კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ იყენებენ ქართველი კანონმდებლები ბოროტად საკუთარ იმუნიტეტს და რატომ ეპატიება დეპუტატს ის, რისთვისაც მის ამომრჩეველს გისოსებს მიღმა მოათავსებდნენ

 

მართალია, კახური ანეკდოტის თანახმად, ჭიდაობისას ბწკენაი, ღრენაი და დედის გინებაი აკრძალულია, მაგრამ ქართულ უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში არსებული რეალობა ანეკდოტისგან რადიკალურად განსხვავებულია: ხალხის რჩეულებისთვის ღრენაც მოსულა, გარტყმა-გამორტყმაც და, მათ შორის, დედის გინებაც (თან, სულ „ლაივში“). მეორე მხრივ, საერთაშორისო თანამეგობრობა და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები პარლამენტარის ახალ „ეთიკის კოდექსზე“ (მას ხანდახან „ქცევის კოდექსადაც“ მოიხსენიებენ) მუშაობენ, რომლის პირველადი ვარიანტი 2004 წელსაა მიღებული, მაგრამ, როგორც ვხედავთ, ხეირი მისგან თითქმის ნულოვანია (დეპუტატთა ნაწილს ჯიუტად არ სურს, თანამდებობისთვის შესაფერისად გამოიყურებოდეს). „საერთაშორისო გამჭვირვალობა –  საქართველოს“ მკვლევარი-ანალიტიკოსი ლაშა გოგიძე გაგვარკვევს, როგორი ქცევა მოეთხოვებათ უმაღლეს კანონმდებლებს, როგორც რჩეულებსა და საჯარო პირებს და რამდენად შეესაბამება საქართველოს პარლამენტის წევრების მოქმედება მათ რანგსა და თანამდებობას.

– რატომ გახდა აუცილებელი პარლამენტარების „ეთიკის კოდექსზე“ მუშაობის განახლება?  

– ბოლო წლებში საკმაოდ აქტუალური იყო საკითხი, რომ დეპუტატები არაეთიკურად და არაპროფესიულად იქცეოდნენ და ამის მაგალითი უამრავია: ხელჩართული ჩხუბები, სიტყვიერი შეურაცხყოფა. სულ ბოლო მაგალითიც გემახსოვრებათ, როდესაც პარლამენტის სხდომაზე ქსენოფობიური გამოსვლებიც გაისმა. ამიტომ, ბუნებრივია, ეს პრობლემა ხვდებოდა საზოგადოების ყურადღების ცენტრში. „ეთიკის კოდექსი“ უკვე არსებობს და ის 2004 წელს მიიღეს, მაგრამ, როგორც ჩანს, ამ კოდექსმა ვერ შეძლო, აღეკვეთა პარლამენტარების არაეთიკური და არაპროფესიული ქცევა.

– როგორც ვიცი, 2004 წელს მიღებული „ეთიკის კოდექსით“, მისი დარღვევისთვის სანქციები არ ყოფილა გათვალისწინებული?

– არა, ის არ არის სავალდებულო. ამ საკითხით  ეუთო იმიტომ დაინტერესდა, რომ, თავის დროზე, 2004 წელს „კოდექსი“ ჩვენი ინიციატივით მიიღეს და პროექტი ეუთოს დაფინანსებით განხორციელდა. ამდენად, ბუნებრივია, რომ ორგანიზაციას დააინტერესა, 8 წლის შემდეგ როგორ იმუშავა ამ სისტემამ, რა პრობლემებია, რა შეიძლება გაკეთდეს და მათგან წამოვიდა ინიციატივა, კიდევ ერთხელ შეგვეხედა პარლამენტში და გვენახა, რა ხდება.

– როგორც ვხედავთ, კარგი არაფერი, მაგრამ, სანამ ამაზე ვისაუბრებთ, რამდენად ამართლებენ ხალხის რჩეულები თავიანთ თანამდებობას; თუ არსებობს ამგვარი გამოცდილება დასავლეთში?

– რა თქმა უნდა, არსებობს და, როდესაც კოდექსი მიიღეს მისი შინაარსი და ფორმა ეფუძნებოდა საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებას, თუმცა ჩვენთან უფრო სხვა პრობლემებია აქტუალური: ქცევის წესების პრობლემა გვაქვს, მაშინ, როდესაც დასავლეთში, ძირითადად, „ეთიკის კოდექსი“ ლობისტურ საქმიანობას ეხება. მაგალითად, ევროპარლამენტში რამდენიმე ფინანსური სკანდალი მოხდა, რომლებშიც ევროპარლამენტარები იყვნენ ჩართული. ამის გამო ევროპარლამენტმა 2012 წლის იანვარში მიიღო მკაცრი კოდექსი, რომელიც ევროპარლამენტის რეგლამენტის ნაწილი, ანუ სავალდებულო გახდა.

– და რას ნიშნავს „მკაცრი“?

– თუ ინტერესთა პოტენციალური კონფლიქტიც კი არსებობს, დეპუტატმა საჯაროდ უნდა განაცხადოს ამის შესახებ და თავიც შეიკავოს კენჭისყრაში მონაწილეობისგან.

– რა სანქციებია გათვალისწინებული, თუ ევროპარლამენტარი ამას არ გააკეთებს?

– ასეთ დეპუტატს რამდენიმე დღის განმავლობაში მანდატი შეუჩერდება, ასევე, გათვალისწინებულია ფულადი ჯარიმებიც. არაპროფესიული და არაეთიკური ქცევის გამო ჩვენთანაც არის ფინანსური სანქციები. თუ დეპუტატი სისტემატურად აცდენს საკომიტეტო მოსმენებსა და პლენარულ სხდომებს, მათ ჩამოეჭრებათ ხელფასი. მართალია, გამცდენი დეპუტატების გვარებს ასახელებენ სხდომაზე და ხელფასსაც აჭრიან, მაგრამ არც ეს სისტემაა ეფექტიანი, რადგან თვითონ დეპუტატები აღნიშნავენ, რომ ჯარიმას ადვილად იხდიან და ეს მათთვის დიდი პრობლემა არ არის. მათი აზრით, უფრო ეფექტიანი შეიძლება, იყოს რეპუტაციული სანქცია. ჩვენს კვლევაშიც ერთ-ერთი რეკომენდაცია იქნება საჯაროდ დასახელება და შერცხვენა ყველა იმ დეპუტატის, ვინც არაეთიკურად მოიქცევა. თუ მათი გვარები გამოცხადდება მედიაში, შეიძლება, ეს უფრო ეფექტიანი იყოს, რადგან ვიცით, რომ ქართველ საზოგადოებაში დიდ როლს ასრულებს კავშირები და არც ერთ დეპუტატს არ ექნება სურვილი, მისი სახელი უარყოფით კონტექსტში დატრიალდეს.

– ჩემი აზრით, პრობლემაა ისიც, რომ ფიზიკური დაპირისპირება და უცენზურო გამონათქვამები ნაწილი დეპუტატების მიერ არ აღიქმება მიუღებელ ქცევად, უფრო პირიქითაც?

– შესაძლოა, ეს პრობლემაც იყოს. ამ შემთხვევაში უნდა არსებობდეს შიდა ფრაქციული შეზღუდვები და იყოს შიდა ფრაქციული შინაგანაწესი.

– ამას იმიტომ ვამბობ, რომ, მაგალითად, პარლამენტარი აკაკი ბობოხიძე, რომელიც გამოირჩევა ფიზიკური დაპირისპირებისადმი აშკარა მიდრეკილებით, ბრძანებს, ყველას და ყოველთვის დაარტყამს, ვინც მისთვის მიუღებელ რამეს იტყვის?

– თუ ეს კოდექსი სავალდებულო გახდება ფრაქციის შიგნით შესასრულებლად, მაშინ ეს პრობლემაც აღარ იქნება. ასევე, სასურველია, კოდექსი გახდეს რეგლამენტის ნაწილი, რომ გახდეს სავალდებულო. წინააღმდეგ შემთხვევაში ის, თუ კვლავ მხოლოდ დეპუტატების კეთილ ნებაზე იქნა დამოკიდებული, შედეგს არ მოიტანს. ამას გარდა, უნდა არსებობდეს აღსრულების მექანიზმი, რაღაც ორგანო, რომელიც მოახდენს მონიტორინგს, თუ როგორ იქცევა ესა თუ ის დეპუტატი. ამ ორგანოს რჩევის ფუნქციაც ექნება, დაეხმაროს დეპუტატებს, რომ კოდექსთან შესაბამისობაში მოიყვანონ თავიანთი საქციელი და შემდგომ უფრო რეპუტაციული სანქციები დაუწესონ. იმიტომ რომ დეპუტატები მაინც ხალხის მიერ არჩეულები არიან.

– მერე და, მით უფრო, არ უნდა მოიქცნენ, როგორც ხალხის რჩეულები?

– ამის გამო მკაცრ სასჯელს ვერ დავაკისრებთ.

– ჯვარი მწერია, მაგრამ მე რომ ქუჩაში მავანს ვეცე, თმა დავაპუტო და მკვდარი და ცოცხალი ვაგინო, არ დამაპატიმრებენ? ასეთი ქცევის გამო ვითომ დეპუტატს რატომ არ შეიძლება, შეეფარდოს ადმინისტრაციული პატიმრობა?

– ეს პარლამენტის შიგნით ხდება, იქ კი სპეციფიკური გარემოა.

– ესე იგი, რა გამოდის, პარლამენტარი თავის იმუნიტეტს იყენებს იმისთვის, რომ კოლეგასაც და ვისაც გაუხარდება, დედა აგინოს და სცემოს?

– რა თქმა უნდა, ეს არასწორია, ამიტომ, ჩემი აზრით, მანდატის შეჩერებაზეც შეიძლება, იყოს საუბარი, როგორც ევროპარლამენტის შემთხვევაში. თვითონ დეპუტატებმაც თქვეს, რომ ამას უფრო დიდი ეფექტი ექნება. სხვათა შორის, თქვენ მიერ დასახელებული ბატონის გვარი სულ უარყოფით კონტექსტში მესმის, ანუ საზოგადოება მის ქცევას უარყოფითად აღიქვამს. თუ პარლამენტარის „ქცევის კოდექსი“ სავალდებულო გახდება და რეგლამენტის ნაწილად იქცევა, ამას, გარდა საზოგადოების კრიტიკული აღქმისა, კონკრეტული პასუხისმგებლობაც მოჰყვება.

– „ქცევის კოდექსი“ გულისხმობს, რა უნდა ეცვას პარლამენტის წევრს, რომ აუცილებლად 11 საათზე უნდა გამოცხადდნენ სამუშაო ადგილზე, წაიკითხონ კანონპროექტები და ასე შემდეგ? მე არაერთი მოწვევის პარლამენტში მქონია შემთხვევა, რომ ამა თუ იმ დეპუტატს არ ჰქონია წაკითხული კანონპროექტი, რომელსაც ხმაც კი მისცა.

– ძალიან დეტალურად თუ ჩამოვყვებით, არ იქნება ეფექტიანი, თავი უნდა მოეყაროს ყველა ძირითად ნორმას.

– რა შეიძლება, იყოს ეს ძირითადი ნორმები?

– ქართულ კონტექსტში თუ ვილაპარაკებთ, ინტერესთა კონფლიქტის ნორმები და ანტიკორუფციული საკითხები კარგადაა ჩამოყალიბებული სხვადასხვა კანონში, ამიტომ ეს ნორმები არ უნდა გავიმეოროთ. კოდექსში უბრალოდ ციტირება უნდა მოხდეს ამ კონკრეტული ნორმების, მაგრამ ის ნორმები, რომლებიც ეთიკურ ქცევას ეხება, რაც შეიძლება, ნათლად უნდა იყოს დარეგულირებული კოდექსში: როგორ უნდა მოიქცეს დეპუტატი საჯაროდ, რა ლექსიკა უნდა გამოიყენოს დებატებისას, რომ დაუშვებელია სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რომ დეპუტატის საქმიანობა უნდა იყოს ღია და გამჭვირვალე, ის უნდა იყოს ანგარიშვალდებული საზოგადოების წინაშე და ასე შემდეგ. ეს ნორმები არის კიდეც არსებულ კოდექსში, უბრალოდ პრობლემა ის არის, რომ ეს ჯერჯერობით დეპუტატების კეთილ ნებაზეა დამოკიდებული და არ არის სავალდებულო. მათ ამ კოდექსს ხელი მოაწერეს 2004 წელს, მაგრამ 2008 წლის მოწვევის პარლამენტში ხელმომწერთა უმეტესობა აღარ არის დეპუტატი.

– ვისაც ხელი არ მოუწერია იმ 2004 წლის კოდექსზე, არ ეხება?

– სიმბოლურადაც კი არ ეხება. მეტიც, მოქმედი დეპუტატების ნაწილმა არც კი იცის, რომ ასეთი კოდექსი არსებობს, ანუ 2008 წლის მოწვევის დეპუტატებს არ შეახსენეს, რომ ასეთი კოდექსი არის.

– ვინ უნდა დააფიქსიროს, რომ დეპუტატმა სხვისი პულტი გამოიყენა, კოლეგას უცენზუროდ მიმართა?

– სულ ბოლოს პულტებით მანიპულირების ამსახველი ვიდეო გავრცელდა ტელევიზიით და ყველამ ნახა.

– მაგრამ ახალ პარლამენტში იქნება ახალი რეგლამენტი და ჟურნალისტებს აღარც პლენარული სხდომის დაკვირვების საშუალება ექნებათ და არც კამერებს შეუშვებენ. პარლამენტში კამერა იდგება და სხდომის კადრებს თვითონვე გაავრცელებენ?

– ამაზე უნდა იყოს პასუხისმგებელი მარეგულირებული ორგანო, ალბათ, მაინც საპროცედურო კომიტეტი, რადგან ამ კომიტეტს აქვს შესაბამისი გამოცდილება. რაც მთავარია, ეს ორგანო მხოლოდ ერთი ფრაქციის წევრებისგან არ უნდა იყოს დაკომპლექტებული.

– ანუ მაინც პარლამენტარები უნდა იყვნენ მონიტორებიც?

– თვითონ დეპუტატებმაც გამოთქვეს აზრი, რომ პარლამენტარებით დაკომპლექტებულ ორგანოს უფრო მეტი გავლენა ექნება. პარიტეტის პრინციპით ყველა ფრაქციის წარმომადგენელი უნდა იყოს, რომ არასათანადო ზეწოლის შემთხვევები არ მოხდეს.

– თვითონ პარლამენტის წევრები არიან მზად, ჰყავდეთ მათი ქცევის მაკონტროლებელი ორგანო?

– ვისთანაც მქონდა საუბარი, ისინი არსებითად ახალი დოკუმენტის მიღების მომხრეები არ არიან, თუმცა რამდენიმე გავლენიანი დეპუტატი შეთანხმდა, რომ ქცევის კოდექსს რაღაც ტიპის სავალდებულო ხასიათი უნდა ჰქონდეს. ბევრმა ისიც აღნიშნა, რომ ასეთი კოდექსის სიმბოლურ არსებობასაც კი აქვს მნიშვნელობა ქვეყნისთვის.

– დასავლეთის ქვეყნებში, როდესაც ხალხის რჩეულები არასათანადოდ იქცევიან, როგორი დამოკიდებულება აქვთ ამისადმი საზოგადოებისა და თვითონ პოლიტიკურ სუბიექტებს?

– არ მგონია, ვინმეს  ასეთი რამისადმი დადებითი დამოკიდებულება ჰქონდეს სადმე და სიმართლე გითხრათ, ევროპის ქვეყნებში ფიზიკური დაპირისპირების მაგალითები არც მახსენდება, უფრო აზიური ქვეყნებისთვისაა დამახასიათებელი ფიზიკური შეხლა-შემოხლა. თუმცა ევროპაში გვხვდება მწვავე სიტყვიერი გამოსვლები. მაგალითად, მახსენდება ევროპარლამენტში ერთ-ერთი ბრიტანელი დეპუტატის გამოსვლა, რომელმაც ევროკავშირის ამჟამიდელ პრეზიდენტს, თუ არ ვცდები, დამპალი ვირთხა უწოდა.

– დედის გინებასთან შედარებით, ეს „ჩემო ტკბილოს“ ჰგავს.

– იქ მწვავე გამოსვლები არასდროს მიდის ფიზიკურ დაპირისპირებამდე. ისიც უფრო ინტერესთა კონფლიქტის საკითხის გამო თუ მოხდება, თორემ დასავლეთში დეპუტატის ქცევის პრობლემა ნაკლებადაა.

– კანონით, პრეზიდენტს მოეთხოვება ეთიკური ქცევა?

– ცალკე პრეზიდენტისთვის ასეთი რამ არ არსებობს, მაგრამ არის საჯარო მოსამსახურის ეთიკური ნორმები. საერთოდ, არავის აქვს ზედმეტი რეგულირების სურვილი და, მათ შორის, არც დეპუტატებს. მეორე მხრივ კი, საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ეს ეთიკის კოდექსი შეიძლება, პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტად გამოიყენონ. ამას გარდა, გამოითქვა აზრი, რომ ეს ნორმები ისედაც კარგადაა დარეგულირებული და აღარ არის საჭირო ზედმეტი  რეგულირება.

– უნდათ, რომ შეუზღუდავად რჩეულები იყვნენ?

– მათი აზრით, არსებული სისტემა კარგად არეგულირებს, მაგრამ, თუ ევროკავშირთან დაახლოებაზე ვსაუბრობთ, ევროკავშირისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს „ეთიკის კოდექსს“. ევროკავშირთან დაახლოება იმასაც გულისხმობს, რომ აღიარო ის ღირებულებები და ნორმები, რომლებიც სავალდებულოა ევროკავშირში. ამდენად, თუ ქვეყანას აქვს პრეტენზია, გახდეს ევროპული ოჯახის ნაწილი, ეს კოდექსიც უნდა მიიღონ. მაგალითად, ევროპარლამენტარებისთვის აბსოლუტურად გაუგებარია, რატომ უნდა მანიპულირებდეს პულტებით დეპუტატი.

– ისინი თავიანთ ხმას დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ და, ალბათ, წარმოუდგენლად მიაჩნიათ, რატომ უნდა მიაყენო საკუთარ თავს ისეთი შეურაცხყოფა, რომ შენი პულტი სხვას მისცე?

– ჩვენთან ჯარიმებია დაწესებული სხვისი პულტის გამოყენებაზე, მაგრამ ჯარიმდება ის, ვის პულტსაც იყენებენ და არა ის, ვინც იყენებს, რასაც არანაირი შედეგი არ მოაქვს.

– ჩვენთან არის კიდევ ერთი კურიოზული რეალობა: დეპუტატების დიდი ნაწილი არ პასუხობს მობილურ ტელეფონს. შეიძლება, ხალხის რჩეული არ იღებდეს ტელეფონს?

– არსებულ ეთიკის კოდექსშიც არის, რომ პარლამენტარს ევალება ღიაობა, გამჭვირვალუბა, საჯაროობა.

– არ იციან ამ სიტყვების მნიშვნელობა?

– მათ ევალებათ ეს.

– ჩვენი რეალობის გათვალისწინებით, საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ არც ისე ახლო პერსპექტივაა, პარლამენტს სავალდებულო ეთიკის კოდექსი ჰქონდეს? 

– რეგლამენტში ცვლილებები შედის და, რადგან დეპუტატებმა გვითხრეს, შეიძლება გახდეს ეთიკის კოდექსი რეგლამენტის ნაწილიო, ის არ არის გამორიცხული, ამოქმედდეს ახალი მოწვევის პარლამენტში.

 

 

скачать dle 11.3