როგორ იპოვეს ერთმანეთი 1987 წლის შემდეგ უნახავმა მეგობრებმა და სად შედგა მათი შეხვედრა
57 წლის ჯუმბერ ხურცილავა ეძებდა დაახლოებით 50-52 წლის გოჩა მელანაშვილს.
ისტორია: ვეძებ ჩემს თანაკურსელს, გოჩა მელანაშვილს. მე და გოჩა ერთად ვსწავლობდით გორის ეკონომიკურ ინსტიტუტში და იმ წლებიდანვე დავმეგობრდით, თანაც, ერთად ვცხოვრობდით ნაქირავებ ბინაში. სამწუხაროდ, ჩემი და გოჩას კავშირი 1987 წელს შეწყდა. უკვე წლებია გასული, რაც ჩემი მეგობრის შესახებ არაფერი ვიცი. დიდი იმედი მაქვს, რომ მის პოვნაში დამეხმარებით.
ჟურნალისტის შენიშვნა: ჯუმბერ ხურცილავას ეს ისტორია ჟურნალ „თბილისელების“ მე-16 ნომერში რუბრიკა „დაკარგულებში“ დაიბეჭდა. საბედნიეროდ, 1987 წლის შემდეგ უნახავი მეგობარი ნაპოვნია. ამჟამად ის თბილისში იმყოფება, ისევე, როგორც ჩემი ქუთაისელი რესპონდენტი, ჯუმბერ ხურცილავა.
– წარმოიდგენდით, რომ დაკარგულ მეგობარს ასეთ მოკლე დროში იპოვიდით?
– პირველ ყოვლისა, მინდა, დიდი მადლობა გადაგიხადოთ გოჩას პოვნისთვის და ჩემი ისტორიის გულთან ახლოს მიტანისთვის. ძალიან ბედნიერი და მოხარული ვარ, რომ გოჩა ასეთ მოკლე დროში მაპოვნინეთ. როდესაც დამირეკეთ და მითხარით, რომ გოჩა თბილისშია და ჩემს ზარს ელოდება, ჩემს გაკვირვებასა და სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. მე გოჩა 1987 წლის შემდეგ არ მინახავს და მთელი ამ წლების განმავლობაში ჩემი მხრიდან მისი პოვნის ცდა ამაო გამოდგა. დარწმუნებული ვარ, დღემდე ვერაფერს გავხდებოდი, მის მოძებნაში თქვენ რომ არ დამხმარებოდით. ამიტომაც მოგმართეთ თხოვნით. სიმართლე გითხრათ, თქვენი რუბრიკის დიდი იმედი მქონდა, რაც გამართლდა კიდეც. პირადად მე ნამდვილად არ ვიცოდი, სავარაუდოდ მაინც, სად შეიძლებოდა ყოფილიყო გოჩა. წარმოშობით ის ცხინვალის რაიონის სოფელ კეხვიდანაა. ჯარში მსახურების დასრულების შემდეგ კი განაწილებით ის გორის ეკონომიკურ ინსტიტუტში მოხვდა, სადაც გავიცანი კიდეც. პირადად მე წარმოშობით გალიდან ვარ, მაგრამ ამჟამად ოჯახთან ერთად ქუთაისში ვცხოვრობ. თბილისში სამუშაოდ ვარ ჩამოსული და, ბედად, აღმოჩნდა, რომ გოჩაც თბილისში იმყოფება.
– გვიამბეთ თქვენი შეხვედრის შესახებ, 1987 წლის შემდეგ ხომ ამდენი წელია გასული...
– მას შემდეგ, რაც მითხარით, რომ ჩემი მეგობარი ნაპოვნია, მაშინვე დავუკავშირდი. პირველად ტელეფონით ვისაუბრეთ. ისიც ჩემსავით გახარებული და აჟიტირებული გახლდათ ამ ამბით. აღმოჩნდა, რომ მასაც უნდოდა ჩემი მოძებნა, მაგრამ, ვერ ახერხებდა. ვინაიდან ორივე ძალიან დაკავებულები ვიყავით, ჩვენი შეხვედრა რამდენიმე დღით გადავდეთ და ერთმანეთს გოჩას პოვნიდან მხოლოდ მესამე დღეს შევხვდით. ჩვენი შეხვედრა საკმაოდ ემოციური იყო. ძალიანაც რომ მინდოდეს, ამ გრძნობის ენით გადმოცემა, ვშიშობ, გამიძნელდება. შეუდარებელია სიხარული და ბედნიერების გრძნობა, როცა დიდი ხნის უნახავ მეგობარს ხედავ და კმაყოფილი ხარ, რომ მას ამ დრომდე უშედეგოდ არ ეძებდი.
– რას უსურვებდით მათ, ვინც ჯერ კიდევ ეძებს დაკარგულ ახლობლებს?
– მინდა, აბსოლუტურად ყველას ვუსურვო ახლობლებისა და ნათესავების პოვნა. ამ საკითხში კი წარმატება და იღბალიც უნდა გქონდეს, თუმცა, ვფიქრობ, ცდა მაინც უპირველესია. თქვენი რუბრიკიდან ვიცი, რომ ადამიანთა დაკარგვის უამრავი ისტორია არსებობს. ალბათ, ყოველ მათგანს სხვადასხვა შანსი აქვთ, მაგრამ, ნათქვამია, ცდა ბედის მონახევრეაო.