აგრძელებენ თუ არა ადამიანები მაისში ჯვრისწერის შემდეგ ბედნიერ ცხოვრებას და ვინ უნდა შეიკავოს თავი ქორწინებისგან
საქართველოში მაისის დადგომასთან ერთად, ადამიანების დიდი ნაწილი ჯვრისწერისგან თავს იკავებს. ამის მიზეზი კი ხალხის ცნობიერებაში დამკვიდრებული წარმოდგენაა: თითქოს, ვინც მაისში დაიწერს ჯვარს, დაქორწინდება, არასდროს იქნება ბედნიერი და არც მისი ოჯახი იქნება მყარი. რა თქმა უნდა, მართლმადიდებლური ეკლესია ამას სულ სხვანაირად უყურებს და არც ჯვრისწერაზე ეუბნება წყვილს უარს. თუ რა ხდება სინამდვილეში, საიდან მოდის ასეთი წარმოდგენა, ამის შესახებ გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი (თევდორაშვილი).
– მამაო, დღეს ადამიანების დიდი ნაწილი მაისში ჯვრისწერისგან თავს იკავებს. ამიტომაც, ხშირად აღდგომის მარხვის დასრულებიდან მაისამდე დარჩენილ მცირე პერიოდში ჯვრისწერის მსურველთა დიდი რიგი დგება. ცდილობენ, მაისამდე მოასწრონ ჯვრის დაწერა, არადა, როგორც ვიცი, მაისში ეკლესია არ კრძალავს ქორწინებას.
– ძველ აღთქმაში, როდესაც ხალხი უფალსაც ემსახურებოდა და ბაალის კერპსაც, უფალმა უთხრა მათ: გეყოფათ ორი ფეხით კოჭლობა, ან უფალი ირწმუნეთ ან ბაალიო. დღეს ჩვენ ორივე ფეხით ვკოჭლობთ, თან ვიცავთ უფლის მცნებებს და თან წინააღმდეგობაში მოვდივართ. მაგალითად, ჯვრისწერაზე არ ვამბობთ უარს, სამაგიეროდ, მაისში არ გვინდა ჯვრის დაწერა. აქედანაც კარგად ჩანს, რომ ბევრი ადამიანი დღესაც შორს იმყოფება ჭეშმარიტი აღმსარებლობისგან. თქვენ მართალი თქვით: აპრილის ბოლოს ჯვრისწერაზე რიგები დგება, ყველას სურს მაისამდე მოასწროს ჯვრისწერა. სამწუხაროდ, თანამედროვე ადამიანების შეკითხვები და ცნობიერება არ სცილდება ისეთ საკითხებს, როგორიც არის, მაგალითად: შეიძლება თუ არა სამარშრუტო ტაქსიში, ავტომობილში პირჯვრის გადაწერა, ასევე პირჯვრის გადაწერა წვიმიან ამინდში. მახსოვს, ერთხელ, სამარშრუტო ტაქსის მძღოლს ვესაუბრებოდი, რომელმაც მითხრა: ერთხელ შემხვდა ქალბატონი და მან წვიმიან ამინდში პირჯვრის გადაწერა ამიკრძალა, ამ დროს მაგნიტური ველი იკვრებაო. სირცხვილია, როდესაც ოცდამეერთე საუკუნის ქრისტიანები ასეთ კითხვებს სვამენ. ასევე, საკმაოდ გავრცელებული ტრადიციაა საქართველოში მაისში დაქორწინების აკრძალვა. თანაც, მნიშვნელოვანია ერთი საკითხი: ადამიანები მაისში ჯვრისწერისგან თავს იკავებენ და არც კი იციან, ზოგადად, რაში მდგომარეობს ქორწინების საიდუმლო, რომელიც შვიდ საღმრთო საიდუმლოთაგან ერთ-ერთია. ჯვრისწერის აღსრულების დროს მეუღლეებს თავზე გვირგვინს ვადგამთ, რაც ცოდვაზე, ვნებაზე გამარჯვებას ნიშნავს. პავლე მოციქული ამბობს: ვისაც მეორე სქესისადმი სქესობრივი ლტოლვა ნაკლებად აქვს, ნუ იქორწინებს და იყოს, როგორც მე ვარ (პავლე მოციქული დაქორწინებული არ ყოფილა), ვისაც თავშეკავება არ შეუძლია, მან მოიყვანოს ცოლიო. ქორწინება, როგორც ზოგს ჰგონია, მხოლოდ გამრავლებისა და შვილების გაჩენისთვის არ არის მოწოდებული, შეიძლება, წყვილს შვილი არ შეეძინოს, მაგრამ მათ ერთმანეთი ცოდვისგან გადაარჩინონ. რადგან, ქორწინების შემდეგ კაცი კი აღარ იუფლებს თავის თავზე, არამედ ცოლი იუფლებს. ან ქალი კი არ იუფლებს საკუთარ თავზე, არამედ მისი ქმარი და ისინი ერთმანეთს დაიცავენ ცოდვისგან. ქორწინების საიდუმლოს აღსრულებისას იმხელა მადლი გადმოდის, რომ ძველად ჯვრისწერის პირველ ღამეს მეუღლეები უარს ამბობდნენ ურთიერთობაზე. საუკუნეების წინ ეკლესია ჯვარს მხოლოდ მორწმუნე საზოგადოებას წერდა, რომლებიც ყველა წესს ზედმიწევნით იცავდნენ. მოძღვარი ქორწილის სუფრასაც ესწრებოდა და ხშირად თამადობდა კიდეც, მგალობლები კი საგალობლებს გალობდნენ. ასე რომ, დღევანდელისგან განსხვავებით, ძველად ჯვრისწერას მხოლოდ სანახაობრივი დატვირთვა არ ჰქონია და ისინი ამ საიდუმლოს დიდ პატივს სცემდნენ. დღეს, განსაკუთრებით კი ჩვენი მშობლების თაობა, რომლებიც წლების განმავლობაში ათეისტურ, უღმერთო პერიოდში წლობით ჯვარდაუწერელნი ცხოვრობდნენ, მათ, ვისაც ჯერ არ დაუწერია ჯვარი, აუცილებლად უნდა დაიწერონ, რადგან, ვინც ამას არ აკეთებს, ამის გამო ის ცოდვაში იგდებს თავს.
– მინდა, მაისში ჯვრისწერის საკითხს დავუბრუნდე. როგორც ცნობილია, ეს სწავლება ჩენთან რუსული ეკლესიიდან შემოვიდა.
– მაისში დაქორწინების აკრძალვა, რომელიც დღეს საკმაოდ გავრცელებული ტრადიციაა, ჩვენთან რუსული ეკლესიიდან გავრცელდა. რუსეთიდან შემოტანილი სწავლებაა ის, რომ მაისში არ შეიძლება ჯვრისწერა, რაც, მინდა გითხრათ, სრული უმეცრებაა და ნაყოფია ადამიანის დაცემული ბუნების კიდევ ერთი გამოვლინებისა. ასეთი რუსული ანდაზა არსებობს: „კòî â ìჭå ხóჰåò âåí÷ჭòüñÿ, òîò âñþ æèçíü ხóჰåò ìჭÿòüñÿ“, ìჭÿòüñÿ – ნიშნავს მწუხარებას, წუხილს, დარდს, ტანჯვას და რადგან რუსები მას მაისს უკავშირებდნენ, აქედან გამომდინარე, ფიქრობდნენ, რომ ანდაზის თანახმად, ვინც მაისში დაიწერს ჯვარს, ის მთელი ცხოვრების განმავლობაში მწუხარებასა და დარდში გაატარებს. ეს გაუგონარი მკრეხელობაა და მინდა, აქვე აღვნიშნო, რომ ადამიანების ბედნიერება და უბედურება დამოკიდებულია მათ სულიერ მდგომარეობაზე, ცხოვრებაზე, უფალთან ურთიერთობაზე და არა მაისის თვეზე. თუ ადამიანს უფალი უყვარს მთელი სულით, გულით, გონებით, საკუთარი ნებით, უყვარს მოყვასი, ცდილობს, მეუღლე შეიყვაროს ისე, როგორც მათ ღმერთი აკურთხებს. ის იქნება არა მწუხარებაში, არამედ ბედნიერებასა და სულიერ მოღვაწეობაში. როგორც უკვე აღვნიშნე, დღეს ქორწილი წარმოუდგენიათ, რომ ეს არის ლამაზი საქორწილო კაბა, უცხოური მანქანა, სასურველი სტუმრების მისვლა, ქორწინება უფლისგან, შემდეგ თავაუღებელი ქეიფი, უშვერი სიტყვები და არაესთეტიკური ცეკვა, ეროტიკული გართობები, ჩხუბი, შეხლა-შემოხლა, ხანდახან მკვლელობაც კი. არადა, ქორწილი სულ სხვა რამ არის და ეს ადამიანის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე ამაღლებული და წმიდა დღეა. თავი და თავი უბედურებისა ის არის, რომ მეუღლეებმა არ იციან საკუთარი მოვალეობის შესახებ, ხშირად დანაშაულს ერთმანეთს აბრალებენ და ამით იმეორებენ სამოთხის ცოდვებს, როდესაც ადამმა თავისი დაცემული მდგომარეობა ევას გადააბრალა, ხოლო ევამ – გველს. სანამ არ მივხვდებით იმას, რომ ოჯახური კონფლიქტების დროს გარკვეული წვლილი ყველა წევრს მიუძღვის, მანამდე ამ გადაბრალებითა და ასეთი ურთიერთობით ვერ ვივლით და ეს იქნება ჩვენი მთავარი დანაშაული. ისინი, ვინც ფიქრობენ, რომ მაისში დაქორწინდებიან და უბედურები იქნებიან, ამით თავს იგდებენ ცოდვაში, შეცდომებში და საკუთარი მდგომარეობით სულიერ სიმშვიდეს კარგავენ. ხშირად ადამიანები დაჟინებით ითხოვენ მარხვაში ჯვრისწერას და როდესაც მათ დავწერთ ჯვარს, ეს იქნება ნაკლები დანაშაული, ოღონდ, მათ უნდა გაიგონ, რომ ამას მოძღვარი ფინანსური ანაზღაურების გამო კი არ აკეთებს, არამედ მათი სიყვარულისთვის. რამეთუ „შაბათი შეიქმნა კაცისთვის და არა კაცი – შაბათისთვის“. მაცხოვარი შაბათს არღვევდა და ამით ამბობდა, რომ ადამიანებმა უნდა დაინახონ ადამიანი და არა კანონი. სიყვარული აღმატებულია ყველა კანონზე, მაგრამ ეს არ უნდა იქცეს ეკლესიის საცდურად. შეიძლება, გამონაკლისი დაიშვას, მაგრამ იმის დანახვა უნდა შეგეძლოს, რომ მოძღვარს ბევრი უფლება აქვს: მას შეუძლია, მღვდელმთავრის კურთხევით შეიცვალოს, დაარღვიოს გარკვეული მოვლენები, ტრადიციები და არა დოგმატები – ამას მინდა ხაზი გავუსვა. ეს კი იმისთვის კეთდება, რომ ადამიანმა სულიერი და ფიზიკური სიმშვიდე მოიპოვოს. მაგრამ, მაინც აჯობებს, თავი შევიკავოთ და არ შევეცადოთ შევცვალოთ ან გადავაკეთოთ საეკლესიო განმარტებები, რადგან ისინი ჩვენზე უფრო გონიერმა და ღვთივსულიერმა ადამიანებმა დააწესეს. ჩვენი ოჯახური ბედნიერება კი დამოკიდებულია არა იმაზე, დავიწერთ თუ არა ჯვარს მაისში ან მარხვაში, არამედ იმაზე, თუ როგორ ვიცხოვრებთ და როგორ ურთიერთობას დავამყარებთ ჯერ, უპირველეს ყოვლისა, მეუღლესთან და შემდეგ ოჯახის სხვა წევრებთან. რაც მთავარია, როცა ქალი და მამაკაცი გადაწყვეტენ ერთად ცხოვრებას, მათ, უპირველეს ყოვლისა, ჯვარი უნდა დაიწერონ და ეს ურთიერთობა დააკანონონ და არ აქვს მნიშვნელობა, ეს მაისში მოუწევთ თუ სხვა დროს.