40 წლის წინანდელი რა საიდუმლო ამბავი გაანდო ხთისო სესიაშვილმა მონადირეებს ვახუშტი კოტეტიშვილის გარდაცვალებიდან ერთი წლის შემდეგ
ბატონ გიგი ხორნაულს კარგად იცნობს „თბილისელების” მკითხველი. მის მიერ მოთხრობილი ამბები, რომლებიც გაჯერებულია გულწრფელობით, ყოველთვის განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს და დარწმუნებული ვარ, ამ ინტერვიუშიც არ დაირღვევა ეს ტრადიცია. დღეს ჩვენ გიგი ხორნაულისა და ვახუშტი კოტეტიშვილის დათვზე ნადირობის ამბებს გიამბობთ.
გიგი ხორნაული: ვახუშტი კოტეტიშვილს, მართალია, ნადირობისა და თოფ-იარაღისა არაფერი ესმოდა, მაგრამ ბუნებაში მეგობრებთან ერთად გასვლა და მოლხენა ბევრ მონადირეზე მეტად უყვარდა. განსაკუთრებით მთაში, ფშავ-ხევსურეთში, ლექს-კაფიით შეზავებულ არაგვისპირელ „მონადირულ” სუფრასთან იცოდა სულითა და გულით ახავლება.
– ბატონო გიგი, ნანა კოტეტიშვილმა, თქვენმა მეუღლემ და ვახუშტი კოტეტიშვილის ბიძაშვილმა, ჩვენს მკითხველს უკვე უამბო, რომ ფშავში, სოფელ კაწალხევში, თქვენს ქორწილში „მოიწამლა” თავდაპირველად ბატონი ვახუშტი კაფიებით...
– ეს ქორწილი 50 წლის წინ იყო... მას შემდეგ ვახუშტი ფშავ-ხევსურეთის გარეშე ვეღარ ძლებდა, ფშავ-ხევსურეთი კი უვახუშტოდ... მთაში ავიდოდი, ვახუშტის ამბავს მეკითხებოდნენ, ჩამოვიდოდი და ვახუშტი ჩამომაფქვევინებდა ხოლმე ახალ ლექს-კაფიებს. ხშირად ეპატიჟებოდნენ ქორწილ-ნათლობებში სათამადოდ. ისიც მიდიოდა, მთელი გულით მოილხენდა და ხალხსაც არნახულად მოალხენდა. უყვარდათ ვახუშტი და ვახუშტისაც უზომოდ უყვარდა ფშაველ-ხევსურნი.
ჩვენს ოჯახს, მამაჩემს ეგრე მოუდიოდა – გვიან შემოდგომაზე, როცა საღმრთოს, ან ქორწილს იხდიდა, სხვა სტუმრებთან ერთად, რა თქმა უნდა, ჩვენს მონადირე ძმაკაცებს ვეპატიჟებოდით – ქეიფის წინა დღეს ნადირობას ვაწყობდით. ეს განსაკუთრებით თბილისიდან მოპატიჟებულებს უხაროდათ. მათ რომ უხაროდათ, ჩვენ ეს მათზე მეტად გვიხაროდა, მით უმეტეს, თუ ნადირობა შედეგიანიც იქნებოდა. ნანადირევსაც ტყავგაუხდელად ვატანდით ქალაქში.
მთიელებს ვახუშტის ნახვა უხაროდათ ყველაზე მეტად. წინასწარ მეკითხებოდნენ: ვახუშტი ხომ მოვა? ვახუშტის ხომ ეპატიჟებითო? იმას ჩემი დაპატიჟება აღარ სჭირდებოდა. ის კი არა, თავად ეპატიჟებოდა სხვას, „მთაში წაყვანის ღირს” თავის მეგობრებს.
– გაიხსენებთ, რომელიმე მომენტს ვახუშტის მთაში სტუმრობისა?
– ჩემი უმცროსი დის ქორწილი გვქონდა. 2 დღით ადრე ავედით ქალაქური ნაკრებით. მოგროვდნენ ფშაველებიც. იმ ღამეს, ქეიფში ვახუშტი ადვილად დაიყოლიეს, ხვალ, ჩვენთან ერთად, შენც უნდა წამოხვიდე სანადიროდო. დილით, „ნასმურზე” იუარა – კარგით რა, მე რისი მონადირე ვარ, თოფი ხელში არა მჭერიაო. ფშაველები არ ეშვებოდნენ, ამიტომ ვახუშტიმ უიარაღობა მოიმიზეზა: უთოფოდ როგორ წამოვიდე, გინდათ, დათვებს შეაჭამოთ ჩემი თავი? ერთი უბრალო თოფი მაინც მომეცითო. იმ იმედით, რომ ის თოფს მაინც ვერ იხმარდა, ერთი გამოუსადეგარი „ცენტრალა” რაღაცა გვეგდო და ის გამოვუტანე. ვახუშტიმ ისე გადაიკიდა მხარზე, არც კი შეუმოწმებია. ამის შემდეგ, ვახუშტიმ თავისი მეგობრები, ისინი ვისაც, როგორც თვითონ თქვეს, მანამდე ტყეშიც კი არ შეეყოთ თავი, დაპატიჟა. ბარემ თქვენც წამოდით, აქ რა უნდა აკეთოთო. ერთად დავიძარით თოფიანები და უთოფოები.
გასასაცილოვდა ჩვენი დათვზე ნადირობა...
– რატომ ამბობთ ასე?
– გადავწყვიტეთ, ყველაზე ადვილად სავალ საორბის ტყეში მოგვეწყო სარეკი. იქ დათვის გეზებია. ვთხოვე, ჩვენებს, ვახუშტი თავისი ბიჭებით ბუჭყურას ახოს ბოლოში დაეტოვებინათ, თავად კი ზემოთ გეზებში განაწილებულიყვნენ და თბილისელი მონადირეებიც იქ აეყვანათ. მე და კიდევ ერთი-ორი ბიჭი სარეკში წავედით. მთავარ საწოლებს, სულ ზემოთ, მე გამოვყევი. დათვი მაღალგორის წვრილიანებში წოლილიყო. თბილი საწოლი ვნახე. ცოტა ხანს დავჯექი და დაველოდე თოფის ხმას. თოფის ხმა არა, მაგრამ დროდადრო რაღაც უცნაური ხმა ისმოდა. ვერაფრით გავარჩიე, დამაინტერესა, რა ხდებოდა, სწრაფად გადავიარე კიდევ ერთი ტყიანი გორი და გადავედი ბუჭყურას ახოში. იქ, სადაც გზებს უკრავენ ხოლმე მორეკილ ნადირს. აქ უნდა მდგარიყვნენ გზის შემკრავები. არავინ ჩანდა. იგივე უცნაური ხმა, ოღონდ უფრო ძლიერად, ქვევიდან მომესმა. ჩავიხედე და რას ვხედავ, ახოს ბოლოში ჩამომდგარან ყველანი, წინ უდგათ ვახუშტი და დროდადრო იქუხებს სიცილი. დავეშვი მათკენ გაბრაზებული. ვახუშტიმ ხელი დამიქნია, – ჩამოდიო.
რატომ გაუშვით დათვი-მეთქი, ამ სიტყვებით მივუახლოვდი. აი, ვახუშტიმ დაგვიძახა, ჩამოდითო და უარს როგორ ვეტყოდით? – ეცინებოდა რევაზ არაბულს. ნეტაი, შენ! დათვი კი არა, მოდი, ყანწი გამომართვი! – მითხრა ვახუშტიმ – ნუ ხარ შენ სისხლისმსმელი, ამ ზღაპრულ ბუნებაში, კაცი მოკვლაზე ილაპარაკებს?! ის დათვი რა, ამ ბუნების სილამაზე არ არისო?! გავგიჟდი, რომ დამანახვეს როგორ მირბოდაო!..
– ახლა გასაგებია, თუ რატომ გასასაცილოვდა თქვენი დათვზე ნადირობა.
– ბიჭებმა მითხრეს იმ დათვზე, დიდრუვში გადავიდოდა და იქიდან ვერსად წაგვივაო. მართლაც, ვახუშტი და მისი კამპანია სახლში რომ გამოვუშვით, მე და ჩემმა ქვისლმა, ალეკო შალუტაშვილმა დიდრუვი ვირეკეთ და ის დათვი მაინც მოვკალით.
– იმის შემდეგ თუ წასულხართ ვახუშტი კოტეტიშვილთან ერთად სანადიროდ?
– როგორ არა. მეორედაც იგივე ამბავში გვყავდა ვახუშტი დათვზე სანადიროდ. მახსოვს, მამაჩემმა საღმრთო გადაიხადა. ლუდი ჩვეულებრივ დათვისელ მინდიას ადუღებინა. ხთისო სესიაშვილი, ამ დროისთვის ფოლკლორული საღამოების უკვე უცვლელი მონაწილე, აღარ მოეშვა ვახუშტის – შენ თუ არ წამოხვალ, არც მე წავალო. გაიგეთ, ხალხნო, ისევ ისე გაგიფუჭებთ ნადირობას! აბა, რად გინდათ, რომ წამიყვანოთო? – თავისას არ იშლიდა ვახუშტი. „შენ გაფუჭებულ მირჩევნიავ სხვის გაკეთებულსა,”– უთხრა სესიაშვილმა. მართლაც წავედით. იმჟამად უკვე მქონდა ზედმეტი, შედარებით უკეთესი თოფი. ხთისოს მივანდე თოფისა და ვაზნის ვახუშტისთვის გაგებინება. ის უხსნიდა თან გაიძახოდა: „ოჰო, ჰო, ჰო, აი, დედა უტირე, ნეტა, რაი, რა სიზმარი ნახა იმ დათვმა, დღეს შენი ხელით სიკვდილი რომ უწერია“!?
ასე სიცილ-ხარხარში მოვიარეთ უკვენტბის ხეობა. მარეკები სოფლიდანვე ავგზავნეთ ჩრდილისთავისკენ. ჩვენი კი უთხოვრიანას გეზები უნდა შეგვეკრა. იმ წელს წიფელს ესხა და თქვეს, დათვები ჩრდილის მხარეს წიფელზე არიან, უთხოვრიანაში უდათვოდ არ იქნებაო.
ძირითადი გეზი ოთხია. ჩვენ ხუთნი ვიყავით. ამიტომ, გადავწყვიტეთ, ვახუშტი ისეთ ადგილას დაგვეტოვებინა, სადამდეც დათვი არ დაიწევდა. მე აქ მარტო მტოვებთ? – იკითხა მან. დავამშვიდე, რომ ხთისოს, მის სიახლოვეს, ასიოდ მეტრში დავტოვებდი. დავტოვე კიდეც, მაგრამ ეჭვი მაწვალებდა, ესენი რაღაც „პოეტურს” იზამდნენ.
– გამართლდა თქვენი ეჭვი?
– (იცინის) უშედეგოდ მომთავრდა ნადირობა. ჩამოვედი და ვხედავ, ვახუშტი და ხთისო არყიან ბოთლებს უსხედან, უკვე შემთვრალ-შექეიფებული, გალექსილ-გაცინებული. მოვიდნენ მარეკებიც, – ორი დათვი გამოვაქციეთ, სად წავიდნენო? ახლად ჩამოყრილ ფოთოლში კვალი არ გაირკვეოდა, ისე კი ეჭვობდნენ, დათვებმა სესიაშვილის გეზზე გაიარესო. რა დათვები, რის დათვები, ახლაღა ჩამოვიარე, იქ ვიჯექ სულა, – გაჰყვიროდა სესიაშვილი – დათვი მოსულიყო დედას არ ვუტირებდი! სხვა დროს როდი გამიშვია ახლა გამეშვაო. ყვირილზე ემჩნეოდა, რომ ტყუოდა, მაგრამ როგორ დავუმტკიცებდით.
ამის შემდეგ, ვახუშტი „დათვის პირისპირ” დარჩენის ამბავს ყვებოდა და ყვებოდა ჭიქით ხელში: თავიდან დაძაბული, თოფმომარჯვებული ველოდი დათვის გამოჩენას. ყოველ გაფაჩუნებაზე მეგონა, დათვი მორბოდა და ხთისოს ვუქნევდი ხელს. რომ არაფერი გამოჩნდა, თანდათან მოვეშვი, თოფი გვერდზე გადავდე, ზურგზე გადავბრუნდი, ავხედე ტყეს, ცას – რა სილამაზე იყო... რა სიამოვნება... მოკვლა დათვისაც კი არ მინდოდა. ჩემი გრძნობების ვინმესთვის გაზიარება მომინდა და ხთისოს დავუქნიე ხელიო.
ჩემგან მოთხრობილი ეს ამბავი არაფერია. ვახუშტი კი ისე ყვებოდა, ისე აფორმებდა სუფრის თამადობისას, რომ ხალხს სიცილისგან ყბები სტკიოდა.
– რა მოხდა იმ დღეს, საბოლოოდ, ვერ დაადგინეთ?
– ამ რამდენიმე წლის წინ მონადირეებმა სოფელ კაწალხევში ამომაკითხეს. თამადად ხთისო სესიაშვილი დავაყენე. ვახუშტის ისედაც ყველანაირად გავიხსენებდით, მაგრამ მთავარი მაინც მისი გარდაცვალებიდან ერთი წლისთავი იყო. ხთისომ ჭიქა აიღო და ღიმილით გადმომხედა. ახლა, ჩემო ძმაო, გიგი, ამ ხალხის თანდასწრებით უნდა გავთქვა ის ამბავი, რაზეც მე და ვახუშტიმ ვთქვით, ნუ ვიტყვითო. ლამის 40 წელი გავიდა მას შემდეგ. ახლა, ვახუშტი ცოცხალი აღარაა, მეც დღეს არა, ხვალ მოვკვდები და ვისთვისღა დავმალო ეს ამბავიო.
– იმ ნადირობის ამბავი მოყვა?
– სწორედ რომ. მითხრა: მაშინ დათვები რომ წაგვივიდა, ჩემი და ვახუშტის ბრალი იყო. კაცმა ხელის ქნევა დამიწყო – ჩამოდიო და მე თავადაც მისკენ მიმიწევდა გული. ჩამოვედი, თავი მოვიბრუნე და რაშიც ვიდექი, ზუსტად იმაზე გადაიარეს დათვებმა. მაგრამ, არც მაშინ მინანია და არც დღესა ვნანობ, ვახუშტისთან, რაც დრო გავატარე, ის დრო მერჩივნა ორ დათვს კი არა, რა ვიცი, რაღას არაო. მთელი ჩემი სიცოცხლე ნადირობაში მაქვს გატარებული. ბევრი კარგიც მომაგონდება, მაგრამ ვახუშტისთან ერთად ერთი საათით წიფლის ქვეშ ჩამოჯდომა, მისი ლაპარაკის მოსმენა, ბევრად მეტი მოდის. საოცარი კაცი იყო იასღამც იქნება მისი სულიო.
ვახუშტი ტყვიით ნადირობისთვის არ ექნა ღმერთს, თორემ სიტყვით მონადირებაში ბადალი არა ჰყოლია – მთელი საქართველო ჰყავდა მონადირებული. ამას თვითონაც „აფორმებდა” ხოლმე თავისებურად, „კოტეტიანთებურად” – ჩემთან, ნანადირევის სუფრასთან, ჩვეულებრივად თამადობისას, თავისი დათვზე ნადირობით აცინებდა ხალხს.