რის კულისებში გამოიწრთო თბილისის მერის მოადგილის მეუღლე და როგორ ცხოვრობს ის ოთხი მამაკაცის ტყვეობაში
ქართულ შოუ-ბიზნესს კიდევ ერთი ახალი სახე შეემატა, თუმცა, ალბათ, ახალი არც არის – ხუთწლიანი ტაიმ-აუტის შემდეგ ხათუნა გვენეტაძე საყვარელ საქმეს ახალი ალბომით, ცნობილ ქართველ მომღერლებთან შესრულებული დუეტებითა და დიდი გეგმებით დაუბრუნდა. თავად ამბობს, რომ შოუ-ბიზნესის კულისებს კარგად იცნობს და, ის, რაც სცენის მიღმა ხდება, საკუთარ თავზე აქვს გამოცდილი. თბილისის მერის მოადგილის, ტარიელ ხიზანეიშვილის მომხიბვლელ მეუღლეს ოფიციალურ მუსიკალურ წარდგინებამდე ჩვენ წარგიდგენთ – ის თავად მოგვიყვება, რატომ გადაწყვიტა სცენაზე დაბრუნება და ვინ არის მისი ყველაზე დიდი თანამზრახველი.
ხათუნა გვენეტაძე: სიმღერა საკმაოდ ადრეულ ასაკში დავიწყე. არ მიყვარს, როცა ამბობენ, ბავშვობიდან ვმღერიო, მაგრამ, ჩემს შემთხვევაში მართლაც ასე იყო. მონაწილეობას ვიღებდი კონკურსებში, რის შედეგადაც მოვხვდი რუსთავის ანსამბლ „გვირილებში”, პარალელურად ვსწავლობდი სამუსიკო შვიდწლედში, ფორტეპიანოს განხრით. იმ პერიოდში ჩავაბარე მეორე სამუსიკო სასწავლებელში და მოვხვდი არაჩვეულებრივ პედაგოგებთან, მათ შორის იყვნენ ნუნუ გაბუნია, სულიკო კოროშინაძე. მინდოდა კონსერვატორიაში გამეგრძელებინა სწავლა, მაგრამ, გავთხოვდი, თანაც, თბილისშიც ისე აირია ყველაფერი, რომ მუსიკისთვის აღარავის ეცალა და, ასე, თითქოს ჩამოვშორდი ჩემს საყვარელ საქმეს, თუმცა, ერთი ალბომის გამოშვებაც შევძელი და რამდენიმე დუეტის ჩაწერაც. ის რამდენიმე წელი, როცა სიმღერას ჩამოვშორდი, ყველაზე საპატიო საქმეს ვაკეთებდი – ორი შვილი გავაჩინე, თუმცაღა სიმღერაზე ფიქრი არც იმ პერიოდში შემიწყვეტია. სანამ ტაიმ-აუტს ავიღებდი, კლიპიც გადავიღე, რომელიც მუსიკალურ არხებზე ხშირად ტრიალებდა. სულ ვიცოდი, რომ დავბრუნდებოდი, ფიქრით სულ აქ ვიყავი. ხასიათი მაქვს ასეთი: რაღაცას რომ დავიწყებ, აუცილებლად ბოლომდე უნდა მივიყვანო, ასე აღმოჩნდა ახლაც.
– როგორ გგონიათ, ქართულ შოუ-ბიზნესში თქვენს ადგილს მოძებნით?
– ჩვენთან შოუ-ბიზნესი არ არსებობს, ბაზარი საკმაოდ მცირეა, მომხმარებელიც არაა ისეთი მრავალრიცხოვანი, როგორც უცხოეთში, გარკვეულწილად ეს აფერხებს მის განვითარებას. მე სულ ვფიქრობ, რომ ჩემი პრობლემა იყო ის, რომ თავად არ ვიყავი აქტიური, ოღონდ, არა იმიტომ, რომ სერიოზულად არ ვეკიდებოდი ამ საქმიანობას, არამედ, არის რაღაც, რაზეც მე არ წავალ, რასაც ვერ გავაკეთებ. ვცდილობ, ყოველთვის დავიცვა ის ჩარჩოები, რომლებიც ზოგადად არ უნდა დაარღვიოს ადამიანმა. მე არ ვაპირებ თავის დამკვიდრებას სკანდალებითა და ინტრიგებით – ეს ჩემგან შორსაა. იყო პერიოდი, როცა ზოგიერთი ჩემი კოლეგა რაღაცეების გაფუჭებასაც შეეცადა ჩემთვის, მაგრამ, ახლა ამაზე საუბარს არ დავიწყებ. ისინი ყველას მიმართ ასეთები იყვნენ. მე მებრძოლი ადამიანი ვარ და უსამართლობასთან ფარ-ხმალს არასდროს არ ვყრი, ჩემი შეშინება არაა იოლი, თუმცა, ყოველთვის ვერიდები კონფლიქტს და დაპირისპირებას. ამ სფეროს საკმაოდ მძიმე კულისები აქვს, იმის მიუხედავად, რომ აქ ბევრი ფული არ იშოვება. წარმოგიდგენია, რა მოხდებოდა, ფულიც რომ იშოვებოდეს (იცინის)?! მივხვდი, რომ უფრო მეტი აქტიურობაა საჭირო, კარზე არავინ დაგიკაკუნებს და არსად არ მიგიწვევს, თუმცა, მე სხვანაირად ვარ – ყოველთვის ვცდილობ, როცა საითმე მივდივარ, სხვაც წავიყოლო და მისთვისაც გავაკეთო კარგი საქმე. კოლეგიალობა როგორც ყველგან, ჩვენს საქმეშიც აუცილებელია. ამ სფეროს საკმაოდ ბევრ წარმომადგენელთან კარგი ურთიერთობა მაქვს, ჩავწერე დუეტები დათო არჩვაძესთან, ლაშა ღლონტთან, დათო გომართელთან, გიო ხუციშვილთან, თეატრალურის კვარტეტთან... ჩემს ახალ ალბომში 13 სიმღერაა შესული, მათგან სამი – ცოტა ადრინდელი პერიოდისაა, დანარჩენი კი ახალია. რატომღაც, ბოლო პერიოდში უფრო ქალაქურ სიმღერებს ვმღერი, თუმცა, შინაგანად ჩემთან ყველაზე ახლოს მაინც უფრო სევდიანი სიმღერებია. ამას სხვა ადამიანებიც აღნიშნავდნენ ხოლმე და მეც ხშირად ვუსვამდი ჩემს თავს ამ შეკითხვას, სიმღერა ხომ სულის ნაწილია და, ალბათ, ეს სიმღერებიც ჩემი სულიდან მოდის, თუმცა, სულაც არ ვარ სევდიანი და მოწყენილი ადამიანი, პირიქით, ძალიან ბედნიერი ადამიანი ვარ: მაქვს კარგი ოჯახი, არაჩვეულებრივი მეუღლე და სამი შვილი – მეტი რა სჭირდება ქალს ბედნიერებისთვის?!
– ალბათ, წარმატებული კარიერაც.
– ალბათ, უფრო საყვარელი საქმე. იმის მიუხედავად, რომ ოფიციალური სამსახური არ მქონია და არც უფროსი მყოლია არასდროს, არ ვფიქრობ, რომ არ ვარ რეალიზებული ადამიანი. როცა ქალს ჰყავს ქმარი, რომელიც აქტიურად არის დაკავებული თავისი საქმეებით და მას ცოლის მხარდაჭერა სჭირდება, ცოლისთვის ეს იმდენად მნიშვნელოვანი ხდება, არ მიმაჩნია, რომ ამ წლებში უმუშევარი ვიყავი (იცინის). ყველა წარმატებული მამაკაცის უკან ძლიერი ქალი დგას. ტარიელს ყველა საოჯახო საზრუნავი მოხსნილი ჰქონდა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის ოჯახში არაფერს აკეთებს, მაგრამ, მთავარი ტვირთი – შვილების აღზრდა – მაინც ჩემი საზრუნავი იყო და ყველა ნორმალურ ოჯახში ხომ ასეა. მეუღლე, სამი ბიჭი, საოჯახო საქმე – ოთხი მამაკაცის „ტყვეობაში” ყოფნა სასიამოვნოც კი არის. როდესაც ერთდროულად გიყვარს ოთხი მამაკაცი, ვერც ერთს ვერაფერს ვერ მოაკლებ და ცდილობ, რომ მათ კომფორტი ჰქონდეთ, ესეც ხომ მუშაობაა?!
– მაინც ვერ გაძელით ბოლომდე მაგ სასიამოვნო ტყვეობაში...
– არც არასდროს მიფიქრია, რომ სახლში უნდა ვმჯდარიყავი. შეიძლება, გარეთ არ ვგვიდი, მაგრამ, სახლში ხომ ვგვიდი? ვიცი, რომ არჩევნის წინაშე არასდროს დავდგები, მაგრამ, არც ახლა მოვაკლებ ჩემს მამაკაცებს ზრუნვასა და ყურადღებას, რამდენჯერმე ივენთიდან „გამოვიპარე” – პატარა შვილი ორწლინახევრის მყავს და დიდხანს ვერ დავტოვებ, ძალიან კარგი ძიძის იმედზეც კი.
– როგორ შეხვდა თქვენს დაბრუნებას სცენაზე თქვენი მეუღლე, თბილისის მერის მოადგილე?
– მშვენივრად. რაც მიცნობს, სულ ვმღერი, ასე რომ, მისთვის ეს უცხო არაა. იცის, რომ ეს ჩემი სულიერი საზრდოა, ვუყვარვარ და ხელს არ მიშლის. იმის მიუხედავად, რომ აქტიური ცხოვრება არ მქონია, მას სახლში თავწაკრული ცოლი არასდროს დახვედრია. დღე-ღამეში 3-4 საათი გვძინავს მეც და ჩემს მეუღლესაც – „ღამურებიც” ვართ და, თან, საქმეც ბევრია ჩვენ ირგვლივ. ჩვენ ოცი წელია ერთად ვართ, ცხოვრების საკმაოდ რთული გზა გავიარეთ, ვართ კარგი მეგობრებიც, ასე რომ, თანამზრახველებიც ვართ როგორც ცხოვრებაში, ასევე, ჩემს საყვარელ საქმეში (იცინის).
– თავადაც მღერის?
– არა, ტარიელი არ გამოირჩევა მუსიკალური მონაცემებით, მისი სიმღერა არც გამიგონია. მეც ვერ ვიტყვი, რომ ტარიელს ხშირად ვუმღერი და სახლში კონცერტებს ვაწყობ, თუმცა, ის ჩემი სიმღერის პირველი შემფასებელია, ობიექტური და რეალური. სანამ სიმღერა ალბომში მოხვდება, ჯერ მას ვასმენინებ, სხვათა შორის, ძალიან სწორ რჩევებს მაძლევს ხოლმე, მე ხანდახან არ ვიმჩნევ, რომ ის სწორია, მაგრამ, ჩუმად ვეთანხმები, ისე, რომ არ ვუტყდები. აქტიურად არიან ჩართული ჩემი შვილებიც. ამ ბოლო დროს უმცროსი ბიჭი ხშირად გაიძახის – დედამ ლა-ლა-ლა დაიწყოო (იცინის).
– დღეს სცენაზე დგომას საკმაოდ დიდი თანხები სჭირდება – კლიპის გადაღება, ჩაცმულობა, ალბომი... ამ ყველაფერზე თქვენი მეუღლე იზრუნებს? ისაა თქვენი მთავარი ფინანსისტი?
– რა თქმა უნდა, ეს თანხები წავა ჩვენი ოჯახური ბიუჯეტიდან, რომელშიც მთავარი ჩემი მეუღლეა. ეს სიმღერები, რაც ახალ ალბომში შევიდა, შემეძლო, ჩამეწერა ოთხ თვეში, მაგრამ ჩავწერე სამ წელიწადში. როცა გყავს სპონსორი, ყველაფერი ერთდროულად ხდება და ასე არ იწელება დროში. ჯერჯერობით ჩემი სპონსორი ჩემი მეუღლეა. იმის მიუხედავად, რომ ის ძალიან კარგი ქმარია, მის მიმართ განსაკუთრებული მოთხოვნები არ წამიყენებია – ვერ მოვთხოვდი, კლიპი დამიფინანსე, პრეზენტაცია მომიწყვე-მეთქი, ახლა კი მოუწევს ამ საზრუნავის აღება საკუთარ თავზე – იმედი მაქვს, უარს არ იტყვის დროებით ჩემს სპონსორობაზე, მერე ვნახოთ – იმედი მაქვს, რომ საკუთარი თავის დაფინანსებას ჩემი სიმღერით თავადაც შევძლებ (იცინის).