ხაფანგში
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹6-18(592)
...თუ სიყვარული ზოგჯერ მაინც ხაფანგია, ეს ის შემთხვევა უნდა იყოს, როცა ამ ხაფანგში მოხვედრაზე უარს არ იტყოდი. შეიძლება იმიტომ, რომ ნებაყოფლობით აღიარება ტყვედ ყოფნისა არცთუ სასიამოვნოა. როგორ გინდა, გამოტყდე, რომ საკუთარი ნებით, ყოველგვარი წინააღმდეგობის გაწევის გარეშე გაები?! კაცი, მით უმეტეს, მოკვდება და ამას არ იტყვის. როგორ გეკადრებათ! ისინი საკუთარი ნებით კი არ გაებნენ, არამედ, – გააბეს... თუმცა, განა საბოლოო შედეგისთვის ამას აქვს მნიშვნელობა?! – არავითარი!..
***
ქეთი გაუნძრევლად იდგა... გაფითრებული და შეცბუნებული. ასათიანის სიტყვებში თითქოს არაფერი იყო შემაშფოთებელი, მაგრამ, ეს მხოლოდ ერთი შეხედვით. გოგო სულელი არ იყო. ინტუიციაც თავისას შვრებოდა და, გრძნობდა, რომ მის ცხოვრებაში რაღაც რადიკალურად იცვლებოდა.
– ქეთი, რა ხდება? აიღე ტელეფონი და მოემზადე შეხვედრისთვის. ერთ საათში ვახო მოვა და გავალთ.
– დიახ, მესმის, ბატონო დიმიტრი, – როგორც იქნა, ხმა ამოიღო გოგომ, თუმცა, ყუთისკენ არც გაუხედავს. მით უმეტეს, მისი აღება არ უცდია. ხელში შერჩენილი საბანკო ბარათიც თითქოს თითებს უწვავდა.
– თუ ასეთი აუცილებელი იყო, მე თვითონ ვიყიდდი მობილურ ტელეფონს.
ასათიანი შეიჭმუხნა:
– ისევ თავიდან იწყებ? ეს თემა ამოვწურეთ და დავხურეთ. მხოლოდ საქმეზე ვილაპარაკოთ. მე არ მიყვარს სენტიმენტები, მით უფრო, უაზრო და, ვფიქრობ, შენც საქმიანი ადამიანი ხარ. მე არასდროს ვარიგებ საჩუქრებს ხელაღებით, მით უმეტეს, თანამშრომლებისთვის. არც თოვლის ბაბუის იმიჯი მხიბლავს. არ მინდა ვიფიქრო, რომ შენში შევცდი.
– გავიგე... – ქეთიმ თავი დაუქნია.
– მაშინ, ყველაფერი წესრიგში ყოფილა. დაგირეკავ, როცა წასვლის დრო იქნება, შენი ნომერი უკვე მაქვს, – ასათიანმა ბოლო სიტყვები ისეთი საქმიანი იერით თქვა, რომ გოგო ცოტა დამშვიდდა, ოდნავ გაიღიმა და კაბინეტიდან გავიდა.
***
ქეთის ოთახში შესვლამ გაცხოველებული და საყოველთაო ჩურჩული გამოიწვია და რამდენიმე წუთის წინ დროებით „გადადებული“ თემა ხელახლა, ახალი სიმწვავით განახლდა. ცვლილება ისეთი თვალშისაცემი იყო, რომ ოფისის ყველაზე „ნეიტრალურ” თანამშრომლებსაც კი გაუჩნდათ მზერაში ცნობისმოყვარეობის ნაპერწკალი. მაგდამაც სწრაფად დატოვა „დისლოკაციის“ ადგილი და ნინისთან მიირბინა.
– გეუბნებით, შოკში ვარ... – ამბობდა ნინი, – გეუბნებით, რაღაც ხდება. უკვე თეთრი ძაფით არის ნაკერი და, რამდენიც არ უნდა ამტკიცოს, შეფს არ ვეპრანჭებიო, არ დავიჯერებ.
– ჰმ, მარტო ეგ რომ ეპრანჭებოდეს... – მრავალმნიშვნელოვნად ჩაიცინა მარიკომ, ხელჩანთიდან ძვირფასი სუნამოს ახალგახსნილი ფლაკონი ამოიღო და საკუთარი უპირატესობის გამომეტყველებით იპკურა.
– მარიკო, გეყოფა! უკვე სუნთქვა მეკვრის შენი სუნამოს სურნელისგან, ნამეტანი მოგივიდა, – შეწუხდა მაგდა.
– ჰოლშია სუფთა ჰაერი და იქ დაჯექი, აქ რას მორბიხარ ყურებდაგრძელებული? – ცხვირი აიბზუა მარიკომ, – როგორ შეიძლება, ამ სუნამომ სუნთქვა შეგიკრას, მაგრამ, არ ხარ შეჩვეული და რა გიყო!
– რას ვიზამ?! – მოჩვენებითი გულგრილობით აიჩეჩა მხრები მაგდამ, – მე არ მყავს ისეთი თაყვანისმცემელი, ძვირფასი თაიგულებითა და სუნამოებით გამანებივროს. ასეთი კი არა, საერთოდაც არ მყავს.
– მერე, ეგ ჩემი პრობლემა რატომ არის, შურიანო? – შეუბღვირა მარიკომ, – იაქტიურე. მაგალითი მაინც არ გქონდეს წინ. უყურე და ისწავლე!
– სწავლა არც შენ გაწყენდა, – ვალში არ დარჩა მაგდა და პირველად დაუბრუნა „ხურდა“ მარიკოს, – მით უმეტეს, ზოგიერთი თაყვანისმცემელი ისეთი გყავს, არავინ იცის, მაგ შენს სუნამოს ბოლოს რისი სუნი აუვა.
მარიკო მაშინვე ვერ მიხვდა მაგდას სიტყვების აზრს, ვერც მათი სიმწვავე განსაზღვრა, მაგრამ, როცა კარგად გააანალიზა ნათქვამი, ჯერ გაფითრდა, მერე კი ჭარხალივით გაწითლდა.
– შენ რამდენი შხამი გქონია, გოგო... – გამოსცრა ბოროტი ჩურჩულით და თვალები ფართოდ გაახილა, – საიდან? გშურს რამე? დაიბოღმე? ჩემი ბრალია, კაცი რომ ზედ არ გიყურებს? უშომაც კი არაფრად ჩაგაგდო. მაგ ერთი ბიჭის შებმაც ვერ მოახერხე და მე ვარ დამნაშავე?
ახლა მაგდას გაფითრების ჯერი დადგა.
– მარიკო... – აღმოხდა და თვალები ცრემლით გაევსო. მხსნელად ნინი მოევლინა.
– თემას ნუ ავცდებით, ერთმანეთს ნუ დავერევით და ნუ ვიჩხუბებთ. უშოს ამბავი ნამდვილად სიურპრიზია ჩემთვის, რამე იყო? ვითომ? უშოს ხომ არაფერი უთქვამს?
– გეხვეწები, მაგას ნუ უსმენ, – ანერვიულდა მაგდა, – თვითონაც არ იცის, რას ამბობს და ნერვებს მიშლის.
– რატომ გეშლება ნერვები? – დადარაჯებულივით თქვა მარიკომ, – იმიტომ, რომ სიმართლეა. პრობლემა, იცი რა არის? შენგან განსხვავებით, მე არ მრცხვენია და არ ვმალავ, როცა მამაკაცით ვარ დაინტერესებული.
– ნუ დამალავ, მაგრამ, ვახოს ცოლი რომ მოგივარდება და თმაში გწვდება, მე მთხოვ შველას, – მაგდას საბოლოოდ უმტყუნა ნერვებმა. ნინი იძულებული გახდა, უფრო აქტიურად ჩართულიყო საქმეში.
– გეყოფათ. რა უბედურებაა! თქვენზე უფრო სერიოზული საქმე მაქვს. მაცადეთ განცვიფრება. შეხედეთ, როგორი ცვლილებაა! საინტერესოა, თვითონ შეარჩია ეს კოსტიუმი თუ კონსულტანტი ჰყავდა?
– თუ ასე გაინტერესებს, მიდი და შეეკითხე, – მარიკო ჯერ ისევ მაგდას უბღვერდა, – ან, რა კოსტიუმი აცვია ამისთანა, რომ გადაირიე?! ნაცრისფერი თაგუნია ნაცრისფერ თაგუნიად დარჩა, იმ განსხვავებით, რომ ბაზრობის ძონძები მაღაზიისამ შეცვალა.
– შენც შეამჩნიე, ხომ? რასაც ვფიქრობ, ის არის? არ მეშლება ხომ?
– ის არის, ის!.. – გამოაჯავრა მარიკომ, – მახინჯი იხვის ჭუჭულიდან ნელ-ნელა მშვენიერი გედი იბადება – სასწაულის მოწმენი ვხდებით.
– ასე ნუ იყურებით, სირცხვილია, – უხერხულობა იგრძნო მაგდამ.
– უნდა შეეჩვიოს. რადგან ასათიანის მოხიბვლა გადაწყვიტა, თანაც, ასეთი „სინაგლით“, პირდაპირ ჩვენ ცხვირწინ, მაშინ, იმისი სითამამეც უნდა ეყოს, რომ ჩვენს რეაქციებს გაუძლოს.
– უნდა დაველაპარაკო, – გადაწყვიტა ნინიმ, – რა ვქნა, მომკლა ცნობისმოყვარეობამ, მეტი აღარ შემიძლია...
– არ გაბედო! – თვალები დაუბრიალა მარიკომ.
– ვითომ რატომ? – აღშფოთდა ნინი.
– იმიტომ! – მოუჭრა მარიკომ.
– ნუ მიბრძანებ! – ნინიმ ჯიუტად გააქნია თავი და ქეთისკენ გაემართა.
მარიკომ რაღაც ჩაიბურტყუნა, თავის მაგიდას მიუჯდა და, დემონსტრაციულად, აქაოდა, თქვენ საერთოდ არ მაინტერესებთო, მონიტორს მიაჩერდა.
ქეთიმ თავი ასწია... ოთახში შესულს ჩურჩულიც ესმოდა და თანამშრომლების სახეების გამომეტყველებიდანაც მიხვდა, თავად რომ იყო მათი ინტერესის „ეპიცენტრი“, მაგრამ, მაქსიმალურად ეცადა და თითქმის მოახერხა, საკუთარ ნაჭუჭში შემალვა. თუმცა, ნინის მეგობრულმა ღიმილმა მაინც დააბნია.
– კარგად გამოიყურები, მომეწონა.
ქეთიმ უნდობლად შეხედა.
– მართლა, – თავი დაუქნია ნინიმ და ისევ მეგობრულად გაუღიმა, – შედარება არ არის. მაინტერესებს, სად იყიდე ეს ყველაფერი... მე ასეთი მკაცრი სტილის მომხრე არ ვარ, თუმცა, შენ რაღაცნაირად მოგიხდა.
ქეთიმ მაღაზია დაუსახელა. ნინიმ მოწონებით დააქნია თავი:
– ესე იგი, არ შევმცდარვარ. მომისმინე, ხომ არ დაგაწინაურეს? იმასთან იყავი, ხომ? – ზევით გაფშიკა საჩვენებელი თითი ნინიმ, – რაღაც ხშირად გიბარებს თავისთან. ეს ცუდის ნიშანია თუ კარგის?
ქეთიმ უმწეოდ მიმოიხედა და ერთბაშად აღმოაჩინა, რომ საყოველთაო ყურადღების ცენტრში იყო. მის პასუხს მარტო ნინი კი არა, მთელი ოთახი ელოდა. ქეთის ვერ გადაეწყვიტა, რა ეთქვა. ასათიანს არაფერი უთქვამს იმის შესახებ, ჰქონდა თუ არა თავისი ახალი საქმიანობის შესახებ ინფორმაციიის საჯაროდ გამოცხადების უფლება. მხსნელად ნათია მოევლინა, რომელიც ოთახში მყოფებს თავისი კაბინეტიდან ადევნებდა თვალს და, მოთმინებადაკარგული, მეხად დაატყდა თავს ჭორიკნებს.
– რა ამბავია აქ, რა ხდება?! სულ აუშვით და აღარაფრად მაგდებთ? ახლავე თქვენს საქმეს მიხედეთ და მორჩეს აქ ეს თათბირ-განხილვები გაუგებარ და აბსტრაქტულ თემებზე.
– სხვათა შორის, შესვენების საათი უკვე დაიწყო და, იმედია, სასაუბრო თემების თქვენთან შეთანხმებას არ მოგვთხოვთ, – გამომწვევი, აგრესიული ტონით წარმოთქვა მარიკომ. ნათიამ საათს შეხედა:
– ის დრო, რომელიც ლაქლაქში გაატარეთ, რაში გიანგარიშოთ?
– რაშიც გინდა, – ტონი არ შეცვალა მარიკომ. ნათიამ უკმაყოფილოდ გააქნია თავი და შეიჭმუხნა. მარიკო ამანაც ვერ შეაჩერა:
– ძალიან გთხოვთ, ნუ გვაშინებთ. რასაც გნებავთ, იმას გამოაკელით, არ არის პრობლემა.
– მარიკო, უზრდელებს ვერ ვიტან. ნუ მაიძულებ, ეს საკითხი ასათიანთან განვიხილო.
– ქალბატონო ნათია, თქვენ ფიქრობთ, რომ ჩემი მორჯულება შეგიძლიათ, თუკი დამაშანტაჟებთ და ასათიანს ეტყვით, რომ აქედან გამიშვას? ძალიან ცდებით. დღესვე დავწერ განცხადებას და წავალ.
ნინიმ შეუმჩნევლად დაქაჩა მეგობარს სახელოზე. ნათიამ ამოიოხრა:
– მოკლედ, არ ვიცი, მართლა არ ვიცი, როგორ მოგიდგეთ. თქვენთან არაფერი არ ჭრის. შენს გაგდებას ნამდვილად არ ვაპირებ, არც ასათიანთან ჩივილი იქნება გამოსავალი, მაგრამ, რომ იმუშაოთ, ხანდახან მაინც, ძნელი იქნება?! მოეშვით ამ გოგოს, რით ვერ შეეჩვიეთ მის აქ ყოფნას? სხვა არაფერი გაინტერესებთ?
– როგორ არ გვაინტერესებს? მაგალითად, თანამედროვე მოდის ტენდენციები... – სიცილით თქვა ნინიმ.
ნათიამ ხელი ჩაიქნია.
– ესეც ასე, – ხელები მოიფშვნიტა ნინიმ, როცა ნათია გავიდა, – ძლივს არ შეგვეშვა?
– მართალია ეგ ქალი. თქვენი არ ვიცი, მაგრამ, მე წავედი, საქმეს უნდა მივხედო, – თქვა მაგდამ. მარიკომ წარბი ასწია:
– მიდი, მიდი, იპახავე, იქნებ დაგიფასონ, თუმცა, პირადად მე მეეჭვება. მაგრამ შენ შეგიძლია გქონდეს იმედი!
– მეც საქმე მაქვს, გოგოებო. არ გეწყინოთ. მერე ვისაუბროთ, კარგი? – ქეთიმ უხერხულად გაიღიმა და კომპიუტერს მიუჯდა.
***
ვახომ ხელები მოიფშვნიტა, მანქანის წინა სავარძელზე ასათიანის გვერდით მოიკალათა და მაშინვე დაიწყო ლაპარაკი:
– მოკლედ, მე კმაყოფილი ვარ. ყველაფერმა კარგად ჩაიარა. გენიოსი ხარ, გენიოსი! კარგი იდეა იყო მოლაპარაკებებზე თარჯიმანთან ერთად მისვლა. როგორ გამოვიჭირეთ?!
დიმამ სიჩქარეს მოუმატა და პასუხად მხოლოდ გაიღიმა.
– მძღოლიც არ იქნებოდა ცუდი... ამაზე არ გიფიქრია? აიყვანე ვინმე უპატრონო, პირდაპირ ქუჩიდან... ჩააცვი, დაახურე, დაბანე, დავარცხნე – ამ ბოლო დროს ეს შენი ჰობი გახდა. კარგადაც გამოგდის.
– ახლა, რა გინდა, ნერვები უნდა მომიშალო? რატომ ვერ ისვენებ? რატომ ერევი ჩემს ცხოვრებაში, მით უმეტეს, რომ რეალობა შენი ილუზიებისგან შორს არის?
– მართლა?! იცი, რას გეტყვი? ყველას თავისი რეალობა აქვს, ჩემო კარგო. გგონია, ვერ მივხვდი, შენი დამსახურება რომ არის მაგ გოგოს ტრანსფორმაცია? შენ თვითონ წაიყვანე მაღაზიებში თუ სტილისტი აუყვანე?!
– ვახო, მოკეტე. კარგ გუნებაზე ვარ და, თუ გითმენ, მხოლოდ ამიტომ.
– ნუ მომითმენ, თუ გინდა! მითმენს, თურმე... დიმა, დათვურ სამსახურს უწევ მაგ გოგოს და, დამიჯერე, რასაც გელაპარაკები. წარმოიდგინე მაინც მისი მდგომარეობა? შენ ფიქრობ, მთელი ოფისი არ ჭორაობს მაგაზე?
– გეყოფა-მეთქი! და, საერთოდ, საკუთარი ხასიათიდან გამომდინარე ნუ მსჯელობ.
– ჩემი ხასიათი არაფერ შუაშია, – ვახომ სიგარეტს მოუკიდა.
– სწორედ რომ შუაშია. შენ თვითონ ხარ ჭორიკანა და ყველაფერში ცუდს ხედავ. არანაირ მაღაზიაში არ წამიყვანია და არც მისი სტილის შეცვლაზე მიზრუნია.
– ჰმ, კარგი რა! ვინმე სხვა მოატყუე. მაგალითად, შენი თანამშრომლები, თორემ, მე არ ვტყუვდები, – ჩაიცინა ვახომ და სიგარეტის კვამლი გამომწვევად გამოუშვა ნესტოებიდან.
– ახლა მანქანას გავაჩერებ და გადახვალ. უკვე ვნანობ, ჩემი მანქანით წამოსვლა რომ შემოგთავაზე.
– მოიცა, ნუ ავარდები... – ვახომ მხარზე დაადო ხელი გაცხარებულ მეგობარს, მაგრამ ასათიანი ამან ვერ დაამშვიდა. პირიქით, უარესად გაბრაზდა და მანქანა მკვეთრად დაამუხრუჭა. ვახომ თავი ვეღარ შეიკავა და შუბლით მიასკდა წინა საქარე მინას.
– ეე, შენ რა, გაგიჟდი?! რას აკეთებ, უნდა დამამტვრიო?
– ჩადი, სანამ მართლა დაგამტვრევდე თავ-პირს! – გამოსცრა ასათიანმა.
– მერე, სახლში რით წავიდე, ფეხით?
– აი, ეგ ყველაზე ნაკლებად მადარდებს. ტაქსითაც კარგად წახვალ, საკმარისად გიხდი, რომ ჯიბეში ტაქსის ფული გედოს. ჩქარა გადადი!
– ნუ გადაირიე! რას ნიშნავს საკმარისად გიხდი და ტაქსით წავიდე? გუშინ გავიცანით ერთმანეთი? ამ ყველაფერს იმიტომ გელაპარაკები, რომ გული შემტკივა შენზე. სულერთი რომ იყოს, ფეხებზე დაგიკიდებდი.
– დიდი მადლობა, ჩემზე რომ ზრუნავ, დაგიფასებ ამაგს. ახლა გადაბრძანდი...
– ნუ სულელობ, არსადაც არ გადავალ და არ გინდა ეგ ირონია! რამდენჯერ დაგხმარებივარ და მომიგვარებია პრობლემები, ქალებთან რომ შეგქმნია? სხვათა შორის, ჩემი დამსახურებაა, აქამდე ქალაქში შენზე ერთი სერიოზული ჭორიც რომ არ აგორებულა.
– ჰოდა, ხომ გითხარი, ამაგს დაგიფასებ-მეთქი. ახლა კი გადადი, სანამ მართლა გადავირიე. მთელი საღამო ჩამაშხამე, არადა, მართლა კმაყოფილი ვიყავი, იმ ხალხთან შეთანხმებას რომ მივაღწიე. ეს პროექტი მაგარ მოგებას მოგვიტანს, მაგრამ, შენ მოახერხე და ყველაფერი გააფუჭე. იმის მაგივრად, რომ პროექტზე მელაპარაკო, ჭკუას მასწავლი და აბსურდულ ბრალდებებს მიყენებ.
– მე გიყენებ ბრალდებებს? პირიქით. არ მინდა, ხელის ერთი მოსმით გაანადგურო ის, რაც შექმენი – შენი მდგომარეობა, იმიჯი... თანაც, მარტო შენი კი არა, იმისიც... არა, თუ გიყვარს, მითხარი და, შევეცდები, გაგიგო.
– ჰო, მიყვარს და შენი მეშინია, რომ ვაღიარო!
– მაშინ, მართლა ვერ ვხვდები, რატომ აკეთებ ამას?
– რას ვაკეთებ?
ვახომ მხრები აიჩეჩა:
– შეიძლება გულახდილად გითხრა?
– მიდი! – შეუბღვირა დიმამ.
ვახომ დაჟინებული მზერა მიაპყრო მეგობარს.
– აჯობებს, მართლა ჩავიდე, თორემ, დღეს შენთან ლაპარაკი შეუძლებელია, სხვა დროს იყოს.
– პირიქით, ახლა უფრო, შესაძლებელია, სხვა დრო აღარ იქნება. გავარკვიოთ, რას მოითხოვ ჩემგან, რა პრეტენზია გაქვს...
– მე? არანაირი... მოკლედ, მე წავედი, – ვახო კარის სახელურს დაეჯაჯგურა, რომელიც, რატომღაც არ დაემორჩილა.
– გამიღე. რა კარს მიკეტავ, მიტაცებ?
– არა, არაფერში მჭირდები. უბრალოდ, მაინტერესებს, რა გინდა და რისგან უნდა გადამარჩინო.
– მე არ მითქვამს, რომ რამისგან უნდა გადაგარჩინო. სიმართლე რომ გითხრა, იმის გადარჩენაზე უფრო ვფიქრობ... საცოდავს, წარმოდგენა არ აქვს, რა დღეში ჩაიგდო თავი.
– ვახო, ხომ ხედავ, როგორ ვიკავებ თავს. ჩხუბი არ მინდა.
– მაშინ, ერთ კითხვაზე მიპასუხე, ოღონდ, კარგად დაფიქრდი და ისე: რას გრძნობ, როცა ქეთიზე ზრუნავ?
– არ ვზრუნავ, საიდან მოიგონე? – იფეთქა ასათიანმა.
– ნუ ბრაზობ. უბრალოდ, მიპასუხე... – მშვიდად გაუმეორა ვახომ.
– შენ რა, მოძღვარი ხარ, რომ აღსარება ჩაგაბარო? – გახუმრება სცადა ასათიანმა.
– პასუხს თავს არიდებ... ყველაფერი გასაგებია. დანაშაულში გამოჭერილ პატარა ბიჭს ჰგავხარ... ჭკუის დამრიგებლად არ გამოვდგები, მე თვითონ უამრავ შეცდომას ვუშვებ, მაგრამ, ამჯერად... – ვახო გაჩუმდა.
– რატომ არ ამთავრებ სათქმელს, რა „ამჯერად,” ხილვა ხომ არ გქონდა?
– დამიჯერე, არ გინდა, რა...
– რა არ მინდა, შენ მთვრალი ხომ არ ხარ?
– პირიქით, ფხიზელი ვარ და ფხიზლადაც ვაფასებ სიტუაციას.
– და, რა მერე?
– სხვა გასართობი მოძებნე, მეგობრულად გირჩევ. მაგ გოგოსთან თამაში კარგად არ დამთავრდება.
– როცა დავწმუნდები, რომ მიყვარს, აუცილებლად ცოლად შევირთავ! – ხმამაღლა გაიცინა ასათიანმა. ვახომ სინანულით გადააქნია თავი.
– მე ჩემი უკვე გითხარი და გპირდები, ამ საკითხზე ხმას საერთოდ აღარ ამოვიღებ. ახლა კი გამიღე კარი. ტაქსის გავაჩერებ, ასე მირჩევნია.
ასათიანმა უსიტყვოდ გაუღო კარი...
***
სალომე ბოლთას სცემდა. შუბლზე ხელისგულმიდებული ლელი სავარძელში იჯდა და მოჭუტული თვალებიდან შესცქეროდა შვილს. ბოლოს ვეღარ მოითმინა:
– გაჩერდი, ნუ დადიხარ აქეთ-იქით, თავბრუ მეხვევა!
– რა ვქნა, ვნერვიულობ და ვფიქრობ.
– დამჯდარმა იფიქრე და ინერვიულე!
– ახლა უკვე მალე მოვა. რომელ საათზე მოდის ხოლმე?
– არ ვიცი, არ დავკვირვებივარ. ამას რა მნიშვნელობა აქვს?
– დედა, ძალიან მოისუსტებ! აბა, რანაირად მივხვდე, აგვიანებს თუ არ აგვიანებს? გეუბნები, რაღაც სერიოზული ხდება მაგის ცხოვრებაში-მეთქი.
– სერიოზული დღეს მოხდება, როცა მაგის თმას ხელზე დავიხვევ. მთავარია, ის ლაწირაკი არ ჩაერიოს და ხელი არ შემიშალოს.
– გიოს გულისხმობ? მაგას ვინღა ეკითხება? – ტუჩი აიბზუა სალომემ, – ვერ გაგიბედავს.
– ჰმ, შენ ასე გეგონოს! ძალიან გაიზარდა და გათავხედდა. არ შეგიმჩნევია, როგორ მიყურებს? ცოტაც და, მუშტებით მომვარდება, – ამოიოხრა ლელიმ და მზერა ჭერისკენ აღაპყრო, – ღმერთო, რისთვის დავიმსახურე ასეთი სასჯელი?
– მაგ კითხვით ღმერთს ნუ მიმართავ, თორემ თუ გიპასუხა, მაგრად გაგიტყდება, – სიცილით თქვა ოთახში მოულოდნელად შემოსულმა მიხომ. სალომეს ლოყაზე აკოცა და სავარძელში არხეინად მოკალათდა, – თქვენ რა, „ღია კარის“ პრინციპით გირჩევნიათ ცხოვრება? კარს რატომ არ კეტავთ? ან, როგორი სახეები გაქვთ? ვის გლოვობთ?
– აი, შენღა გვაკლდი სრული ბედნიერებისთვის, – ამოიოხრა ლელიმ. – არ მითხრა, რომ ფულისთვის მოხვედი, თორემ, შევიშლები.
– აუ, ეს ქალი გადამრევს! მე რომ მხედავ, ფულის კუპიურები გელანდება?
– სხვა შენ არაფერი გაინტერესებს, – ჩაერთო სალომე დედამისის ნაცვლად.
– როგორ გეკადრება, პატარა დაიკო, თქვენ მაინტერესებთ, ორივე და ამიტომაც შემოვიარე. შვილი ვარ და ძმა, ბოლოს და ბოლოს...
– ჰოდა, რა გინდა, ძმაო?
მიხომ ხელები გაშალა:
– აუ, ეს როგორი სტერვაა... ლელი, რას უკეთებ ამ ბავშვს, რომ ნელ-ნელა ასე უმწარდება ენა? რა უბედურებაა! ვერ გაათხოვებ ამას?
– შენ არ ინერვიულო მაგაზე, როგორმე მოვძებნი, ვინც ასეთს ამიტანს.
– ეძებე, ეძებე... – მიხომ ჯიბიდან სიგარეტის კოლოფი ამოიღო და თითები გაატკაცუნა, – სანამ იპოვიდე, მანამდე გაიქეცი და საფერფლე მომიტანე. ფანჯარაც გამოაღე, თორემ, დედიკო კვამლს ვერ იტანს.
– მიხო, შენს გუნებაზე არ ვარ და მირჩევნია, პირდაპირ მითხრა სათქმელი, სანამ ნერვებს დამაწყვეტდე.
– ჰო, კარგი. გეტყვი... რამდენიმე დღე უნდა შემიფაროთ.
– რა?! – თითქმის ერთდროულად წამოიძახეს ლელიმ და სალომემ.
– აჰა, ზუსტად ისეთი რეაქციაა, როგორსაც ველოდი. რა გითხარი ამისთანა – ორი-სამი დღე შემიფარეთ-მეთქი. უცხო ხომ არ ვარ?!
– ცოლმა გამოგაგდო? – სალომემ ირონიულად ჩაიცინა, – კიდევ დიდხანს გაგიძლო.
– გამომაგდო კი არა, მე თვითონ წამოვედი. ნახოს, როგორია უჩემობა, იქნებ, გადაწყვეტილებები უჩემოდ აღარ მიიღოს.
– რა გადაწყვეტილება მიიღო ამისთანა, რომ გადაირიე? – ჰკითხა ლელიმ, – შენ ხომ გიცნობ? არც ის არის ანგელოზი, მაგრამ, შენ...
– იდიოტი, სულელი ქათამი! ბავშვის გაჩენა მოუნდა! მაგის დრო მაქვს ახლა? – ბრაზით ჩაილაპარაკა მიხომ და როცა დისა და დედის განცვიფრებულ-გაოგნებული სახეები დაინახა, მხრები აიჩეჩა, – ჰო, რა იყო, დღეს დილით გამომიცხადა, მგონი, ფეხმძიმედ ვარო.
– მგონი... – ჩაილაპარაკა ლელიმ, – არა, რა... ნამდვილად გავგიჟდები. რა გენაღვლებათ, აქ არა ვარ? მაგ ბავშვსაც მე შემომტენით. არც შენ გაქვს პასუხისმგებლობის გრძნობა და არც იმას.
– პასუხისმგებლობის გრძნობა რომ მაქვს, იმიტომაც ვეჩხუბე და წამოვედი.
– იდიოტი ის კი არა, შენ ხარ, – ბრაზით წარმოთქვა სალომემ, – რომ გამოიქეცი, ამით რას მიაღწევ? შეეშინდება და აბორტს გაიკეთებს? ან, შენ მზად ხარ შენი შვილის მოსაკლავად? მეც კი არა ვარ, ისეთი ურჩხული, რომ ამის მომხრე ვიყო... ან, ცოლი რომ მოგყავდა, რას ფიქრობდი, ადრე თუ გვიან ბავშვს რომ გაგიჩენდა, ძნელი წარმოსადგენი იყო? მაგრამ, შენ ერთი უბედურება გჭირს: ჯერ აკეთებ რაღაცას და მერე ფიქრობ, ან, საერთოდ არ ფიქრობ.
– შენ გაჩუმდი და საკუთარ თავს მიხედე!
– ჰმ, კიდევ მე უნდა მივხედო საკუთარ თავს? – სალომემ გაშლილი ხელისგული მკერდზე მიიდო და წამწამები გაოცებით დაახამხამა, – აქ რომ მოხვედი, რისი იმედი გაქვს, ლელი წავა, შენს ცოლს ყურს აუწევს და დატუქსავს, ბიჭი რატომ დამიჩაგრეო?! ლელის შენი პრობლემებიღა აკლია...
– გაჩუმდი, რა! ჩემი პრობლემების მოგვარებას არ გთხოვთ არც ერთს. სასტუმროში ხომ არ წავალ? დავრჩები რა, ორი-სამი დღე, სანამ რამეს მოვიფიქრებ.
– ესე იგი, სამუდამოდ რჩები, – ამოიოხრა სალომემ.
– შენ გაჩუმდი-მეთქი, ხომ გითხარი? ლელი, თქვი რამე, დავრჩე თუ წავიდე? – მიხომ სიგარეტი საფერფლეზე დაასრისა და დედას შეხედა.
– მირჩევნია, წახვიდე, მაგრამ, ისიც საკითხავია, სად წახვალ. რამე შარში რომ გაეხვიო, ნამდვილად არ მინდა, იმიტომ, რომ ეგეც ჩემი თავში სახლელი გახდება. ეგდე აქ, ოღონდ, შეეცადე, შენი არსებობით არ შეგვაწუხო.
– ფაჩუჩები მომეცით, ჩავიცვამ და ფეხის წვერებზე ვივლი, – ირონიულად ჩაიცინა მიხომ.
– აუ, დაიწყო უკვე! ეს თუ აქ დარჩება, მე მომიწევს სახლიდან წასვლა.
– დამიწყნარდი, ჩემო პატარავ! დამიწყნარდი, – მიხომ თითები გაატკაცუნა, – მოკლედ, ეს დღეები, შეგიძლიათ, ჩემი იმედი გქონდეთ – კაცი გეყოლებათ ოჯახში.
სალომემ ამოიოხრა და დედას შეხედა. ლელიმ ხელები გაასავსავა პროტესტის ნიშნად, მაგრამ, აღარაფერი უთქვამს.
***
მარიკომ, სანამ მანქანის კარს გამოაღებდა და დაჯდებოდა, მიდამო კარგად დაზვერა და კაბაც ისე შეისწორა, ლამაზი მუხლები გამოსჩენოდა და დაიმსახურა კიდეც ვახოს აღფრთოვანებული მზერა.
– გალოდინე? – კაცმა ხელზე აკოცა და საკეტს გასაღები მოარგო, – უნდა მაპატიო, უფრო ადრე ვერ შევძელი, შენი შეფი მიბურღავდა ტვინს.
– ჰო, მივხვდი, არ არის პრობლემა. ისე, მაგ ოფისში მუშაობა სულ უფრო აუტანელი ხდება... – ამოიოხრა მარიკომ და გაბუტული ბავშვის იერით შეხედა ვახოს.
– მართლა? რატომ? ასათიანთან გაქვს პრობლემები? მითხარი, რა მოხდა და, თუ რამე შემიძლია, დაგეხმარები. დიმას ცოტა მძიმე ხასიათი აქვს, მაგრამ, შენს დაცვას როგორმე მოვახერხებ.
– არა, თავს თვითონაც კარგად დავიცავ. თანაც, ასათიანი არაფერ შუაშია. ჩვენი განყოფილების უფროსი მიშლის ნერვებს. ნამდვილი მიგერაა.
– ვინ, ნათია? მგონი, ეგ ერთადერთი ადამიანი მუშაობს თქვენთან, – გაიცინა ვახომ.
– რატომ ეგ ერთადერთი? ის ახალი დაგავიწყდა? იცი, როგორი მუშა ჭიანჭველაა? რაც ეგ ქეთი გამოჩნდა, ნათია ყოველდღე გვცოფავს და ეგ გოგო მაგალითად ჰყავს. მე კი მაგალითებით ცხოვრება არ შემიძლია.
– ჰო, აბა რა... მით უმეტეს, ქეთის მაგალითი შენ ნამდვილად არ გამოგადგება... – გაიცინა ვახომ.
– მაგით რისი თქმა გინდათ? – ერთბაშად ოფიციალური გახდა მარიკო და წარბიც შეიკრა.
– იმის, რომ შენ განსაკუთრებული ხარ, ძალიან განსაკუთრებული და თავბრუდამხვევად მომხიბვლელი, ნამდვილი საოცრება. საკუთარი თავის მიკვირს, აქამდე როგორ ვერ გამჩნევდი.
მარიკომ შეიფერა:
– ეს კომპლიმენტია? გინდათ მაცდუნოთ?
– არანაირად. ეს აზრადაც არ მომსვლია. მგონი, ძალიან ჭკვიანი ხარ იმისთვის, რომ ჩემნაირმა უფერულმა არსებამ შენზე შთაბეჭდილება მოახდინოს. არც მაქვს ამის იმედი.
– ჰოდა, ძალიანაც კარგი, თორემ, მანქანიდან გადასვლას ვაპირებდი.
– ოღონდ ეგ არა... ეგ საქციელი ამ ისედაც საშინელი დღის ყველაზე ტრაგიკული დასასრული იქნება.
– „ყველაზე” რატომ? – მიამიტურად იკითხა მარიკომ.
– იმიტომ რომ, ზოგჯერ ასათიანი მეც მიშლის ნერვებს.
– მართლა? ვერ წარმომედგინა. თქვენ ხომ მეგობრები ხართ და, კიდევ, საქმიანი პარტნიორები?
– „საქმიანი პარტნიორები“ ცოტა ხმამაღალი ნათქვამია... რაც შეეხება მეგობრობას... შენ ყველა მეგობარი ისეთი გყავს, რომლებიც მხოლოდ კომფორტს გიქმნიან?
– არანაირად. დღეს ნინიმ ისე გამომიყვანა მდგომარეობიდან, ზოგჯერ მეჩვენება, რომ ჩემი არავის ესმის...
– მეც ასე ვარ. ამიტომაც ვფიქრობ, რომ ერთმანეთს კარგად გავუგებთ, – ვახომ დრო იხელთა და ქალს მოშიშვლებულ მუხლისთავზე მოეფერა.
მარიკომ ხელი მოიცილა და კაბის კალთა ქვემოთ დაქაჩა.
– რა უნდოდა ასათიანს?
– ვის? დიმას? არ გვინდა ამაზე. როგორც მივხვდი, შენც მძიმე დღე გქონდა და, მოდი, სადმე გავერთოთ. ერთი კარგი კლუბი ვიცი, რეტროსპექტულ ფილმებს აჩვენებენ. თან, ძალიან გემრიელი ჩაი აქვთ... კოქტეილიც.
– რას აჩვენებენ? – ვერ მიხვდა მარიკო.
– ძველ ფილმებს, – გაეღიმა ვახოს, – წავიდეთ?
– წავიდეთ! – მხრები აიჩეჩა მარიკომ...
გაგრძელება შემდეგ ნომერში