კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ვერ გადააფიქრებინა ნატა ვაჩნაძემ ქმარს და როგორ იღებდა ფეხმძიმე ნატა ვაჩნაძე მონაწილეობას სარისკო მიზანსცენებში

„ ...ვისურვებდი კინოხელოვნებაში კიდევ ბევრი რამე გამეკეთებინოს, მაგრამ, არის სამი როლი, რომელთა შესრულებასაც მე განსაკუთრებით ვისურვებდი... ეკატერინე ჭავჭავაძის როლი... მეორე როლი, ნატოს როლი მიხეილ მრევლიშვილის „ხარატაანთ კერას“ მიხედვით... თავს ბედნიერად ჩავთვლიდი, მე რომ მომიხდეს გიორგის დედის – ოთარაანთ ქვრივის როლის თამაში... “ წიგნიდან „მოგონებანი და შეხვედრები“, რომელიც შესანიშნავმა ქალბატონმა, სილამაზითა და სამსახიობო ნიჭით განთქმულმა ნატა ვაჩნაძემ თავის დროზე დაწერა, ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი არ არის.
„დავიბადე 1904 წელს. ვარშავაში, რადგან მამაჩემი იქ პოლკში მსახურობდა, ჩემი დაბადებიდან რამდენიმე თვის შემდეგ მთელი ოჯახი საქართველოში ჩამოვიდა.. მაშინ ჩვენ პლეხანოვის პროსპექტზე ვცხოვრობდით. ჩემი მშობლები იყვნენ: გიორგი ალექსანდრეს ძე ანდრონიკაშვილი და ეკატერინე სიმონის ასული სლივიცკაია. მამაჩემი ოფიცერი იყო და მამამისიც, რომელიც მონაწილეობას იღებდა ომში თურქების წინააღმდეგ. მამაჩემის დედა დიდი ქართველი მწერლის, ილია ჭავჭავაძის ბიძაშვილი იყო. დედაჩემის ბებია იტალიელი მომღერალი ყოფილა, გვარად ვოზოლი. იგი იტალიიდან მოუწვევიათ, როცა თბილისში საოპერო თეატრი დაარსდა და აქ ცოლად გაჰყოლია კაპელმეისტერსა და კომპოზიტორ შენინგს. ვოზოლს მშვენიერი მეცოსოპრანო ჰქონია, მაგრამ გათხოვების შემდეგ სცენა მიუტოვებია და თბილისში დარჩენილა. დედაჩემის დედა, ვოზოლისა და შენინგის ქალიშვილი ცოლად შეურთავს სლივიცკის, რომელსაც მამა პოლონელი ჰყავდა, დედა – რუსი. ჩემი დედ-მამა ძალიან ლამაზები იყვნენ. დედა მაღალი და ტანადი, გამოირჩეოდა ნაკვთების კლასიკური სრულყოფით... მამაჩემს მშვენიერი გარეგნობა ჰქონდა, მიმზიდველი და ფიცხი ხასიათი. ცხენის ტარება შესანიშნავად იცოდა და საერთაშორისო მარულაში ბევრჯერ მიუღია მონაწილეობა. ვარშავიდან დაბრუნების შემდეგ, მამაჩემი თერგის ოლქის უფროსად დანიშნეს და ჩვენ საცხოვრებლად ვლადიკავკაზს გავემგზავრეთ...
მამა მორწმუნე კაცი იყო და ღამით ბავშვებს ყოველთვის პირჯვარს გადაგვსახავდა, რაც ოჯახში დავას იწვევდა, რადგან დედაჩემს ღმერთის არ სწამდა და საეკლესიო წესებს არ იცავდა. ვლადიკავკაზში ყოფნის დროს მამაჩემს დაავალეს ზელიმ-ხანის დაჭერა, რომელსაც, როგორც ყაჩაღს, მთავრობა სდევნიდა. ამ დავალებას მამა უხალისოდ მოეკიდა. თავისი აუჩქარებლობით მთავრობის უკმაყოფილება დაიმსახურა. ერთ ჩამოსულ გენერალს უთქვამს ზელიმ-ხანი დიდი ხნის დაჭერილი იქნებოდა, საშიშ მოწინააღმდეგესთან შებმის რომ არ შეშინებოდაო. ეს მამაჩემს ეხებოდა. ოფიცრის ღირსება შეელახა და ბოლოს მან გადაწყვიტა ექსპედიციის მოწყობა ზელიმ-ხანის შესაპყრობად. ექსპედიციის გამგზავრების დღეს მამა შინ ადრე დაბრუნდა. გზად ზელიმ-ხანის ცოლი დაეპატიმრებინა. მეორე დღეს ჩვენთან უცნობი კაცი მოვიდა და მამაჩემს უთხრა: ზელიმ-ხანის გამოგზავნილი ვარ, ის გთხოვთ, ჩემ წინააღმდეგ ნუ გამოილაშქრებთო. მიბრძანა გადმოგცათ, ქართველის სისხლის დაღვრა არ მინდაო. მახსოვს ექსპედიციის მეორე გამგზავრების დილა, მამა ყოველთვის სამხედრო ფორმას ატარებდა. ამ დღეს პირველად ჩაიცვა მუქი ქვიშისფერი ჩოხა. დედაჩემმა გამომშვიდობებისას მამას შუბლზე აკოცა. მან კი, ბავშვებს პირჯვარი გადაგვსახა და სიცილით გავიდა. გვარწმუნებდა, ზელიმ-ხანი ახალ ტანისამოსში ვერ მიცნობსო. ორი დღის შემდეგ მოგვივიდა ცნობა, რომ მამა მოკლეს...
მამის გარდაცვალების შემდეგ ოჯახში დავრჩით დედაჩემი, ძმა და სამი და. უმცროსი გოგონა წლინახევრისა იყო, უფროსი – ათი წლისა. დედამ ყველა წაგვიყვანა კახეთში, სადაც მამაჩემის განადგურებული მამული უყურადღებოდ  იყო მიტოვებული. სახლი და ვენახი მამის სიკვდილის შემდეგ დარჩენილი ვალების დაფარვას დასჭირდა. კახეთში ბინაც არ გვქონდა და ჩვენ ბიძასთან დავბინავდით, სოფელ ფხოველში. დედას როგორმე უნდა ვერჩინეთ. ის შეუდგა პატარა, ოთხოთახიანი სახლის აშენებას ძველი მარნისგან დარჩენილ საძირკველზე. გააშენა აგრეთვე, ახალი ბაღი, რომელიც ჩვენთვის მომავალში საარსებო წყარო უნდა გამხდარიყო. დედაჩემს შეუპოვარი, დინჯი ხასიათი ჰქონდა, მოალერსებაზე ძუნწობდა, მამაზე იშვიათად გველაპარაკებოდა, მაგრამ ყოველთვის, როდესაც თბილისში მოვხვდებოდით, მამის საფლავზე დადიოდა, ზოგჯერ მარტო, ზოგჯერ ყველას თან წაგვიყვანდა და იქ ყოველთვის დიდხანს, მდუმარედ იჯდა... ჩვენ მალე დავბინავდით პატარა სახლში, რომელიც დედამ ააშენა სოფელ გურჯაანში, ბეზარაანთ წყაროსთან. მერე ჩემს დასთან ერთად ვსწავლობდი თბილისში, პირველ ქალთა გიმნაზიაში. უფროსი და-ძმა კი – გურჯაანის პირველდაწყებით სკოლაში. ცხოვრება გვიჭირდა, მაგრამ დედაჩემი ენერგიული, საქმიანი ქალი იყო...
კახეთში ჩვენი მშვიდი და ერთფეროვანი ცხოვრება ჩემი უფროსი დის ავადმყოფობამ დაგვირღვია. მას ძვლის ჭლექი აღმოაჩნდა და ექიმებმა გვირჩიეს, მისთვის მოსკოვში გვემკურნალა, შემდეგ პეტერბურგში... მალე ექიმებმა ჩემი და სამკურნალოდ პეტერბურგს გაგზავნეს. იქ გადაწყდა, რომ ის საფრანგეთის ბერგლიაჟის აგარაკზე წაგვეყვანა... იქ ჩვენ 1914 წლის ომმა მოგვისწრო... ჩემი დის მკურნალობა ჯერ კიდევ არ დასრულებულიყო, მაგრამ დაუყოვნებლივ უნდა გამოვმგზავრებულიყავით. საქართველოში ჩემი დაბრუნების პირველ დღეებს ვიგონებ, როგორც ერთ მთლიან დღესასწაულს. როგორც კი გურჯაანში ჩავედით, მაშინვე შემოვირბინე ყველა ჩემი საყვარელი ადგილი... დედა საჭიროდ მიიჩნევდა, უფროსი დისა და ჩემთვის, რაც შეიძლებოდა კარგი განათლება მოეცა. გვასწავლიდნენ ენებს, მუსიკას. ყველაფერში ფული უნდა გადაგვეხადა. ჩვენს ზრდასთან ერთად ხარჯებიც იზრდებოდა. ამ ტვირთის ატანა დედის ძალას აღემატებოდა და უნდა გვეფიქრა, მას როგორ დავხმარებოდით. გურჯაანში გვქონდა ერთი პატარა, ძველებური ყავისფერი პიანინო, რომლის ყრუ და დანჯღრეული ხმა ყურში ახლაც ხმაურობს... საქართველო ომის გამო დანგრეული იყო. არ იყო არც პური, არც შეშა. თბილისში ჩვენ უფასო სადილებით ვიკვებებოდით, რომლებსაც ვიღაც კეთილისმყოფელები არიგებდნენ. გაჭირვებამ მაიძულა, სამუშაო მეძებნა. იმ ხანებში თბილისში ეწყობოდა მრავალი კუსტარული პატარა ფაბრიკა და სხვა წვრილი საწარმო. მე მოვეწყე სამუშაოდ ასანთის ფაბრიკაში, რომელსაც მყვირალა სახელი, „პრომეთე“ ერქვა. დილაობით გიმნაზიაში დავდიოდი, საღამოს 6 საათიდან კი ფაბრიკაში ვმუშაობდი დამხარისხებლად. მთელი სამუშაო ხელით საკეთებელი იყო. ჩემ წინ ეყარა პატარა ჩხირების მთები, მათ სათითაოდ ვარჩევდი და ხარისხის მიხედვით ვაწყობდი. უფრო გვიან, ამავე ფაბრიკაში ვმუშაობდი მფუთავად. ცოტა ხნის შემდეგ, გაზაფხულზე სამუშაოდ სხვა კერძო საწარმოში – ბორბლების საცხის ფაბრიკაში გადავედი. შვიდ საათზე, საყვირის ხმაზე უკვე სამუშაოზედ უნდა ვყოფილიყავი, მაშინ ბორანის მახლობლად ვცხოვრობდით... აქ დიდხანს არ მიმუშავია: მძიმედ ავად გავხდი და, სწორედ გამოცდების წინ, დედამ სოფელში წამიყვანა სამკურნალოდ, სადაც შემოდგომამდე დავრჩი.
კახეთში გავიცანი მერაბ ვაჩნაძე, რომელსაც ცოლად გავყევი. იმავე შემოდგომაზე, როგორც კი თბილისში დავბრუნდი, ჩავაბარე მეშვიდე კლასის გამოცდები. მოხდა ისე, რომ ერთსა და იმავე დღეს დილას ალგებრაში გამოცდა ჩავაბარე, საღამოს კი ლეჩაქით მორთულმა, მთელი წესების დაცვით, ტაძარში მერაბ ვაჩნაძეზე ჯვარი დავიწერე. თბილისში რამდენიმე თვე ვიცხოვრეთ და მერე საცხოვრებლად კახეთში გადავედით, სოფელ ქოლაქში, რომელიც ჩემი სოფლიდან შვიდი კილომეტრით იყო დაშორებული.
1923 წელს შემოდგომაზე დედაჩემთან ვიყავი სტუმრად გურჯაანში. ერთხელ, ჩვენს აივანზე ვისხედით, თბილისიდან სტუმრებს ველოდებოდით, მოულოდნელად დაბლა ეზოში უცნობი კაცი გამოჩნდა. ეს შაქრო ბერიშვილი იყო; მან გვითხრა, საქმის გამო გეახელითო. გამოირკვა, რომ თბილისის კინოსტუდია დგამდა სურათს „არსენა ყაჩაღს“ და შაქრო ბერიშვილი ჩემთან იმისთვის გამოეგზავნათ, რომ ამ სურათში ნენოს როლი მეთამაშა. მან შემთხვევით, შიხმანის მიერ გადაღებულ ფოტოსურათში მნახა, რომელიც ქუჩის ვიტრინაში ყოფილიყო მოთავსებული. წინადადება სრულიად მოულოდნელი იყო. მე და ჩემმა ნათესავებმა არ ვიცოდით, როგორ მოვქცეულიყავით. ბერიშვილი ცდილობდა, ჩემი აქტიორული უნარი გამოერკვია. საუბრობდა ჩემთან, მამღერა, მაცეკვა... დედასა და ქმარს საწინააღმდეგო არაფერი ჰქონდათ, რომ კინოში გადაღება მეცადა, მაგრამ საჭირო იყო ქმრის ნათესავების თანხმობაც... მე გამიკეთეს ნამდვილი თეატრალური გრიმი, გამომიყვანეს თვალები, ცხვირზე თეთრი ზოლი გამავლეს და ფოტოაპარატის წინ დამაყენეს. რეჟისორობდა ვლადიმერ გრიგოლის ძე ბარსკი.
მე გავიგე, რომ ყოველთვიურად ხელფასად მექნებოდა ასი მანეთი. ეს კარგი ფული იყო. უწინარეს ყოვლისა, გადავწყვიტე, ოჯახი თბილისში გადმომეყვანა, რადგან და-ძმას სწავლა უნდა განეგრძოთ. მალე ჩვენ, დედაჩემთან ერთად, თბილისში დავბინავდით, ორლოვის ქუჩაზე. ცხრამეტი წლის ვიყავი, კინოში მუშაობა რომ დავიწყე. პირველ ხანებში ხელოვნებაში ცოტა რამ გამეგებოდა. ბარსკის იმ ხანებში თავის ბინაზე ჰქონდა სტუდია, სადაც დამწყებთ ასწავლიდა. თავისთან მიხმობდა და რამდენიმე ლექცია მომცა შესასწავლად... რამდენჯერმე მისვლის შემდეგ, შევწყვიტე ბარსკისთან სიარული, რადგან მივხვდი, რომ ამას შეეძლო მხოლოდ ვნება მოეტანა, განსაკუთრებით ჩემთვის, რომელსაც არავითარი თეორიული მომზადება არ მქონდა. პირველი ჩემი გადაღება სურათ „არსენა ყაჩაღში“ კინოსტუდიის ბაღში წარმოებდა – ეს იყო სიყვარულის სცენა, არსენასთან შეხვედრა. განსაკუთრებით მღელვარებას არ განვიცდიდი, რადგან ჩემი სრული გამოუცდელობა პასუხისმგებლობის გრძნობას მიმცირებდა. ვცდილობდი, რაც შეიძლებოდა, ბუნებრივი ვყოფილიყავი, საკუთარი თავი და ჩემი შინაგანი განცდა გამომეხატა. როდესაც პირველად ჩემი თავი ფილმში დავინახე, არ მომეწონა. მინდოდა, ეკრანზე შევმხტარიყავი და იქ სხვანაირად მემოძრავა, სხვანაირად მეცქირა, გამეღიმა. საკუთარ თავს ვედავებოდი, თითქმის მაშფოთებდა ის ჩემი სახე, რომელიც ეკრანზე წარმოიშვა.  მეგონა, რომ სურათის გადაღებისას სულ სხვანაირად ვთამაშობდი. მერე ის შთაბეჭდილება მინელდებოდა. ჯერ კიდევ პირველი, ძლიერი შთაბეჭდილება არ გამნელებოდა, რომ წინადადება მომცეს ორ სურათში კიდევ მეთამაშა. ეს სურათები იყო „სამი სიცოცხლე“ და „ტარიელ მკლავაძის მკვლელობა“... ამ პერიოდში მე ძალიან მინდოდა სწავლა, სისტემატური ცოდნის შეძენა, მაგრამ მუშაობა ამის საშუალებას არ მაძლევდა.
ნიკოლოზ შენგელაიასთან მუშაობამ გარდატეხა მოახდინა ჩემს ცხოვრებაში. კოლია შენგელაია შემიყვარდა და ამ გარემოებამ ჩემი ცხოვრება სავსებით გარდაქმნა. შენგელაია მაშინ ცნობილი იყო, როგორც ახალგაზრდა პოეტი-ლეფელი, მთელი მაიაკოვსკი ზეპირად იცოდა... მე მასში დავინახე ადამიანი, რომელმაც თავი მთლიანად ხელოვნებას მიუძღვნა, მხატვარი, რომელიც ხალხის წინაშე უდიდეს პასუხისმგებლობას გრძნობდა... შენგელაია ახალგაზრდა იყო, მაგრამ შეეძლო ჩემი სწორ გზაზე დაყენება, თავის დროზე გაფრთხილება, თუ ეს საჭირო იყო, მუშაობაში კარგი რჩევის მოცემა. მასთან თავი ისე მეჭირა, როგორც ჩემი ცხოვრების რეჟისორთან. თვალყურს ვადევნებდი, როგორ იზრდებოდა იგი. თუ ხელოვნებაში რაიმეს მივაღწიე, მე დავალებული ვარ შენგელაიასგან...
მერაბ ვაჩნაძეს გავეყარე და ცოლად შენგელაიას გავყევი. ბევრნი, ნაცნობი თუ უცნობი, ჩემს მეორე ქორწინებას მტრულად შეხვდნენ. ფილისტერული ჭორები, გმობა-გაკიცხვა ფუტკარივით შემომესია. შეურაცხმყოფელ და თითქმის სალანძღავ წერილებსაც ვიღებდი. ეს და მრავალი სხვა უნდა გადამეტანა. უმთავრესად, ჩემი დამამშვიდებელი საშუალება იყო, როგორც ყოველთვის, მუშაობა... სანამ მე ვცხოვრობდი და სურათს ვიღებდი უკრაინაში, შენგელაია მუშაობდა ბაქოში „26 კომისრის“ სურათზე. ჩვენთვის, ორივესთვის ცხოვრება უმთავრესად მუშაობაში მიდიოდა.  სამ-ოთხ თვეს, ზოგჯერ მეტხანსაც ცალ-ცალკე ვცხოვრობდით.  და როდესაც უკვე აუტანელი ხდებოდა, ყოველგვარ დაბრკოლებას გადავლახავდით, რათა, თუგინდ მოკლე ხნით, ერთმანეთს შევხვედროდით... დეპეშას რომ მივიღებდი, შენგელაია ავად არისო, მე დაჩოქებული ვემუდარებოდი რეჟისორს, შვებულება მოეცა, არაფრად მიმაჩნდა, ოთხდღიანი მგზავრობა ბაქოსკენ მესამე კლასის ვაგონით, ოღონდ ერთი დღე გამეტარებინა კოლიასთან, რომელსაც ავად გახდომა არც კი უფიქრია...
დადგა დრო, როცა პროფესიონალი მსახიობებისთვის სამუშაოს შოვნა ძნელი გახდა. ჩემს წინაშე მთელი სიმძიმით დადგა საკითხი – რა გავაკეთო? ამ დროისთვის კინოში უკვე ცხრა წელი მქონდა ნამუშევარი და თორმეტი როლი შესრულებული. შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალი რომ მეპოვა, გადავწყვიტე, უნივერსიტეტში შევსულიყავი ისტორიულ ან ფილოლოგიურ ფაკულტეტზე... მაგრამ ჩემი პროფესია ძლიერ მიზიდავდა. მე გავემგზავრე მოსკოვს იმ განზრახვით, რომ იქ სამუშაო მეშოვნა. შენგელაია ამ დროს ისე ბაქოში იყო და „26 კომისრის“ სურათს იღებდა... თუმცა, 1933 წლის 23 აპრილს, როცა გამოქვეყნდა ცენტრალური კომიტეტის ცნობილი დადგენილება). წინადადება მომცეს, საქართველოში დავბრუნებულიყავი და მეც თბილისს გამოვემგზავრე. ჩამოვიდა შენგელაიაც. დავუბრუნდით ჩვენს სტუდიებს...
ამ დროისთვის მე უკვე ორი ვაჟი მყავდა, უფროსი ბიჭი, რომელიც პირველი ქმრის ხელში შემეძინა, შვიდი წლის იყო, უმცროსი – რამდენიმე თვისა. ბავშვები არასოდეს მუშაობაში არ მაბრკოლებდნენ, პირიქით, ისინი შინაგანად მამდიდრებდნენ და ხელს მიწყობდნენ... ბავშვის მოლოდინის პერიოდშიც განვაგრძობდი ჩვეულებრივ გადაღებას, თუმცა, ხანდახან ასეთ მდგომარეობაში  ეს საქმე საშიში იყო. მე მიხდებოდა მონაწილეობის მიღება ბრძოლის სურათის გადაღებაში, სადაც საჭირო იყო სირბილი, ხტომა, ცხენით მგზავრობა, მაგრამ ყველაფერი მუდამ მშვიდობიანად მთავრდებოდა. ჩემი ბავშვები პატარაობიდანვე მიეჩვივნენ ადგილცვალებად ცხოვრებას, გადაღებებთან დაკავშირებით მგზავრობა რომ მიხდებოდა სხვადასხვა ადგილას, ისინი ყოველთვის თან დამყავდა.
ხმოვანმა კინომ კინემატოგრაფიის ყველა მუშაკი აიძულა, გარდაქმნილიყო. თავდაპირველად, ხმოვან ფილმებში იღებდნენ თეატრის მსახიობები. მუნჯი კინოს მსახიობებს უნდობლად ეკიდებოდნენ, ჩვენს წინაშე დადგა გადაუდებელი ამოცანა – რადაც უნდა დაგვჯდომოდა, სიტყვას დავუფლებოდით. „უკანასკნელ მასკარადში“ მიხეილ ჭიაურელთან ვთამაშობდი ისეთ როლს, რომელსაც ლაპარაკი არ სჭირდებოდა. ნენოს როლს „არსენაში“, რომელშიც ბევრჯერ ვიღებდი მონაწილეობას, უკვე ხმით ვთამაშობდი... ნიკოლოზ შენგელაიას მიერ დადგმულ ფილმს „ნარინჯის ველი“, ჩემი, როგორც კინომსახიობის, განვითარებისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. შენგელაიამ ერთმა პირველთაგანმა დაიწყო თანამედროვე თემატიკაზე მუშაობა... ფილმის, „ის კიდევ დაბრუნდება“, პირველ ნახევარს სოფელ ბაკურციხეში ვიღებდით. ამ დროს დიდი სამამულო ომი მიმდინარეობდა. სოფელში მხოლოდ ბავშვები და მოხუცები დარჩნენ. ოჯახი, სადაც ჩვენ ვცხოვრობდით, შედგებოდა ორი ქალისა და ოთხი ბავშვისგან... გვიან შემოდგომას ჩვენი ჯგუფი ლაგოდეხის რაიონში გადავიდა, სოფელ თამარიანში. ამ დროისთვის თბილისს საფრთხე არ ემუქრებოდა. იქ გადავიყვანე ბავშვები და თან წავიღე სტალინის ნაჩუქარი ბელადის სურათი მისივე წარწერით. ამ მშფოთვარე დღეებში ეს სურათი არ მომიშორებია. ბავშვები სკოლაში მოვაწყე, მათთან დედა დავტოვე და მე ისევ დავბრუნდი სოფელ თამარიანში გადაღებაში მონაწილეობის მისაღებად. შენგელაია დამხვდა ავადმყოფი, გამხდარი, გულის შეტევებმა, რომელსაც აქამდე მიმალავდა, უფრო მოუხშირა. თავის ავადმყოფობას ყურადღებას არ აქცევდა. ყოველი შეტევის შემდეგ ნახევარ საათს უძრავად იწვა, მერე ისევ მუშაობას უბრუნდებოდა... რამდენჯერმე გადაღებების დროს სახე მიწისფერი უხდებოდა. მე ვთხოვდი, მუშაობა შეეჩერებინა... მაგრამ ამაოდ. როდესაც დამთავრდა გადაღებები, რომლებშიც ჩემი მონაწილეობა იყო საჭირო, თბილისს გავემგზავრე სტუდიის დირექციის დასათანხმებლად, რომ შენგელაია სამუშაოსთვის ჩამოეშორებინათ, აეძულებინათ იგი, ემკურნალა და დაესვენა, მაგრამ მან გადაღება არ მიატოვა... ეს დაყოვნება საბედისწერო აღმოჩნდა... და, აი, უკანასკნელი, საბოლოო გამოთხოვების დღეები. თვალები გამშრალი მაქვს. ყველაფერი შთანთქა სიბნელემ – ხალხი, აზრი, გონება, ამხანაგები და მეგობრები... შავი ქაოსი, რომელსაც თავს ვერ დააღწევ. ყველაფერი გგონია არარეალური, არანორმალური...
მუშაობის ხანგრძლივად ჩამოშორებამ, რაც მე მომიხდა, მრავალ საკითხზე დამაფიქრა. თანდათან მიბრუნდებოდა ძალა და სურვილი შემოქმედებითი მოღვაწეობისა. ისევ დავიწყე მუშაობა... წინადადება მომცეს, მეთამაშა საქართველოს დიდი პოეტის, აკაკი წერეთლის გამზრდელი, ძიძის როლი...“

скачать dle 11.3