კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ იყო ერთადერთი ქართველი, რომელიც, კარგი განათლების გამო, მეფისნაცვალმა დიდი მთავრის, მიხეილ ნიკოლოზის ძის მამულების მმართველის თანაშემწედ მიიწვია

მრავალი ათეული წლის წინ, ახლად დაარსებული პროფესიული ქართული თეატრის დასის დედაბოძად მიიჩნეოდნენ: მაკო საფაროვა, ნატო გაბუნია, ვასო აბაშიძე და კოტე ყიფიანი. საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმში დაცულ სწორედ კოტე ყიფიანის ფოტოკოლექციასა და მის სახელთან დაკავშირებულ ნივთებსა თუ პიროვნებებზე ჩვენს ინტერვიუში მუზეუმის მემორიალური  და ხელოვნების ნიმუშთა ფონდის მცველი მაია ნაგლაძე გვესაუბრება.
– ცნობილი ქართველი მსახიობი კონსტანტინე (კოტე) ყიფიანი დაიბადა 1849 წელს თბილისში, გამოჩენილი ქართველი საზოგადო მოღვაწის, დიმიტრი ყიფიანის ოჯახში, რომელიც 2007 წელს საქართველოს საპატრიარქომ წმიდანად შერაცხა. მომავალი მსახიობის, კოტე ყიფიანის ამქვეყნად მოვლინება იმთავითვე თეატრთან იყო დაკავშირებული.
– რას გულისხმობთ?
– იმ დღეს, როდესაც იგი დაიბადა, კავკასიის მთავარმართებელს, ვორონცოვს, თავის სასახლეში წარმოდგენა ჰქონია, რომელზეც მიპატიჟებული იყო იმდროინდელი თბილისის წარჩინებული საზოგადოება, მათ შორის დიმიტრი ყიფიანი მეუღლითურთ. მიუხედავად ფეხმძიმობისა, ნინო ყიფიანიც არ გამოჰკლებია ამ მნიშვნელოვან ღონისძიებას. სპექტაკლის მსვლელობის დროს მას მშობიარობის მოახლოება უგრძნია და სასწრაფოდ შინ დაბრუნებულა. მოგვიანებით კოტე თავის მოგონებაში – „ჩემი არტისტული თავგადასავალი” – წერს: დედაჩემს რომ შინ წასვლა დაეგვიანა, წარმოდგენის დროს გავჩნდებოდი შუა დარბაზშიო.
– რა არის ცნობილი კოტე ყიფიანის ბავშვობიდან?
– კოტე ძალიან ცელქი ბავშვი ყოფილა და, როგორც მისი ბიოგრაფი ივანე გომართელი აღნიშნავს, ათასგვარი ფათერაკი გადახდენია თავს. მოგეხსენებათ, დიმიტრი ყიფიანი ევროპულად განათლებული კაცი იყო და შვილების განათლებასაც დიდ ყურადღებას უთმობდა.
კოტემ დაწყებითი განათლება ოჯახში მიიღო. 9 წლის ასაკში იგი სახაზინო სასწავლებელში მიაბარეს. მას ბავშვობიდანვე აღმოაჩნდა მხატვრობის ნიჭი და მამამ, სხვა საგნის პედაგოგებთან ერთად, ხატვის მასწავლებლად სახელგანთქმული ბრიულოვის მოწაფე, მხატვარი ბაბევი აუყვანა. კოტე დიდი ყურადღებითა და მონდომებით ეუფლებოდა ფერწერას და გარკვეული წარმატებებიც ჰქონდა. მან პეტერბურგის სამხატვრო აკადემიის ფერწერის კლასში განაგრძო სწავლა. კოტე ბედნიერი იყო, რომ საყვარელი საქმის შესწავლის საშუალება მიეცა, თუმცა, ეს ბედნიერება ხანმოკლე აღმოჩნდა.
– რატომ? რა იყო იმის მიზეზი, რომ კოტე ყიფიანი ვერ შედგა როგორც მხატვარი და მისი კარიერა სულ სხვა გზით წარიმართა?
– თვალის მძიმე დაავადება გახდა მიზეზი იმისა, რის გამოც კოტე ყიფიანი იძულებული შეიქნა, აკადემიაში სწავლისთვის თავი დაენებებინა.
– ამის შემდეგ რა გზას დაადგა ის?
– რაკი მხატვრად გახდომის ოცნება ვერ აიხდინა,  კოტე ყიფიანი ახალი ასპარეზის ძიებას შეუდგა. ამ მიზნით იგი გადავიდა მოსკოვში და შევიდა ახლად დაარსებულ პეტრე პირველის სახელობის ეგრეთ წოდებულ პეტროვსკო-რაზუმოვსკის სამიწათმოქმედო და სატყეო აკადემიაში, სადაც ოთხი წელი სწავლობდა, მაგრამ, ბოლომდე ვერც ეს სასწავლებელი დაასრულა.
– ამჯერად რამ შეუშალა მას ხელი?
– ოჯახურმა პირობებმა. 1873 წლიდან კოტე ყიფიანი სახელმწიფო სამსახურში შედის. ის მუშაობას იწყებს აქციზის ქუთაისის მესამე განყოფილების ზედამხედველის უმცროს თანაშემწედ. აქ მან 13 თვეს იმუშავა, რის შემდეგაც მეფისნაცვალმა დიდი მთავრის, მიხეილ ნიკოლოზის ძის ბორჯომის მამულების მმართველის  თანაშემწედ მიიწვია. ამ თანამდებობაზე მისი მიწვევის მიზეზი ის გახლდათ, რომ იმ დროს საქართველოში კოტე ყიფიანი იყო ერთადერთი ქართველი, რომელსაც მიღებული ჰქონდა უმაღლესი სამეურნეო განათლება. ახალ თანამდებობაზე მან თავი გამოიჩინა. ამ პერიოდში აწარმოებდა კოტე ყიფიანი მეცნიერული ხასიათის დაკვირვებებს, რომელთა საფუძველზეც მომავალში დაწერა მეცნიერული შრომები: „ქვეყანა, ბუნება და ადამიანი”, „მცენარე და ადამიანი”, „საუბარი ბუნების შესახებ”,  „ზოგიერთი ცნობა ბორჯომის ისტორიიდან” და სხვა. შეადგინა ქართულ-რუსულ-ლათინური ბოტანიკური ლექსიკონი. კოტემ მამამისსა და დიდ მთავარს შორის ბორჯომის მამულების თაობაზე ატეხილი დავის გამო დაანება სასმსახურს თავი და ამის შემდეგ კოტე ყიფიანს სახელმწიფო სამსახურში აღარ უმუშავია. იგი მხოლოდ და მხოლოდ  სცენას ემსახურებოდა. კოტე ყიფიანი სიცოცხლეშივე ითვლებოდა ქართული სამსახიობო რეალისტური სკოლის ფუძემდებლად.
– როგორ ვითარდებოდა კოტე ყიფიანის სამსახიობო კარიერა?
– სცენაზე კოტე ყიფიანი პირველად თბილისში გამოვიდა 1865 წელს – სცენისმოყვარეთა ერთ-ერთ საქველმოქმედო წარმოდგენაში მან შეასრულა პაჟის როლი მოლიერის კომედიაში „ძალად ცოლის შერთვევინება”, რომლის თარგმანიც დიმიტრი ყიფიანს ეკუთვნოდა. კოტე ყიფიანის დებიუტი სცენაზე ერთგვარი კურიოზით დასრულდა, ამიტომ, მან როლების შესრულებაზე უარი განაცხადა და თითქმის ათი წლის განმავლობაში სუფლიორად მუშაობდა. 1875 წელს იგი კვლავ გამოჩნდა სცენაზე და დიდი წარმატებით შეასრულა გიქოს როლი სუნდუკიანცის პიესაში „პეპო”. 
– შემდეგ როგორ გრძელდება კოტე ყიფიანის ცხოვრება?
– 1879 წელს დიმიტრი ყიფიანის, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, გიორგი თუმანიშვილის, დავით ერისთავის, ნიკო ავალიშვილის, ალექსანდრე სარაჯიშვილის, ნიკო ნიკოლაძისა და სხვათა თაოსნობით ჩამოყალიბდა პროფესიული ქართული თეატრის დასი. ამ დასის დედაბოძებად აყვანილ იყვნენ: მაკო საფაროვა, ნატო გაბუნია, ვასო აბაშიძე და კოტე ყიფიანი. ამ დასმა დაარსების წელსვე წარმოადგინა ბარბარე ჯორჯაძის პიესა „რას ვეძებდი და რა ვპოვე”.
– მართალია, რომ კოტე ყიფიანი რუსულ დასშიც იღებდა მონაწილეობას?
– დიახ, ხანდახან. განსაკუთრებით, ოსტროვსკის პიესაში – „შემოსავლიანი ადგილი”, გენერალ ვიშნევსკის როლის შემდეგ უნდოდათ მისი გადაბირება რუსულ სცენაზე და სანაცვლოდ დიდ მომავალსაც ჰპირდებოდნენ, მაგრამ, ვერა და ვერ დაიყოლიეს – კოტემ მშობლიური სცენის ჭირ-ვარამის გაზიარება არჩია სხვაგან დალხინებას. ის 50 წლის განმავლობაში ემსახურა ქართულ სცენას და, როგორც მშობლიური, ისე რუსული და ევროპული დრამატურგიის თითქმის ყველა საყურადღებო პიესა გააცნო თავის აუდიტორიას.
მიუხედავად იმისა, რომ კოტე ყიფიანი პროფესიონალი მსახიობი იყო, იგი ხშირად მონაწილეობდა სცენისმოყვარეთა და სახალხო სახლის სპექტაკლებშიც. აღსანიშნავია, რომ იგი არა მხოლოდ საუკეთესო მთავარი როლებით კავდებოდა, არამედ, ხშირად ეს როლები სცენისმოყვარეთათვის დაუთმია, რჩევა-დარიგებაც მიუცია და თვითონ პატარა როლი შეუსრულებია, რომ მისი ავტორიტეტის წყალობით, სპექტაკლზე მეტი მაყურებელი მისულიყო.
– ეს ყველაფერი იმაზე მიანიშნებს, რომ მას სიცოცხლეშივე არ აკლდა დიდი სიყვარული და დაფასება მაყურებელთა მხრიდან.
– მართლაც ასე იყო. კოტე ყიფიანს სხვადასხვა დროს გადაუხადეს შემოქმედებითი მოღვაწეობის 25 და 45 წლისთავი. მან 120-ზე მეტი სახე შექმნა ქართულ თეატრში. კოტე ყიფიანი გარდაიცვალა 1921 წელს. დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
 კინოს, თეატრის, მუსიკისა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმში დაცულია კოტე ყიფიანის ფოტოკოლექცია, არქივი და ერთადერთი ნიმუში მისი პირადი ნივთებიდან – ეს არის საათი. ყველა ამ ექსპონატს უდიდესი სიმბოლური და ისტორიული მნიშვნელობა აქვს.
– როგორ და როდის მოხვდა ზემოთ აღნიშნული საათი მუზეუმში?
– მუზეუმში კოტე ყიფიანის საათი მოხვდა 1954 წელს, ქვიშხეთში მცხოვრები ანეტა ყაზიშვილისგან. საათი ბატონი კოტეს მეუღლეს, ქალბატონ ნინოს გადაუცია მისთვის. მუზეუმმა ეს საათი ქალბატონი ანეტასგან 1 500 მანეთად შეიძინა ამავე 1954 წელს. სამწუხაროდ, ბატონი კოტეს პირადი ნივთებიდან, ეს ერთადერთია,  რაც ჩვენს მუზეუმშია დაცული. რაც შეეხება არქივსა და ფოტომასალას, ის ძალიან მრავალფეროვანია.

скачать dle 11.3