იგავი ცხვრებსა და თიკნებზე
„როცა ძე კაცისა წმიდა ანგელოზებთან ერთად მოვა და დაჯდება თავისი დიდების ტახტზე, მაშინ ყველა მოდგმის ხალხი შეიკრიბება მის წინაშე და გამოარჩევს მათ ერთმანეთისგან, როგორც მწყემსი არჩევს ცხვრებს თიკნებისგან. ცხვრებს თავის მარჯვნივ დააყენებს, თიკნებს კი – მარცხნივ და ეტყვის მეუფე, ვინც მის მარჯვნივ არის; მოდით, კურთხეულნო მამისა ჩემისანო, დაიმკვიდრეთ სასუფეველი, რომელიც ქვეყნის დასაბამიდან არის თქვენთვის გამზადებული; რადგან მშიოდა და დამაპურეთ, მწყუროდა და მასვით, უცხო ვიყავი და მიმიღეთ, შიშველი ვიყავი და შემმოსეთ, უძლური ვიყავი და მომხედეთ, საპყრობილეში ვიყავი და მომინახულეთ. მართლები მას ეტყვიან: უფალო, როდის გნახეთ შენ მშიერი და დაგაპურეთ ან მწყურვალი და გასვით? როდის გნახეთ შენ უცხოდ და მიგიღეთ ან შიშველი და შეგმოსეთ? როდის გნახეთ შენ უძლური ან საპყრობილეში და მოგხედეთ? მეუფე მიუგებს მათ და ეტყვის: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, რომ ჩემს მცირე ძმათაგანს რაც გაუკეთეთ, მე გამიკეთეთ.
შემდეგ იმათაც ეტყვის, ვინც მარცხნივ არის: წადით ჩემგან, წყეულნო, საუკუნო ცეცხლში, რომელიც გამზადებულია ეშმაკისა და მისი ანგელოზებისთვის. რადგან მშიოდა და არ დამაპურეთ, მწყუროდა და არ მასვით, უცხო ვიყავი და არ შემიწყნარეთ, შიშველი ვიყავი და არ შემმოსეთ, უძლური ვიყავი, საპყრობილეშიც და არ მომხედეთ. ისინიც ეტყვიან: უფალო, როდის გნახეთ შენ მშიერი ან მწყურვალი, ან უცხო, ან შიშველი, ან უძლური, ან საპყრობილეში და არ გემსახურეთ შენ? მეუფე მიუგებს მათ და ეტყვის: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, რომ ჩემს მცირე ძმათაგანს რაც არ გაუკეთეთ, მე არ გამიკეთეთ. და წავლენ ისინი საუკუნო სატანჯველში, ხოლო მართლები – საუკუნო ცხოვრებაში“.
მათე 25, 31-46.
ნეტარია გულმოწყალე
უფალი იესო პირველად დიდებით არ მოსულა ამქვეყნად, ის აქ დაამცირეს, შეურაცხყვეს და მოკლეს. მეორედ კი მე დიდებით მოვალ, – ამბობს უფალი, – დიდების ტახტზე დავჯდები და წმიდა ანგელოზებიც ჩემთან ერთად იქნებიან.
ყველაფერი, რაც ამ იგავში წერია, არის წინასწარმეტყველება უფლის მეორედ მოსვლაზე, ქვეყნიერების აღსასრულზე, როდესაც ის თითოეულ ადამიანს განსჯის იმის მიხედვით, თუ ვინ რა საქმე გააკეთა თავისი სიცოცხლის განმავლობაში. მეორედ მოსვლის ჟამს მკვდრეთით აღდგება ყველა, ადამიდან მოყოლებული, ვინც კი გარდაიცვალა, მკვდრეთით აღმდგარნი და ცოცხლები ქრისტეს წინაშე წარდგებიან, მთელი ქვეყნიერება ერთად შეიკრიბება და ყველანი იხილავენ ერთმანეთის ცოდვა-მადლს.
მაგრამ რას მოგვკითხავს ქრისტე უფალი მეორედ მოსვლისას? რის მიხედვით განსჯის ჩვენს ცოდვასა და მადლს? ამ იგავის თანახმად, უზენაესი ზეციერი მსაჯული ერთადერთი საზომით შეაფასებს კაცთა ნამოქმედარს – ეს არის გულმოწყალება და უმოწყალობა.
კაცობრიობა ცოდვა-მადლის მიხედვით გადანაწილდება: მადლიანები და მართლები, ანუ ცხვრები, უფლის მარჯვნივ აღმოჩნდებიან და სასუფეველში დამკვიდრდებიან სამუდამოდ. ცოდვილებს, ანუ თიკნებს, უფლის მარცხნივ ერგებათ დგომა და საუკუნო სატანჯველში, ჯოჯოხეთში წავლენ.
ალბათ, შეამჩნიე, რომ მართლებსაც და ცოდვილებსაც უფალმა ერთი და იგივე საქმე მოჰკითხა: მშიერთა დაპურება, მწყურვალთა სმევა, შიშველთა შემოსვა, უცხოთა მიღება, სნეულთა მოვლა და პატიმართა მიხედვა. ეს ხორციელი მოწყალების საქმეებია, რასაც მიცვალებულთა დამარხვაც მიეკუთვნება.
თუ გულმოწყალე ხარ, აუცილებლად დაეხმარები გაჭირვებულს და, რითაც კი შეძლებ, ხელს გაუმართავ. მაშინ ქრისტე უფალიც შეგიწყალებს: „ნეტარ არიან მოწყალენი, რადგან ისინი შეწყალებულნი იქნებიან“, – ამას უფალი იესო თავის ცხრა ნეტარებაში ამბობს. ქრისტეს ცხრა ნეტარება წმიდა მათეს სახარებაშია ჩაწერილი (5, 3-12), აქ მკაფიოდ და მოკლედ არის გამოთქმული ქრისტეს რჯული.
უფალი იესო ყველა გაჭირვებულს თავის ძმას უწოდებს: ვინც ერთ გაჭირვებულს, „ჩემს მცირე ძმათაგანს“, გაუკეთა, მან მე გამიკეთაო, – ამბობს უფალი. ხომ ხედავ, რა ადვილად შეგიძლია, ემსახურო უფალს! საკმარისია, მშიერს პური მიაწოდო, მწყურვალს წყალი ასვა, შიშველს სამოსი მისცე, სნეულს მოუარო, პატიმარი მოინახულო და უცხო შეიფარო, რომ მადლად მიგეთვლება უფლის წინაშე და ზეციური ნეტარების ღირსიც გახდები.