როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები
მირაქიშვილი
გვარი მირაქიშვილი მცირერიცხოვანი გვარია. ის გავრცელებულია თბილისში, დედოფლისწყაროსა და ყაზბეგში.
„პირთა ანოტირებული ლექსიკონის“ მიხედვით, „მირაქა – რაიონის მეაღაპე, მოწმე ხუგაზა ადიბეგაშვილის მიერ ბოლნელისთვის მიცემული ვენახის ნასყიდობის წიგნისა“ (1645-1677 წლები).
„მირაქა – მისი მამული ენაგეთში როსტომ მეფემ უწყალობა პაპუნა ბარათაშვილს“ (1658 წელი).
„მირაქაშვილ მამულას, ზერტში მცხოვრებ ნიკოლოზ კათალიკოზმა მისი წყალობა განუახლა რევაზ მაღალაძეს, 1678 წელს“.
„მირაქაშვილ ყაზარას, შულავერის მცხოვრებს, ჰყავს ძმა მირაქა, ძმისწული – მანდევაქა. ის ბაგრატ და ლევან ბატონიშვილებმა უწყალობეს ქაიხოსრო რატიშვილს, 1688 წელს“.
იაკობ ახუაშვილის წიგნში „ქართული გვარ-სახელები“ ვკითხულობთ, რომ გვარის ფუძეა საკუთარი სახელი მირაქა.
საქართველოში 29 მირაქიშვილი ცხოვრობს: თბილისში – 13, დედოფლისწყაროში – 5, ყაზბეგში – 4. არიან სხვაგანაც.
ბებიაშვილი
გვარი ბებიაშვილი არცთუ გავრცელებული გვარია. ის გვხვდება ზესტაფონში, თბილისსა და თერჯოლაში.
მერაბ კეზევაძის „ქართული გვარ-სახელები იმერეთში“, ბებიაშვილები მოიხსენიებიან თხილთაწყაროში, მარტოთუბანში და რუფოთში.
გვარი ბებიაშვილი მოიხსენიება ასევე, „პირთა ანოტირებულ ლექსიკონში“: „ბებიაშვილი გიორგი – მღვდელი, სახლიკაცი სორაზან ბებიაშვილისა“.
„ბებიაშვილი იორამ-დეკანოზი, მოწმე ივანა და პაპუნა ქურდაძეების მიერ როსაბ მაჭავარიანისთვის მიცემულ ყმად თავდაწერილობის წიგნისა, 1612 წელს“.
„ბებიაშვილ სორაზანს ჰყავს სახლიკაცები: მღვდელი გიორგი, იორდანა, ბეჟან, ქუმსიაშვილი გიორგი“.
საქართველოში 529 ბებიაშვილი ცხოვრობს: ზესტაფონში – 255, თბილისში – 84, თერჯოლაში – 76. არიან სხვაგანაც.
სიხარულიშვილი
სიხარულიშვილი ნაკლებად გავრცელებული გვარია. ის უმეტესად გვხვდება თბილისში თელავსა და რუსთავში.
ზურაბ ჭუმბურიძის მიხედვით, სიხარულა არის მშობლის მიერ დარქმეული საკუთარი სახელი, რომელიც ამ გვარს დაედო ფუძედ.
სულხან-საბა ორბელიანის განმარტებით: „სიხარული – ესე არს ყოვლისა ჭმუნვისაგან თავისუფლება“.
„1693 წელს სიხარულიშვილის საკომლო გიორგი მეფემ უწყალობა ბეჟან საგინაშვილს“.
საქართველოში 71 სიხარულიშვილი ცხოვრობს: თბილისში – 10, თელავში – 5, რუსთავში – 4. არიან სხვაგანაც.
ჯიქურაშვილი-ჯიქურიშვილი
ჩვენს წინაპრებს სახელებად და გვარების ფუძეებად ბევრი ცხოველის სახელი აქვთ გამოყენებული. ქართველთ წინაპართა ტომები ყოფილან ჯიქნი. ჯიქი, ზოგადი მნიშვნელობით, არის დიდი ცხოველი კატისებრთა ოჯახიდან. მათი წაბაძვით გვხვდება მამაკაცის საკუთარი სახელები: ჯიქი, ჯიქო, ჯიქუა, ჯიქური. ამ ფუძეებით ნაწარმოები რამდენიმე გვარი გვხვდება – ჯიქაძედან დაწყებული ჯიქურიძით დამთავრებული.
ჯიქურიშვილი და ჯიქურაშვილი ერთსა და იმავე გვარად ჩანს. ის გვხვდება მეჩვიდმეტე საუკუნის დასაწყისში.
საქართველოში 578 ჯიქურაშვილი ცხოვრობს: გურჯაანში – 303, თბილისში – 131, თელავში – 20. არიან სხვაგანაც.
158 ჯიქურიშვილი: გურჯაანში – 76, თელავში – 67, თბილისში – 15.
კობიაშვილი
კობიაშვილის გვარის ფუძეა საკუთარი სახელი კობა, რომელიც ქართული სახელია და იაკობის შემოკლებითი ფორმაა.
კობიაშვილები ძირძველი საგვარეულოა.
„კობიაშვილი მოიაზრება კახთა უფროსად, გამოჩენილი გმირობისთვის ყუბილახანის მეფეთა მიიღეს აზნაურად 1253 წელს და იწოდებიან კობიაშვილებად“.
1714 წელს, ორდისუბანში მოიხსენიება იოსებ კობიაშვილი მოწმედ.
1714 წელს ზაზა საგინაშვილის მიერ ასლამაზ ჩაჩიკაშვილისადმი გაცემული ყმისა და მამულის ნასყიდობის წიგნში მოიხსენიება ვინმე კობიაშვილი.
ამავე ძირისაა გვარები: კობაიძე, კობიძე.
საქართველოში 1 875 კობიაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 630, თელავში – 366, გურჯაანში – 330. არიან სხვაგანაც.
ფხალაძე
ფხალაძეთა გვარის ფუძედ გამოყენებულია მეტსახელი ფხალა.
ფხალაძეები იმერლები არიან. ამ გვარის წარმომადგენლები 1840 წლის აღწერისას მოიხსენიებიან გონგში, გორისაში, თვალუეთში, ითხვისში, პერევისაში, საზანოში, საქარაში, სკვინდორში, უსახელოში, ფუთში, წილოვანში. ფხალაძეთა შორის რამდენიმე ადამიანს აზნაურის ტიტულიც კი მიუღია.
გვარის ცნობილ ადამიანთა შორის არის საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მელქისედეკ მესამე, რომელიც გვარად ფხალაძე იყო. ის 1876 წელს დაიბადა თბილისის გუბერნიაში, მედავითნის ოჯახში. 1925 წელს აღიკვეცა ბერად, 1952 წლიდან 1960 წლამდე კი, იყო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი.
საქართველოში 1 847 ფხალაძე ცხოვრობს: ჭიათურაში – 673, თბილისში – 342, ზესტაფონში – 155. არიან სხვაგანაც.
ბროლაძე-ბროლაშვილი
გვარის ფუძეა მამაკაცის საკუთარი სახელი ბროლა.
ამავე ძირისაა გვარი ბროლაშვილი.
ბროლაძეთა ერთი ნაწილი გოზალიშვილებად ჩაუწერიათ.
1652 წელს ბეჟიტა ბროლაძემ ბატონის მიერ ნაბოძები უმკვიდროდ დარჩენილი ლაშქარასეული მამულის ნახევარი დღის ნაფუძარი მიწა დეკანოზის შვილს, რამაზა ზუმბულაძეს მიჰყიდა.
მეჩვიდმეტე საუკუნის ბოლოს მამასახლისი ყოფილა მაზადა ბროლაშვილი.
საქართველოში 761 ბროლაძე ცხოვრობს: თბილისში – 243, ქობულეთში – 130, მცხეთაში – 82. არიან სხვაგანაც.
ხაბეიშვილი
გვარის ფუძედ გამოყენებულია მამაკაცის საკუთარი სახელი ხაბა. მსგავსად ნაწარმოები გვარებია: ხაბაზი, ხაბაზიშვილი, ხაბარაშვილი, ხაბარელი, ხაბაძე, ხაბელაშვილი და ასე შემდეგ.
გვარი ხაბეიშვილი გავრცელებულია როგორც იმერეთში, კერძოდ, სამტრედიაში, საჯავახოში, ღანირში, ასევე, გურიასა და სამეგრელოშიც.
საქართველოში 944 ხაბეიშვილი ცხოვრობს: თბილისში – 307, სამტრედიაში – 126, ჩოხატაურში – 113. არიან სხვაგანაც.
აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით