ექიმის რჩევები
კითხვა: ვარ 31 წლის. მაქვს ჰიპერტონიული დაავადება – თვალის ფსკერზე ჰიპერტონული ანგიომა. ძალიან საშიშია? ჩემი ასაკისთვის ძლიერი ცვლილებაა?
პასუხი: მაღალი არტერიული წნევის დროს ვითარდება თვალის ფსკერის სისხლძარღვების ანგიოპათია, რაც ადასტურებს ჰიპერტონიული დაავადების არსებობას. ეს ცვლილებები თქვენს ასაკშიც შესაძლებელია. პრეპარატების სწორი შერჩევისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვის შემთხვევაში, შესაძლებელია, დიდი ხნის განმავლობაში კომფორტული მდგომარეობის შენარჩუნება.
კითხვა: ვარ 22 წლის. 14 წლის ასაკში, გრიპით ავადმყოფობის დროს, ძლიერი თავის ტკივილები მქონდა. მას შემდეგ 8 წელიწადია შაკიკის შეტევები მაქვს (საშუალოდ, თვეში ერთხელ). რას მირჩევთ? რა იყო ამის გამომწვევი მიზეზი?
პასუხი: დიაგნოზი „შაკიკი“ ძალიან საეჭვოა, რადგან თავის ტკივილები მძიმე ინფექციის შემდეგ დაგრჩათ. ასეთ შემთხვევაში, უფრო ხშირად არაქნოიდიტზე ფიქრობენ. საჭიროა, გამოკვლევა: თვალის ფსკერის დათვალიერება, ექოენცეფალოგრაფია, თავის ქალის რენტგენოგრაფია, კომპიუტერული ტომოგრაფია ან თავის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა ნევროლოგის კონსულტაციის შემდეგ.
კითხვა: ვარ 23 წლის. რამდენიმე წელია, ჯანმრთელობის პრობლემები მაქვს: თავბრუხვევა, გულის წასვლის შეგრძნება, თავის ტკივილი და არითმია. გამოკვლევისას აღმომაჩნდა სინუსოიდური არითმია, მიტრალური სარქვლის პროლაფსი, ჰიპოტონია. ეს მდგომარეობა ხელს მიშლის ნორმალურ ცხოვრებაში: სირბილის დროს გული მტკივა, სულ თავბრუ მეხვევა, ღამით ძლიერი არითმიისგან მეღვიძება. ექიმმა არანაირი რეკომენდაცია არ მომცა, თქვა ასაკის ბრალიაო. გავიდა 2-3 წელი, მდგომარეობა კვლავ სავალალოა. ნუთუ ეს სიმპტომები მისახედი არ არის?
პასუხი: გამოკვლევებზე დაყრდნობით, გულის სერიოზული პათოლოგია არ გაქვთ. მეტი ყურადღება მიაქციეთ ცხოვრების ჯანსაღ წესს. მეტი ისეირნეთ სუფთა ჰაერზე, ძილის წინ დიდ დროს ნუ დაუთმობთ კომპიუტერს და ტელევიზორს. მეტი პოზიტივი ცხოვრებაში! იმედია, ეს რჩევები დაგეხმარებათ პრობლემების დაძლევაში.
კითხვა: ჩემი საქმრო 28 წლისა და, აქვს ხერხემლის გამრუდება (დადის მასაჟებზე და აკუპუნქტურაზე). დედამისს მშობიარობის შემდეგ სერიოზული პოლიართრიტი აქვს (დეფორმირებულია მტევნები, ტერფები, ხერხემალი). როგორია იმის ალბათობა, რომ ჩემი საქმროც ასე დამძიმდება მომავალში? შეიძლება თუ არა, ჩვენი მომავალი ბავშვიც დაავადდეს?
პასუხი: რევმატული დაავადებები უფრო ხშირად მემკვიდრეობით ქალის ხაზით გადადის. ორსულობა და მშობიარობა ხშირად ახდენს პროვოცირებას, რადგან ამ დროს ქალის ორგანიზმს დიდი დატვირთვა აქვს. თქვენს საქმროს ასთენიური კონსტიტუცია აქვს, რომელსაც ახასიათებს კუნთებისა და მყესების სისუსტე, რაც, საბოლოო ჯამში, სქოლიოზს იწვევს. პროფილაქტიკისთვის საჭიროა, ბავშვობიდანვე კუნთოვანი კორსეტის გამაგრება შესაბამისი ვარჯიშებით.
კითხვა: რისგან შეიძლება შეიცვალოს ფერი და ზომა ხალებმა?
პასუხი: თუ ხალი ფერს და ზომას იცვლის, აუცილებელია ონკოლოგის კონსულტაცია.
რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი