის ხელშეუხებელი სტუმარი, რომელმაც ძმა მოგიკლა! დაკარგულია ძველი ღირებულებები და ჩვენ ერთგვარი „ვეიქ აფ“ გავუკეთეთ ამერიკულ საზოგადოებას. ეს დადგმა ჩვენი სავიზიტო ბარათი გახდა.
– თქვენ პროფესიით მსახიობი ხართ?
– თქვენ წარმოიდგინეთ, არა. მე დავამთავრე საბალეტო-ქორეოგრაფიული სკოლა, ვიყავი ამირან შალიკაშვილის პანტომიმის ჯგუფში და მინდოდა თეატრალურში ჩაბარება, მაგრამ, პანტომიმის ჯგუფი უკვე მეორე კურსზე გადადიოდა და პანტომიმა ვარჩიე. ამირან შალიკაშვილი მეხვეწებოდა, ოღონდ თმა არ შეიჭრა და არ გათხოვდეო (იცინის), მაგრამ, მაინც გავთხოვდი 18 წლის ასაკში. ამირანი ამბობდა ჩემზე, ვარსკვლავი მოვიდა ჩვენს თეატრშიო და სხვებთან ერთად პაატაც მოვიდა ჩემს სანახავად. დამდევდა კუდში, მე კი გათხოვებას არ ვფიქრობდი, რადგან ჩემი მშობლები უცხოეთში აპირებდნენ წასვლას. მამაჩემი ტანვარჯიშის მწვრთნელი იყო, მაგრამ, მე ოთხ თვეში გავთხოვდი! მამაჩემი მაშინ მოსკოვში იყო, კაცი შოკში ჩავარდა (იცინის). თან, პაატამ სიყვარულის ახსნა და ხელის თხოვნა ერთდროულად მოახერხა – მგონი მიყვარხარ და, მგონი, ცოლი მომყავსო, მითხრა (იცინის). პირდაპირ, კახურად მაჯახა, არც მკითხა, თანახმა ვიყავი თუ არა. მამაჩემი სასწრაფოდ ჩამოფრინდა მოსკოვიდან, ლოგინში ჩაწვა და ხმას არ მცემდა. მივედი და ვუთხარი: მამიკო, ხომ ხედავ, პატივი გეცი და არ გავიპარე, შენ თუ ასე მოიქცევი, გავიპარები, ხომ იცი, მარტში ნიშნობა გვაქვს-მეთქი. – ჰო, ჰო, აწი გაყევი მილიონერსო (ეს ჩემი სახუმარო ფრაზა იყო), – მიპასუხა. ბედია, რას იზამ.
– ბატონი პაატა გერმანიაში იყო, თქვენ – თბილისში.
– დიახ, ჩვენ ბიჭი შეგვეძინა და, იძულებული გავხდი, დავრჩენილიყავი. სულ ვამბობდი, რომ გავყვები, სულ ერთად ვიქნებით, ერთად ვივლით-მეთქი, მაგრამ, ვატო გამიჩნდა და... პაატა ხუთი წელი იყო გერმანიაში და ძალიან გამიჭირდა უმისოდ, თან, სახლში ჯდომა... აქტიური გოგო ვიყავი, მოცეკვავე, ჭაბუკიანმაც კი დამიდგა ცეკვა, მხატვრულ ტანვარჯიშზე დავდიოდი. ამირანი პირდაპირ გაცოფდა – პაატა გერმანიაში წავიდა, მეც გავთხოვდი, მაგრამ, სამაგიეროდ, აქ რომ დარჩენილიყო იმ წლებში, სხვებივით ლოთი და ნარკომანი გახდებოდა. მერე ამერიკაში წავედით. მე, რატომღაც, ბავშვობიდან ვოცნებობდი ამერიკაში წასვლაზე. გერმანია რომ ვნახე, ვიფიქრე: ვაიმე, გერმანია თუ ეგეთი მაგარია, ამერიკა რაღა იქნება-მეთქი. ვაშინგტონის აეროპორტიდან რომ გამოვედი, აღმოვჩნდი ტყეში და ეს იყო ჩემთვის შოკი! რა სოფელია-მეთქი, – ვიფიქრე. ბავშვები რომ წამოიზრდებიან, მერილენდიდან ძალიან მინდა დისიში გადასვლა. ისე, ჩემი საყვარელი ქალაქი ნიუ-იორკია.
– რომელ სპექტაკლში ითამაშეთ პირველად?
– თავიდან პაატას არ ჰქონდა სამუშაო ვიზა და, აქედან გამომდინარე, მარტო მე ვმუშაობდი ქორეოგრაფად საბალეტო სკოლაში კვირაში ექვსი დღე. საშინლად ვიღლებოდი, მაგრამ, გაკვეთილების შემდეგ დარბაზში ვრეპეტიციობდით მე და პაატა. მერე რესტორნებში მივდიოდით... თავიდან არ ვთამაშობდი სპექტაკლებში, მარტო ცეკვებს ვდგამდი, მერე კი ისე მოხდა, რომ ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟის შემსრულებელი გოგონა ფეხმძიმედ იყო. სასწრაფოდ დაგვჭირდა მსახიობი. პაატამ დაიჟინა, გინდა თუ არა, შენ უნდა ითამაშოო. მე სასტიკ უარზე დავდექი – ძალიან კარგი ბალეტის პედაგოგი ვიყავი და მსახიობობაზე აღარც ვოცნებობდი. ისე მაგრად ვიჩხუბეთ, ცხარე ცრემლით ვტიროდი (იცინის). უცებ კარზე ზარი გაისმა, პაატამ კარი გააღო და შემოცვივდნენ პოლიციელები, გაკოჭეს, შეუკრეს ხელები, მერე ჩემთან მოვიდნენ და მეკითხებიან: სიმართლე თქვი, ხელი დაგაკარაო? ვეუბნები, რას ამბობთ, თავი დაანებეთ, ჩემი ქმარია-მეთქი. თურმე, მეზობლებს ოჯახური ძალადობა ეგონათ და პოლიციაში დარეკეს. თან, ხომ იცით, ქართველები ემოციური ხალხი ვართ, მაშინ ახალჩამოსულები ვიყავით. ჩაგვიტარეს დაკითხვა. ახლა მეცინება, რომ მახსენდება. „წიხლით” შემაგდო ჩემმა ქმარმა სცენაზე. როლებიდან ყველაზე მეტად კარმენი მიყვარს – რაღაცნაირად, ჩავჯექი ხასიათში, სიტყვა, ცეკვა – ყველაფერი ჩავტიე ჩემს კარმენში.
– თქვენ შექსპირს დგამთ უტექსტოდ. შექსპირი უტექსტოდ – არ არის დიდი რისკი?
– პრინციპში, ჩვენ „ჰამლეტი“ ვითამაშეთ უტექსტოდ პირველად და ვიდექით კულისებში, მაყურებლის რეაქციას ველოდით. მე ვიყავი ოფელია, პაატა – ჰამლეტი. დამთავრდა სპექტაკლი და სიჩუმეა. ვაიმე, გაგვისკდა გული. დაახლოებით ერთ წუთში კი ისეთი აპლოდისმენტები ატყდა! ნამდვილი ბუმი იყო ამ სპექტაკლზე და იქამდე მივიდა საქმე, რომ „ბიბისი ნიუსმა“ დარეკა და პირდაპირი ჩართვა გააკეთა სპექტაკლიდან. როგორ, შექსპირი უტექსტოდო?! – გაგიჟდა ხალხი. ბევრი ამბობდა, ვიფიქრე, მივალ, ვიცინებ და წამოვალო! წარმოგიდგენია? განცვიფრებულები დარჩნენ შედეგით.
– საქართველოში ნოემბერში აპირებთ ჩამოსვლას?
– დიახ. ჩვენს მსახიობებსაც ძალიან უნდათ, ჭკუაზე არ არიან, რაღაც ქართული სიტყვები ისწავლეს, ქართულის ილეთებსაც აკეთებენ. სუხიშვილები იყვნენ აქ ჩამოსულები გასტროლებით და ჩვენი მსახიობები წავიყვანეთ. კიოდნენ, ისე მოეწონათ. „შერეკილებზე“ მთელი დარბაზი ტიროდა. ნიუ-იორკიდან ავტობუსით ჩამოვიდნენ ქართველები. ჩვენმა მსახიობებმა „ჩიტი-გვრიტი მოფრინავდა“ ისე კარგად იმღერეს. გადასარევი მარგალიტა გვყავდა, კეტრინ დასტა, უნიჭიერესი მსახიობი, რომელიც ინგლისურს გვასწავლიდა. „სალომეასთვის“ ძველინგლისური უნდა მესწავლა და კეტრინი მასწავლიდა. ძალიან რთული ტექსტი იყო, დავიტანჯე.
– თქვენი შვილები არ თამაშობენ სპექტაკლებში?
– ვატო – კი და, ანაც, ალბათ, მსახიობი იქნება. ანას ხასიათიდან ავიღე „შრუ“ – ჭირვეული ანა სუფთა „შრუა“ (იცინის). კარგი სამსახიობო მონაცემები აქვს. ვატო ამერიკულ ფეხბურთს თამაშობდა დიდხანს, კუნთაა, მაგრამ, ახლა სცენა უფრო აინტერესებს.