დავუჯეროთ სიტყვებს?!
ის შეუსვენებლად ლაპარაკობს და თქვენც კომპლიმენტების მორევში იძირებით. მზად ხართ, ყველაფერი მაშინვე დაიჯეროთ, მაგრამ არის კი ის მზად სერიოზული ურთიერთობებისთვის?! ცოტა ფრთხილად. კაცს, უმეტეს შემთხვევაში, კონკრეტული სურვილი ამოძრავებს და ეს სიყვარული არ არის. შეიძლება, ის თქვენ არ გამჩნევთ და გხედავთ, უფრო საკუთარი პერსონის სიყვარულით არის „გაჯერებული“. მარტო თქვენ კი არა, ყველა ქალთან ასე მოიქცევა. ჭეშმარიტად შეყვარებული მამაკაცები კომპლიმენტებში ასეთი დახვეწილები არ არიან. თუ მაინცდამაინც, უკიდურესად იშვიათად. თუ ხედავთ, რომ მამაკაცს ურთიერთობაში არაფერი ეშლება და დიდი მონდომებით ცდილობს, საკუთარი გრძნობის სერიოზულობაში დაგარწმუნოთ, ეს უკვე საშიშია. სიტყვები მოსასმენად რომ სასიამოვნოა, დამაჯერებელიც არის? – აი, რაზე უნდა იფიქროთ, თანაც საკმაოდ ბევრი...
პრინციპში, თქვენი გადასაწყვეტია, დაუჯერებთ თუ არა. მაგრამ, საკუთარი თავი იმისთვის შეამზადეთ, რომ ერთ დღეს უკვალოდ გაუჩინარდება.
მამაკაცი, რომელიც საკუთარი ფასეულობით ტკბება (ამის შემჩნევა ძნელი არ არის), ვერასოდეს გაგაბედნიერებთ. მისთვის თქვენ მთავარი ვერასდროს იქნებით. ის შეჩვეულია იცხოვროს ისე, როგორც თავად „მოეპრიანება“. აი, ახლა უპასუხეთ შეკითხვას: დავუჯეროთ სიტყვებს?
პასუხისმგებლობა უპირველესია!
იცით, რა არის მამაკაცის მთავარი ღირსება?! – თქვენ შეიძლება ძალიან ბევრი რამ ჩამოთვალოთ, მაგრამ რეალურად – უმთავრესი პასუხისმგებლობაა. თუ მამაკაცს არ აქვს პასუხისმგებლობის გრძნობა, ჯობია, მასთან სერიოზული ურთიერთობა არ დაიწყოთ.
უპასუხისმგებლო მამაკაცის მთავარი დევიზია: – ვიცხოვრო დღევანდელი დღით! ამის შემჩნევა არ გაგიჭირდებათ. ვითომ მოგისმენთ, ვითომ გაგიგებთ, მაგრამ მხოლოდ ფარისევლურად და ზერელედ. შეიძლება, ძალიანაც უნდოდეს, დაგეხმაროთ, მაგრამ მის ხასიათში სხვა რამ „დევს“ და საკუთარი თავის წინააღმდეგ არ წავა.
მამაკაცები ვერასოდეს ურიგდებიან აზრს, რომ შეიძლება, ისინი ქალმა მიატოვოს! ეს მამაკაცური ეგოიზმია და თუ თქვენ დაანახვებთ, რომ მზად ხართ, საკუთარი ინტერესები ბოლომდე დაიცვათ, არ აპატიებთ მიუტევებელ შეცდომებს და მიახვედრებთ, რომ შეუცვლელი არ არის, აუცილებლად გაჭრის. ყოველ შემთხვევაში, შეეცდება, მაინც პროვოცირების მიზეზი არ გახდეს.
სამწუხაროდ, ქალები მხოლოდ მაშინ ხვდებიან, რა ფასი აქვს კაცში პასუხისმგებლობის გრძნობას, როცა კაცის უპასუხისმგებლობით გამოწვეულ პრობლემებს გადააწყდებიან. ეს პრობლემები არცთუ მარტივია და შეიძლება, ცხოვრებაც დაგინგრიოთ!
P. S. კიდევ ერთი საკითხი. უფრო სწორად შეკითხვა: თქვენ თავად გაქვთ პასუხისმგებლობის გრძნობა?! – თუ პასუხი დადებითია, მაშინ უკეთ გაიგებთ, რაზეც გესაუბრეთ.
აბა, მოგვისმინე!
მოგვისმინე და ნუ გეწყინება. ჯობია, სიმართლეს თვალებში ჩახედო. თუ ასე არ მოიქცევი, შედეგები აუცილებლად სავალალო იქნება. როცა შენი თვალისმომჭრელი „პრინცი“ ისე არ იქცევა, როგორც საჭიროა, თავი არ უნდა მოიტყუო. არ უნდა თქვა, რომ ეს შემთხვევით მოხდა. შემთხვევით არ გიპასუხა მესიჯზე; შემთხვევით გაეფლირტავა შენს თანამშრომელს; შემთხვევით მიაშტერდა ვიღაც კაბაწამოხდილ, თამამ გოგონას და ბოლოს – შემთხვევით გიღალატა! უნდა გახსოვდეს, რომ სიყვარული ასეთ „შემთხვევითობებს“ თითქმის გამორიცხავს. ნუ დაინახავთ მის საქციელში ყოველთვის მხოლოდ კარგს. ეს სიკეთეს არ მოგიტანთ. ბოლოს და ბოლოს, შეცდომებს უფლისწულებიც უშვებენ. მერედა, როგორ შეცდომებს... ჰოდა, თუ დაუსჯელობის სინდრომსაც შეყრით, თქვენი უფლისწული სწრაფად გადაიქცევა მონსტრად. ეს არის ის სიმართლე, რომელიც უნდა დაინახოთ და დაიჯეროთ, ისევ და ისევ თქვენს სასარგებლოდ.
კარგად დაფიქრდით, როგორი თანამგზავრი გჭირდებათ. თავდაჯერებული ეგოისტი, თუ ჭეშმარიტი რაინდი?! მაშ, თვალები კარგად გაახილეთ და იმ ადამიანების რჩევაც გაითვალისწინეთ, რომლებიც ბევრ რამეს თქვენზე უკეთ ამჩნევენ.
დროა, შეიცვალო!..
რა უბიძგებს ადამიანებს უიმედო, განწირული ურთიერთობის შენარჩუნებისკენ?! – ნუთუ, მარტოობის შიში? ძნელი სათქმელია. ზოგიერთ ადამიანს ეს შიში საერთოდ გაცნობიერებულიც არ აქვს. რატომ ვიქმნით ზოგჯერ იმის ილუზიას, რომ ვუყვარვართ და ვერც ჩვენ გავძლებთ მის გარეშე. ეს, უბრალოდ, ის არის, რისი დაჯერებაც გვინდა... და რასაც მოგვიანებით ჩიხში შევყავართ.
იქნებ „შეჩვევის მომენტი“ მუშაობს. ეს უფრო დამაჯერებელია.
მთავარია, დაიჯერო, რომ ყველაფერი კარგი წინ გაქვს: – ახალი გრძნობა... შეხვედრები... ემოციები... აღფრთოვანების წუთები და ბედნიერება! არ უნდა სცადო, გააჩერო დრო. ხომ იცით, რომ ეს შეუძლებელია. ჯერ ერთი, კარი უნდა დაიხუროს, რომ მეორე ფართოდ გაიღოს და ის აუცილებლად გაიღება.
ერთ ჭერქვეშ ცხოვრება ტვირთია. თანაც, საკმაოდ მძიმე. მისი ტარება ყველამ არ იცის და არც შეუძლია. თუ არ არსებობს სურვილი ურთიერთობის სწავლისა, თანაც იმ ურთიერთობისა, რომელიც აბსოლუტურად განსხვავდება იმისგან, რაც მანამდე გქონდა, არაფერი გამოვა. სანამ პარტნიორის შეცვლაზე იზრუნებთ, ჯერ საკუთარი თავი შეცვალეთ. იყავით რეალისტი და რისკიანი. ცოტათი ავანტიურისტი. ეს აუცილებელია. პრობლემების გადაჭრასა და ცხოვრების შეცვლაზე კარდინალურად იზრუნეთ. როცა ხედავთ, რომ ურთიერთობა ბედნიერებას არ მოგიტანთ, დაამთავრეთ ის!
წვრილმანები სიხარულისთვის...
სამყარო, რომელშიც ვცხოვრობთ, არც ისეთი მოწყალეა, როგორც ვისურვებდით. უფრო მეტიც, ხშირად საკმაოდ უსიამოვნო სიურპრიზებით გვაოცებს. ძნელია კარგი განწყობა შეინარჩუნო, როცა საკმაოდ ბევრი მიზეზი გაქვს, მოიწყინო. მაგრამ გვინდა ვიმხიარულოთ და ბევრი პოზიტიური ემოცია მივიღოთ. არიან ადამიანები, რომლებიც ახერხებენ, ყველაზე რთულ სიტუაციებში სიმშვიდეც შეინარჩუნონ და კარგი განწყობაც. ფაქტია, ხელები არ უნდა ჩამოუშვათ და უიმედობა ახლოსაც არ გაიკაროთ. ოპტიმისტი ადამიანებისთვის ჭიქა ყოველთვის სანახევროდ არის სავსე. ასეთი ადამიანების მთავარი საიდუმლო ისაა, როგორ უყურებენ ისინი ცხოვრებას. მაგალითად, თუ მათ შეეკითხებით, რატომ ცდილობენ, არ იფიქრონ პრობლემებზე, გიპასუხებენ: სიცოცხლე ხომ ისედაც ხანმოკლეაო. ამგვარი პოზიცია არ არის ნიჭი. ეს უფრო გამომუშავებულ იმუნიტეტს ჰგავს. ანუ, ყველას შეუძლია ჰარმონიაში იყოს საკუთარ თავთან და სამყაროსთან.
შეეცადეთ, ხშირად გქონდეთ პოზიტიური განწყობა. ამისთვის საჭიროა, ყველა ნეგატიურ ფაქტსა თუ მოვლენაში დაინახოთ რაღაც დადებითი. იფიქრეთ იმაზე, რომ პატარ-პატარა უსიამოვნებები რაღაც სერიოზული საფრთხისგან „გიცავთ“. ანუ, შეიძლებოდა უარესადაც ყოფილიყო საქმე. ასე რომ, ნუ იჩქარებთ, დაღონდეთ და გულიც გაიტეხოთ. ყველაფერი წინ გაქვთ. ხვალ გაცილებით წარმატებული დღე იქნება. ეძებეთ და აუცილებლად იპოვით პლუსებს ნებისმიერ სიტუაციაში. თუ მოინდომებთ, აუცილებლად შეცვლით ცხოვრებას უკეთესობისკენ.