როდის უნდა მივცეთ ძაღლს ნაკლებად ცხიმიანი საჭმელი და რას უნდა მოვარიდოთ ის ტყეში სეირნობისას
ზაქრო ბაჯიაშვილი: ამ პერიოდში მინდორში ან ტყეში სეირნობისას, დიდი შანსია, ძაღლს უკბინონ ტკიპებმა, რომლებიც ითვლებიან ისეთი საშიში დაავადების გადამტანებად, როგორიცაა, მაგალითად, პიროპლაზმოზი.
– როგორ დავიცვათ ამისგან ცხოველი?
– პროფილაქტიკისთვის საჭიროა გამოვიყენოთ ანტიპარაზიტული საშუალებები, მაგალითად, ანტიპარაზიტული სპრეი, წვეთები და საყელოები. თუ შევნიშნავთ ძაღლზე ტკიპას, აუცილებლად უნდა მივმართოთ ვეტერინარს.
– ვეტერინარები ხშირად ამბობენ, რომ წელიწადის ეს დრო, ანუ, როცა ტემპერატურა იმატებს, ძაღლის პატრონისგან განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას მოითხოვს. ამასთან დაკავშირებით რას გვეტყვით?
– წელიწადის ამ დროს, სასურველია, ლეკვები და ახალგაზრდა ძაღლები, რაც შეიძლება მეტხანს ვამყოფოთ სუფთა ჰაერზე; თუ გვაქვს საშუალება, ვასეირნოთ ტყეში ან სანაპიროზე. გაითვალისწინეთ, რომ ტყეში სეირნობისას ყურადღება უნდა მიაქციოთ იმას, რომ ძაღლმა ეკლებზე არ დაიზიანოს კანის საფარველი, განსაკუთრებით კი თვალების მიდამოები. კარგია, თუ ძაღლს ხშირად ვაბანავებთ გამდინარე წყალში – ესეც ძალიან სასარგებლოა მისი ჯანმრთელობისთვის. ტემპერატურის სხვაობა მატონიზებლად მოქმედებს მის ორგანიზმზე და აკაჟებს მას, ხოლო ცურვა ავითარებს კუნთოვან და გულ-სისხლძარღვთა სისტემას. რა თქმა უნდა, წყალი არ უნდა იყოს ძალიან ცივი და პირველმა ჩასვლამ ძაღლი არ უნდა შეაშინოს, რადგან ეს ცხოველში წყლის მიმართ შიშს დანერგავს.
– აცრებთან დაკავშირებით რას გვირჩევთ? არის რაიმე კონკრეტული ვაქცინა, რაც აუცილებლად უნდა გავუკეთოთ ძაღლს?
– დიახ, ასეთი რამ ნამდვილად არსებობს. აუცილებელია ცხოველი აცრილი იყოს ლეპტოსპირზე, რადგან ამ მეტად საშიში დაავადებით დასნებოვნება სწორედ ტბებსა და მდინარეებში ბანაობის დროს შეიძლება მოხდეს. თუ თქვენ გაქვთ სურვილი, ძაღლი გამდინარე წყალში გააგრილოთ, მაშინ მისთვის ამ აცრის გაკეთებაც არ უნდა დაგავიწყდეთ.
– ალბათ, ამ ყველაფერთან ერთად, გასათვალისწინებელია კვების რაციონიც და მის შემადგენლობაში ცვლილებების შეტანაც საჭირო გახდება. ამასთან დაკავშირებით რა რეკომენდაციას გაუწევთ ძაღლის პატრონებს?
– გეთანხმებით, გაზაფხული-ზაფხულის გარდამავალი პერიოდი კვების მხრივაც არ უნდა დავტოვოთ უყურადღებოდ, რადგან ეს საკითხი ცხოველის ჯანმრთელობისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია. მართალია, ამ პერიოდისთვის დიდი ყურადღება უნდა მიექცეს კვებას, მაგრამ, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ საკვების სიახლეს, რადგან, თუ ის სათანადოდ არ არის შენახული, სიცხეში ადვილად ფუჭებადია. ამ პერიოდისთვის, სასურველია, ცხოველს მივცეთ ნაკლებად ცხიმიანი საკვები. არც იმან შეგაშინოთ, თუ თქვენი ძაღლი ჭამას მოუკლებს, რადგან, ზოგიერთი ძაღლისთვის ეს ნორმალურია.
– მართალია, ჯერ მხოლოდ მაისია, მაგრამ, წელიწადის ამ დროს ხშირია ქარიანი ამინდები. რას უნდა მივაქციოთ ამ დროს ყურადღება?
– ქარის დროს ძაღლი არ არის დაზღვეული კონიუნქტივიტისგან, რაც განპირობებულია მტვრის მოხვედრით თვალის ლორწოვან გარსზე. ძაღლს ამ დროს თვალი დახუჭული აქვს, აღენიშნება ცრემლდენა და უსივდება ქუთუთოები.
– როგორ გავუწიოთ მას მსგავს შემთხვევაში პირველადი დახმარება?
– ამ დროს ცხოველს თვალი ჩაის ნაყენით უნდა გაუწმინდოთ და შემდეგ უკვე მიიყვანოთ ვეტერინართან, რომელიც დაუნიშნავს მას თვალის წვეთებს.
– კიდევ რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?
– ამ პერიოდში, ასევე ყურადღება უნდა მიექცეს ჭრილობების მოვლას, იქნება ეს ოპერაციული თუ შემთხვევითი, რადგან, ადვილად ვითარდება ჭრილობის ინფექციები. ამ დროს ძალიან საშიშია პარაზიტული ბუზები, რომლებიც ჭრილობაში დებენ მატლების კვერცხებს.
ასე რომ, თუ ამ ყველაფერს გაითვალისწინებთ ძაღლს სათანადოდ მოუვლით, ის ნაკლებად იქნება საფრთხის წინაშე.