იგავი ათ ქალწულზე
„ცათა სასუფეველი დაემსგავსება ათ ქალწულს, რომლებმაც აიღეს ლამპრები და გავიდნენ სიძის მისაგებებლად. მათგან ხუთი იყო სულელი და ხუთი – გონიერი. სულელებმა ლამპრები აიღეს, მაგრამ ზეთი არ წაიღეს თან. გონიერებმა კი ლამპრებთან ერთად ზეთიც წაიღეს ჭურჭლებით. სიძე იგვიანებდა. ყველას მიერულა, და ჩაიძინეს.
შუაღამისას დაიძახეს: აჰა, სიძე მოდის, გამოდით და მიეგებეთ! ადგნენ ქალწულები და ლამპრები მოამზადეს. სულელებმა გონიერებს უთხრეს: მოგვეცით თქვენი ზეთი, რადგან ჩვენი ლამპრები ქრება. გონიერებმა მიუგეს: ვაითუ, არც ჩვენ გვეყოს და არც თქვენ; უმჯობესია, ვაჭრებთან წახვიდეთ და იყიდოთ თქვენთვის, საყიდლად რომ წავიდნენ ისინი, მაშინ მოვიდა სიძე. ვინც მზად იყო, მასთან ერთად შევიდა ქორწილში და დაიხშო კარი.
მოვიდნენ ის ქალწულები და იძახდნენ: უფალო, უფალო, გაგვიღე კარი! ხოლო სიძემ მიუგო: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, არ გიცნობთ“.
მათე 25, 1-12.
რომელს მიბაძავ, – სულელს თუ გონიერს?
უფალი იესო ქრისტე თავის მოწაფეებსა და მიმდევრებს ხშირად ესაუბრებოდა ხოლმე იგავებით თავის მეორედ მოსვლაზე, საყოველთაო სამსჯავროზე, ქვეყნის აღსასრულზე. ამ იგავშიც ასეა.
ათი ქალწულის იგავში აღწერილია უძველესი აღმოსავლური საქორწილო წეს-ჩვეულება. ნეფე (სიძე) მაყრიონთან ერთად მიემართებოდა დედოფლის (პატარძლის) სახლისაკენ, რომელიც საზეიმოდ იყო მორთულ-მოკაზმული. სიძეს აუცილებლად უნდა დაეგვიანა, შუაღამისთვის უნდა მოსულიყო. დიდი სიხარული შემოჰქონდა მახარობლის შეძახილს: სიძე მოდის, სიძე! ყველანი გამორბოდნენ სახლიდან, ჩირაღდნებითა და სანათურებით მხიარულად ეგებებოდნენ სიძე-მაყრიონს. ცოტა ხნის შემდეგ სტუმრებიც და მასპინძლებიც სიმღერითა და ცეკვა-თამაშით შედიოდნენ საქორწილო დარბაზში. შესასვლელთან მცველები იდგნენ ხოლმე წესრიგის დასაცავად, ისინი დაუპატიჟებელ ან აბეზარ სტუმრებს შიგნით არ უშვებდნენ. მოდი, კიდევ ერთხელ წაიკითხე ათი ქალწულის იგავი და დარწმუნდები, რომ ეს საქორწილო ჩვეულება თითქმის სრულად აქვს გათვალისწინებული უფალს.
პატარძლის სახლი არის ქვეყნიერება, სადაც დამკვიდრებულია ქრისტეს ეკლესია. სიძე – ქრისტეა, ათი ქალწული კი ამ ეკლესიის მრევლია. დედაეკლესია თავის შვილებს (მრევლს) მართლაც პატარძალივით ამზადებს ზეციერ სიძესთან შესახვედრად, რომელიც აუცილებლად მოვა თავისი პატარძლის წასაყვანად.
ამ იგავში სულელიც ქალწულია და გონიერიც – ათივეს სურს სიძესთან შეხვედრა. ვინც ეკლესიაში დადის, ყველას ერთი სურვილი აერთიანებს: ცოდვილებისგან გათავისუფლდეს და ღვთის წყალობით, საუკუნო სასჯელს გადაურჩეს. მაგრამ ზოგს მალე სწყინდება წირვა-ლოცვაზე სიარული, მეორეს ლოცვა ბეზრდება, სხვა თავის მოძღვარს არ ემორჩილება, ზოგს ეჭვიც კი შეეპარება ხოლმე და ეკლესიას, მოძღვარსა და წმიდა საეკლესიო საიდუმლოებებს აღარ ენდობა.
ესენი ხუთ სულელ ქალწულს ჰგვანან: მართალია, მძიმე ცოდვას არ სჩადიან, მაგრამ სიძეს მაინც მოუმზადებელნი შეხვდებიან. რატომ? იმიტომ, რომ ზეთი შემოაკლდებათ. ზეთი თან არ წაიღესო, – ამბობს უფალი. სულელებს მცირე რწმენა ჰქონდათ, მცირედმორწმუნენი იყვნენ.
გონიერი ქალწულები ზეთით სავსე ჭურჭლებით მივიდნენ ქორწილში სიძესთან შესახვედრად და ლამპრებიც ჩაუქრობლად ენთოთ. ამ ქალწულებს ჰგავს მართლმორწმუნე, მოსიყვარულე და გულმოწყალე მრევლი, რომელიც ეკლესიის ერთგულია, თავისი მოძღვრის მორჩილია და ცოდვა სძულს.
ათივე ქალწულს ჩაეძინა – ეს მიძინებაა, სიკვდილის ძილია სიძის მოსვლის შემდეგ. ესე იგი, ქრისტეს მეორედ მოსვლის ჟამს, ყველა გააღვიძებს, ყველა მიძინებული მკვდრეთით აღდგება. მაშინღა მიხვდებიან სულელები, რომ საკმარისი ზეთი თავის დროზე არ მოიმარაგეს. მათი ლამპრები ნელ-ნელა ჩაქრება, სულ ცოტაც და ვეღარ გაინათებენ გზას, რომელსაც სიძესთან უნდა მიეყვანა.
გონიერი ქალწულები სულელებს ზეთს არ აძლევენ. ნუ იფიქრებ, რომ მათ დაენანათ ან არ შეიბრალეს ისინი. უფალი ამით შეგვაგონებს, რომ სულელ ქალწულებს უდროო დროს გაახსენდათ ზეთის მომარაგება. ის ვაჭრები ვინღა არიან, ვისგანაც სულელებს ზეთი უნდა ეყიდათ? ესენი გლახაკები არიან. ამ სულელმა ქალწულებმა თავის დროზე, სიცოცხლეშივე არ გასცეს მათთვის მოწყალება, არც რწმენით გაძლიერდნენ და ქრისტეს მეორედ მოსვლისთვის ზეთიც იმიტომ შემოაკლდათ – დააგვიანდათ და ვეღარაფერს გახდნენ!
აი, რატომ ჩაირაზება და ჩაიხშობა სასუფევლის კარი იმისთვის, ვინც სულელს დაემსგავსება.
სიძე თავის ქორწილში გონიერ ქალწულებს წაიყვანს, იმათ, ვინც მომზადებული მიეგებება.
„უფალო, უფალო“, – ასე შეჰღაღადებენ კართან დარჩენილები, თავზარდაცემულებს კი დახშული კარიდან შემოესმათ: „არ გიცნობთ“. საკუთარი ხელებით ნუ დავიხშობთ ამ კარს. უფალიც ამას გვევედრება და გვაფრთხილებს:
„იფხიზლეთ, რადგან არ იცით დღე, არც ჟამი, როცა ძე კაცისა მოვა“ (მათე 25, 13).