კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

გაჩერებული მთვარე

 

შერვინის ტბიდან ჰოლივუდი ჩანდა. დელბროკი, სხვებისგან განსხვავებით, ტბაზე მოცურავე სახლში ამჯობინებდა ცხოვრებას. იქ ყველაფერი ჰქონდა, რაც მარტოხელა, ორმოცი წლის მექალთანე კაცს შეეფერებოდა. ხშირად აწყობდა თავის „მოცურავე ვილაში“  ხმაურიან ორგიებს. მაგრამ, ამ საღამოს ტბაზე უჩვეულო სიმშვიდე იყო. ილუმინატორებზეც სქელი, მუქი ფარდები ჩამოეფარებინათ.

– ეი, ჯოშ! – დაიძახა კევინ სტიმპტონმა და გემბანზე ფეხი შედგა. არავინ გამოეხმაურა.

– ჯოშ, არ მიყვარს სულელური ხუმრობა! რისთვის დამიბარე? გამოჩნდი! – კევინმა ხელის ცეცებით მიაგნო კიბეს. უცებ მის თავს ზემოთ ჩრდილი აღიმართა. რაღაც სტვენისმაგვარი ხმაც გაისმა და... კერძო დეტექტივმა ვერ მოასწრო, თავი აერიდებინა ბეისბოლის ჯოხისთვის. მთვარე ნელ-ნელა ჩაიკარგა წყვდიადში. თვალი რომ გაახილა, მთვარე თვალებში უყურებდა. მკლავი და თავი ერთნაირად სტკიოდა. ეტყობა, უგონოდ ხუთი-ათი წუთი ვიყავი, მეტი არაო, გაიფიქრა კევინმა და თავზე წამომდგარ გიგანტს მიაშტერდა.

– მადლობა ღმერთს, თვალები გაახილე, – ჩაიბურტყუნა დელბროკმა, – ბოდიში უნდა მოგიხადო, დაქირავებული მკვლელი მეგონე. შენ დათქმულ დროზე თხუთმეტი წუთით ადრე მოხვედი. პოლ მანდერჰეინს, კინოსტუდია „პარამეტრის“ დირექტორს, ჩემი მოკვლა უნდა. იმიტომაც გთხოვე, მოსულიყავი.

– რატომ? ცუდი სცენარი მიჰყიდე? – გახუმრება სცადა კევინმა.

– რას ამბობ, სცენარი რა შუაშია... ერთი ნაშის გამო ვიჩხუბეთ... დამწყები მსახიობი თვითონ ჩამიგორდა ლოგინში. რა ვიცოდი, მანდერჰეინის გოგო თუ იყო.

– რას ბოდავ? მანდერჰეინს ვიღაც ნაშას გამო შენი მოკვლა უნდა? ამას ვერ დავიჯერებ, არც ისეთი სულელია.

– შენ ასე ფიქრობ, არადა, დამემუქრა... წახვალ? დაელაპარაკები? კევინ, გააკეთებ ამას ჩემთვის?

– გავაკეთებ, მაგრამ, არა შენთვის, არამედ, იმ ორი ათასი დოლარის გამო, რომელსაც დამპირდი. გათენდება თუ არა, მაშინვე წავიდეთ. ცოტა ვისკი დამისხი, თავი მიბრუის...

– კარგი. ვისკი არც მე მაწყენს, მაგრამ, მანდერჰეინთან მე ვერ წამოვალ, აქ დაგელოდები...

მანდერჰეინი „ტაუერ პალასის“ ძვირად ღირებულ აპარტამენტებში ცხოვრობდა. კერძო დეტექტივს შენობასთან მიახლოება გაუჭირდა, რადგან იქაურობა პოლიციისა და პრესის ავტომობილებით იყო გადაჭედილი. ლიფტიორს კერძო დეტექტივის მოწმობა აჩვენა და იმანაც მაშინვე მეთექვსმეტე სართულზე აიყვანა, სადაც მანდერჰეინის ბინა იყო. კევინს ცოტა გაუკვირდა, რომ ლიფტიორმა არ ჰკითხა, ვისთან მიდიოდა. ლიფტიდან გამოსულმა დეტექტივმა ორი პოლიციელი დაინახა, რომლებიც შავთმიან ლამაზმანს, სანდრა შეინს ელაპარაკებოდნენ. მესამე პოლიციელმა კევინს გზა გადაუღობა.

– რა ხდება აქ? მე მანდერჰეინთან მივდივარ, საქმიანი შეხვედრა მაქვს.

– მაშინ, დაგაგვიანდათ, მანდერჰეინი მკვდარია – 38-კალიბრიანი ტყვია შუბლში! ახლა კი წადით აქედან, გამოძიებას ხელს ნუ უშლით! მოსამსახურემ, რომელიც ამ შენობის ქვედა სართულზე ცხოვრობს, მისი გვამი დილით აღმოაჩინა და პოლიციაში დარეკა.

– როდის მოხდა მკვლელობა?

– დაახლოებით ღამის თორმეტსა და პირველ საათს შორის.

– მე ვერაფერში დაგეხმარებით?

ლეიტენანტმა დონალდსანმა მხრები აიჩეჩა.

– კარგი რა, კევინ, აქ კერძო დეტექტივების ადგილი არ არის, მით უმეტეს, რომ ეჭვმიტანილი გვყავს.

– ვინ?

– სანდრა შეინმა გაიგონა გასროლის ხმა ღამის პირველის ნახევარზე. ის ქვემოთა სართულზე ცხოვრობს. გამოვიდა და დაინახა, როგორ ჩარბოდა კიბეზე ზორბა, მელოტი ტიპი. მან იცნო ის – ჯოშუა დელბროკი.

– ჯოშუა დელბროკი? – აღმოხდა კერძო დეტექტივს, – შეუძლებელია! წუხელ მთელი ღამე ჯოშუასთან გავატარე. რაღაც ინციდენტიც შემემთხვა. მან გამომგზავნა მანდერჰეინთან სალაპარაკოდ. სანდრას რაღაც ეშლება. მკვლელი დელბროკი ვერ იქნება, მას ალიბი აქვს. შეიძლება, სანდრას გავესაუბრო?

ლეიტენანტმა უცნაურად შეხედა დეტექტივს:

– შენ რა, ადვოკატად გადაკვალიფიცირდი? გეუბნები, სანდრა დარწმუნებულია, რომ კიბეზე დელბროკი ნახა.

სანდრა სულაც არ ჩანდა არც დაბნეული და არც შეშინებული.

– დიახ, დელბროკი იყო. საკმაოდ კარგად ვიცნობ, სხვაში არ ამერევა.

კევინი ჩაფიქრდა:

– შენც იწექი მასთან?

ქალმა  დამცინავად შეხედა:

– მაგას რა მნიშვნელობა აქვს?

– იქნებ, გაბრაზებული ხარ, რომ მიგატოვა და სპეციალურად იტყუები? მე მთელი ღამე დელბროკთან ერთად გავატარე და ვიცი, რომ თავისი სახლიდან ფეხიც არ გამოუდგმას.

– მართლა? გილოცავთ! – დასცინა სანდრამ და შებრუნდა. ამით მიახვედრა, შენთან ლაპარაკის გაგრძელების სურვილი აღარ მაქვსო. კევინ სტიმპტონი ჯოშუა დელბროკთან გაემართა.

– მანდერჰეინი მკვდარია?! ღმერთო, ეს როდის მოხდა?

– წუხელ მოუკლავთ. პოლიცია ფიქრობს, რომ ეს შენ გააკეთე...

– მე? ჰო, მაგრამ, მე ხომ...

– ვიცი, ვიცი... შენ ჩემთან ერთად იყავი ტბაზე. მაგრამ, სანდრა ამტკიცებს, რომ დაგინახა, კიბეზე როგორ ჩადიოდი; გასროლის ხმაც გაიგონა.

– სანდრა შეინი? ძუკნა! კევინ, შენ ხომ დარწმუნებული ხარ, რომ აქედან ფეხი არ გამიდგამს?

– ჰო. მაქსიმუმ, ათი წუთი ვიყავი უგონოდ. თვალი რომ გავახილე, მთვარე ისევ მარცხენა მხარეს იყო, ოდნავ ზევით, – ფიქრიანად ჩაილაპარაკა დეტექტივმა, – მოკლედ, პოლიცია აუცილებლად დაგიწყებს ძებნას. აქაც მოვლენ, სადმე უნდა დაიმალო.

– „პარამეტრის“ ძველ პავილიონში, – თქვა დელბროკმა, – შენ კი, იქნებ, პოლიციელები დაარწმუნო, რომ მე არ ვყოფილვარ.

– ვნახოთ. თუ რამე სიახლე იქნება, იქ მოგაკითხავ...

კევინი ისევ სანდრასთან მივიდა.

– ახლა რაღა გინდათ? – შეუბღვირა ქალმა.

– მომისმინე, თუ მკვლელი მართლაც დელბროკია და მე მისი ალიბი ვერ დავამტკიცე, ის შენი, როგორც მოწმის თავიდან მოშორებას შეეცდება. იფიქრე ამაზე.

სანდრამ ტუჩი მოიკვნიტა.

– გულახდილად, რომ გითხრათ, კარგად არც ვიცი. ერთხელ მანდერჰეინის საპროექტო სტუდიაში შევედი და რაღაც ძველი, მუნჯური ფილმის ახალ ვიდეორგოლს ატრიალებდა. დელბროკიც იქ იყო. მგონი, ახმოვანებდნენ. ეკრანზე დაეწერა „პოლ მანდერჰეინი წარმოგიდგენთ... დიალოგები და კომენტარები ჯოშუა დელბროკისა“. მეტი ვერაფერი დავინახე. მანდერჰეინმა ხმამაღლა დამიყვირა და იქიდან გამაგდო. დელბროკიც აჰყვა, მაგრამ, მერე ერთმანეთს აუყვირდნენ. მე წამოვედი...

– გმადლობ, სანდრა, ძალიან დამეხმარე... – კევინ სტიმპტონმა ქექვა დაიწყო... 

ლეიტენანტს გვიან საღამოს დაურეკა:

– ეი, შენ, მომისმინე! მკვლელის დაჭერა თუ გინდა, შენი ლომები წამოიყვანე და კინოსტუდიის მიტოვებულ პავილიონებთან მოდი. ჰო, იმ პავილიონებთან, ერთი თვის წინ მანდერჰეინმა რომ შეიძინა. რომელი რკინის ალიბი? მაგაზეც იქ დაგელაპარაკები...

დელბროკი მოტყუვდა. მას არ შეეძლო, წარმოედგინა, რომ ხელბორკილს ის კაცი დაადებდა, რომლის სახითაც მან თავისი „რკინის ალიბი“ უზრუნველყო.

– გაგიჟდი, სტიმპტონ?! – წამოიძახა განცვიფრებულმა.

– დელბროკ, შენ დაპატიმრებული ხარ! – სტუდიაში ლეიტენანტი დონალდსონიც გამოჩნდა თავის ბიჭებთან ერთად, – შენ გაქვს დუმილის უფლება. ბრალი გედება მანდერჰეინის მკვლელობაში!

– დანარჩენს მე გეტყვი, – განაგრძო დეტექტივმა, როცა დარწმუნდა, რომ დელბროკი საიმედოდ იყო შებორკილი, – შენი ალიბი მე უნდა ვყოფილიყავი და მთვარეც დაიხმარე ამ საქმეში. მანდერჰეინი კი ნამდვილად შენ მოკალი. მკვლელობის მოტივსაც გეტყვი: მიტოვებულ სტუდიაში შენ შემთხვევით ძველი ფილმების საცავი აღმოაჩინე – უზარმაზარი განძი, რომელიც მილიონებს მოგიტანდა. მანდერჰეინი დაარწმუნე, ეს სტუდია ეყიდა და ფილმების გახმოვანება და მათი ახალ ფირებზე გადაწერა დაიწყეთ. ფული, რა თქმა უნდა, მანდერჰეინმა ჩადო. მერე შენ ამ ყველაფრის მითვისება გადაწყვიტე, მაგრამ, სანამ მკვლელობაზე წახვიდოდი, ალიბი გჭირდებოდა. ამიტომ, მოიგონე, რომ მანდერჰეინი მოკვლით გემუქრებოდა და დასახმარებლად გამომიძახე. როცა მოვედი, გამთიშე და საქმეზე წახვედი...

– რა სისულელეა! სულ რაღაც ათი წუთი იყავი გათიშული... რანაირად მოვასწრებდი? – დაიბღავლა დელბროკმა.

– თავიდან მეც მეგონა, რომ ათი წუთი ვიყავი უგონოდ. მთვარემ შემიყვანა შეცდომაში... შენ მე ნემსი გამიკეთე – მკლავი იმიტომაც მტკიოდა, მე კი ვიფიქრე, დაცემისას ვიტკინე-მეთქი. მერე კი ისე დამაწვინე, გონზე მოსვლისას მთვარე ისევ ჩემგან მარცხენა მხარეს ყოფილიყო. შემდეგ – ვისკი, შენიღბული ილუმინატორები და... ვერც კი მივხვდი, როგორ და როდის ირიჟრაჟა. ქალი არ უნდა გადაიმტერო, დელბროკ... შენ მასაც მოკლავდი, ხომ ასეა?!

თარგმნა

ნინო წულუკიძემ

 

скачать dle 11.3