რომელი ხიდი აიგო ნიკო ნიკოლაძის რჩევით ტფილისში და ვინ უანდერძა ქალაქს 200 ათასი ოქროს მანეთი
ტფილისს სულ 19 ქალაქის თავი ჰყავდა: პირველი იყო 1849 წელს თომა პრიდონოვი, ხოლო უკანასკნელი 1921 წელს – ბენიამინ ჩხიკვიშვილი. ამ ცხრამეტს შორის დიმიტრი ყიფიანი, ალექსანდრე მატინოვი და ვასილ ჩერქეზიშვილი ტფილისის განვითარების სფეროში ყველაზე გამორჩეულები იყვნენ. თუ როგორ ვითარდებოდა ტფილისი მათი მმართველობის პერიოდში, ამის შესახებ ძველი თბილისის ფოტოების მკვლევარი, მხატვარი გოგა ქართველიშვილი მოგვითხრობს.
გოგა ქართველიშვილი: თბილისის პირველი თავი თომა პრიდონოვი იყო, თუმცა, მისი ნამდვილი გვარი ფრიდონიშვილი გახლდათ. ხოლო პირველი არჩეული თავი იყო დიდი ქართველი, საზოგადო მოღვაწე, წმიდანად შერაცხილი დიმიტრი ყიფიანი, რომლის სახელს უკავშირდება თბილისის აღორძინება. მის შემდგომ ხდებოდა მერის არჩევა, მანამდე კი ისინი მეფისნაცვლის ან მთავარმართებლის მიერ ინიშნებოდნენ. სათათბირო ირჩევდა ქალაქის თავს. დიმიტრი ყიფიანმა მცირე ხანს იმოღვაწევა ქალაქის თავად – 1876 წლიდან 1878 წლამდე. მისი ტფილისის თავობის პერიოდს უკავშირდება ყოფილი „ერევნის მოედნის” კეთილმოწყობა, შუამდგომლობა ახალი სახაზინო თეატრის აგებისთვის, თანხების მოძიება თბილისში წყალსადენის პროექტის დასამუშავებლად; ამ პერიოდში დაბალჩინოსანთა ოჯახებისთვის დაიწყო დახმარების გაწევა, უპატრონო ძაღლების განადგურება; მოხდა ქალაქის გაზის ნათურებით განათება; აიგო ეგზარქოსების სახლი – დღევანდელი საპატრიარქოს შენობა, რომელიც ერეკლეს მოედანზე მდებარეობს. ერეკლეს მოედანი მეცხრამეტე საუკუნის პირველ ნახევარში, სანამ ტფილისში პრესა გაჩნდებოდა, ინფორმაციის გავრცელების საქმეში მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებდა. სწორედ აქ იყრიდნენ თავს ეგრეთ წოდებული „რაამბავისტები” და ქალაქის მოსახლეობას ინფორმაციას აწვდიდნენ მიმდინარე მოვლენების შესახებ. სწორედ ამ მოედანზე შეიტყო ტფილისის მოსახლეობამ ქვეყნის ანექსიის ამბავი. წარსულში ამ მოედანს „ეგზარხოსკაია პლოშადს” უწოდებდნენ – არსებობს და ნაპოვნია აბრა, სადაც ეს წერია. გასაბჭოების შემდგომ მოედანს ბებელის მოედანი ეწოდა (ეს აბრაც შემონახულია), დღეს კი მას ერეკლეს მოედანი ჰქვია. სამწუხაროდ, დიმიტრი ყიფიანი რუსეთის იმპერიის რისხვას შეეწირა, ცნობილი მოვლენების გამო ის გადაასახლეს სტავროპოლში, სადაც საიდუმლო ვითარებაში მოკლეს. ილია ჭავჭავაძის ძალისხმევით მოხერხდა მისი ნეშტის გადმოსვენება და მთაწმინდის პანთეონში დაკრძალვა.
– ყიფიანის შემდგომ ალექსანდრე მატინოვი აირჩიეს ქალაქის თავად. მის შესახებ რას გვეტყვით?
– 1878 წელს თბილისის მეორე მოწვევის სათათბიროს არჩევნები ჩატარდა და ქალაქის თავის თანამდებობაზე დასახელებული 17 კანდიდატიდან ალექსანდრე მატინოვმა გაიმარჯვა, რომლის ნამდვილი გვარი მათიაშვილი იყო და მას ჰქონდა კარგი თვისება – იგი გულისყურით ისმენდა ოპოზიციურ აზრებს, მისი ოპოზიცია კი ნიკო ნიკოლაძე იყო. სწორედ ამ ორს ეკუთვნის დიდი ღვაწლი ტფილისის განვითარებაში. ისინი იმ დროის ნოვატორები იყვნენ. მატინოვისა და ნიკოლაძის სახელს უკავშირდება ელექტროტრამვაის შემოყვანა ტფილისში, პირველი სახაზინო თეატრის მშენებლობა და საფუძვლის ჩაყრა მისი დასის შექმნისთვის, – დღევანდელ რუსთაველის თეატრზეა საუბარი. მისი მმართველობის პერიოდში არქიტექტორ ოზეროვს დაევალა მერიის შენობის სარეკონსტრუქციო პროექტის შემუშავება; მისი მმართველობის დროს აიგო ვერის ლითონის ხიდი (დღევანდელი გალაკტიონის ხიდის ადგილას). ულამაზესი ხიდი იყო, ფოტოებზე ისე ჩანს, თითქოს პარიზშია გადაღებული. მანამდე ამ ადგილზე ბორანი ფუნქციონირებდა, ისევე როგორც მუხრანის ხიდის ადგილზე. ქალაქის ბიუჯეტს ორივე ხიდის აგების საშუალება არ ჰქონდა და მიდიოდა კამათი, თუ რომელი ხიდი აეგოთ – ვერის თუ მუხრანის. ვერის ხიდს ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავდა, ასე ამბობდნენ, ის ქალაქის განაპირას არის, აქ მოძრაობა არ იქნება, ჯობია, მუხრანის ხიდი ავაშენოთო. საბუთად კი იმას ასახელებდნენ, რომ მუხრანის ხიდის ბორანი წელიწადში 6 000 მანეთ შემოსავალს იძლეოდა, ხოლო ვერის ხიდის ადგილას მოქმედი ბორანი – მხოლოდ რვა თუმანს. ვერის ხიდის ერთ-ერთი მთავარი დამცველი ნიკო ნიკოლაძე იყო. მას კარგად ესმოდა, რომ ხიდს ქალაქის მომავალი განვითარებისთვის ჰქონდა მნიშვნელობა. ქალაქი სწორედ უმეტესად ამ მხარეს გაიზრდებაო, – ამბობდა იგი და მატინოვმა მის აზრს დაუჯერა. ხიდი 1881 წელს აშენდა არქიტექტორ უმანსკის პროექტით. სამწუხაროა, რომ ეს ხიდი დაანგრიეს გზის გაფართოების გამო. 1878 წელს, მატინოვის ინიციატივით, ამუშავდა პირველი თბოსადგური, შეიქმნა სანიტარული ექიმის თანამდებობა (დღევანდელი გაგებით – სასწრაფო დახმარება), დაიწყეს ლამპიონების დაყენება, წყალკანალის შექმნა. ის ტფილისელი კაცი იყო, მაგრამ, თანამდებობის დატოვების შემდეგ მატინოვი პარიზში გადავიდა საცხოვრებლად, გარდაცვალებამდე კი მან ტფილისს უანდერძა 200 ათასი მანეთი. მას შვილები არ ჰყავდა და თბილისს დაუტოვა მთელი ქონება. ანდერძში ასე ეწერა: „ვუტოვებ ჩემს საყვარელ ქალაქს”. ისტორიას შემორჩა მატინოვის თბილისში გადმოსვენების რამდენიმეწამიანი ვიდეოფრაგმენტი, რომელიც მე პირადად მაქვს ნანახი.
– ვასილ ჩერქეზიშვილზე რას გვეტყვით? ვიცი, რომ მას ვასილ ჩერქეზოვად იცნობდნენ.
– ვასილ ჩერქეზიშვილი ტფილისის გამორჩეული ქალაქის თავი იყო. იგი 1905 წელს აირჩიეს ქალაქის თავად. მისი მმართველობის პერიოდში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა, მათ შორის: 1905 წელს ამუშავდა თბილისის ფუნიკულიორი, დასრულდა ქაშუეთის ეკლესიის მშენებლობა, მუშტაიდის ბაღში გაიხსნა პირველი კინოთეატრი, 1907 წელს აიგო ზუბალაშვილის სახელობის სახალხო სახლი, დღევანდელი მარჯანიშვილის თეატრის შენობა, თბილისის ტერიტორიას შეუერთდა ვაკე, გაიხსნა უპოვართა სახლი, ამჟამინდელ ზუბალაშვილების ქუჩაზე მდებარე ბავშვთა საავადმყოფო. არსებობს ამ შენობის გახსნის ფოტო, სადაც ვასილ ჩერქეზიშვილი გადაღებულია ტფილისის ცნობილ საზოგადოებასთან, მათ შორის, ვორონცოვ-დაშკოვის მეუღლესთან ერთად. 1908 წელს ჩერქეზიშვილი გარდაიცვალა და მის თანამდებობაზე ტიგრან ენკიციანცი დაინიშნა, 1911-1917 წლებში კი ქალაქის თავი ალექსანდრე ხატისოვი იყო, რომლის სახელსაც უკავშირდება ცნობილი მუხრანის ხიდის აგება, ხოლო, ბოლო ქალაქის თავი ბენიამინ ჩხიკვიშვილი იყო, რომელიც 1921 წელს მოხსნეს და მას შემდეგ ტფილისში საბჭოთა მთავრობის მმართველობის პერიოდი დაიწყო.