კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მე – დაქირავებული მკვლელი

უშიშროების პოლკოვნიკის ჩანაწერების მიხედვით

 

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ ¹29-18(592) 

 

ერთხელ შჩუკინმა დამიბარა და მკითხა:

– რას უკეთებენ „კაგებეს“ იმ თანამშრომელს, ვინც ენას კბილს ვერ აჭერს?

– ენას გლეჯენ, – მივუგე გენერალს, მან კი ორკასეტიანი მაგნიტოფონი ჩართო და მითხრა:

– მოუსმინე!

ნახევარსაათიანი აუდიოჩანაწერი სრული ანტისაბჭოური სულისკვეთებით იყო გამსჭვალული. ლაპარაკობდა ბოხხმიანი მამაკაცი, რომელიც მსმენელს საბჭოთა კავშირის დამხობისკენ მოუწოდებდა, „კაგებეს“ თანამშრომლებს კი, უწყების დატოვებასა და თავისუფალი სამყაროს სამსახურში ჩადგომას ურჩევდა.

– მაგარი ბოდვაა. ეს კაცი, ალბათ, გიჟია, – ვთქვი მე, რადგან მაშინ გულწრფელად მჯეროდა, რომ ანტისაბჭოელთა უმრავლესობა შიზოფრენიკი იყო.

– არც მთლად მასეა საქმე, – მომიგო შჩუკინმა, – ეს სუბიექტი ჩვენი უწყების მაიორი იყო და ხუთი თვის წინ გაიქცა ჯერ თურქეთში, შემდეგ კი ამერიკაში. ჩვენთან ის პროპაგანდისტულ ბლოკებზე მუშაობდა და დღემდე მის მიერ შედგენილი პროგრამით მუშაობს საბჭოთა პრესა და ტელევიზია. ამერიკაშიც იგივე ფუნქცია დააკისრეს, ამიტომ, ჩვენთვის ის ორმაგად საშიშია, რადგან ყველა ჩვენს პროპაგანდისტულ ტექნოლოგიას ფლობს და, ხომ ხედავ, რა „რეჩი“ დაარტყა? რაც შენ ახლა მოისმინე, „ამერიკის ხმის“ წუხანდელი გადაცემიდან გადმოვიწერეთ, მათ კი გავრცელების ფართო დიაპაზონი აქვთ და, სოციალისტური ევროპის გარდა, მთელ საბჭოთა კავშირშიც ისმენენ, მათ შორის ჩვენი კოლეგებიც.

შჩუკინის სიტყვებმა მისი წინამორბედი ტიმოფეი საველიჩ ზორინი გამახსენა, რომელიც უშუალოდ კურირებდა ჩემს მომზადებას ბალაშიხაში, სადაც ჩვენ თვეების განმავლობაში ერთ კოტეჯში ვცხოვრობდით და ყველა მოწინავე, მტრულ ტელეარხსა და რადიოგადაცემას ვუყურებდით და ვუსმენდით. იმ პერიოდში, ესესელი პოლკოვნიკის, კურტ შტაინერის შესაპყრობად მწვრთნიდნენ და სწორედ მაშინ დავუახლოვდი ზორინს, რომელიც რამდენიმე თვეში გარდაიცვალა.

– მე არ ვუსმენ. თუმცა, ბალაშიხაში რომ მამზადებდნენ, გენერალ ზორინთან ერთად ვუყურებდი და ვისმენდი უამრავ ანტისაბჭოთა სისაძაგლეს. ასე ვთქვათ, „როლში” რომ შევსულიყავი და კაპიტალისტური სამყაროს ნაძირალა ახალგაზრდას რომ დავმსგავსებოდი, – ვუთხარი შჩუკინს.

– ტიმოფეი საველიჩი დიდებული ადამიანი და ნამდვილი პატრიოტი, თავისი საქმის უბადლო მცოდნე იყო, – მომიგო შჩუკინმა და ძველ თემას დაუბრუნდა: – ერთი სიტყვით, ეს მოღალატე, მოლაყბე სუბიექტი სამაგალითოდ უნდა დაისაჯოს. მოკვლა არ გვინდა. მას ისეთი რამ უნდა გავუკეთოთ, რომ ფუნქცია დაკარგოს და, თან, იტანჯოს.

– კონკრეტულად? – ვკითხე შჩუკინს.

– ენა უნდა ამოვგლიჯოთ, რომ ვერ ილაყბოს, ხელები უნდა მოვკვეთოთ, რომ ვერ წეროს. ცალი თვალი უნდა ამოვთხაროთ, რომ მხოლოდ საკუთარი უბედურება დაინახოს და ორივე ყური უნდა შევუნარჩუნოთ, რათა კარგად მოისმინოს, თუ რისთვის ეწვია ასეთი უბედურება. გარდა ამისა, ინვალიდის ეტლში უნდა ჩაჯდეს, რომ იმით ტკბობის უნარიც არ ჰქონდეს, რაც უენოებს, უხელოებსა და ცალთვალებს შეუძლიათ.

შჩუკინის ენით „კაგებე“ მეტყველებდა, რომელიც არავის არაფერს პატიობდა. ამ უწყებაში შექმნილი სისტემა მოითხოვდა ასეთ შურისძიებას.

ობიექტს ნიუ-იორკში, ერთ-ერთი ფეშენებელური სახლის ოცდამეთხუთმეტე სართულზე მივაგენი, თავის ბინაში. მას ზუსტად ის მანიპულაციები ჩავუტარე, რაც შჩუკინმა მოითხოვა. ამ დავალების ბოლო აკორდი იყო ობიექტის ხერხემალში წვეტიანი ფოლადის ისრის ჩარჭობა, რამაც ის წელს ქვემოთ მოწყვიტა და დააინვალიდა... დავალება შესრულებული იყო, ობიექტი – განეიტრალებული და ყოველმხრივ განიარაღებული. მას საკუთარი ხელით თვითმკვლელობაც კი არ შეეძლო და აღარც ცოცხლებში ეწერა, აღარც მკვდრებში...

ჩემ მიერ ზემოთაღწერილი მეთოდი ერთ-ერთი უსაშინლესი იყო „კაგებეს“ შურისძიებათა არსენალში და საკმაოდ ქმედითუნარიანიც. ყოველი ასეთი შურისძიება ფართოდ რეკლამირდებოდა და დეტალურად ვრცელდებოდა, პირველ ყოვლისა, „კაგებეშნიკებსა“ და პარტიულ ფუნქციონერებს შორის, რათა მათ ღალატი და ანტისაბჭოური პროპაგანდა აზრადაც არ გაევლოთ თავში...

– იცით, ბატონო ვარლამ, რამდენი ჭირ-ვარამი და ხიფათი გამოვიარე, სანამ აბსოლუტურ უსაფრთხოებას ვეღირსებოდი? – მითხრა ერთმა ქართველმა, საბჭოთა ემიგრანტმა, რომელიც საბჭოთა ქიმიური წარმოების უთვალსაჩინოესი წარმომადგენელი იყო. თუმცა, ამერიკაში გაიქცა, უახლესი ტექნოლოგიები გაიტაცა და მილიარდობით მანეთით აზარალა სახელმწიფო.

ჩემი მასპინძელი ნიცაში, კარგად დაცულ ვილაში ცხოვრობდა, რომელიც მას ამერიკელებმა უყიდეს. მე კი მასთან ემიგრანტი ქართველების შვილის სტატუსით ვიყავი მისული, რომელსაც გენიალური ქიმიკოსის გაცნობა პირადად უნდოდა და მასთან მხოლოდ საგულდაგულო შემოწმების შემდეგ შემიშვეს.

– არ ვიცი, ბატონო, – მივუგე მასპინძელს და გავუღიმე. მას კი ქართულად ლაპარაკი სწყუროდა და მითხრა:

– საბჭოთა ჯოჯოხეთს რომ დავაღწიე თავი და ჩემ მიერ შემუშავებული ქიმიური ტექნოლოგიები ამერიკელებს მივყიდე, „კაგებემ“ ჩემზე ტოტალური ნადირობა გამოაცხადა. ერთხელ ავტოავარიით სცადეს ჩემი მოკვლა, მაგრამ, გადავრჩი; მეორედ მესროლეს და დავიჭერი, მაგრამ, კვლავ გადავრჩი. მას მერე ამერიკელებმა ჩემი უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს და ასეთი საგულდაგულო შემოწმება იმიტომ მოგიწყვეს, ჩემო მეგობარო, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.

– რას ბრძანებთ, ასეთი ზომები უფრო ადრე უნდა მიგეღოთ, – მივუგე მასპინძელს, – თქვენს ადგილზე მეც ზუსტად ასე მოვიქცეოდი და იმ ჯოჯოხეთს გამოვექცეოდი. თუმცა, საქართველოში არასოდეს ვყოფილვარ.

საქართველოს ხსენებაზე ჩემს მასპინძელს სახე ეცვალა, ნაღვლიანად შემომხედა და მითხრა:

– საქართველო სამოთხეა, შვილო, ის ღმერთების სამყოფელია. ჯოჯოხეთი კი ის ყოფა იყო, რომელშიც მე ვიმყოფებოდი. მე საქართველოს კი არ გამოვექეცი, არამედ, ჯოჯოხეთს. დაიმახსოვრე, რომ ყოველთვის შენს ფესვებს უნდა დაუბრუნდე, მით უმეტეს, თუკი ეს ფესვები სამოთხეში მდებარეობს...

როგორც მიხვდით, ჩემი მასპინძელი ობიექტი იყო, მე კი – შემსრულებელი. მე მორიგ დავალებას ვასრულებდი. მისი სიტყვები კი საქართველოს სამოთხეზე და ასე შემდეგ, მისი ნაბოდვარი მეგონა და, საბჭოთა კავშირს ჯოჯოხეთს რომ უწოდებდა, ეს უფრო მიძლიერებდა მისი ლიკვიდაციის ჟინს. მასთან ორიოდე საათი დავყავი და ბოლოს მაგრად ჩამოვართვი ხელი, გამოვემშვიდობე და წამოვედი. ის კი უკვე განწირული იყო, რადგან ორგანიზმში შეუქცევადად მოქმედი ტოქსინი შეუვიდა და ეს მე გავაკეთე, როდესაც მას მაგრად ჩამოვართვი ხელი. ანუ, მე ხელისგულში მქონდა გაკეთებული ნემსი, რომლის საშუალებითაც იქ ეს ძლიერმოქმედი ტოქსინი შემიყვანეს. ეს შხამი, ორგანიზმში ოცდაოთხი საათის მერე იხსნებოდა და იწყებოდა შეუქცევადი პროცესი, თუკი მანამდე გასანეიტრალებელ ნემსს არ გაგიკეთებდნენ. ტოქსინი კი უბრალო ხელის ჩამორთმევისას, ოფლის მეშვეობით გადადიოდა ობიექტზე... ის ქიმიკოსი 36 საათის შემდეგ ინსულტით გარდაიცვალა და ასე იძია მასზე შური „კაგებემ“. სხვათა შორის, ეს ტოქსინი სწორედ იმ კაცის შექმნილი იყო და ავტორი თავისივე გამოგონების მსხვერპლი გახდა.

გასანეიტრალებელი ნემსი მანამდე გამიკეთეს, სანამ იმ ტოქსინს შემიყვანდნენ ორგანიზმში. ამიტომ, მე უვნებლად გადავრჩი. რამდენიმე საათში უკვე მოსკოვში ჩავფრინდი, ლუბიანკაზე მივედი და შჩუკინს ანგარიში ჩავაბარე. მან ყურადღებითი მომისმინა, შემაქო და მითხრა:

– ხომ არ გაგჭირვებია თანამემამულის ლიკვიდაცია? რაც არ უნდა იყოს, ორივე ქართველები ხართ.

– მე სამშობლოს მოღალატე გავანადგურე, – მივუგე გენერალს და სინდისის ქენჯნის ნატამალიც არ მქონდა, რადგან მაშინ მართლა ასე ვფიქრობდი და მხოლოდ წლების მერე დავფიქრდი ნიცაში შესრულებულ საქმეზე.

მრავალი წლის შემდეგ მე და მერი მონაკოში ვიმყოფებოდით დასასვენებლად. საბჭოთა კავშირი ახალი დაშლილი იყო. მართალია, მოზრდილი შვილები გვყავდა, მაგრამ ჯერ კიდევ ახალგაზრდები ვიყავით, ერთმანეთი ძალიან გვიყვარდა და ორკვირიანი რომანტიკული დასვენება მოვიწყვეთ.

ჩვენ ფეშენებელურ სასტუმროში ვცხოვრობდით, საიდანაც ზღაპრული ხედი იშლებოდა. ერთ დღეს მერიკო ერთ მომხიბვლელ ქალთან ერთად მოვიდა კაფეში, სადაც ჩვენ ყავას ვსვამდით ხოლმე და მითხრა:

– გაიცანი, კოკი, ეს თამარია, ჩვენი თანამემამულე.

თამარს ხელზე ვეამბორე, სკამზე დაჯდომა შევთავაზე და ერთი ბოთლი შამპანური შევუკვეთე, რაც მონაკოშიც კი იშვიათობაა. როდესაც ბოკლები შევავსე, თამარს ვუთხარი:

– ჩვენს გაცნობას გაუმარჯოს!

მიუხედავად იმისა, რომ თამარი საფრანგეთში იყო გაზრდილი, ის უზადოდ ლაპარაკობდა ქართულად და, ჩემდა გასაკვირად, ქართულ ტრადიციებსაც კარგად იცნობდა.

– გაუმარჯოს! – მომიგო თამარმა, ბოკალი მომიჭახუნა და სასმელი მოსვა.

ახალგაცნობილი ქალის საქციელმა და გათვითცნობიერებულობამ ისე გამაოცა, რომ ვუთხარი:

– თქვენ, ალბათ, ხშირად დადიხართ სამშობლოში და იქ დიდი ხნის განმავლობაში რჩებით.

– სამწუხაროდ, არა, – თავი გააქნია თამარმა და ნაღვლიანად გამიღიმა, – მართალია, მე იქ დავიბადე, მაგრამ ძალიან პატარა ვიყავი, როდესაც იქიდან გამოვემგზავრეთ – იმ წელს სკოლაში უნდა შევსულიყავი. მას მერე ერთხელაც არ ჩავსულვარ სამშობლოში.

– აბა, ასე კარგად საიდან იცი ქართული ენა და ტრადიციები? – გაუკვირდა მერიკოს, – შენი შემხედვარე ადამიანი ვერ იფიქრებს, რომ საქართველოში არ ცხოვრობ.

– ყველაფერი მამას დამსახურებაა, – თქვა თამარმა, – საქართველოს ის სამოთხეს ეძახდა და იქ დაბრუნებაზე ოცნებობდა, თუმცა, ვერ ეღირსა – მოულოდნელად, ინსულტით გარდაიცვალა.

თამარის სიტყვებზე ელდა მეცა და მივხვდი, ვისი შვილი იჯდა ჩემ წინ. ნებისყოფა უკიდურესად დავძაბე, არ შევიმჩნიე, გავუღიმე და ვუთხარი:

– სამწუხაროა, მაგრამ, რას ვიზამთ. ყველანი სიკვდილის შვილები ვართ.

– სიკვდილიცაა და სიკვდილიც, – ნაღვლიანად თქვა თამარმა, – იცით, მამაჩემზე „კაგებე“ ნადირობდა, ორჯერ თავდასხმაც კი მოუწყვეს, მაგრამ, გადარჩა. აი, მესამედ კი მაინც მოიხელთეს.

– ეგ როგორ, ხომ თქვით, ინსულტით გარდაიცვალაო? – ჰკითხა მერიმ.

– კი, ოფიციალური დიაგნოზი ინსულტი იყო, მაგრამ, მე მაინც მკვლელობა მგონია, – გაიმეორა თამარმა.

– რატომ გგონია? – ჰკითხა მერიმ.

– მეც, როგორც მამა, ქიმიკოსი ვარ, თან, ექსპერტი-კრიმინალისტი, ამ სფეროში ვმოღვაწეობ და გარკვეული გამოცდილება და ცოდნა მაქვს. თან, სულ მამას უკანასკნელი საათები მიდგას თვალწინ. ყველაფერს ვწონი, ვიაზრებ, ვაანალიზებ და, იმ დასკვნამდე მივდივარ, რომ ის მოგზავნილმა მკვლელმა მოკლა.

– ასე რატომ ფიქრობთ? – ვკითხე თამარს, გუნებაში კი გავიფიქრე, რომ წარსულის ცოდვებმა თავის შეხსენება დაიწყეს.

 – იცით, მამა, ცოტა არ იყოს, ცრუმორწმუნე იყო და, ხშირად ამბობდა, რომ მას თავისივე პირმშოს ხელით ეწვეოდა სიკვდილი, – თქვა თამარმა, – თუმცა კი ვერ აკონკრეტებდა, თუ რას ნიშნავდა მისი ეს სიტყვები. მას ჯერ კიდევ მოსკოვში ცხოვრებისას ერთმა ბოშა ქალმა უმკითხავა ხელისგულზე და უთხრა, შენი პირმშო მოგიღებსო ბოლოს.

„ბოშის წინასწარმეტყველება ახდა“, – გავიფიქრე გუნებაში, რადგან, ვიცოდი, რომ ტოქსინი, რომლითაც მე ქიმიკოსი მოვწამლე, თავისივე შექმნილი გამოგონილი იყო და პირმშოში სწორედ ის იგულისხმებოდა. მერიმ თამარს ჰკითხა:

– მამათქვენს ეგონა, რომ მას შვილი მოკლავდა?

– მე ერთადერთი შვილი ვიყავი და როდესაც ის ამ თემაზე დაიწყებდა ხოლმე ლაპარაკს, ვეუბნებოდი:

– მამა, ნუთუ შენ ფიქრობ, რომ მე შენ მოგკლავ-მეთქი? – ის კი მუხლებზე დამისვამდა, მომიალერსებდა და მომიგებდა: – არა, შვილო, ეგ რაღაც სხვა რამეა, თუმცა, რა, ჯერჯერობით ვერ ვხვდებიო.

– მაშინ მე, უბრალოდ, ვფიქრობდი, რომ მამა შეშინებული იყო და  ყველაფერს აზვიადებდა. მაგრამ, ერთხელ გვკითხა:

– ნუ გგონიათ, რომ ვამეტებ. იმ ბოშამ მაშინ ისიც მითხრა, ორჯერ შეეცდებიან შენს მოკვლას, მაგრამ ცოცხალი გადარჩები და შენი პირმშო მოგიღებს ბოლოსო.

მამა რომ გარდაიცვალა, მაშინ საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ ის ყველაფერს აზვიადებდა, რადგან, სად ინსულტით სიკვდილი და სად – პირმშოს ხელით.

– მართლაც, – მხრები აიჩეჩა მერიმ, – ეს ორი რადიკალურად განსხვავებული რამაა და, ალბათ, ცხონებული მამათქვენი მართლაც აჭარბებდა.

– მეც ასე მეგონა წლების განმავლობაში, მაგრამ, ამ ცოტა ხნის წინ ერთი მკვლელის დაკითხვას ვესწრებოდი და მან აღიარა, რომ „მიზანი“ ხელის ჩამორთმევით მოკლა, რომელსაც ოფლის მეშვეობით ის ტოქსინი გადასდო, რომელიც, სამწუხაროდ, მამაჩემის შექმნილია, ანუ, მისი პირმშოა და, ჩემი აზრით, მამაჩემიც ამგვარად მოკლეს. მით უმეტეს, რომ წინა დღეს მასთან ვიღაც ახალგაზრდა, ქართველი ეროვნების მამაკაცი იყო სტუმრად.

თამარის სიტყვები უდიდეს დისკომფორტს მიქმნიდა და შორს გაქცევა მინდოდა, მაგრამ, თავი შევიკავე, ძვირფასი შამპანური ბოლომდე გამოვცალე ქალებთან ერთად და მხოლოდ სამიოდე საათის შემდეგ დავშორდით თამარს, რომელიც მერიკომ საქართველოში დაპატიჟა.

სასტუმროში რომ დავბრუნდით, მერიკომ მითხრა:

– რა პატარაა ეს სამყარო, კაცი კაცს სად და როდის შეხვდება, არავინ იცის.

– ეგ რა შუაშია? – ვკითხე მერის.

– მე და თამარი ერთ ბაღში დავდიოდით, ზეიმზეც ერთად გამოვედით და მამამისის მიერ ნაჩუქარი თოჯინა დღემდე ჩემი მშობლების სახლში ინახება.

– ეგ საიდანღა გაიგე?

– მე და თამარი შემთხვევით ტანსაცმლის მაღაზიაში შევხვდით ერთმანეთს. ამ დროს შენთვის მაისურს ვყიდულობდი და ქართულად ჩავილაპარაკე რაღაც. მან კი ყური მოჰკრა. ერთმანეთს გამოვეცნაურეთ, ვილაპარაკეთ და ერთმანეთის ვინაობაც მაშინ დავადგინეთ.

– რა საინტერესოა, – ვთქვი მე.

– მართლა მაგარია, ხომ? – მითხრა მერიმ, – საქართველოში რომ ჩამოვა ჩვენთან სტუმრად, ზღაპრული დრო უნდა გავატარებინოთ. შენზე უკეთ ვინ უჩვენებს მას თავის სამშობლოს. ტყუილად ხომ არ ხარ გიდი? თანაც, კიდევ ერთი მიზანი მამოძრავებს.

– რა მიზანი?

– რა და, თამარს ულამაზესი ქალიშვილი ჰყოლია და, მინდა, ჩვენს უმცროს ვაჟს გავაცნო, – მომიგო მერიმ.

არც თამარი ჩამოსულა ჩვენთან სტუმრად და არც მისი ქალიშვილია ჩემი რძალი, თუმცა, მამამისზე ხშირად ვფიქრობ ხოლმე და გული მწყდება, რომ მისი ლიკვიდაცია მაინცდამაინც ჩემი ხელით მოხდა.

– იცოდე, კოკი, რომ სინანული და გულისწყვეტა ჩვენი პროფესიის მტერია და არც ერთი შესრულებული საქმის გამო არასდროს არ იდარდო, – მასწავლიდნენ „კაგებეს“ ინსტრუქტორები, – სინანული და მონანიება ბოლოს, უფლის სამსჯავროზე, თუმცა, არსებობს კი ეს სამსჯავრო?!

მაშინ, ჩემი ინსტრუქტორების მსგავსად, არც მე მჯეროდა არც ღმერთის და არც მისი სამსჯავროსი. თუმცა, დღესდღეობით საპირისპიროს ვფიქრობ და დარწმუნებული ვარ, რომ ღმერთის წინაშე ყველანი წარვდგებით და ყველა ვაგებთ პასუხს ჩვენი ცოდვების გამო. მით უმეტეს, მე, რადგან, კაცის მკვლელი ვარ, თანაც, რამდენიმე ღვთისმსახური მყავს მოკლული. მართალია, ეს საქმეები ჯერ კიდევ „კაგებეში“ მუშაობისას შევასრულე და ისინი სხვა რელიგიის წარმომადგენლები იყვნენ, მაგრამ, მაინც ღმერთს ემსახურებოდნენ და მათი სისხლი ჩემს კისერზეა.

ჯერ არც ავღანეთის ომი იყო დაწყებული და არც ირანში იყო მომხდარი გადატრიალება, როდესაც საბჭოთა დაზვერვამ ცნობილი მუსლიმანი სულიერი ლიდერი, ომარ იბნ აბუ-სალიას ლიკვიდაცია გადაწყვიტა. ის კომუნიზმის აშკარა მოწინააღმდეგე იყო, საბჭოთა კავშირი ძალიან სძულდა და დიდი გავლენა ჰქონდა მთელ რიგ მუსლიმანურ ქვეყნებზე, რომელთა ლიდერებსაც საბჭოთა კავშირთან ურთიერთობის შეწყვეტისკენ მოუწოდებდა.

აბუ-სალია ასკეტი პიროვნება იყო. არანაირი კერძო ქონება არ გააჩნდა და ის ავღანეთში, დედაქალაქ ქაბულის გარეუბანში, ერთ-ერთი მეჩეთის გვერდით, პატარა მიწურში ცხოვრობდა. ოფიციალური დაცვა მას არ ჰყავდა, მაგრამ, მისი სახლის გარშემო უამრავი მისი მიმდევარი იყრიდა თავს, რომლებიც დღე და ღამე იქ იყვნენ და მას სდარაჯობდნენ.

ერთ დღეს შჩუკინმა თავისთან მიხმო, აბუ-სალიას მიწურთან გადაღებული კადრები და ფერადი სლაიდები მიჩვენა და მითხრა:

– აი, ამ კაცის ლიკვიდაცია უნდა განახორციელოთ.

იმ პერიოდში შჩუკინთან ჯერ არ მქონდა ახლო ურთიერთობა და არც შენობით მომმართავდა. მე პაუზა გავაკეთე და გენერალს ვკითხე:

– ამხანაგო გენერალო, კადრების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ეს კაცი დიდი მხარდაჭერით სარგებლობს ხალხში, თანაც, როგორც ჩანს, ისინი დღე და ღამე მას სდარაჯობენ. მართალია, მუსლიმები ფანატიზმით გამოირჩევიან, მაგრამ ეს ფანატიზმზე მეტია და, მათი ლიდერის ლიკვიდაცია უფრო მეტ ზიანს ხომ არ მოგვიტანს, ვიდრე სარგებელს?

– რატომ ფიქრობთ ასე?

მე საფუძვლიანად მქონდა შესწავლილი ისლამი, მისი ისტორია და ამ თემაზე უამრავი სპეციალისტის წიგნი მქონდა წაკითხული. ეს ყველაფერი ვუთხარი შჩუკინს და დავამატე:

– ამხანაგო გენერალო, აბუ-სალიას მიმდევრები აუცილებლად შემკვეთის ძებნას დაიწყებენ და თუ გაიგეს, რომ ეს ჩვენი ქვეყნის ნამოქმედარია, მაშინ საბჭოთა კავშირს მსხვილი ტერაქტები დაემუქრება.

– როგორ ფიქრობთ, იქ, სადაც ეს გადაწყვეტილება მიიღეს, თქვენზე სულელები სხედან? – მკითხა კოპებშეკრულმა შჩუკინმა, – ან, იქნებ, საკუთარ ტყავს უფრთხილდებით და გეშინიათ?

– არ მეშინია, – მოკლედ მივუგე შჩუკინს.

– მაშინ, მოემზადეთ დავალების შესასრულებლად, დანარჩენ ინსტრუქციებს კი გენერალ მუხინისგან მიიღებთ.

– არის! – გამოვეჯგიმე შჩუკინს და შევტრიალდი, რომ კაბინეტიდან გავსულიყავი, მან კი ღიმილით მითხრა:

– საით? მუხინი თვითონვე მოვა.

მუხინი მალევე მოვიდა, შჩუკინის თანდასწრებით დაწვრილებითი ინსტრუქციები მომცა და ბოლოს მითხრა:

– აბუ-სალია ტერორისტია და არა რელიგიური ლიდერი და მან სიკვდილი დაიმსახურა. ამას კი იმიტომ გეუბნები, რომ ვიცი, ისლამს კარგად იცნობ და, არ მინდა, მეგონოს, რომ წმიდა კაცს კლავ. მართალია, მას არც ვინმე მოუკლავს საკუთარი ხელით და, ერთი შეხედვით, ასკეტია, მაგრამ მისი ფანატიკური ქადაგებები მილიონებს უწამლავს სულსა და გონებას და მისი თავიდან მოშორება წმიდათაწმიდა საქმეა...

ბევრი რომ არ გავაგრძელო, აბუ-სალია ჩემი ხელებით გავგუდე მისსავე მიწურში, როდესაც მასთან თაყვანისსაცემად შევედი. ასკეტის ბოლო სიტყვები ჩემ მიმართ წარმოთქმული წყევლა იყო. იქიდან კი ძალიან სწრაფად წამოვედი, რადგან მოკლულ სულიერ ლიდერს მალევე აღმოაჩენდნენ, ძებნას დამიწყებდნენ და, იმაზე ფიქრიც კი არ მინდოდა, რას მიზამდნენ, ფანატიკოს მუსლიმანებს რომ ჩავეგდე ხელში.

იმავე დღეს მოვშორდი იქაურობას და პაკისტანიდან ინდოეთში გადავედი, იქიდან კი მოსკოვში დავბრუნდი. თუმცა, პაკისტანში ტელევიზიით ჩემ მიერ მოკლული სულიერი ლიდერის დაკრძალვას ვუყურე: მას ათეულ ათასობით ადამიანი აცილებდა და წმიდა წამებულად აღიარებდა.

ეს მკვლელობა, საბოლოო ჯამში, თავიდან აიცილა საბჭოთა კავშირმა და, „კაგებეს“ ძალისხმევით, სხვა ქვეყანას დაბრალდა, სადაც აბუ-სალიას ფანატიკოსმა მიმდევრებმა ჯოჯოხეთი დაატრიალეს – ტერაქტების სერია ჩაატარეს და უამრავი ადამიანი გამოასალმეს სიცოცხლეს.

ამ ამბიდან ცოტა ხნის შემდეგ, შჩუკინმა ისევ თავისთან დამიბარა და მორიგი დავალება მომცა. ამჯერადაც მუსლიმი ლიდერის ლიკვიდაცია უნდა განმეხორციელებინა, ოღონდ, უკვე სნაიპერული გასროლით და ყველაფერი ეს უზარმაზარ მოედანზე, ათეულ ათასობით ადამიანის თვალწინ უნდა მომეხდინა, საიდანაც, თავის დაღწევა, ფაქტობრივად, შეუძლებელი იყო.

იმ მომენტში მეგონა, რომ საბჭოთა კავშირის მორიგ მტერს ვიშორებდი თავიდან. მხოლოდ მოგვიანებით შევიტყვე, რომ მე „კაგებეს“ კარგად დაგეგმილ მრავალსვლიან ოპერაციაში ვიღებდი მონაწილეობას, რომლის მიზანიც ერთი ლიდერის მეორით, ანუ, „კაგებეს“ კაცით შეცვლა იყო.

მეორე საქმემაც წარმატებით ჩაიარა: ჯერ ზუსტი სნაიპერული გასროლა განვახორციელე ერთ-ერთი მეჩეთის კოშკიდან, შემდეგ კი სასწრაფოდ დავეშვი ქვევით და, სანამ ჩემი ძებნა დაიწყებოდა, ათასობით მუსლიმან მილიციელს შევერიე და მათთან ერთად დავიწყე სულიერი ლიდერის მკვლელის ძებნა...

– ყოჩაღ, კოკი! – შემაქო შჩუკინმა, როდესაც მოსკოვში დავბრუნდი და კაბინეტში ვეახელი, – შენ ორი ისეთი საქმე შეასრულე, რომელსაც სამშობლო არასოდეს დაგივიწყებს!

წლების  შემდეგ, როდესაც შჩუკინთან ახლო ურთიერთობები ჩამომიყალიბდა, ჩვენი ერთ-ერთი შეხვედრის დროს მას ტელევიზორი ჰქონდა ჩართული და საინფორმაციო პროგრამა „ვრემიას“ ვუყურებდით. უცებ ვიქტორ იაკოვლევიჩმა მითხრა:

– აი, ეს მუსლიმი ლიდერი თუ გეცნობა?

– ეგ ხომ მას შემდეგ აირჩიეს ლიდერად, მე რომ მისი წინამორბედი მოვკალი „სნაიპერკით“?

– და, რატომ მოკალი, თუ იცი?

– მტერი იყო და, ალბათ, იმიტომ.

– არავითარი მტერი. ის, არც მტერი იყო და არც მოყვარე. ჩვენ მაშინ, უბრალოდ, შეცვლის ოპერაცია განვახორციელეთ და მის ადგილზე ჩვენი აგენტი მოვიყვანეთ.

– ეს ფანატიკოსი იმამი ჩვენი აგენტია?

– აბა, შენ რა გეგონა? – თვალი ჩამიკრა გენერალმა.

ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ, აგენტი სულიერი ლიდერის ლიკვიდაციაც მე დამავალეს და შემასრულებინეს, რადგან, ის კაცი, დროთა განმავლობაში, გამოვიდა „კაგებეს“ მორჩილებიდან და მოსკოვის დირექტივებს აღარ ასრულებდა. მაშინ მას კომპრომეტაციით დაემუქრნენ და მისი აგენტობის დამადასტურებელი ფაქტების გავრცელებას დაჰპირდნენ.

– ამით მე ვერაფერს დამაკლებთ, – შემოუთვალა იმამმა და მართალიც აღმოჩნდა, რადგან მისმა ასეულ ათასობით მიმდევარმა ეს ყველაფერი მტრების მონაჩმახად მონათლა და მისი ავტორიტეტი უფრო განმტკიცდა და ამაღლდა.

– ხედავ, როგორ მოგვატყუა?! – ბრაზობდა შჩუკინი, როდესაც კაბინეტში ვეახელი, – მისი ლიკვიდაცია ადვილი არ არის, მაგრამ, შენი პროფესიონალიზმის იმედი მაქვს. მას თავში აუვარდა პოპულარობა და ძალაუფლება, ამიტომ, უნდა გავანადგუროთ.

ობიექტი რადიკალურად განსხვავდებოდა ჩემ მიერ ლიკვიდირებული მისი კოლეგისგან. „კაგებეს“ კაცი არც ღრმად მორწმუნე იყო, არც ასკეტი და, ისეთ სასახლეში ცხოვრობდა, რომელიც ფადიშაჰებსაც კი არ დაესიზმრებოდა. მას ულამაზესი ქალებისგან შემდგარი ჰარამხანა ჰქონდა და ირგვლივ კბილებამდე შეიარაღებული მცველთა მთელი არმია ერტყა. ის ალკოჰოლსაც სვამდა, ნარკოტიკებსაც იღებდა და ღორის ხორცსაც მიირთმევდა ფარულად... ერთი სიტყვით, ძალიან გახრწნილ ადამიანთან მქონდა საქმე.

 

გაგრძელება შემდეგ ნომერში

 

 

скачать dle 11.3