რჩევები ავტომოყვარულ მძღოლებს
კითხვა: მყავს ავტომობილი „ოპელ ვექტრა“. შევიძინე ახალი სამუხრუჭე ხუნდები, რომელმაც სულ ცოტა ხანში წრიპინი დაიწყო. მთელი დღის განმავლობაში ეს ხმა აქვს და, არ ვიცი, როგორ მოვიქცე. ზოგადად, ხუნდების ბრალია ეს, სამუხრუჭე სისტემის თუ სხვა რამეა მიზეზი?
პასუხი: თუკი ხუნდები შეცვალეთ და ის აწივლდა, ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი ნაკლებად ხარისხიანი აღმოჩნდა. ხუნდებს რამდენიმე თვისება უნდა ჰქონდეს: არ უნდა ხმაურობდეს; იოლად არ უნდა ცხელდებოდეს და კარგად უნდა იჭერდეს. თუ ამ სამიდან რომელიმე დარღვეულია, ეს ნიშნავს, რომ უკვე პრობლემები გაქვთ. ყველაზე მნიშვნელოვანი და ყურადღების მისაქცევი, რა თქმა უნდა, მესამე თვისებაა. თუ ხუნდები არ იჭერს, ის სასწრაფოდ გამოსაცვლელია. ასე რომ, თუ თქვენი ხუნდები პირველ ორ თვისებას აკმაყოფილებს, მაშინ მისი მოხმარება შეგიძლიათ. მაგრამ, რადგან წივილის ხმას გამოსცემს, სათუოა, რომ მან სხვა დანარჩენი ფუნქცია კარგად შეასრულოს. თუმცა, არსებობს ხუნდები, რომლებიც არ ხმაურობს, მაგრამ მთელ სისტემას ჭამს, ყველაფერს ცვეთს. ამიტომ, შეიძინეთ ნორმალური, ცნობილი ბრენდის ხუნდები.
კითხვა: მყავს „ჟიგულის“ მარკის ავტომობილი. ყოველთვის მისველებს „სვეჩებს“. მყავდა ხელოსანთან და მითხრა, „პერეხადნიკები“ გამოცვალეო და მეც შევცვალე. ავტომობილი მოტორის ხელოსანს ვაჩვენე, მაგრამ ზეთს არ იკლებს და მიზეზი ვერც მან გაიგო. ანუ, თითქოს ძრავაში პრობლემა არ უნდა იყოს. იქნებ ამიხსნათ, რა არის მიზეზი?
პასუხი: ამ ტიპის პრობლემა მხოლოდ „ჟიგულებისთვის“ არ არის დამახასიათებელი. მიზეზი აქ ადვილი გასაგებია: თუკი „სვეჩებს“ ასველებს, ეს ნიშნავს, რომ ამა თუ იმ გზით მასთან ზეთი უნდა ხვდებოდეს. მაგრამ, ამ შემთხვევაში, ზეთი უნდა იკლებდეს. თუ „კოლიცოები“, „კლაპანის სალნიკები“ ზეთს არ აპარებს და, როგორც თქვენ ამბობთ, ზეთი არ იკლებს, მაგრამ „სვეჩები“ მაინც სველდება, ეს ნიშნავს, რომ ავტომობილს ან ელექტრული პრობლემა აქვს (შესაძლოა, დაზიანებული იყოს კაბელი, რომელიც უშუალოდ მიაწოდებს ელექტროობას სანთელს, იმისთვის, რომ აფეთქება მოხდეს), ან ისაა მიზეზი, რომ ორიგინალი „სვეჩის“ გაფუჭების შემდეგ სულ უხარისხო, იაფიან „სვეჩებს“ ყიდულობთ. ის ძირითადად აზერბაიჯანიდან შემოაქვთ და, რადგან იაფია და ახალი, გვგონია, რომ კარგად იმუშავებს. სინამდვილეში კი ის საერთოდ არ მუშაობს.
„სვეჩებს“ ძალიან სერიოზული დანიშნულება აქვს: ნებისმიერი ავტომობილი, იმის მიხედვით, თუ რა წნევას განავითარებს და რა ტემპერატურაზე მუშაობს ცილინდრები, თავის სპეციფიკურ „სვეჩებს“ მოითხოვს. „ჟიგულიც“ ამ ავტომობილებს შორისაა. მას საკუთარ სისტემაზე მორგებული „სვეჩი“ ესაჭიროება. ამიტომ, ნუ დაინანებთ, გადაიხადეთ სამი-ოთხი ლარით მეტი და შეიძინეთ კარგი ხარისხის, ნორმალური ფირმის „სვეჩი“, რომელსაც ცნობილი ბრენდი გვთავაზობს, მაგალითად, როგორიცაა „ენჯეკა“, რომელსაც იაპონიაში მოიხმარენ, „ჩემპიონი“, რომელსაც უფრო ევროპაში მოიხმარენ და სხვა. ძალიან კარგია „ბოში“. ასე რომ, პრობლემის აღმოფხვრა კარგი ხარისხის „სვეჩების“ შეძენით დაიწყეთ, შემდეგ გადაამოწმეთ ელექტროობის გადაბმები, ამ გზით იოლად აღმოაჩენთ და აღმოფხვრით მიზეზს. და ეს პრობლემას მოაგვარებს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: იმ შემთხვევაში თუ ავტომობილი ზეთს არ ჭამს, მაშინ მიზეზი სხვა რამ იქნება.