რატომ დაბრუნდა გაქცეული სტალინი გადასახლების ადგილას და რატომ ვერ უმტკიცებდა ჟანდარმერია მას დანაშაულს
იოსებ სტალინი ბევრჯერ დააპატიმრეს და გადაასახლეს. წყაროებში მისი დაპატიმრებების, გადასახლებებისა და იქიდან გაქცევების რაოდენობა სხვადასხვაგვარად არის მითითებული. უფრო ზუსტია, ალბათ, ცნობა, რომ სტალინი დააპატიმრეს რვაჯერ, გადაასახლეს შვიდჯერ, გადასახლებიდან გაიქცა ექვსჯერ. მეშვიდე გადასახლებიდან კი სტალინი 1917 წლის თებერვალ-მარტის რევოლუციამ გაათავისუფლა.
იმხანად რუსეთის იმპერიაში რევოლუციონერთა მიმართ საკმაოდ ლიბერალური დამოკიდებულება იყო. არაადამიანური სისასტიკე, რომლითაც თითქოსდა რევოლუციონერებს უსწორდებოდნენ, თავის დროზე საბჭოთა პროპაგანდის მიერ იყო შეთხზული პოლიტიკური მიზნით. სინამდვილეში კი რუსეთის იმპერიაში იკრძალებოდა პოლიტიკური პატიმრის ცემა და წამება, საპატიმრო ადგილიდან გადასახლების ადგილამდე გადაყვანისას კი – ბორკილის დადება. როცა პოლიტპატიმართა მატარებლიდან გაქცევებმა, მასობრივი ხასიათი მიიღო, იმპერატორის ბრძანებით ააგეს სპეციალური პატიმართა ვაგონები, რომელშიც თითოეული კუპეს ფანჯარა და კარი გისოსებით იყო დაცული. პოლიტპატიმრისთვის ბორკილის დადება იმპერატორმა მაინც შეუძლებლად ჩათვალა. ციხეში მათ განსაკუთრებულად ეპყრობოდნენ: არ ეზღუდებოდათ მიმოწერა და შეუფერხებლად მარაგდებოდნენ წიგნებით, თუ ეს წიგნი ოფიციალური ცენზურის მიერ არ იყო აკრძალული. კიდევ უფრო ლიბერალური იყო პოლიტპატიმართა გადასახლების ადგილას ყოფნის პირობები. დავიწყოთ იქიდან, რომ პოლიტ-პატიმარს შეეძლო, უარი ეთქვა საპატიმრო ვაგონით მგზავრობაზე და, თუკი ხარჯებს პირადად გაიღებდა, გადასახლების ადგილამდე შეეძლო ჩასულიყო პირველი კლასის კუპირებული ვაგონით, ოღონდ, ცხადია, შესაბამისი ბადრაგის თანხლებით. ციმბირში, ირკუტსკსა და სხვა ქალაქებში ჩაყვანილი პოლიტპატიმრები სხვა პატიმრებთან ერთად გადასახლების ადგილამდე მიჰყავდათ ჯერ თბომავლით და, თუ გადასახლების ადგილი მდინარის ნაპირას არ მდებარეობდა, შემდეგ – ფეხით. პოლიტპატიმარს შეეძლო, უარი ეთქვა ფეხით მგზავრობაზე და მოეთხოვა ეტლი ან მარხილი, რომელშიც იგი, ცხადია, ბადრაგის თანხლებით მოთავსდებოდა. გადასახლების ადგილზე ჩასულ პოლიტპატიმარს აბინავებდნენ შეძლებული გლეხის სახლში. ქირას მისი ბინადრობისთვის იხდიდა ხელისუფლება; ხელისუფლება უხდიდა ასევე, საფასურს გლეხს პოლიტპატიმრის კვებასა და მოვლაში. თუ ეს პირობები პოლიტპატიმარს არ მოეწონებოდა, მას შეეძლო, თვითონ ექირავებინა სხვა ბინა და თვითონვე დაეფარა კვებისა და სხვა ხარჯები. სტალინს ამ შეღავათებით არასდროს უსარგებლია, იგი ყოველთვის სხვა პატიმრების ბედს იზიარებდა.
სტალინი პირველად დააპატიმრეს ბათუმში, მუშათა გაფიცვების ორგანიზებისთვის. 1902 წლის 7 მარტს ჟანდარმერიამ დააპატიმრა ბათუმის მუშათა გაფიცვის მოთავეები და რამდენიმე გაფიცული მუშა. სტალინი გადარჩა. დაპატიმრებულები დროებით მოათავსეს პოლიციის ყაზარმებში. 9 მარტს სტალინის მიერ ორგანიზებული რამდენიმე ასეული მუშა პოლიციის ყაზარმებისაკენ დაიძრნენ და დაპატიმრებულების გათავისუფლება განიზრახეს. პოლიციამ იარაღის მუქარით მოუწოდა მუშებს დაშლისკენ. სტალინის მიერ წაქეზებული მუშები არ შეშინდნენ და ყაზარმებზე მაინც მიიტანეს იერიში. პოლიციამ იარაღი გამოიყენა. სროლის დროს დაიღუპა და დაიჭრა რამდენიმე მუშა. პოლიციასთან შეჯახებისას დაღუპული მუშები დაკრძალეს 12 მარტს. პროცესიაში 7 ათასი კაცი მონაწილეობდა. ამ დღეს, პოლიციამ სტალინის დაპატიმრება ვერ გაბედა, იგი მხოლოდ 5 აპრილს შუაღამისას დააპატიმრეს. სტალინის საქმის ძიება დიდხანს გაჭიანურდა, რადგან, ვერ იპოვეს მოწმე, რომელიც დაადასტურებდა, რომ პოლიციის ყაზარმებზე იერიშისას მუშებს სტალინი მიუძღოდა. მოწმენი იყვნენ თვით პოლიციელები, მაგრამ, რუსეთის იმპერიის კანონმდებლობით, პოლიტიკურ საქმეზე, დაინტერესებული პირის (ჟანდარმის პოლიციელის, ციხის ადმინისტრაციის) ჩვენება მტკიცებულებად არ მიიღებოდა. ჩვენება უნდა მიეცა სამოქალაქო პირს. ასეთი კი გამოძიებამ ვერ იპოვა. სტალინს ამ დროისთვის ბრალად ედებოდა თბილისში სოციალ-დემოკრატიული წრისა და თბილისის სოციალ-დემოკრატიული კომიტეტის ორგანიზება. ასე რომ, იგი მაინც გაასამართლეს და 1902 წლის ოქტომბერში გადასახლებაში ციმბირში გაგზავნეს. სტალინს გადასახლების ადგილად განუსაზღვრეს ირკუტსკის გუბერნიის დასახლება „ნოვაია უდა“. გადასახლებული პოლიტპატიმრების გადაადგილება გარკვეულ გეოგრაფიულ არეალში არ კონტროლდებოდა, მათ იცოდნენ, სადამდე ჰქონდათ გადაადგილების უფლება. თუ ამ საზღვარს დაარღვევდნენ მათ დააკავებდნენ და უკანვე დააბრუნებდნენ. გაქცევის მცდელობისათვის სასჯელი არ იზრდებოდა. ასე რომ, გადასახლების ადგილიდან გაქცევა ძნელი არ იყო. ძნელი იყო რამდენიმე ათას კილომეტრზე მგზავრობა თბომავლითა და მატარებლით. ვინაიდან გაქცეული სათანადო საბუთის უქონლობის გარეშე ბილეთს ვერ აიღებდა, და, თუ მაინც მოხვდებოდნენ თბომავალზე ან მატარებელში, ნებისმიერ დროს შეეძლოთ, დაეკავებინათ და უკან დაებრუნებინათ. გაქცევა ძნელი იყო იმიტომ, რომ თბომავლამდე და მატარებლამდე მისვლა წარმოუდგენელი იყო ეტლის ან მარხილის გარეშე იქაური კლიმატური პირობების გამო. გარდა ამისა, გაქცევისთვის აუცილებელი იყო თბილი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, საკმაო რაოდენობით კალორიული საკვები და ფული.
პირველი გაქცევა სტალინმა 1903 წლის ზამთარში სცადა, მაგრამ, გაქცევისათვის შესაბამისად ვერ მოემზადა. იმ ოჯახმა, სადაც ის იყო ჩასახლებული, სტალინს საგზალი მოუმზადა, რათა გზაში შიმშილით არ მომკვდარიყო, მისცეს ტანსაცმელიც, მაგრამ არა ისეთი თბილი, როგორიც ციმბირის ყინვაში ფეხით მგზავრობისათვის იყო აუცილებელი, არც საკვები იყო შესაფერისი. სტალინმა თან წაიღო მხოლოდ პური, რამდენიმე დღის განმავლობაში კი მხოლოდ პურით კვება, გაუსაძლისი ყინვების პირობებში, ადამიანის ორგანიზმს ასუსტებს. ამ პირობებში აუცილებელი იყო სხვა, უფრო კალორიული საკვები (ცხიმი და სხვა) და არაყი, რაც სტალინს არ გააჩნდა. ჯუღაშვილს არც ის მარშრუტი ჰქონდა ზუსტად განსაზღვრული, რომლითაც უნდა გაქცეულიყო. ამიტომ იყო, რომ თავიდანვე წარუმატებლად დაწყებული გაქცევა, ასევე დამთავრდა. მდინარეზე გადასვლისას სტალინს ყინული ჩაუტყდა და წყალში ჩავარდა. მთლად დასველებულმა, ერთ სოფელში სცადა თავის შეფარება. სტალინმა რამდენიმე ქოხის კარზე დააკაკუნა, მაგრამ ხელისუფლებისგან გაფრთხილებული გლეხები თავს იკავებდნენ გაქცეულის შეფარებისგან. ამასობაში ჯუღაშვილს ცხვირი და ყურები მოეყინა. მისი სიცოცხლე იხსნა ერთ-ერთმა ოჯახმა, რომელმაც, ყველაფრის მიუხედავად, გაბედა და შეიფარა სტალინი. გადასახლებიდან გაქცეული გლეხის ოჯახში გაათბეს, დააპურეს და მშრალი ტანსაცმელიც მისცეს. სწორედ ამის წყალობით შეძლო სტალინმა გზის გაგრძელება და მომდევნო სოფლამდე მიღწევა. მან რის ვაი-ვაგლახით ჩააღწია ბალაგანსკში, სადაც, ოჯახთან ერთად ცხოვრობდა გადასახლებაში მყოფი ერთ-ერთი რევოლუციონერი. სტალინმა მის ოჯახში დაისვენა და შეძლო გზის გასაგრძელებლად აუცილებელი საბუთის შოვნა, რითაც ის მოახერხებდა ემგზავრა რუსეთის ნებისმიერ ქალაქამდე. მიუხედავად ამისა, სტალინმა ძლიერი ყინვის გამო გაქცევა გადაიფიქრა, რადგან მას არ მოუშუშდა მოყინული ყურები და ცხვირი. გზის გაგრძელების შემთხვევაში კი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ისე გაუარესდებოდა, რომ სიცოცხლისათვის საშიში გახდებოდა, საავადმყოფოში კი სტალინი ვერ იმკურნალებდა, რადგან მის საბუთს, შესაძლოა, სამედიცინო პერსონალში ეჭვი აღეძრა. ამას ემატებოდა ისიც, რომ ნოვაია უდადან გაქცევის შემდეგ საკმაო დრო გავიდა და, შესაძლოა, მასზე უკვე ძებნაც იყო გამოცხადებული. ამიტომ, ბალაგანსკში შეჩერების შემდეგ, სტალინი კვლავ გადასახლების ადგილას „ნოვაია უდაში“ დაბრუნდა.
მიუხედავად წარუმატებელი მცდელობისა, სტალინს გაქცევაზე ფიქრი არ შეუწყვეტია. ზედამხედველთა ყურადღება რომ მოედუნებინა, სხვა გადასახლებულებთან ერთად ხშირად ჩნდებოდა თავშეყრის ადგილებში, შედიოდა დუქნებსა და მაღაზიებში და პოლიციამ ჩათვალა, რომ სტალინი ბედს შეეგუა.
ვახტანგ გურულის
მასალების მიხედვით.