რისთვის სჭირდებოდა ნაპოლეონს რუსეთის სამხედრო დამარცხება და რა ექსპერიმენტის განხორციელება დაიწყო სტალინმა 150 მილიონ ადამიანზე
პირველმა მსოფლიო ომმა (1914-1918), ისედაც ჩამორჩენილი და განუვითარებელი რუსეთის იმპერია უმძიმეს მდგომარეობაში ჩააგდო. სახეზე იყო ღრმა პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური კრიზისი, რასაც უფრო აღრმავებდა წარუმატებლობები რუსეთ-გერმანიის ფრონტზე. რუსეთის საიმპერატორო კარმა შექმნილი კრიზისიდან გამოსავალი ვერ იპოვა. 1917 წლის თებერვალ-მარტის რევოლუციამ პირისაგან მიწისა აღგავა რომანოვების იმპერია. ღრმა სახელმწიფოებრივი კრიზისიდან გამოსავალი ვერც რუსეთის იმპერიის ხელისუფლების სამართალმემკვიდრემ – დროებითმა მთავრობამ იპოვა, პირიქით, კრიზისი კიდევ უფრო გაღრმავდა. ამით ისარგებლეს ბოლშევიკებმა და 1917 წლის ოქტომბერში, სახელმწიფო გადატრიალების გზით, ხელისუფლების სათავეში მოვიდნენ. სახელმწიფო გადატრიალების გეგმა შეიმუშავა და განახორციელა იოსებ ჯუღაშვილმა (სტალინმა), მაგრამ გარკვეული პოლიტიკური მოსაზრებით, იმხანად პირველკაცობაზე უარი განაცხადა და ყველაფერი ცრუ ბელადს, ლენინს მიეწერა. ლენინმა კმაყოფილებით წამოისხა პოლიტიკური ლიდერის მანტია და შეუდგა ქვეყნის მართვას. სულ მალე გაირკვა, რომ ცრუ ბელადს ქვეყნის მართვის არანაირი გეგმა არ გააჩნდა. ამ ურთულეს დროში ქვეყნის მართვის არანაირი ნიჭი არ აღმოაჩნდა ბოლშევიკური პარტიის ელიტის წარმომადგენლებს: ლევ ტროცკის, გრიგოლ ზინოვიევს, ლევ კამენევს, ნიკოლაი ბუხარინს. პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური კრიზისის ფონზე შეუძლებელი ხდებოდა გერმანიის იმპერიის სამხედრო მანქანის შეჩერება. გერმანელები ფსკოვს, ნარვასა და პეტროგრადს უახლოვდებოდნენ. ამ მძიმე ვითარებაში უკვე მეორედ გამოდის ასპარეზზე იოსებ სტალინი. მან ისარგებლა იმით, რომ 1918 წელს მიყენებული ჭრილობის შემდეგ ლენინი ხშირად ავადმყოფობდა, ხოლო 1920 წლის გაზაფხულიდან გარდაცვალებამდე (1924), პრაქტიკულად, ის ჩამოსცილდა სახელმწიფო მმართველობას. სტალინს პირველკაცობისთვის ბრძოლაში, ბოლშევიკი ლიდერებისგან განსხვავებით, ჰქონდა რამდენიმე უპირატესობა, რომელთაგან უმთავრესი იყო რუსული სინამდვილის ღრმა და საფუძვლიანი ცოდნა. ჰქონდა კიდევ ერთი უპირატესობა – ტროცკი, ზინოვიევი და კამენევი წარმოუდგენლად მშიშრები, ლაჩრები იყვნენ, სტალინს კი სიკვდილის შიში დაკარგული ჰქონდა: ის ან უნდა მომკვდარიყო, ან რუსეთის ერთპიროვნული მმართველი გამხდარიყო. ტროცკისა და სტალინის ურთიერთობიდან ცნობილია ერთი ამბავი, რომელიც 1918 წელს ცარიცინის ფრონტზე მოხდა. იმ დროს ლევ ტროცკი საბჭოთა რუსეთის სამხედრო რევოლუციური საბჭოს თავმჯდომარე, ანუ პრაქტიკულად უმაღლესი მთავარსარდალი იყო, სტალინი კი საბჭოთა რუსეთის მთავრობის საგანგებო რწმუნებული. ტროცკი და სტალინი ერთმანეთს შეეჯახნენ არმიის შტაბის ვაგონში. გაცხარებულმა ტროცკიმ სტალინს უთხრა: მე ახლა შენ დაგაპატიმრებ, მოსკოვში გაგგზავნი, სადაც სამხედრო ტრიბუნალი გაგასამართლებს და დაგხვრეტსო... სტალინმა ტროცკის მშვიდად უპასუხა: მე ახლა შენ დაგაპატიმრებ, არსადაც არ გაგაგზავნი, ვაგონიდან ჩაგიყვან და აქვე დაგხვრეტო. ტროცკი შეშინდა და უკან დაიხია. მასზე კიდევ უფრო მშიშრები და უუნარონი იყვნენ ზინოვიევი და კამენევი და კიდევ უფრო ცუდად იცნობდნენ რუსულ სინამდვილეს.
დე-ფაქტო ხელისუფლების სათავეში მყოფი სტალინი შეუდგა თავისი გეგმის განხორციელებას, რომელიც კიდევ უფრო სწრაფი ტემპით ხორციელდებოდა სტალინის ხელისუფლების სათავეში დე-იურე მოსვლის შემდეგ. ზოგადად, ამ გეგმას შეიძლება ვუწოდოთ – „სტალინის დიდი ექსპერიმენტი”. მისი განხორციელება კი დაიწყო 150 მილიონ ადამიანზე. ძალზე გონებამახვილური შენიშვნა გააკეთა ამასთან დაკავშირებით ილია ჭავჭავაძის დისწულმა, კონსტანტინე აფხაზმა: ბოლშევიკებმა რუსეთი ლაბორატორიად აქციესო.
პირველი დასკვნა, რომელიც სტალინმა გააკეთა ასეთი იყო: რუსული სამყარო უნდა დარჩეს იზოლირებული ევროპისა და დანარჩენი მსოფლიოსგან. თუ რუსეთში ევროპული აზროვნება დამკვიდრდებოდა, სტალინისთვის ზესახელმწიფოს მართვა შეუძლებელი გახდებოდა. სტალინის ექსპერიმენტი რუსული სამყაროსთვის იყო გათვლილი. ამასთან დაკავშირებით, უინტერესო არ იქნება გავიხსენოთ ნაპოლეონის ერთი გამონათქვამი. ნაპოლეონს ჰკითხეს: ნუთუ არ იცოდით, რომ რუსეთს, ამ უზარმაზარ სახელმწიფოს, ვერ დაიპყრობდითო?! მან უპასუხა: „მე რუსეთის დაპყრობა არ მინდოდა, მე მინდოდა, რუსეთი ევროპის ნაწილად მექცია, რისთვისაც, რუსეთის სამხედრო დამარცხება იყო საჭირო.”
მეორე დასკვნა, რომელიც სტალინმა გააკეთა შემდეგი გახლდათ: პირველმა მსოფლიო ომმა და შემდგომ რევოლუციამ, რუსეთში ხალხის მასა (გლეხები, მუშები, ჯარისკაცები) მოიყვანა მოძრაობაში და დაარწმუნა, რომ ქვეყნის ბედი მათზეა დამოკიდებული. სტალინს უნდა დაემტკიცებინა პირიქით, რომ გლეხს, მუშასა და ჯარისკაცს არაფერი ეკითხებოდა ქვეყნის მართვა-გამგეობაში. ანუ, მინიმუმამდე შეეზღუდა მასების სოციალური აქტივობა. სტალინმა კარგად იცოდა რუსეთის ისტორია, იცოდა ის, რომ სოციალურად აქტიური მასა რუსეთში ძალზე საშიში იყო. მასების გააქტიურებას მეჩვიდმეტე-მეთვრამეტე საუკუნეებში რუსეთში მოჰყვა გლეხთა 3 ომი: ივანე ბოლოტნიკოვის, სტეფანე რაზინისა და ემელიანე პუგაჩოვის მეთაურობით. ამ ომების ხასიათს უფრო ზუსტად გამოხატავს რუსული სიტყვა „ბუნტი”, ის ბუნტი, რომლის შესახებაც პუშკინი წერდა: „ღმერთმა ნუ ქნას რუსული ბუნტი, ყველაზე დაუნდობელი და ყველაზე უაზრო”. რუსეთი კი სწორედ დაუნდობელი და უაზრო ბუნტისკენ მიექანებოდა.
სტალინის მიერ გაკეთებული მესამე დასკვნა ასეთი იყო: რუსეთში უნდა განხორციელებულიყო პრიმიტიული ქონებრივი გათანაბრება. რაც მოსპობდა სოციალური აფეთქების საფუძველს.
სტალინის უშუალო ხელმძღვანელობით ამუშავდა დიდი პროპაგანდისტული მანქანა, რომელიც ლაფში სვრიდა დასავლეთ ევროპის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და საციალურ სისტემას. პროპაგანდისტული მანქანა იმდენად კარგად მუშაობდა, რომ ევროპა, როგორც დიდი საფრთხე და ბოროტება რუსეთისთვის, დიდხანს დარჩა რუსი „მუჟიკის” შეგნებაში. ამ შეხედულების მსხვრევა, მხოლოდ მეორე მსოფლიო ომის წლებში დაიწყო.
თუ რუსეთში ხალხის მასები პოლიტიკურად აქტიური დარჩებოდა, მაშინ სტალინის ექსპერიმენტს უდიდესი საფრთხე ელოდა. პოლიტიკური აქტივობა სტალინმა მოსპო საშინელი ტერორით, – სოფლად და ქალაქად. ზოგჯერ ადამიანი სიკვდილით ისჯებოდა არა იმიტომ, რომ რაღაც განსაკუთრებული დანაშაული ჰქონდა ჩადენილი, არამედ სხვების დაშინების მიზნით. რომანოვი იმპერატორები უზარმაზარ რუსეთს მართავდნენ პრონციპით: „აზრის გამოთქმის უფლება ხალხს, ძალაუფლება – მეფეს”. სტალინმა ეს პრინციპი დაახლოებით ასე შეცვალა: „ხალხისგან აზრის გამოთქმა საჭირო არ არის, ქვეყნის მართვა ამის გარეშეც შეიძლება”. ამ დროიდან დაწყებული სტალინი პოლიტიკურ ცხოვრებაში ამკვიდრებს პრინციპს: „ვინც ჩვენთან არ არის ის ჩვენ წინააღმდეგაა”. უზარმაზარ რუსეთში ამ პრინციპის გატარება ბევრს ყოვლად შეუძლებლად მიაჩნდა. მეოცე საუკუნის 30-იანმა წლებმა დაადასტურა, რომ დიდი სისხლის ფასად, სტალინმა ეს პრინციპი მაინც გაატარა.
ქალაქისა და სოფლისაგან განსხვავებით, შედარებით რთული ვითარება იყო არმიაში. პირველმა მსოფლიო ომმა კარდინალურად შეცვალა რუსი ჯარისკაცისა და ოფიცრის ფსიქიკა. ჯარისკაცებში ფეხი მოიკიდა დაუმორჩილებლობამ, დაუსჯელობამ, მისწრაფებამ ყველაფერი ძალით გადაეჭრათ. რეპრესიები არმიაში დიდ საფრთხესთან იყო დაკავშირებული. სტალინი რისკზე ვერ წავიდოდა. ამიტომ მან პროფესიული არმია საერთოდ დაშალა, რომელიც მხოლოდ 9-10 წლის შემდეგ აღადგინა. სტალინმა კარგად იცოდა, რომ სოციალური თანასწორობის იდეა ძალზე პოპულარული იყო რუსი „მუჟიკის” შეგნებაში. ქალაქში სოციალური თანასწორობის განხორციელება შედარებით ადვილი იყო. ბურჟუაზიას ერთბაშად ჩამოერთვა ქონება, ხოლო ფაბრიკებსა და ქარხნებში მუშების ხელფასი ყველგან სახელმწიფოს მიერ რეგულირდებოდა. სახელმწიფოს მიერვე რეგულირდებოდა წარმოება-დაწესებულებების თანამშრომელთა ხელფასებიც. ქალაქის მოსახლეობა ქონებრივი თვალსაზრისით გათანაბრდა.
გაცილებით მძიმე სიტუაცია იყო სოფლად. სოფლის მოსახლეობა დაიშალა 3 ფენად: უღარიბეს გლეხებად, საშუალო გლეხებად და მდიდარ გლეხებად, ანუ კულაკებად. ეს იყო გამოჩენილი რუსი პოლიტიკური მოღვაწის, რუსეთის იმპერიის მთავრობის თავმჯდომარის, პეტრე სტოლიპინის პროექტის განხორციელების შედეგი. სტოლიპინი ფიქრობდა, რომ მდიდარი გლეხობა, კულაკობა რუსეთის სახელმწიფოს საყრდენი იქნებოდა სოფლად. სტოლიპინი შეცდა. კულაკობამ (მთელი გლეხობის 7-8 პროცენტი) ვერ გაანეიტრალა უღარიბესი გლეხობის (მთელი გლეხობის 60-65 პროცენტი) მისწრაფება სოციალური ამბოხისკენ. სხვა გზით წავიდა სტალინი. ის მიწას გლეხობას ვერ წაართმევდა, რადგან წლების განმავლობაში ბოლშევიკები მიწას ჰპირდებოდნენ გლეხებს. სამაგიეროდ, კოლექტიური მეურნეობების შექმნით და მასში გლეხობის გაერთიანებით, სტალინმა შესაძლებლობა მიიღო, მოეხდინა გლეხობის შემოსავლის რეგულირება. შედეგად, უზარმაზარ რუსეთში მრავალმილიონიან გლეხთა მასას, პრინციპში, ერთნაირი შემოსავალი ჰქონდა. კოლექტივიზაციის მოწინააღმდეგე მდიდარი გლეხების ფენა ფიზიკურად გაანადგურეს. ასე დაამშვიდა რუსული ქალაქი და სოფელი სოციალური და ეკონომიკური გათანაბრებით იოსებ სტალინმა. სოციალური აფეთქების საფრთხის მოსპობა ქალაქსა და სოფელში და ასევე არმიაში, სტალინს აძლევდა იმის საშუალებას, მშვიდად გაეგრძელებინა დიდი ექსპერიმენტი.
ვახტანგ გურულის
მასალების მიხედვით მოამზადა