ვინ იყო კანონიერი ქურდი „შტო“ და რატომ მოიჭრა მან ენა
რიგით მეცამეტე
ფურგონიანმა „მოსკვიჩმა“ ენგელსის გამზირი გადაკვეთა. გორკის სახელობის პარკს გვერდი აუარა და საქარხნო რაიონისკენ აიღო გეზი. ინკასაციის მანქანაში სამი კაცი იჯდა: მძღოლი, მოლარე და „ტეტეს“ პისტოლეტით შეიარაღებული მილიციის სერჟანტი ვოვა დემიჩევი. ის 19 წლის იყო და ინსტიტუტში დაუსწრებელ ფაკულტეტზე სწავლობდა, პარალელურად კი, როსტოვის მილიციაში მუშაობდა. „მოსკვიჩის“ მგზავრებს 350 ათასი მანეთი მიჰქონდათ მექანიკური ქარხნის მუშებისთვის, რომლებიც მოუთმენლად ელოდნენ ხელფასს.
„მოსკვიჩი“ მდინარე დონის მარჯვენა სანაპიროზე მისრიალებდა და ეგრეთ წოდებულ გარაჟებს გასცდა, როცა გზაზე ორი ავტომატიანი მამაკაცი გადაუდგა. მათ ნიღბები ეკეთათ. ერთმა ბორბლებს ესროლა, მეორემ კი, წინა საქარე მინა დაცხრილა, რის შედეგადაც მანქანა ამოტრიალდა. თავდამსხმელები „მოსკვიჩთან“ მიცვივდნენ და ფულით სავსე ორი ტომარა აიღეს. შემდეგ დონის ნაპირას, მოტორიან კატერში ჩასხდნენ და იქაურობას სასწრაფოდ გაეცალნენ. შემთხვევის ადგილზე მისულ მილიციას ორი მოკლული და მძიმედ დაჭრილი მილიციის სერჟანტი დახვდათ.
– მდაა, – თავი გააქნია გაიოზ ფიფიამ, რომელიც იმ პერიოდში როსტოვის ოლქის მილიციის სამძებროს უფროსი იყო. ბოლო ოთხი თვის განმავლობაში, ოლქის მასშტაბით ეს მეცამეტე შემთხვევაა...
იდუმალი ბოროტმოქმედები
პოლკოვნიკი გაიოზ ფიფია მთელ როსტოვსა და როსტოვის ოლქში იმით იყო ცნობილი, რომ ძმები ტოლსტოპიატოვების გამოაშკარავებასა და დაპატიმრებაში მიუძღოდა დიდი წვლილი. ტოლსტოპიატოვები ანალოგიურ დანაშაულს სჩადიოდნენ. ისინი რამდენიმე წლის წინ დახვრიტეს. იდუმალი დამნაშავეები კი, ცნობილ ძმებზე მეტად თავხედურად მოქმედებდნენ და უაღრესად თავზეხელაღებულები იყვნენ. თანაც, აჩრდილივით მოუხელთებელნი. „როსტოვის ისტორიით“ მოსკოვიც დაინტერესდა. ეს საქმე პირად კონტროლზე მინისტრმა ნიკოლაი შჩოლოკოვმა აიყვანა და საქმის გახსნა და დამნაშავეების დაპატიმრება, აგრეთვე გატაცებული 2 მილიონ 165 ათასი მანეთის დაბრუნება მოითხოვა.
ფიფიამ მთელი აგენტურული ქსელი ფეხზე დააყენა, მაგრამ – უშედეგოდ. ბოლოს დახმარებისთვის შავ სამყაროსაც მიმართა და როსტოვის ოლქის „მაყურებელს“ შეხვდა, რომელიც იმ პერიოდში ციხეში იჯდა.
51 წლის ქურდი, მეტსახელად „შტო“, რომელიც როსტოვის ციხის ქურდული საკნიდან გამოიყვანეს, საოლქო მილიციის სამმართველოში მიიყვანეს ფიფიასთან.
– შტოს ვახლავარ, როგორ ხარ, როგორ მიდის შენი ცხოვრება? – ძველი მეგობარივით მოიკითხა პოლკოვნიკმა ავტორიტეტული ქურდი.
– ციხეში როგორ ვიქნები? გეტყობა, რაღაც ძალიან გიჭირს, პეტროვიჩ, თორემ აქ არ მომიყვანდი და არც ასეთ დალნი ზახოდებს დამიწყებდი, – მიუგო შტომ.
პოლკოვნიკს გაეცინა, მაგრამ სიტყვა ბანზე აუგდო და იმავე სტილით განაგრძო:
– რა ვიცი, კი დაგიჩემებიათ ქურდებს, ციხე ჩვენი სახლიაო და საკუთარ სახლში ცუდად ყოფნა იქნება?
– მე არ მითქვამს, ცუდად ვარ-მეთქი. მაგრამ გარეთ რომ ვიყო, უკეთესად ვიქნებოდი.
– ჰოდა, სწორედ ამ თემაზე სასაუბროდ მოგიწვიე. თუ ყველაფერი კარგად იქნება, მაშინ სროკს ჩამოგაჭრიან და 6 თვეში გარეთ იქნები. მოსულა?
– პეტროვიჩ, პეტროვიჩ, ვიშოკები და ყველაფერი მეჩვენება? 6 წელი დამრჩა გასვლამდე და 6 თვეში ვინ გამიშვებს? მაგრამ, თუ სიმართლეს ამბობ, მაშინ, რაღაც საშინელებას მთავაზობ. ასეა თუ ვცდები?
– ცდები, ცდები, არავითარი საშინელება, უბრალოდ, პატარა დახმარება გვინდა დიდ საქმეში და თუ დაგვთანხმდები, მაშინ საყოველთაო სიკეთეს ჩაიდენ.
– მაინც, რას ითხოვთ ჩემგან?
– რას და იმ ნაბოზარი „ბესპრედელშჩიკების“ გამოაშკარავებას, რომლებიც ამ ბოლო თვეების განმავლობაში ნამდვილ ჯოჯოხეთს ატრიალებენ ჩემდამი რწმუნებულ ტერიტორიაზე, რომელიც სხვათა შორის, შენიცაა.
– „ნალოტჩიკებზეა“ ბაზარი?
– ბაზარი მარტო იმაზე კი არაა, რომ მათ 2 მილიონ მანეთზე მეტი მაყუთი აითვისეს, არამედ, საქმე ისაა, რომ მათ 16 ტრუპი ჰყავთ.
– გასაგებია, მაგრამ ვერაფრით დაგეხმარებით, – თავი გააქნია შტომ, – მე ქურდი ვარ და არა ნასედკა. თან, ეს ისეთი საქმე ჩანს, რომ ვიღაც უცხო სასტავი ჩალიჩობს და ინფორმაცია ჩემამდე ვერ მოაღწევს.
– შენ რომ მოინდომო, მოაღწევს.
– არა, პეტროვიჩ, არა! მე ქურდი ვარ და არა მაძებარი, ან ნასედკა. გეთანხმები, რომ ნაძირლების სასტავია, მაგრამ ბოზობა ბოზობაა და მნიშვნელობა არ აქვს, თუ ვის ჩაუშვებ.
– შტო, ეს შენი საბოლოო სიტყვაა?
– საბოლოო, პეტროვიჩ, არ შემიძლია.
– რა გაეწყობა, მაგრამ ერთს გეტყვი, ადამიანი მანამ არ მოეგება ხოლმე გონს, სანამ პირადად მას არ მიაკითხავს უბედურება. შენ ეს, რა თქმა უნდა, ფეხებზე გკიდია, მაგრამ ახლა იმ 16 მოკლულის ახლობლებს ჰკითხე?
– მაპატიე, პეტროვიჩ, მაგრამ, არა! – თქვა შტომ და ფიფიას კაბინეტი ბადრაგის თანხლებით დატოვა.
პატარა გრიშკა
როსტოვისა და როსტოვის ოლქის „მაყურებელი“, კანონიერი ქურდი, მეტსახელად შტო, იგივე გრიგორი პავლოვი იყო. გრიშკა-უფროსი, როგორც მას მეორენაირად ეძახდნენ, ცოლშვილიანი იყო და ქალ-ვაჟი ჰყავდა. ბიჭი დაოჯახებული გახლდათ და უკვე 6 წლის შვილი ჰყავდა – პატარა გრიშკა, რომელსაც ეს სახელი ბაბუის პატივსაცემად დაარქვეს.
შტოს და პოლკოვნიკ ფიფიას საუბრიდან მესამე დღეს, იდუმალმა მძარცველებმა მორიგი თავდასხმა განახორციელეს. ისინი როსტოვ-ნოვოჩერკასკის ტრასაზე საინკასაციო მანქანას დახვდნენ და ცეცხლი გაუხსნეს. თუმცა, ამჯერად მანქანა დაჯავშნილი აღმოჩნდა და დიდი სისწრაფით ჩაუქროლა თავდამსხმელებს. სამაგიეროდ, ბოროტმოქმედების მიერ ნასროლი ბრმა ტყვია 6 წლის გრიგორი პავლოვს მოხვდა ფეხში და პატარას მარჯვენა ფეხი მოჰკვეთეს. ბავშვი, რომელსაც ფეხის ამპუტაცია გაუკეთეს, პატარა გრიშკა პავლოვი იყო, რომელიც როსტოვის კლინიკური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს.
როდესაც ეს საშინელი ამბავი შტოს შეატყობინეს, მან სიმწრისგან მგელივით დაიყმუვლა, საკნის კედელს თავი მიარტყა და უგონოდ დაეცა ძირს. პატიმრებმა ის ჯერ ნარზე დააწვინეს, შემდეგ კი ექიმს დაუძახეს. შტო საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ტოტალური ძებნა
როგორც კი შტოს გონება დაუბრუნდა, მან ჯერ შვილიშვილის ჯანმრთელობა იკითხა, შემდეგ კი ფიფიას სთხოვა მასთან მისვლა. პალატაში შესულ პოლკოვნიკს უთხრა:
– ღმერთმა დამსაჯა, პეტროვიჩ და მზად ვარ, ეს ნაბოზრები ჩაგაბარო. ამისთვის კი, სხოდკა უნდა მოვაწყო. აი, ეს ხალხი უნდა მომიყვანო აქ, – პოლკოვნიკს შტომ საჭირო ადამიანების სია გადასცა.
პოლკოვნიკმა შტოს სია გამოართვა, ჯიბეში ჩაიდო და უთხრა:
– უპირველესად, შენი უბედურების თანამონაწილე ვარ და თუკი რამე შემეძლება, ყველაფერს გავაკეთებ. ჩემი სიტყვები ისევ ძალაშია და ამ ნაბოზრებს თუ დაგვაჭერინებ, 6 თვეში გაგიშვებენ ციხიდან.
– მადლობა ღმერთს, რომ ჩემი გრიშკა ცოცხალი გადარჩა. ის ნაბოზრები კი, თუ ეშმაკები არ არიან, მაშინ აუცილებლად ჩვენს ხელში აღმოჩნდებიან. ახლა კი დროს ნუ კარგავ და საჭირო ხალხი მოიყვანე აქ!
ფიფია წავიდა. 2 საათის შემდეგ კი როსტოვის ციხის საავადმყოფოში ქალაქის ყველა გავლენიანი ავტორიტეტი შეიკრიბა. ისინი ყურადღებით უსმენდნენ შტოს:
– ძმებო, ჩვენს ქალაქს და რაიონს ვირთხები შემოესივნენ, რომლებიც არავის ინდობენ. მათ არც ბავშვი იციან და არც დიდი. უმისამართოდ ისვრიან და ყველას ბრიდავენ. ჩვენი წმიდათაწმიდა ვალია, ამ ბესპრეძელს წინ აღვუდგეთ! მე, როგორც ამ ადგილის მაყურებელი, მათზე ვაცხადებ ტოტალურ ძებნას და თქვენი ვალია, მათი ცოცხლად შეპყრობა. ხოლო, როცა ეს მოხდება და მე შემატყობინებთ, მათ ბედს მერე გადავწყვეტთ. ვიმეორებთ, ისინი უვნებლად უნდა შევიპყროთ და თმის ღერიც არ უნდა ჩამოუვარდეთ თავიდან.
შტოს სიტყვას შავ სამყაროში კანონის ძალა ჰქონდა. როსტოველმა კრიმინალებმა მკვლელ-მძარცველების ტოტალური ძებნა დაიწყეს.
ორმაგი განაჩენი
მთელი როსტოვი და როსტოვის ოლქი ფეხზე დადგა. ყველა პირსისხლიან მძარცველებს ეძებდა. ოთხი დღის შემდეგ, „პარტიზანას“ ბრიგადის ბიჭებმა შეიტყვეს, რომ ამ საშინელებებს როსტოვისა და მის ოლქში ლოვა მოვსესიანის ბანდა, ანუ „რაზდანას“ ბიჭები სჩადიოდნენ.
რაზდანა წარმოშობით როსტოველი იყო და შავი სამყაროს წევრად მიიჩნევდა თავს. თუმცა, მას არანაირი გავლენა არ ჰქონდა იქ და ერთ მშვენიერ დღეს, საკუთარი ბანდის შექმნა და თავისი სიტყვის თქმა გადაწყვიტა საბჭოთა კავშირის ქურდების დედაქალაქში. რაზდანას ბანდაში მოვსესიანის გარდა, კიდევ ორი წევრი – არმენ ხითარიანი და არტურ პეტროსიანი შედიოდნენ. თუკი რაზდანა უმუშევარი იყო და კანონიერ ქურდობაზე ოცნებობდა, ხითარიანი და პეტროსიანი მუშაობდნენ. პირველი მათგანი მეწაღე იყო, მეორე კი – მებათქაშე. პარტიზანამ და მისმა მეგობრებმა მკვლელები მოვსესიანის ბინაში შეიპყრეს და ისინი ქალაქგარეთ, ერთ-ერთ სარდაფში გამოამწყვდიეს. შემდეგ კი ყველაფერი შტოს შეატყობინეს, რომელიც ისევ ციხის საავადმყოფოში იწვა. შტომ ფიფიას შვილიშვილის მონახულების ნება სთხოვა და რომ მიიღო, უიარაღო ბადრაგს ხელიდან დაუსხლტა. შემდეგ ქალაქგარეთ გაემართა და იმ სარდაფში მივიდა, სადაც მძარცველები თავდაყირა ჰყავდათ დაკიდებული...
შტომ ჯერ მათი უმოწყალო ცემით იჯერა გული, შემდეგ სამართებლით დაუსერა სხეული და ჭრილობებში მარილი ჩააყარა. ბოლოს კი ბენზინის მოტანა უბრძანა ხელქვეითებს, რათა მძარცველები ცოცხლად დაეწვა. ამ დროს ფიფია და მისი ოპერჯგუფი შეცვივდნენ და ნაძირალა მძარცველები საშინელ სიკვდილს გადაარჩინეს. შტო ჯერ ციხეში დააბრუნეს, თუმცა 6 თვის შემდეგ გაათავისუფლეს და რაზდანას სასამართლოზე მოწმედ გამოიძახეს. როდესაც მოსამართლემ მძარცველებს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა, რაზდანამ შტოს დაუყვირა:
– შტო, შე ბოზო!
კანონიერი ქურდი პირველად ისმენდა ასეთ შეურაცხყოფას. ამიტომ, ის ვეფხვივით გაქანდა მსჯავრდებულისკენ. ორი ბადრაგი ჩამოიცილა, შემდეგ პირდაპირ რაზდანას დაეტაკა, წააქცია და კბილებით ეცა ყელში.
სიკვდილმისჯილი მკვლელი ტურასავით აკივლდა. მის დასახმარებლად ბადრაგი და მილიცია ძალისხმევას არ იშურებდნენ და როგორც იქნა, შტო მას რის ვაი-ვაგლახით ააცალეს. რაზდანა უკვე ხროტინებდა, ხოლო მისი გადაღრღნილი საძილე არტერიიდან სისხლი ასხამდა. მძარცველი საავადმყოფოში გააქანეს, თუმცა გზაში გარდაიცვალა და სასჯელის აღსრულება არ დასცალდა. ამ შემთხვევის შემდეგ დანარჩენი ორი მძარცველი ნოვოჩერკასკის ციხეში გაამწესეს და იქ სამ თვეში დახვრიტეს.
ციხეში დააბრუნეს შტოც და მას 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. თუმცა, 8 თვეში ისევ გაათავისუფლეს, მიუხედავად იმისა, რომ შტომ თვითონ გამოუტანა საკუთარ თავს განაჩენი. მან ჯერ ქურდობაზე თქვა უარი, ბოლოს კი ენა მოიჭრა და თავი დაიმუნჯა.