„ალექსანდრეს ბაღის“ რომელ ნაწილში იდგა ალექსანდრე ნეველის საყდარი და რომელი მეფისნაცვლის დროს აშენდა თბილისის უძველესი შადრევანი
თბილისის ცენტრში, რუსთაველის, ათონელის, ჯორჯაძისა და ჭანტურიას ქუჩებს შორის მოქცეულ ბაღს დღემდე თბილისელები ძველებურად „ალექსანდრეს ბაღს”, ან „ალექსანდროვის ბაღს” უწოდებენ. არადა, დღეს ოფიციალურად ბაღის ზედა ნაწილს 9 აპრილის, ხოლო ქვედას გიორგი ლეონიძის სახელობის ბაღი ეწოდება. ბაღის დაარსების ისტორია სათავეს მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისიდან იღებს და ის თბილისის ერთ-ერთი უძველესი ბაღია, სადაც რამდენიმესაუკუნოვანი ხეები დღესაც ხარობს. ბაღის ისტორია შემონახულია ძველ ფოტოებზე, რომელთაც ძველი ტფილისის ფოტოების მკვლევართან, მხატვარ გოგა ქართველიშვილთან ერთად მიმოვიხილავთ.
გოგა ქართველიშვილი: მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში ბაღის ზედა ნაწილში სასაფლაო იყო, ხოლო ქვედა ბაღში იმართებოდა ყაბახი. ეს იყო ძველი თბილისის იმ დროის მინი-იპოდრომი, სადაც სხვადასხვა ღონისძიებები ტარდებოდა, მათ შორის შეჯიბრებები ჯირითში, მშვილდოსნობაში, შუბების სროლაში... შემდგომ ამ ადგილს თბილისელები იასეს ბაღს უწოდებდნენ, რადგან ქართლის მაჰმადიანი მეფე იასე, სადღაც იმ ტერიტორიაზეა დაკრძალული. ბაღის დაარსების ინიციატივა მეფისნაცვალს, ალექსანდრე ბარიატინსკის ეკუთვნის, მას ჰყავდა ქართველი მეუღლე, გვარად ორბელიანი და თვითონაც კარგი პიროვნება იყო, უყვარდა ქართველები. ბარიატინსკის სახელს ატარებდა დღევანდელი ჭანტურიას ქუჩა. მისი სახლი ამავე ქუჩაზე მდებარეობდა. საბჭოთა კავშირის დროს მას ჯორჯიაშვილის ქუჩა ერქვა.
– თუ არის ცნობილი ბაღი ოფიციალურად როდის გაიხსნა?
– ალექსანდრ ბარიატინსკიმ ბაღის მოსაწყობად შვედი არქიტექტორი, ოტო სიმონსონი მოიწვია, რომლის სახელს უკავშირდება მეფისნაცვლის სასახლის, ამჟამინდელი მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის პროექტი. სიმონსონმა დააპროექტა ბაღი. ოფიციალურად ის 1859 წელს გაიხსნა და ეწოდა ალექსანდრეს ბაღი, იმპერატორ ალექსანდრე მეორის პატივსაცემად. ცნობილია, რომ იმპერატორი თბილისში იყო ჩამოსული და ამ ბაღის ტერიტორიაზე ერთი ხის ნერგი დარგო. მას შემდეგაც ბაღს მისი სახელი ეწოდა. ბარიატინსკის დროს დაპროექტდა შადრევანი, რომელიც დღემდე შემორჩენილი და ერთ-ერთი ყველაზე ძველი შადრევანია თბილისში. შადრევანს წყალი მტკვრიდან, წყალსაქაჩების საშუალებით მიეწოდებოდა. შემდგომ ბაღის ზედა ნაწილში აშენდა კავკასიის არმიის სამხედრო-ისტორიული მუზეუმი – დღევანდელი ცისფერი გალერეა. ცნობილი ფაქტია, რომ თბილისური ბომონდი ამ ბაღის ხშირი სტუმარი იყო და ის პრესტიჟულ ადგილად მიიჩნეოდა იმ დროის ტფილისში მას შემდეგ, რაც ბაღის ნაწილი გაიჩეხა და იქ სამხედრო მუზეუმი აშენდა, მაშინდელი მაღალი წრის საზოგადოება განაწყენდა და ბომონდმა მუშტაიდის ბაღში გადაინაცვლა. ალექსანდრეს ბაღის მოსაწყობად მოიწვიეს ბოტანიკოსი, მებაღე ჰენრიხ კარლ შარერი, რომელიც იქვე, მებაღის სახლში ცხოვრობდა, მისი დარგული ხეების უმეტესობა ბაღში დღესაც არის შემორჩენილი. ბაღის მოწყობა და განაშენიანება ოფიციალურად 1865 წელს დასრულებულა.
– მაქვს ნანახი ფოტოები, სადაც ბაღის ქვედა ნაწილში ეკლესია დგას.
– ახლა, რომ გოგლა ლეონიძის ძეგლია, ზუსტად იმ ადგილზე იდგა ეკლესია, ალექსანდრე ნეველის საყდარი, რომელიც გასაბჭოების შემდგომ წლებში ბოლშევიკებმა დაანგრიეს. ბევრ ფოტოზეა შემორჩენილი ეს ტაძარი, ულამაზესი არქიტექტურით. ეს ეკლესია იმპერატორის ოჯახის სარკინიგზო კატასტროფაში გადარჩენის აღსანიშნავად დაიდგა.
– ორ ნაწილად როდის გაიყო ბაღი?
– ბაღი ორ ნაწილად ტრამვაის გაყვანის დროს გაიყო. მეფის დროს ამ ქუჩას „საპიორნაია ულიცა” ერქვა, მერე ბორის ძნელაძის სახელს ატარებდა, ახლა რეზო თაბუკაშვილის ქუჩაა. ბარიატინსკის ქუჩაზე რევოლუციამდე საკვირაო ბაზარი იმართებოდა, სადაც ტფილისელებს გასაყიდად გაჰქონდათ სხვადასხვა ნივთი. არსებობს ფოტო, სადაც კარგად ჩანს, თუ რა იყიდებოდა ამ საკვირაო ბაზრობაზე: ჭურჭელი, ავეჯი, სააბაზანო მოწყობილობები და სხვა.
– რამდენადაც ვიცი, ბაღში სისხლიან შეტაკებებსაც ჰქონდა ადგილი და არაერთი ბოლშევიკის სისხლი დაიღვარა იქ.
– 1918 წლის 10 თებერვალს ბოლშევიკებმა, სტეფანე შაუმიანის ხელმძღვანელობით, დიდი მანიფესტაცია გამართეს ბაღში. ამიერკავკასიის სეიმმა, სახალხო გვარდიის გამოყენებით ტყვიამფრქვევებითა და შაშხანებით დაარბია ეს მიტინგი. რამდენიმე ადამიანი შეეწირა ამ მოვლენებს და ამის აღსანიშნავად, ბაღის ქვედა ნაწილში დაიდგა „ხსოვნის კედელი”, რომლის ნაშთები დღემდეა შემორჩენილი. ბაღში ასევე რამდენიმე ცნობილი ბოლშევიკია დასაფლავებული, ძმათა სასაფლაო იყო მოწყობილი. ბორის ძნელაძის, ლუკიანე თაბუკაშვილი, საშა ობოლაძის საფლავები დღემდეა ბაღში, თუმცა საფლავის ქვისა და რაიმე მინიშნების გარეშე. საინტერესოა, რომ ქვეყნის სათავეში კომუნისტების მოსვლის შემდეგ, „კომუნართა ბაღს” უწოდებდნენ.
– ბაღში რამდენიმე ძეგლი იდგა.
– 1903 წლის 19 მარტს მოქანდაკე ფელიქს ხოდოროვიჩის ნიკოლოზ გოგოლის ქანდაკება გაიხსნა, რომელიც 90-იანი წლების დასაწყისში, თბილისის ომის დროს განადგურდა და გაუჩინარდა. ახლა მის ადგილზე ანატოლი სობჩაკის ძეგლი დგას. ასევე, იდგა ბორის ძნელაძის ძეგლი, ხოლო ახლანდელი ლადო გუდიაშვილის ქანდაკების ადგილზე კი – ლადო კეცხოველის ქანდაკება. დღემდე არის შემორჩენილი ეგნატე ნინოშვილის ბიუსტი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ძველია თბილისში. გოგლა ლეონიძის ძეგლი კი ყველაზე გვიან, 1992 წელს დაიდგა. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ დღემდე თბილისელები ამ ბაღს „ალექსანდრეს ბაღს” ვუწოდებთ. არადა, რამდენიმე სახელწოდება შეიცვალა და წარმოიდგინეთ საბჭოთა კავშირის დროსაც კი, როცა მეფის სახელის ხსენება აკრძალული იყო, მას მაინც „ალექსანდრეს ბაღად” მოიხსენიებდნენ.