როგორ მოქმედებს პლატიკოდონზე ზაფხულის ტემპერატურა და რა სიხშირით მოვრწყათ ის ამ სეზონზე
„ფლორა ინტერნაციონალის“ ბიოლოგიის მეცნიერ-მუშაკი, ბატონი ამირან ბიწაძე ამჯერად ზაფხულის ერთ-ერთ უხვად მოყვავილე მცენარეზე, პლატიკოდონზე ისაუბრებს. თუ გსურთ, გაახაროთ ეს ულამაზესი მცენარე და ივლისიდან ის ააყვავილოთ, აუცილებლად წაიკითხეთ და გაითვალისწინეთ ჩვენი რჩევები.
– იოლად მოსავლელია პლატიკოდონი?
– პლატიკოდონი არის აზიური მცენარე. გამოირჩევა ულამაზესი ყვავილებით, მის ფერთა გამაში ჭარბობს თეთრი და ვარდისფერი. ის ძალიან უპრეტენზიო და იოლად გასაზრდელი მცენარეა.
– რომელ თვეებში იწყებს პლატიკოდონი ყვავილობას?
– ის ყვავილობს ივლისიდან და გასტანს ნოემბრის ბოლომდე. ახლა არ ელოდოთ მის აყვავილებას, ჯერ ნაადრევია.
– როგორ შევუწყოთ ხელი, რომ მან კარგად და უხვად იყვავილოს?
– ამ მცენარეს არანაირი პრობლემა არ აქვს ყვავილობისას, ის ბუნებრივად იწყებს ყვავილობას. მისთვის დამატებითი ყურადღება და მოვლა ამ დროს საჭირო არ არის, თუმცა, სასურველია გაითვალისწინოთ, რომ პლატიკოდონს სჭირდება მინერალები. ის არის მრავალწლიანი მცენარე. თუ ზამთრის სეზონზე დავტოვებთ გარე გრუნტში არ გაიყინება, ის ჩაიძინებს, ზაფხულის პერიოდში კი ისევ აღმოცენდება.
– შესაძლებელია, რომ მცენარემ ზამთრის სეზონზეც იყვავილოს?
– თუ პლატიკოდონს შეუქმნით შესაბამის პირობებს, ანუ, თუ ტემპერატურა იქნება 22 გრადუსი და გექნებათ მცენარე ბინაში, შეიძლება მან ზამთარშიც გამოიღოს ყვავილები.
– როგორ რეაგირებს მცენარე ზაფხულის მაღალ ტემპერატურაზე?
– მაღალ ტემპერატურაზე პლატიკოდონს არანაირი რეაგირება არ აქვს, რადგან, ისეთი მცენარე, რომელსაც ზამთარში ფესვთა სისტემა არ ეყინება, ანუ, მთლიან წყალს აორთქლებს, სიცხეშიც უპრეტენზიოა.
– მზის მწველი სხივები როგორ მოქმედებს პლატიკოდონზე?
– პლატიკოდონს არანაირი პრობლემა არ ექმნება მწველ სხივებზე. მისი ფოთოლი და ყვავილი იმდენად ძლიერია, რომ ერთი შეხედვით პლასტმასის გეგონებათ. ამიტომ, მწველი სხივები ვერაფერს ვნებს მას და, შეგიძლიათ, ამ მხრივ მშვიდად იყოთ.
– სად დავდგათ ახლა მცენარე?
– პლატიკოდონი ახლა უკვე აივანზე უნდა გედგათ. თუ ამის საშუალება არ გაქვთ, მცენარე ამყოფეთ ღია ფანჯარასთან.
– რა ტემპერატურა სჭირდება მცენარეს წელიწადის სხვადასხვა სეზონზე?
– გაზაფხულზე და ზაფხულში ტემპერატურას მნიშვნელობა არ აქვს, რადგან, ის ტროპიკული მცენარეა და სიცხეს კარგად იტანს; რაც შეეხება ცივ თვეებს, ეცადეთ ამ დროს სითბოში ამყოფოთ.
– როგორია მისი მორწყვის რეჟიმი?
– პლატიკოდონის მორწყვის რეჟიმი შემდეგნაირია: ზაფხულში რეგულარულად, ყოველ მეორე-მესამე დღეს უნდა მორწყათ, ხოლო ზამთარში – კვირაში ერთხელ.
– თუ დაგვავიწყდა ზაფხულში მისი მორწყვა, რა მოსდის ამ შემთხვევაში მცენარეს, შესაძლებელია, რომ გახმეს?
– მცენარე არ გახმება. ვერ შეატყობთ, როდის სჭირდება პლატიკოდონს მორწყვა, ამიტომ, გირჩევთ, ფინჯანზე ყოველთვის გქონდეთ წყალი დასხმული.
– რას გვეტყვით პლატიკოდონის გადარგვასა და გასხვლაზე?
– ეს მცენარე არ ისხვლება, მისი გადარგვა კი შეგიძლიათ გაზაფხულსა და შემოდგომაზე, რამდენიმე წელიწადში ერთხელ.
– სად შეიძლება შევიძინოთ პლატიკოდონი და როგორ გავამრავლოთ ის?
– პლატიკოდონის ფესვის შეძენა შეგიძლიათ მეურნეობებში, მაღაზიებში. მისი გამრავლება შეგიძლიათ ფესვით, ხოლო თესლი მას ძალიან იშვიათად აქვს, ამიტომ, უმჯობესია და იოლია მისი ფესვით გამრავლება.
– როგორ ნიადაგში ჩავრგათ მცენარე?
– მცენარეს სჭირდება ტორფირებული მიწა და ცოტაოდენი ნაკელი.
– თუ ემუქრება პლატიკოდონს მავნებლების შერევა?
– მცენარეს არც მავნებელი და არც პარაზიტი არ ემტერება. ზაფხულში თამამად დადგით გარე გრუნტში, მას არანაირი მწერი არ დაესევა.
– კიდევ რა გავითვალისწინოთ ამ სეზონზე?
– გახსოვდეთ, რომ პლატიკოდონი უნდა გაიტანოთ გარეთ და მორწყათ რეგულარულად. მას უყვარს ნათელი ადგილი, იოლად იტანს მზის მწველ სხივებსაც და ამიტომ მისი გახარება არანაირ პრობლემას არ შეგიქმნით, ზაფხულში კი დაგატკბობთ თავისი ფერადი და ლამაზი ყვავილებით.