გიტარა და ცხელი ტაში
ანუ, „შენ დაუკარ!“
მართალია, საერთაშორისო კვლევებით, საქართველოს განათლების სისტემა მთლად სახარბიელოდაც ვერ გამოიყურება, მაგრამ, სამაგიეროდ, თავად ჩვენი განმანათლებელი მამები ბრძანდებიან ფრიად კმაყოფილნი თავიანთი ღვწა-გარჯით. ჯერჯერობით აქცენტს კვლავაც მანდატურის სამსახურის ეფექტიანობაზე აკეთებენ: არც იმას გვზარდებიან, მალიმალ შეგვახსენონ, რომ უსაფრთხო სკოლის პროგრამამ გაამართლა და სულ პროცენტ-პროცენტ ჩამოგვირაკრაკებენ ხოლმე, რამდენჯერ შემცირდა ჩხუბის, დანის ტარებისა თუ თამბაქოს ბოლების ფაქტები (ერთი ისაა სამწუხარო, რომ იმ თავდაპირველ შედეგებს არ გვიმხელენ, რასთან შედარებით გახდა უსაფრთხო ეს ჩვენი სკოლა). თუმცა, რაკი გამხდარა, ჩვენც აშუღურად მივუდგეთ საკითხს: ხილი ვჭამოთ, მებაღეს რას ვკითხულობთ?!
ვკითხულობთ თუ არა, გასულ კვირას კიდევ ერთი საგანმანათლებლო ნოვაცია შეგვატყობინეს: ამიერიდან და სამარადჟამოდ, საქართველოს საჯარო სკოლებში მუსიკისა და ქართული ცეკვის გარდა, ღვინის დაყენებასაც შეასწავლიან. როგორც პრეზიდენტი ბრძანებს, იმის დასტურად, რომ საქართველო ღვინის სამშობლოა (ისიცაა, რომ საქართველო რუსთაველის სამშობლოცაა, თუმცა, ზემოთ მოხსენიებული კვლევების მიხედვით, ამ ოცდამეერთე საუკუნეში წერა-კითხვის პრობლემა გვაქვს).
სახელდობრ, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის აზრით, ღვინის დაყენებისა და ცეკვის გაკვეთილები ისეთივე აუცილებელია, როგორც ფიზიკა-ქიმიისა. ჩემდა თავად, პირადად მე დავძენდი, რომ, თუ სკოლა მოსწავლეებს ფიზიკასა და ქიმიას ვერ ასწავლის (და, ფაქტია, რომ ვერ ასწავლის, თორემ, თვით კერძო სკოლების მოსწავლეებსაც კი ყველა საგანში რეპეტიტორი არ დასჭირდებოდათ), ცეკვა-თამაში მაინც ასწავლოს. ასეა თუ ისე, ოპონენტები ამ ინიციატივასაც გამოუჩნდნენ (ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ღვინის დაყენების დაუფლებას ვგულისხმობ), არასრულწლოვანთათვის ალკოჰოლური სასმლის მიღება აკრძალულია, ღვინო კი, თუ არ დააგემოვნე, ვერც მის დაყენებას ისწავლი.
მაგრამ, როგორც უნდა იყოს, რაკი პირველმა პირმა მოისურვა, ნომერ პირველმა განმანათლებელმა კი კვერი დაუკრა, ღვინის დაყენების გაკვეთილები ჩვენს მოსწავლეებს არ ასცდებათ. ჰოდა, რაკი არ ასცდებათ, არ შემიძლია, არ დავესესხო სიმონ ჯანაშიას: ბარემ მადლისთვის მარილიც მოეპნიათ და ერთი საპახმელიო გაკვეთილიც დაემატებინათ?!
ასე მაგალითად: „სოდის მიღების უამრავი ხერხი არსებობს. მაგალითად, ილიკო ჩიგოგიძე ენაზე იყრის და პირდაპირ ისე ყლაპავს. ილარიონ შევარდნაძე კი ერთ სუფრის კოვზ სოდას ერთ ჭიქა თბილ წყალში ურევს და სულმოუთქმელად სვამს პახმელიაზე!“