ვინ ეძებს ბიოლოგიურ მშობლებს ოზურგეთის რაიონის სოფელ დვაბზუდან და რისი შიში აქვს 38 წლის ქალს
38 წლის ხათუნა გიორგაძე (ამჟამინდელი სახელი და გვარი) ეძებს ბიოლოგიურ მშობლებს.
ისტორია: ვეძებ ჩემს ბიოლოგიურ მშობლებს. სამწუხაროდ, მათ შესახებ არანაირი ინფორმაცია არ გამაჩნია, მაგრამ, მათი პოვნის იმედს არ ვკარგავ. ვცხოვრობ ოზურგეთის რაიონის სოფელ დვაბზუში. ვიცი, რომ დაბადებული ვარ 1974 წლის 14 დეკემბერს, სავარაუდოდ, დავიბადე ოზურგეთში. იმედი მაქვს, რომ ჩემს წერილს აუცილებლად გამოეხმაურება ჩემი ბიოლოგიური დედა.
– ხათუნა, როდის გადაწყვიტეთ ბიოლოგიური მშობლების მოძებნა და რა იცით მათ შესახებ?
– დაბადებული ვარ 1974 წლის 14 დეკემბერს. როგორც ვიცი, ეს თარიღი ზუსტია. ჩემი აღმზრდელი მშობლები არიან: დედა – მარგო გიორგაძე და მამა – პავლე გიორგაძე, რომელიც შვიდი წელია, გარდაცვლილია. მე ძალიან მიყვარს ჩემი აღმზრდელი მშობლები, მაგრამ, მას შემდეგ, რაც გავიგე, რომ ნაშვილები ვარ, მომინდა ჩემი ბიოლოგიური მშობლების მოძებნაც. თავად მე უკვე ორი ვაჟიშვილის დედა ვარ. მყავს და მაქვს დიდი შიში – ვაითუ სადმე შეხვდნენ ისინი ჩემი დის ან ძმის შვილებს. ამაზე ფიქრიც კი მზარავს. ჩემი ბიოლოგიური მშობლების შესახებ, სამწუხაროდ, არაფერი ვიცი.
– ვინმე თუ გეხმარებათ ბიოლოგიური მშობლების მოძებნაში და აქამდე თუ გიძებნიათ ისინი?
– მათ მოძებნაში ძალიან მეხმარება (მაგალითად, თქვენთან დაკავშირებაში) ქალბატონი ქეთევან ხიდაშელი. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და დიდი მადლობა გადავუხადო მას. აქამდე ბიოლოგიური მშობლები არ მიძებნია. საქმე ისაა, რომ მე ძალიან მიყვარს ჩემი აღმზრდელი მშობლები, მათი დიდი მადლობელი ვარ ჩემი აღზრდისა და გაზრდისთვის. ისინი ჩემთვის ნამდვილი მშობლებივით იყვნენ და იქნებიან ყოველთვის, მაგრამ, ალბათ, დამეთანხმებით, რომ აუცილებელია, ადამიანმა იცოდეს თავისი ბიოლოგიური მშობლების ვინაობა და ცხოვრებაში ერთხელ მაინც ჰყავდეს ისინი ნანახი. ძალიან მინდა, ვიპოვო ჩემი ბიოლოგიური დედა. ნამდვილად არ ვიცი, რა იყო მისი მხრიდან ჩემი გაშვილების მიზეზი. ამას, ალბათ, მისი პოვნის შემთხვევაში თუ გავიგებ. არ არის გამორიცხული, რომ ჩემს ბიოლოგიურ დედას ჰქონდეს ოჯახი და ჰყავდეს სხვა შვილები. შესაძლოა, მისმა მეუღლემ არც არაფერი იცოდეს ჩემი არსებობის შესახებ და მინდა ვუთხრა, რომ, თუკი ეს ასეა, ნუ შეეშინდება დედაჩემს, გამომეხმაუროს და ვპირდები, რომ ამ ამბავს არავის გავუმხელ, მხოლოდ მე და მას გვეცოდინება. საქართველო არც ისე დიდი ქვეყანაა და, მინდა, რომ ყველანაირად დავიზღვიო თავი – მე ხომ ორი ბიჭი მეზრდება და, ვინ იცის, სრულიად შემთხვევით, სად და რა ვითარებაში გაიცნონ ჩემი დის ან ძმის შვილები.
– ბიოლოგიური მშობლის პოვნის შემთხვევაში, აპირებთ თუ არა ამის თქმას აღმზრდელი დედისთვის?
– მე ჩემი აღმზრდელი დედა ძალიან მიყვარს და, მჯერა, ის დარწმუნებულია, რომ მე მას არავისში არ გავცვლი. უბრალოდ, თუკი ჩემს ბიოლოგიურ დედას ვიპოვი, ეს ამბავი ძალიან გამახარებს. იმედია, ჩემი აღმზრდელი მე გამიგებს, ვფიქრობ, ის ჩემს სიყვარულში დარწმუნებულია, მით უმეტეს, რომ არ ვარ პატარა გოგო, რომელმაც თვითონაც არ იცის, რას აკეთებს.
– აპირებთ თუ არა ბიოლოგიურ დედასთან შეხვედრას მისი პოვნის შემთხვევაში?
– თუკი, ღვთის წყალობით, ბიოლოგიური დედა ვიპოვე, აუცილებლად შევეცდები მის ნახვას და კიდევ ერთხელ პირადად დავუდებ მას პირობას, რომ ამ საიდუმლოს (თუკი მან ჩემი გაშვილების ამბავი საიდუმლოდ დატოვა) არავის გავუმხელ. მთავარია, მან მოისურვოს ჩემთან დაკავშირება და მასაც მოუნდეს ჩემი ნახვა, ბოლოს და ბოლოს, მე ხომ მისი სისხლი და ხორცი ვარ, ნუთუ არ დააინტერესებს მას ჩემი ნახვა? ვიცი, რომ ჩემს ბიოლოგიურ მშობლებზე რაღაც ინფორმაცია აქვს ერთ ადამიანს, რომელიც არაფრის დიდებით არ ამხელს ამ საიდუმლოს. მინდა მივმართო თხოვნით, გამოიჩინოს გულისხმიერება და ნუ დამიმალავს სიმართლეს. შეგნებულად არ დავასახელებ მის სახელსა და გვარს, ის თავად მიხვდება, რომ საუბარი მასზეა. ეს ადამიანი ამჟამად ოზურგეთში ცხოვრობს.
თუ გაქვთ რამე ინფორმაცია ამ ისტორიის შესახებ ან თუ გსურთ, თქვენც გაგიწიოთ დახმარება დაკარგული ახლობლის მოძებნაში, დაგვიკავშირდით: 233-42-24; 593 22-04-31. დარეკეთ საღამოს, 6 საათის შემდეგ. E-mail: tbiliselebi2001@yahoo.com.