რატომ ურჩევს ქალებს თავის ჯაჭვებით დაბმას ანუკა ქებურია
გაზაფხული-ზაფხულის ქართული ტენდენციები მსოფლიოსგან დიდად არ განსხვავდება, ქართველი დიზაინერებიც ზუსტად იმ მიმართულებით იყურებიან, საითაც თანამედროვე მსოფლიო. ფეხსაცმლისა და აქსესუარების დიზაინიც ამ ტენდენციებს არ ჩამორჩება. ფეხსაცმელების ერთ–ერთი ცნობილი დიზაინერი კი საქართველოში ანუკა ქებურიაა, რომლის რჩევების გათვალისწინება თბილისელ მოდის მიმდევრებს აუცილებლად დაეხმარებათ.
თავად ანუკა ქებურია მაისის ბოლოს აპირებს გააკეთოს კერძო ჩვენება, სადაც საზაფხულო კოლექციას წარმოადგენს. ამჯერადაც მისი ღია და დახურული ფეხსაცმელები იქნება ისეთი, გარდერობში აუცილებლად უნდა გვქონდეს. ის დაგვეხმარება თავი ყოველთვის განსაკუთრებულად, გამორჩეულ ინდივიდად ვიგრძნოთ.
ანუკა ქებურია: ამ ზაფხულის მთავარი ტენდენცია „პლატფორმებია”, რომლებმაც ამ სეზონზე უფრო „ტანკეტკების” ფორმა მიიღო. ეგრეთ წოდებული „ესპადრელები” კი ჩვენი დედების ახალგაზრდობიდან და ჩვენი ბავშვობიდან განახლებული იერით დაბრუნდა.
– ამ დაბრუნებაში მთავარი როლი „პრადამ” ხომ არ ითამაშა?
– კი. „პრადამ” გასულ წელს საკმაოდ მაღალ „პლატფორმაზე” შესრულებული სხვადასხვა ფერის „ესპადრელები” წარმოადგინა, რომელმაც ძალიან დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია მოდის სამყაროში და სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, მთელმა მსოფლიომ ჩაიცვა. ჩინური პატენტებიც კი უკვე შემოვიდა თბილისის მაღაზიებში. „პრადას” შემდეგ მოწნული ჩალის ძირები ძალიან ბევრმა დიზაინერმა გამოიყენა. პირადად მე, უფრო მომწონს და ჩემს კოლექციაშიც დაბალძირიან ესპადრელებს გავაკეთებ, რომელიც სტანდარტად მიიჩნევა. მოდურობას რომ თავი დავანებოთ, ეს ძალიან გრილი, ჰაეროვანი და პრაქტიკული ფეხსაცმელია, რომელიც ერთნაირად უხდება ჭრელ კაბებს, სარაფნებსა და ჯინსებს.
– რას გვირჩევ ტანსაცმელთან დაკავშირებით?
– ყველაფერი ის, რაც ზაფხულს უხდება – ჰაეროვანი, მსუბუქი ქსოვილებით შექმნილი ლამაზი კაბები, ბლუზები, შარვლები... რაც შეეხება ფერად შარვლებს ეს ეტაპი, მგონი, გავიარეთ. წითელი შარვლების მანია, რომელიც თბილისის „სთრით სთაილში” დიდხანს იყო აქტუალური, მგონი, უკვე მოგვბეზრდა და ამ ამბავს მივესალმები. სამაგიეროდ, ძალიან ლამაზია თხელი, აბრეშუმის ბაცი, ნაზი ფერების შარვლები, რომელიც შეგიძლიათ, თამამად მოირგოთ. მოდაშია ტიული და სხვა გამჭვირვალე ქსოვილები, რომელიც ძალიან უხდება საღამოს კაბებს, მას სულ სხვა, ელეგანტურ და სექსუალურ ელფერს აძლევს.
რაც შეეხება აქსესუარებს, არა მხოლოდ ამ სეზონზე, მთელი წლის განმავლობაში მთავარი ტენდენცია იყო, რაც შეიძლება, მეტი აქსესუარი და არა მხოლოდ ტანსაცმელზე. ოქროსფერი აქსესუარებში მთავარია – ჯაჭვები, სხვადასხვა ფორმის ლითონები, როგორც ფეხსაცმელებზე, ისე სამოსზე. ძალიან დიდი ზომის ჯაჭვები მძივებად, მსხვილი სამაჯურები დაძველებული, ოდნავ დაჟანგული ოქროსფერით, ნებისმიერ ჩაცმულობას მოდურსა და ტენდენციურს გახდის. ამ სიჭრელესთან, უზარმაზარ აქსესუარებთან და დიდ „პლატფორმებთან“ ერთად, აქტუალურობას არ კარგავს კლასიკური სტილი. ის უკვდავია და ასეთი სტილის ნივთი გარდერობში აუცილებლად უნდა გქონდეთ.