კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ინტიმური საუბრები

ქმრის ჯაჭვით დაბმას
აზრი არ აქვს
ჩემი ისტორია მინდა, გიამბოთ. იმედია, თქვენი რუბრიკის მკითხველთა დიდი ნაწილი საკუთარი ცხოვრების ეპიზოდებსაც ამოიცნობს ჩემს ნაამბობში, ბევრი კი დაფიქრდება და შეეცდება, ჩემი შეცდომები არ გაიმეოროს.
საერთოდ, ამქვეყნად არაფერია მარადიული, მით უმეტეს – სიყვარული, როგორი ძლიერიც არ უნდა იყოს ის. მართალია, წაგვიკითხავს ან გაგვიგია, რომ ვიღაც ცოლ-ქმარს („ვიღაცას“ იმიტომ ვამბობ, რომ ასეთების შესახებ მხოლოდ ყური თუ მოგვიკრავს; ჩვენ გვერდით, ჩვენ გარშემო, ჩვენ სიახლოვეს კი ასეთი რამ არ მომხდარა) სიკვდილამდე ისევე უყვარდათ ერთმანეთი, როგორც თავიდან, მაგრამ, თუ ასეთი რამ ოდესმე სადმე მაინც მომხდარა, იმდენად ერთეული შემთხვევებია, რომ ლამაზ, მაგრამ, გაცილებით უფრო დაუჯერებელ ზღაპრად აღვიქვამთ (ყოველ შემთხვევაში, მე ასე ვარ), ვიდრე ვთქვათ, გომბეშოს მზეთუნახავად გადაქცევას.
და, რადგანაც მარადიული არაფერია, ამიტომ უნდა შევიგნოთ (განსაკუთრებით – ქალებმა), რომ ეს გრძნობა, რომელიც ოდესღაც ღრუბლებში დაგვაფრენდა, ადრე თუ გვიან, გაქრება; უფრო ხშირად – სიძულვილში, აგრესიასა და სინანულში გადაიზრდება, უკეთეს შემთხვევაში კი მოსაწყენ, ერთფეროვან და ყელში ამოსულ შეჩვევად გადაიქცევა; თუმცა, არის მესამე ვარიანტიც – გრძნობის ობიექტის შეცვლა. ეს ყველაფერი, მართალია, ტრაგედია თუ არა, დრამა მაინც არის, მაგრამ, რადგან მაინც ძალიან ჩვეულებრივი, ანუ, ადამიანური მოვლენებია, შესაბამისად, გასაკვირიც არ არის. ამიტომ, უბრალოდ, ყოველივე ეს წინასწარ უნდა იცოდე, ანუ, გაცნობიერებული უნდა გქონდეს, რომ ზღაპრის ბოლო კეთილი არ არის (როგორც ერთ სიმღერაში გვატყუებენ).
და კიდევ ერთი რამ უნდა იცოდეს ნებისმიერი ასაკის ქალმა, რომელსაც ჰყავს ქმარი: არანაირ ეჭვიანობას, არანაირ თვალთვალსა და კუდში დევნას აზრი არ აქვს. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ კაცი ბუნებით არის მოღალატე (ბოდიშს ვიხდი უიშვიათეს გამონაკლისებთან) და, კერძო დეტექტივიც რომ მიუჩინო, მაინც მოახერხებს „იალაღზე გაგულავებას“; მეორეც, თუ ქმარმა შეგატყო, რომ უთვალთვალებ, თუ გული გაუწყალე ეჭვიანობითა და დაკითხვებით, თვითონ რომ არ ფიქრობდეს, შენ მიიყვან იმ აზრამდე, რომ თვალიც და გულიც სხვისკენ გაექცეს. თანაც, ასეთი დამოკიდებულება ქმრის მიმართ, დაძაბავს და გააუხეშებს ურთიერთობას, რაც დააჩქარებს სიყვარულის სიძულვილში გადაზრდას, ან, უკეთეს შემთხვევაში – გაქრობას.
ამხელა ტრაქტატი რომ ჩამოვაყალიბე, ჩემი შეცდომების შედეგია, რასაც ძალიან ვნანობ. მართალია, ისევ ჩემი თეორიებიდან გამომდინარე, ეს დღე, ალბათ, მაინც დადგებოდა (ანუ, როცა აღმოვაჩენდით, რომ ერთმანეთი აღარ გვიყვარს, რომ ერთმანეთისთვის უცხოები გავხდით, ან, ისე შევეჩვიეთ ერთმანეთს, რომ დანახვაზეც კი ეკალი გვაყრის, ან, უბრალოდ, ერთ-ერთი ჩვენგანი მიხვდა, რომ სხვა უყვარს და ერთად ცხოვრება მხოლოდ ტანჯვას მოგვიტანს ორივეს და ასე შემდეგ), მაგრამ, დადგებოდა უფრო გვიან და უფრო მსუბუქი ფორმით.
ამ ყველაფერში კი ლომის წილი ჩემს დაქალს მიუძღვის, რადგან სწორედ მან „აღმოაჩინა“, რომ ჩემი ქმარი თვალებს უჟუჟუნებდა ქალებს და მასწავლა გზები და მეთოდები, როგორ გამომეჭირა ქმარი ღალატში, ან, უკეთეს შემთხვევაში, როგორ მომეყვანა გონზე და დამებრუნებინა ოჯახისთვის. მე სულელიც, ავყევი დაქალის რჩევებს და ნამდვილი აგენტურული ქსელი დავხლართე რეზოს გარშემო: სადაც არ უნდა წასულიყო, ყველგან ჩემი აგენტი ჰყავდა ჩასაფრებული და, ზოგი ტელეფონით უღებდა სურათებს, ზოგი მის ლაპარაკს იწერდა... სახლში კი მე ვიყავი პოლიციელი: ვუჩხრეკდი ჯიბეებს, ვუქექავდი უჯრებს, ყურს ვუგდებდი მის სატელეფონო საუბრებს, ლამის თავდაყირა ვაყენებდი მის მობილურს... მოკლედ, რომელი ერთი ჩამოგითვალოთ. თავიდან ვერაფერს ხვდებოდა, მერე, რაღაც იგრძნო და აშკარად დაიძაბა – ცდილობდა, თავისი ყოველი სიტყვა და ყოველი ნაბიჯი თავადვე გაეკონტროლებინა, რომ მე ვერაფრისთვის მიმეგნო და სწორედ მისმა ასეთმა საქციელმა დამადარაჯა – კუდი თუ არ ეწვის, ასე რატომ ცდილობს ჩემთვის თვალის ახვევას-მეთქი. ბევრი რომ არ გავაგრძელო, ჩემი დაქალი მართალი გამოდგა – რეზო მარტო „თვალების ჟუჟუნით“ კი არ შემოიფარგლებოდა, ხშირადაც იცვლიდა საყვარლებს. ეს რომ დავადგინე, ისეთი სცენა მოვუწყვე სახლში, მართლა შეეშინდა, რამე არ მომსვლოდა და მეხვეწებოდა, ოღონდ დაწყნარდი და ცხოვრებაში სხვა ქალისკენ აღარ გავიხედავო. მაგრამ, ეს „აღარ“ მხოლოდ რამდენიმე თვეს გაგრძელდა. შემდეგი სცენა უკვე სხვა ფორმისა და შინაარსის იყო: ჩხუბის ნაცვლად, შევეცადე, ჩვენი სიყვარულის პირველი დღეები გამეხსენებინა, ათასნაირად შევაცოდე თავი და ბოლოს დავემუქრე, თავს მოვიკლავ-მეთქი. ამან ცოტა შეაშინა და მოფერება დამიწყო – ხომ იცი, შენზე მეტად არასდროს არავინ მყვარებიაო. ამ ამბის შემდეგ, ცდილობდა, ძველებურად თბილი და ყურადღებიანი ყოფილიყო, მაგრამ, აშკარად ხელოვნურად გამოსდიოდა ყველაფერი, თუმცა, ამის მიუხედავად, ოღონდ ჩემთან ყოფილიყო, ოღონდ სხვასთან არ წასულიყო და ყველაფერზე თანახმა ვიყავი. გულში მიხაროდა კიდეც, რომ გავიმარჯვე და ქმარი შევინარჩუნე, რომ შვილებს მამა არ დავუკარგე. მაგრამ, ერთ ღამეს, ინტიმის დროს, უცებ მივხვდი, რომ ეს კაცი, ვინც გვერდით მეწვა და ვინც ოდესღაც მთელ დედამიწაზე ყველაზე მეტად მიყვარდა, ჩემთვის არაფერს აღარ წარმოადგენდა, რადგან მის მოფერებაში საშინელი სიყალბე ვიგრძენი. შეიძლება, ძალიან უხეში შედარება გავაკეთო, მაგრამ, ასოციაციურად, ეს იყო ჯაჭვით დაბმული ძაღლი, რომელიც მკაცრ პატრონს იმიტომ ექლესება და უმტკიცებს ერთგულებას, რომ ჯაჭვი ახსნან, თორემ, სინამდვილეში, სწორედ ამ ჯაჭვის გამო არ ეხატება გულზე თავისი პატრონი.
მეორე დილასვე ვუთხარი, გაყრა მინდა-მეთქი. ისე გაუკვირდა, სიხარულის შეგრძნებაც კი დაფარა ამ გაკვირვებამ. რატომო, – რომ მკითხა, პირდაპირ ვუთხარი – ჯაჭვით დაბმული ქმრის ყოლას რა აზრი აქვს, როცა ვგრძნობ, რომ ჩემი მოფერებისას, სინამდვილეში, ვიღაც კახპასთან ხარ-მეთქი. იცით, რა მიპასუხა? – ის ქალი კახპა არ არის, მასზე ასეთი ლაპარაკის უფლებას არ მოგცემო. სწორედ მაშინ დავუსვი წერტილი ჩემს ცხოვრებაში მის არსებობას.
ამჟამად მე და რეზო გაყრილები ვართ და, ვერც კი წარმოვიდგენდი, ასეთი ბედნიერება თუ იყო მის გარეშე ცხოვრება. ახლა არც სანერვიულო მაქვს რამე და არც თავმოყვარეობა მელახება, როგორც უარყოფილ ქალს. მთელ ჩემს დროსა და ენერგიას შვილებს ვახმარ და ვცდილობ, საერთოდ აღარ ვიფიქრო ჩემს წარსულზე. მომავალზე კი, როგორც ქალი, აღარ ვფიქრობ – არა მგონია, ოდესმე შემხვდეს ისეთი მამაკაცი, რომელიც ჩემი სიყვარულის ღირსი იქნება.
სოფო, 36 წლის.

სინდისის ქენჯნა იმქვეყნადაც არ მომასვენებს
მოხუცებული ქალი ვარ, თანაც, ავადმყოფი და, ვიცი, მალე დავტოვებ წუთისოფელს. სამწუხაროდ, ეკლესიურად არ გამზარდეს და, შესაბამისად, არც მოძღვარი მყოლია. წესით, მისთვის უნდა ჩამებარებინა აღსარება, მაგრამ, ჯერ ერთი, გარეთ ვეღარ გავდივარ და სახლშიც ძლივს დავჩოჩავ (ამ წერილის გამოგზავნა მეზობლის გოგონას ვთხოვე); მეორეც, ეკლესიაში მხოლოდ სანთლის დასანთებად შევდიოდი ხოლმე და ახლა მიჭირს ამ ნაბიჯის გადადგმა. ამიტომ, გადავწყვიტე, თქვენთვის მომეწერა ჩემი აღსარება და ამით გამომესყიდა ცოდვა, რომელიც ნამდვილად კეთილი განზრახვით ჩავიდინე.
საქმე ისაა, რომ წლების წინ ჩემი ერთადერთი ქალიშვილი ცოლად გაჰყვა ძალიან კარგ ბიჭს. საოცრად უყვარდათ ერთმანეთი, მაგრამ, ეს გრძნობა თანდათან ქრებოდა, რადგან ჩემი გოგონა უშვილო აღმოჩნდა. მისი ქმარი ეხვეწებოდა, ბავშვი ავიყვანოთო, მაგრამ, ამ სულელმა დაიჟინა, თუ მართლა გიყვარვარ, ისეთი უნდა მიმიღო, როგორიც ვარ, თუ არა და, გავშორდეთო. არადა, ზუსტად ვიცოდი, ქმარი რომ გაჰყროდა, ვერ გადაიტანდა, მეორე დღესვე მოკვდებოდა, ისე ძალიან უყვარდა. ბევრი ფიქრის შემდეგ, დავიბარე სიძე და ჩემი გეგმა გავაცანი: ვუთხარი, რომ მოეძებნა ვინმე ჯანმრთელი და ნორმალური ქალი, რომელიც ბავშვს გაუჩენდა და დედობაზე უარს იტყოდა, მერე კი იმ ბავშვს მე თვითონ დავუტოვებდი ჩემს შვილს კართან, ბავშვს „უცნობი დედის“ წერილიც ექნებოდა სახვევებში ჩადებული და ჩემი გოგოც იძულებული გახდებოდა, ეშვილა და გაეზარდა. ასე იმიტომ გადავწყვიტე, რომ, რადგან ბავშვი ჩემი სიძის ღვიძლი შვილი იქნებოდა, ნამდვილად მთელი გულით ეყვარებოდა და ჩემს გოგოს არასოდეს მიატოვებდა.
სიძემ ჯერ ცივი უარი მითხრა – ცოლს ვერ მოვატყუებო, მაგრამ, ბოლოს მაინც დამთანხმდა. ჩემთვის არ უთქვამს, ვინ იყო ის ქალი (არც მე მიკითხავს, მხოლოდ ის მითხრა, არასოდეს ბავშვს არ მოაკითხავსო). ერთი წლის შემდეგ კი ჩემს გოგოს უკვე ჰყავდა შვილი, რომელიც ძალიან შეუყვარდა.
მაიკო, ჩემი შვილიშვილი, ახლა უკვე სტუდენტია. ჩემი საიდუმლო დედამიწის ზურგზე არავინ იცის, ჩემი სიძის გარდა. თუმცა, ბავშვი რომ წამოიზარდა, ჩემმა შვილმა რამდენჯერმე მითხრა გაოცებით, მაიკო ისე ჰგავს მამამისს, თითქოს მართლა მისი შვილი იყოსო. მე სულ ერთსა და იმავეს ვუმეორებდი – ბავშვი იმას ემსგავსება, ვისთანაც იზრდება-მეთქი. ერთი სიტყვით, მას შემდეგ 19 წელი გავიდა, ოჯახი ოჯახს დაემსგავსა, ბავშვმა კვლავ გააერთიანა თითქმის გათიშული ცოლ-ქმარი და ამ მხრივ ბედნიერი ვარ, მაგრამ, მაინც ცოდვილად მიმაჩნია თავი, რადგან, თითქმის ოცი წელია, საკუთარ შვილს ვატყუებ. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ამ ნაბიჯით მას ახლა ბედნიერი ოჯახი აქვს, ზუსტად ვიცი, რომ გაიგოს, არავითარ შემთხვევაში არ მაპატიებს, ისედაც დიდი დღე აღარ დამრჩენია და, სიკვდილსაც არ მაცლის, ისე იტყვის ჩემზე უარს.
კაცმა რომ თქვას, კეთილი საქმე გავაკეთე, მაგრამ, სინდისი მაინც მაწუხებს და, ვიცი, ამ დარდს სამარეში წავიყოლებ.
მერი, 79 წლის.

ცოლი გამითხოვდა
მე და ჩემი ყოფილი ცოლი თანაკლასელები ვართ და პირველი კლასიდან გვიყვარდა ერთმანეთი. სკოლა დავამთავრეთ თუ არა, მეორე დღესვე გავიპარეთ. მისაღებ გამოცდებზე ერთად წავედით, ერთად გავხდით სტუდენტები, ერთად დავამთავრეთ უმაღლესი და ერთად დავიწყეთ მუშაობა. მოკლედ, წელიწადი თორმეტი თვე, ოცდაოთხი საათი ერთად ვიყავით და, ერთ დღეს მივხვდი, რომ ჩემი ცოლი მომბეზრდა. უფრო უხეშად თუ ვიტყვი, ყელში ამომივიდა მის საზოგადოებაში ყოფნა ყველგან და ყოველთვის და მის მიმართ ყველანაირი ინტერესი დავკარგე. არანაირად აღარ მაინტერესებდა – არც როგორც ქალი, არც როგორც ცოლი და არც როგორც პიროვნება. ასეთი განწყობა მის მიმართ თანდათან გამიძლიერდა და უკვე ისე მაღიზიანებდა, ყველაფერზე შარს ვდებდი. შესაბამისად, ჩხუბი და უსიამოვნებაც გახშირდა და ბოლოს იქამდე მივედი, რომ პირდაპირ ვუთხარი, ნერვებს მიშლი და, სანამ რამე უბედურება არ მომხდარა, გავეყაროთ-მეთქი. ჯერ იტირა, მერე მითხრა, თუ გინდა, რამდენიმე თვით, ან, თუნდაც ერთი წლით, ჩემს მშობლებთან წავალ, რომ ჩემგან დაისვენო და, თუ ამ დროის განმავლობაშიც აღარ მოგენატრები, ესე იგი, მართლა ყველაფერი დამთავრდა ჩვენ შორის და მერე გავეყაროთო. მაგრამ ისე მქონდა აკვიატებული მასთან გაყრა, რომ არ დავთანხმდი და ორ თვეში გავეყარე. იმდენად მაღიზიანებდა ყველანაირად, ბავშვებზე აღარც მიფიქრია, ვამბობდი, ცოტა ხანს ინერვიულებენ, ბოლოს შეეჩვევიან. ნახევარი საქართველო ასე ცხოვრობს და მშობლების გაყრის გამო არც ერთი ბავშვი არ მომკვდარა-მეთქი.
გაყრიდან თითქმის ნახევარი წელი ისე გავიდა, არც ცოლი მომიკითხავს და არც შვილები. იმდენად დიდი ბედნიერება ყოფილა თავისუფლება, არავინ არც მახსოვდა და არც მენატრებოდა. ჩემი ასეთი საქციელის გამო მამაჩემი საშინლად მეჩხუბა და საერთოდ აღარ მცემდა ხმას, დედა კი ჩემს ყოველ დანახვაზე არაკაცს მეძახდა და ისეთ ტირილს იწყებდა, თითქოს წინ მიცვალებული ედო. ვიცოდი, რომ ჩუმად ნახულობდნენ შვილიშვილებს, მაგრამ, არ ვიმჩნევდი – ასე ყოფნა უფრო მაწყობდა. 17 წლიდან შევები ოჯახის უღელს და, მიუხედავად იმისა, რომ მშობლები გვარჩენდნენ, მაინც ძალიან შეზღუდული ვიყავი. ჩემი ძმაკაცები დასასვენებლადაც ერთად დადიოდნენ, ნაშებშიც, ბარშიც, რესტორანშიც... ხან გვიან მიდიოდნენ სახლში და ხან საერთოდაც არ მიდიოდნენ; ხან მთა მოიარეს ფეხით და ხან – ბარი, მე კი ამ ყველაფერს მოკლებული და მონატრებული ვიყავი და, ამიტომ, თავისუფლება რომ შევიგრძენი, ისე ავიწყვიტე, ბიჭები გაოცებულები იყვნენ.
როგორც გითხარით, ცოლთან გაყრიდან ნახევარი წელი არავინ გამხსენებია, მერე კი ნელ-ნელა დამეწყო შვილების მონატრება, მაგრამ, უკვე ვეღარ ვბედავდი სანახავად მისვლას. ერთხელაც, გავბედე, ნუცას დავურეკე და ვუთხარი, ბავშვების ნახვა მინდა და პარკში გამოიყვანე-მეთქი. მე არ მცალია, მოდი და თვითონ წაიყვანეო, მითხრა. ვიფიქრე, უნდა, რომ მიმიტყუოს და სცენები მომიწყოს-მეთქი და საერთოდ აღარ შევეხმიანე. კიდევ შემდეგი ექვსი თვის განმავლობაში როგორღაც მოვახერხე და ორჯერ ვნახე შვილები: ერთხელ ცირკში წავიყვანე, მეორედ – ზოოპარკში, მაგრამ, ისეთი გაუცხოებულები და დაძაბულები იყვნენ, საერთო ენა ვერანაირად ვერ გამოვნახე და, ერთი სული მქონდა, როდის მივიყვანდი უკან. ნუცა საერთოდ არ მენატრებოდა, თეორიულადაც კი არ ვუშვებდი მასთან შერიგების შესაძლებლობას.  დაახლოებით წელიწად-ნახევრის შემდეგ კი გავიგე, რომ ჩემი ყოფილი ცოლი გათხოვებას აპირებდა, რაზეც ისე გადავირიე, ვეღარ მაკავებდნენ. ჯერ სახლში დავლეწე ყველაფერი და, სანამ მამაჩემმა სილა არ გამაწნა, გონს ვერ მოვედი. დედაჩემმა ისევ „შემამკო“ უკანასკნელი სიტყვებით და მომახალა: აბა, რა გეგონა, რამდენ ხანს დაელოდებოდა შენისთანა დებილისა და უტვინოს ჭკუაზე მოსვლას. ახალგაზრდა და ლამაზი ქალი მარტო როდემდე უნდა დარჩენილიყო. ამისთანა გოგოს, ორი შვილის მიუხედავად, ვინ დატოვებდა ისე. მან კი მონახა პატრონი, მაგრამ, შენ რა გეშველება, შე უბედურო, შენს დაჭკვიანებას რომ არ დაადგა საშველიო.
იმ დღიდან, ჩემდა უნებურად, ინტენსიურად დავიწყე ნუცაზე ფიქრი და, ჩემგან დამოუკიდებლად, მხოლოდ ის ეპიზოდები და სიტუაციები მახსენდებოდა, როცა ყველაზე ბედნიერად ვგრძნობდი თავს. რამდენიმე დღე საკუთარ თავთან ბრძოლაში გავატარე, მერე გადავლახე საკუთარ თავში ის წინააღმდეგობა, რომელსაც პატივმოყვარეობა ჰქვია, დავურეკე და პირდაპირ ვუთხარი, შერიგება მინდა-მეთქი. მე აღარ მინდაო, – მითხრა. მიყვარხარ და უშენოდ ვერ ვძლებ, ბავშვებსაც მამა სჭირდებათ-მეთქი. შვილები თუ გინდოდა, აქამდე უნდა გაგხსენებოდა, მე კი აღარ მიყვარხარ და უშენოდ უფრო კარგად ვარ. ამიტომ, ძალიან გთხოვ, დაივიწყე ჩემი არსებობა და შენი ბედი მოძებნეო. ამაზე სულ გავგიჟდი. გავიგე, ვინ იყო ის ტიპი და მივუვარდი, მაგრამ, ისე დამალილავა, სული ძლივს მივიტანე სახლამდე. დედაჩემი სახეზე საფენებს მადებდა და თან იმ კაცს ლოცავდა – იმან გაიხაროს, იმის მარჯვენას ვენაცვალეო. მამაჩემიც ბანს აძლევდა – ერთი, ის კაცი უნდა ვნახო და მადლობა ვუთხრაო.
მოკლედ, ნუცა გათხოვდა და, როგორც გავიგე, ძალიან ბედნიერად გრძნობს თავს. ის კაცი თურმე ჩემს შვილებსაც თან ჰყვება. მე კი დავრჩი ასე მარტო; ცოლს ვინღა ჩივის, შვილებს, ალბათ, აღარც კი ვახსოვარ, მით უმეტეს, რომ ნახევარჯერ უცხოეთში არიან. ძალიან ვნანობ, რაც მოხდა, მაგრამ, რომ ვუფიქრდები, მე კი არა, ჩემი ასაკი იყო დამნაშავე, ოჯახი რომ ვერ შევინარჩუნე.
ვანიკო, 29 წლის.

скачать dle 11.3