კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ აღიარეს საუკუნის წინ საქართველოში ყველაზე ლამაზ ქალად და რა ტრაგედია დატრიალდა მის ოჯახში

ზუსტად ერთი საუკუნის წინ, 1912 წლის 3 მაისს, პირველად მოეწყო სილამაზის კონკურსი, რომელშიც მონაწილეობას იღებდა 8 ულამაზესი მანდილოსანი. ყველაზე ლამაზი ქალი კი 18 წლის სოფიო, იგივე სონია ტკეციშვილი გახდა. ის საოცარი სილამაზითა და ეშხით გამოირჩეოდა და ყველასთვის სამაგალითო ადამიანი იყო. სოფიო 1894 წელს ქუთაისში დაიბადა. მან თავისი ბედი მიხეილ ქორქიას დაუკავშირა. მათ ჰყავდათ ექვსი შვილი, რომელთა შორის იყო ყველასთვის ცნობილი კალათბურთელი – ოთარ ქორქია. სოფიო ნიკოლოზის ასული ტკეციშვილი ცნობილი მასწავლებელი იყო და წლების განმავლობაში ასწავლიდა რუსულ ენასა და ლიტერატურას, ხოლო მისი მეუღლე, მიხეილ დიმიტრის ძე ქორქია, ქუთაისში ცნობილი ვეტექიმი გახლდათ.
 ჩვენი რესპონდენტი სოფიო ტკეციშვილის შვილთაშვილი მაკა ნათობაძეა, რომელიც ბევრ საინტერესო ამბავს გვიამბობს დიდ ბებიაზე და მის განვლილ ცხოვრებაზე.

– მაკა, ძალიან საინტერესო ისტორია აქვს შენი დიდი ბებიის ოჯახს. როგორც შევიტყვე, სწორედ სოფიო ტკეციშვილი იყო საუკუნის წინ ქუთაისში გამართული სილამაზის კონკურსის – „გვირილობის” გამარჯვებული.
– სოფიო საქველმოქმედო მიზნით, შემოწირულობებს აგროვებდა, რასაც საფუძველი საუკუნის წინ, 1912 წლის 3 მაისს ჩაეყარა. მაშინდელი ქუთაისის მცირერიცხოვან ექიმთა საზოგადოებას განუზრახავს, ტუბერკულოზით დაავადებულთათვის აბასთუმანში, არაზინდოს მთაზე, სანატორიუმი აეშენებინათ. მაგრამ, ამ კეთილი საქმის წამოწყებას, როგორც მოსალოდნელი იყო, მეფის მთავრობამ მხარი არ დაუჭირა. თანაც, ეს შესანიშნავი წამოწყება დიდ თანხებს მოითხოვდა. მაშინ ქუთაისელმა ექიმებმა და საზოგადო მოღვაწეებმა გადაწყვიტეს, სახსრები თვით მოსახლეობაში შეეგროვებინათ და საამისოდ ორიგინალური ხერხიც მოიფიქრეს: ყოველწლიურად, მაისის პირველ რიცხვებში, ქუთაისელი ლამაზი ასულები, გვირილების თაიგულებით ხელში, ქუჩაში გამოდიოდნენ, რომლებსაც ყელზე ბაბთით ჰქონდათ  ჩამოკიდებული ყულაბა. ისინი ჰყიდდნენ გვირილებს, როგორც ტუბერკულოზით დაავადებულთა სამკურნალო წამლის სიმბოლოს. ხოლო მოქალაქენი, ამ საზოგადო საქველმოქმედო საქმის სასარგებლოდ, ყულაბაში ფულს უყრიდნენ. „გვირილობა” წვიმიან ამინდშიც კი იმართებოდა. ასეთ დროს ეს ლამაზი ქალები, თავიანთი ყულაბებით, ეტლში სხდებოდნენ და ასე აგროვებდნენ შემოწირულობას.
 „გვირილობის” ინიციატორები სხვადასხვა დროს იყვნენ ქუთაისელი ექიმები და საზოგადო მოღვაწეები: დიმიტრი ნაზარიშვილი, გაბრიელ კოკიელი, სიმონ ხეჩინაშვილი, სიმონ ჩიქოვანი, ვალერიან ლორთქიფანიძე, დავით ჩეჩელაშვილი, ვლადიმერ მდივანი, ევსელი ლოსაბერიძე, გიორგი ბადრიძე, ნოე მხეიძე, ნიკოლოზ პოლუმორტვინოვი და სხვები. ორგანიზატორთა შორის იყვნენ რესპუბლიკის დამსახურებული ექიმები. „გვირილობა“, რომელიც საქველმოქმედო მისიით ეწყობოდა, ყოველმხრივ საგულისხმო და საინტერესო იყო. ის უკავშირდებოდა სწორედ მაისობის დღეებს. ეს ყველაფერი 1916 წელს, მოკლემეტრაჟიანი ფილმის სახით, ფირზე აღბეჭდა ქუთაისის მკვიდრმა, პირველმა ქართველმა კინოოპერატორმა, ვასილ ამაშუკელმა. ეს ფილმი დღემდე არქივში ინახება.
 „გვირილობა” ყოველწლიურად იმართებოდა, რომელმაც ხუთი წელი – 1912 წლიდან 1017 წლამდე იარსება. გავიდა ხანი და რამდენიმე წლის წინ კვლავ აღდგა.
– „გვირილობას” უკავშირდება პირველი სილამაზის კონკურსიც, რომელშიც მონაწილეობას სოფიოც იღებდა.
– დიახ, 1912 წლის 3 მაისს გაიმართა პირველი სილამაზის კონკურსი, რომელშიც დასავლეთ საქართველოს 8 ულამაზესი მანდილოსანი იღებდა მონაწილეობას. მათ შორის ერთ-ერთი იყო 18 წლის სოფიო ტკეციშვილი, რომელიც ძალიან ორიგინალურად წარდგა საზოგადოების წინაშე: თეთრი მიტკლის ნაჭერზე მან თავისი ხელით დათესა ჯეჯილი და სწორედ ეს გამოიყენა მოსასხამად. მოდიოდა ეტლით, რომელიც გადაპენტილი იყო გვირილებით. სოფიო პირველი სილამაზის კონკურსის გამარჯვებულად აღიარეს და გადასცეს ძალიან ლამაზი თიხის საყვავილე, რომელშიც ძალიან ბევრი გვირილა იყო მოთავსებული. ეს საყვავილე დღესაც არსებობს და დღემდე სახლში მაქვს, რომელიც ძალიან კარგ მდგომარეობაშია. სოფიო მართლა ძალიან ლამაზი ქალი იყო, რომელსაც ყველა უდიდეს პატივს სცემდა. ლეო ქიაჩელმა სწორედ მას მიუძღვნა სიტყვები: „ჩითის კაბას რომ ჩაიცვამს, ფარჩის კაბა ჰგონიათო...”
 მინდა, კიდევ ერთი ფაქტიც გავიხსენო, რომელიც გადმოცემით ვიცი: ქუთაისში, აღმასკომის შენობის ადგილას, ადრე ღვთისმშობლის ტაძარი ყოფილა. ტაძრის კარიბჭეზე კი სოფიო ღვთისმშობლის სახით იყო გამოსახული. ეს ყველაფერი მანამდე იყო, სანამ სილამაზის დედოფალი გახდებოდა. მოგვიანებით ბოლშევიკებმა ეს ტაძარი დაანგრიეს. სხვათა შორის, როცა ამ ტაძრის გუმბათს ანგრევდნენ, მუშა გადმოვარდნილა და ადგილზევე გარდაცვლილა.
 სოფიო ბავშვობიდან ძალიან ლამაზი ყოფილა და ყველას ყურადღებას იქცევდა. მის ოჯახს წლების განმავლობაში მეეტლე ნიკო ემსახურებოდა. ბავშვობაში სოფიო გიმნაზიაში რომ დადიოდა, უკან ძიძა დაჰყვებოდა ქოლგით. სანამ მეეტლე ნიკო ცოცხალი იყო, ყოველთვის სოფიოს ემსახურებოდა. თეთრი ხიდის აგებამდე, იმ ადგილას ძალიან ცუდი გადასასვლელი ყოფილა  და მუდმივად ფეხი  ესვრებოდათ იქ გავლისას, რომ დაინახავდნენ, სოფიო მოდიოდა, ფეხი რომ არ დასვროდა, ძირს ვარდის ფურცლებს უყრიდნენ.
 გადმოცემით ისიც ვიცი, რომ, თუკი ვინმე ჩადიოდა ქუთაისში და თუ რამე ლიტერატურული საღამო იმართებოდა, სოფიო ყველას მასპინძელი იყო – ჩამოსულები მის სახლში იკრიბებოდნენ და სტუმრებისთვის პომპეზურ ვახშამს აწყობდა.
– ჩემთვის მოულოდნელი იყო ის ფაქტიც, რომ ამ ქალბატონის სახელს უკავშირდება ქუთაისში კალათბურთის განვითარებაში საკმაოდ დიდი წვლილის შეტანა.
– დიახ, სოფიომ ჩამოაყალიბა ქუთაისში პირველად ვაჟთა საკალათბურთო გუნდი. მისი შვილებიც თამაშობდნენ, მაგრამ, მათ შორის მხოლოდ ოთარმა ითამაშა დიდი კალათბურთი. დღეს ქუთაისში აგებულია სამი ოთარის ძეგლი – გამოსახული არიან: ოთარ მამფორია, ოთარ ქორქია და ოთარ ჭელიძე. ქუთაისის სპორტის სასახლე კი ბიძაჩემის, სოფიოს შვილიშვილის, მიხეილ ქორქიას სახელს ატარებს.   
– როგორც ვიცი, ოთარ ქორქია ერთ-ერთი შვილი იყო ექვსი დედმამიშვილიდან.
– სოფიო სამაგალითო მეუღლე და დედა იყო. მან ექვსი შვილი გააჩინა, რომელთაგან დღეს მხოლოდ ერთი – ქეთევან ქორქიაა ცოცხალი. იგი დამსახურებული სტომატოლოგი და ძალიან მაგარი ადამიანია.
 მინდა, ისიც გითხრათ, რომ ტკეციშვილებისა და ქორქიების ოჯახში დიდი ტრაგედიაც დატრიალდა: სამწუხაროდ, მათ ერთი შვილი ძალიან ადრე დაკარგეს – დავითი 2 წლისაც არ იყო რომ გარდაიცვალა. ამ დროს სოფიოს მეუღლე სამსახურებრივი მოვალეობის გამო იყო ქუთაისიდან წასული და, სანამ უკან არ დაბრუნდა, ჩემმა დიდმა ბებიამ ბავშვი არ დამარხა. დაახლოებით ათი დღე ჰყავდა სახლში – როიალთან ეწვინა, როგორც მძინარე.
 რეპრესიები სოფიოს ოჯახსაც შეეხო: 1938 წელს მისი ქმარი გადაასახლეს და სოფიო ხუთი შვილით მარტო დარჩა. მის დედობაზე და ადამიანობაზე ლაპარაკობდა ყველა. მეუღლე შვიდი წლის შემდეგ, აბსოლუტურად გაჭაღარავებული, ფაქტობრივად, მოხუცებული დაბრუნდა შინ.
 სოფიო 1962 წელს გარდაიცვალა და დაკრძალულია საფიჩხიაზე, სადაც ძალიან ბევრმა ქუთაისელმა კოლორიტმა ნახა სამუდამო სავანე.

скачать dle 11.3