ალი-კვალი
საწვავის მემწვანილისეული ლოგიკა
ამ დალოცვილ მსოფლიოში ნავთობის ფასები, ჯერ იყო და, ურთიერთსაწინააღმდეგო მიმართულებით იცვლებოდა (ანუ, რაკი ერთგან იზრდებოდა, ხოლო მეორეგან – კლებულობდა, ბუნებრივია, ჩვენს სამშობლოში მხოლოდ იზრდებოდა), დროის უკანასკნელ მონაკვეთში კი, საერთოდაც, ერთ მიმართულებაში გადაიზარდა, ანუ კლების ტენდენცია გამოამჟღავნა. იმ მარტივი მიზეზით, რომ ახალი ამბები სწრაფად ვრცელდება, მართალია, მთლად მყისიერადაც არა, მაგრამ, ჩვენს სამშობლოშიც აღიარეს, რომ მსოფლიოში ნავთობის ფასი შემცირდა.
თავდაპირველად, ნავთობიმპორტიორთა კავშირმა დაგვაიმედა, თუკი კლების ტენდენცია დასტაბილურდა, საწვავი საქართვლეოშიც გაიაფდებაო (ეს განცხადება თავისთავად აბათილებს მითს იმის შესახებ, რომ ჩვენებური მენავთობეები „პლაცის“ ფასით მუშაობენ). მოგვიანებით კავშირის ოპტიმისტურ ნოტებს თვით ნავთობიმპორტიორებიც აჰყვნენ (ოღონდ მხოლოდ ლაპარაკში), თან, იმედი არც მათ დაუმადლებიათ: უახლოეს მომავალში საწვავი თქვენთვისაც გაიაფდებაო (ბუნებრივია, „თუც“ დაამატეს).
სამართლიანობის გამო უნდა აღინიშნოს, რომ „უახლოესი მომავალიც“ შეძლებისდაგვარად დაგვიზუსტეს: როდესაც ძვირად ნაყიდს გაყიდიან და იაფად ახალ პარტიას შეიძენენ (თუმცა, ისიცაა, რომ ამასობაში, შესაძლოა, მსოფლიო ფასი კვლავ შეიცვალოს, ანუ გაიზარდოს).
თუ გავითვალისწინებთ, რომ, მაგალითად, საქსტატის მონაცემებით, 2011 წელს ყველაზე მსხვილი საიმპორტო ჯგუფი ნავთობი და ნავთობპროდუქტები იყო (იმპორტის 13 პროცენტი შეადგინა) და იმასაც დავამატებთ, რომ ჩვენი ნავთობიმპორტიორები ბაზრობის გამყიდველებივით იქცევიან (ძვირად ნაყიდს იაფად ვერ გავყიდითო), საწვავის ფასის ადეკვატურობა იქით იყოს, მაგრამ, აშკარაა, რომ ამ ჩვენი ყველაზე მსხვილ-მსხვილი იმპორტიორების ლოგიკა მარნეულელი მემწვანილის ლოგიკის ალი-კვალია!