რა შემთხვევაში ისჯებიან ადამიანები სიწმიდეებთან ურთიერთობის დროს და სად არ აქვთ ქრისტიანებს მათთან შეხებისა და სანთლის დანთების უფლება
საქართველოში უამრავი სიწმიდე ინახება, რომლებიც ჩვენს ქვეყანას საუკუნეების განმავლობაში და ახლაც, ძნელბედობის ჟამს‚ იცავს და უფალს შეავედრებს. მართლმადიდებლური ეკლესია ეს არის ის თემი, ის ეკლესია, რომელსაც დასაბამი იერუსალიმში, სულიწმიდის გარდამოსვლის დღეს დაედო. სრულიად აშკარაა, რომ მასში დღეს კვლავ განაგრძობს სიცოცხლეს მოციქულთა ეკლესია. ამ საკითხების შესახებ გვესაუბრება ვახტანგ გორგასლის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა გურამი (გურამიშვილი).
– მამაო, დღეს ძალიან ბევრი ეკლესია შენდება. რა უნდა გაითვალისწინონ ადამიანებმა, რომლებიც მათ აშენებენ?
– როგორც ცნობილია, ეკლესია უფლის სახლია, უფლის დაარსებული სალოცავი ადგილი. სახარებაში წერია „ბრძანებს უფალი: კლდეზე ავაშენო ეკლესია და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას”. ვერანაირი ბოროტი ძალა, წინააღმდეგობა ძვრას ვერ უზამს და ვერ შეარყევს დედა-ეკლესიას, რომელიც უშუალოდ უფლის მიერ არის დაარსებული და მოგვიანებით, მოციქულთა მიერ უფლის შთაგონებით გავრცობილი და გამყარებული. ეკლესია ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს ხალხთა შესაკრებელს, როგორც უფალი ბრძანებს, სადაც ორი და სამი ჩემი სახელით შეიკრიბოთ, მეც თქვენთან ვიყო. სწორედ ეკლესიაში აღესრულება ის შვიდი საიდუმლო, რომელიც უფალმა დაგვიდგინა – ის დიდი საიდუმლო, რასაც წირვა ჰქვია და რომელზეც ღვინო და სეფისკვერი ქრისტეს სისხლად და ხორცად გადაიქცევა. როგორც ავადმყოფს სჭირდება ექიმის დახმარება, ფიზიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, ასევე, მის სულს ესაჭიროება ხსნა და ეს კი მხოლოდ ეკლესიაშია შესაძლებელი. რაც მეტი ტაძარი აშენდება‚ მით უფრო გაიზრდება მრევლის რაოდენობა, უფრო ბევრი ადამიანი მივა უფალთან და მისი შემწეობით გადარჩება. როგორც ხატების დაწერას, ასევე ტაძრის აშენებას თავისი კანონიკა და წესები აქვს, რომელთა დაცვა აუცილებელია. ტაძარი არ არის ის დაწესებულება, რომელიც ყველას შეუძლია ააშენოს. უბრალოდ, მოუნდეს ამის გაკეთება და ასე გადაწყვიტოს. ეს საკითხი აუცილებლად უნდა შეათანხმოს საპატრიარქოსთან, სადაც არსებობს ხუროთმოძღვრების ცენტრი და იქ მომზადდება სათანადო პროექტი, განიხილება და დამტკიცდება. მხოლოდ ამის შემდეგ იწყება ტაძრის მშენებლობა. ტაძარი სამი ნაწილისგან შედგება: საკურთხევლის, სტოასა და შუა ნაწილისგან. მართლმადიდებლურ ტაძრებს საკურთხეველი ყოველთვის უკეთდება აღმოსავლეთით. სახლში ხატებიც აღმოსავლეთ კედელზე უნდა იყოს განთავსებული, რადგან ადამიანი ლოცვის დროს ამ მხარეს უნდა იყურებოდეს. მეორედ მოსვლის ჟამს უფალი დიდებით სწორედ აღმოსავლეთიდან მოვა.
– რატომ ეკრძალებათ სასულიერო პირებისა და სტიქაროსნების გარდა, სხვა ადამიანებს საკურთხეველში შესვლა?
– საკურთხეველი განსაკუთრებულად წმიდა ადგილია, რადგან იქ აღესრულება ის საიდუმლოება, რომელსაც წირვა-ლოცვა, ევქარისტია ჰქვია. მასში შესვლის უფლება ეძლევა მას, ვისაც მოძღვრისგან კურთხევა აქვთ. მორწმუნე ერისკაცისთვის იქ შესვლა არ შეიძლება და მას ეს ცოდვად ეთვლება. არავის აქვს უფლება, საკურთხეველში შევიდეს, აღსავლის კარის ზღვარს გადასცდეს, ამბიონი, შემაღლებული ადგილი გადალახოს, ეს მას მძიმე ცოდვად ჩაეთვლება. ბევრ ტაძარში, რომელიც არ არის მოქმედი, მინახავს, როგორ შედიან ქალებიც და კაცებიც საკურთხეველში, სანთლებს ანთებენ, თანაც პირდაპირ ტრაპეზის ქვაზე. ეს უმძიმესი ცოდვაა, ეკლესია სიწმიდეა, ხოლო საკურთხეველი კიდევ უფრო დიდი სიწმიდე. ამიტომ, იქ შესვლა, სანთლის დანთება მძიმე ცოდვად მიიჩნევა. ტრაპეზის ქვაზე შეხების უფლება მოძღვრის გარდა, სტიქაროსნებსაც კი არ აქვთ. როგორც ცნობილია‚ საქართველოში ქრისტიანობა მაცხოვრის მოციქულებმა იქადაგეს და სწორედ ამიტომ ეწოდება ჩვენს ეკლესიას სამოციქულო ეკლესია. საქართველოში ძალიან ბევრი სიწმიდეა, მაგალითად, აფხაზეთის ტერიტორიაზე მდებარეობს მოციქულ სვიმონ კანანელის საფლავი, რომელიც უდიდესი სიწმიდეა – ჩვენს მიწა-წყალზე ინახება მისი წმიდა სხეული. ასევე უდიდესი სიწმიდეებია დაბრძანებული სიონის ტაძარში: მათე მოციქულის თავის ქალა, წმიდა ნონოს ჯვარი, მაცხოვრის სამსჭვალი, წმიდა ილიას ხალენი, ღვთისმშობლის კვართი და კიდევ ძალიან ბევრი რამ ინახება საქართველოში. თუნდაც, გარეჯში ამოწყვეტილი ასი ათასი ბერის მოწამეთა წმიდა სხეულები, წმიდა ნაწილები. უდიდესი სიწმიდეებია ასევე უძველესი წმიდა ხატები. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ როდესაც ხატი ან ჯვარი იკურთხება‚ ის მადლმოსილი ხდება, ღვთაებრივ მადლს იძენს და შესაბამისად, მის მიმართ განსაკუთრებული მოპყრობა და კრძალვა გვმართებს. თუ ადამიანი სიწმიდეს მოკრძალებით, მოწიწებითა და სიყვარულით ეპყრობა, მისგან აუცილებლად მიიღებს მადლს. თუმცა‚ ადამიანი შეიძლება სიწმიდის მიმართ არასწორი მიდგომისთვის დაისაჯოს.
– მამაო, ასეთი სწავლებაც ხომ არსებობს: ვისაც მეტი მიეცა, მას მეტი მოეთხოვებაო. შესაბამისად‚ როდესაც ჩვენს ქვეყანაში ამდენი სიწმიდეა, ალბათ, ჩვენც ბევრი მოგვეთხოვება.
– რა თქმა უნდა, უფალმა გარდა ამ სიწმიდეებისა‚ ქართველებს მოგვმადლა მადლიანი მიწა. შესაბამისად, ეს პატივისცემაც არის და დიდი პასუხისმგებლობაც. უფალი უფრო მეტს მოგვთხოვს და უფრო მეტ პასუხისმგებლობას დაგვაკისრებს. გარდა ლოცვისა და კეთილი საქმეების აღსრულებისა, ვისაც როგორ შეგვიძლია, ისე უნდა ვიშრომოთ; მიწაც უნდა დავამუშაოთ, მოსავალიც დავაბინაოთ, ეკლესიაშიც ვიაროთ და აღვასრულოთ უფლის მცნებები – მართლმადიდებლური წესების დაცვით ვიცხოვროთ. სიწმიდეებს კი მოწიწებითა და მოკრძალებით უნდა მოვექცეთ. საკმარისია, ადამიანი სიწმიდეს ერთხელ ემთხვიოს, მასზე მადლი აუცილებლად გადმოვა. არ არის აუცილებელი, სიწმიდეზე ერთდროულად რამდენჯერმე მთხვევა. შეიძლება სიწმიდეზე ჯვრების, ფსკვნილების, ფსალმუნების დადება, რათა მადლი მათზეც გადმოვიდეს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ნებისმიერი ხატი, ჯვარი განსაკუთრებული სიწმიდეა და მათ განსაკუთრებული პატივი უნდა მივაგოთ. შეიძლება ვინმეს გაუკვირდეს, მამაო ამას რატომ ამბობსო, მაგრამ აუცილებელია, ხატი გავასუფთაოთ მტვრისგან. ძალიან ბევრჯერ მივსულვარ ოჯახში, სადაც ხატები მინახავს დამტვერილი, აბლაბუდის ქსელში გახვეული. ყველაზე გასაოცარი კი ის არის, რომ როდესაც ამის მიზეზს ვკითხულობთ, მოუცლელობას ასახელებენ. ადამიანმა ყველაფერი უნდა გადადოს და ხატებს, სიწმიდეებს უნდა მოუაროს. შეიძლება ყოველდღე ვერ გაწმიდოს ხატები, მაგრამ ორ დღეში ერთხელ მტვრისგან სურნელოვანი წყლით უნდა გაასუფთაონ. კარგი იქნება თუ ყველა მორწმუნეს ხატების წინ ენთება კანდელი. მაგრამ თუ ამის საშუალება არ გვაქვს, მაშინ კანდელი კვირას და დღესასწაულებზე მაინც უნდა ავანთოთ, რითაც ხატების წინაშე ერთგვარ პატივისცემასა და ვედრებას, მოწიწებას, სიყვარულს, მოკრძალებას გამოვხატავთ. ასევე ნებისმიერ ადამიანს შეუძლია იყიდოს ნახშირი, საკმეველი და ხატების წინ აკმიოს, მაგრამ ყველაზე მთავარი ის არის, რომ ყველა ადამიანის სახლი იკურთხოს, რის შედეგაც ის განიწმიდება არაწმიდა ძალებისგან და იქ უფალი დაიმკვიდრებს. ხატი უკვე სიწმიდეა, არ აქვს მნიშვნელობა‚ ნაკურთხია ის თუ არა, მას მაინც პატივისცემითა და მოკრძალებით უნდა მოვექცეთ. დაუდევრად მოქცევა არ გვეპატიება. ასე რომ‚ ცოდვად გვეთვლება‚ ნაკურთხ ხატს მოვექცევით უდიერად თუ არანაკურთხს. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება გატეხილი ჯვრის ან დაზიანებული ხატის დაწვა. ისინი აუცილებლად ეკლესიაში უნდა მივიტანოთ. ბევრი მეკითხება: შეიძლება თუ არა ხატის საფულეში მოთავსებაო, რა თქმა უნდა, შეიძლება. მაგრამ ჯობია, თუ მათ ცალკე მოათავსებთ. რაც მთავარია, არ უნდა მოვექცეთ დაუდევრად. არ შეიძლება ხატის საფულის უკანა ჯიბეში ჩადება, რათა შემთხვევით არ დავაჯდეთ და ამით შეურაცხყოფა არ მივაყენოთ. ხატების ავტომობილში და გულის ჯიბით ტარებაც შეიძლება, უბრალოდ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მოკრძალებით მოვექცეთ. ისევე‚ როგორც მოკრძალებით უნდა ვიდგეთ წირვაზე და დავესწროთ ღვთისმსახურებას. არსებობს ისეთი მოსაზრებაც, რომ ეკლესიაში წირვის დროს მხოლოდ ქალებს ეკრძალებათ საუბარი. მინდა აღვნიშნო, რომ ქალებთან ერთად, მამაკაცებსაც ეკრძალებათ ეკლესიაში საუბარი, ხშირი გადაადგილება, რადგან ტაძარი უფლის სახლია, ჩვენ კი იქ, უფალთან მივდივართ, სადაც უამრავი სიწმიდეა დაბრძანებული. როდესაც წირვა-ლოცვა მიმდინარეობს, უშუალოდ უნდა ვიყოთ მასში ჩართული და გულში ვიმეორებდეთ იმ საგალობლებს, რაც აღესრულება და გონებით სხვაგან არ უნდა დავფრინავდეთ. ტაძარში შესვლისთანავე უნდა გავაცნობიეროთ, რომ მივედით უფალთან და გონება უნდა დავიტვირთოთ ლოცვით და არა ბოროტი აზრებით, ზრახვებითა და ფიქრებით.