რატომ ატარებდა ბოროდინის გვარს თავადი გედევანიშვილი და რა მიმდინარეობის ფუძემდებლად ითვლება ის მსოფლიო კლასიკურ მუსიკაში
ქართველმა კაცმა უამრავ ქვეყანაში მიაღწია წარმატებას და დაამტკიცა ჩვენი გენის განსაკუთრებულობა და გამორჩეულობა. თუმცა, წარმატებული ქართველებით ყველაზე „მდიდარი” მაინც მეზობელი რუსეთია, სადაც ასწლეულების განმავლობაში ქართველების დიდი გადინება ხდებოდა. დღეს ლევან გურიელიძე ალექსანდრ ბოროდინზე, ძალიან ცნობილ კომპოზიტორსა და ქიმიკოსზე საუბრობს.
ლევან გურიელიძე: ალექსანდრ პორფირის ძე ბოროდინი, 1833 წელს დაიბადა სანკტ-პეტერბურგში. ის იყო ქართველი თავადის, ლუკა გედევანიშვილისა და ევდოკია ანტონოვას უკანონო ვაჟი. მაშინ ლუკა 62 წლის იყო, ევდოკია კი – მხოლოდ ოცდახუთი წლის. დაბადებისას ალექსანდრე ყმა გლეხის, პორფირი ბოროდინის შვილად ჩაწერეს. 7 წლამდე პატარა ალექსანდრე თავისივე მამის ყმა გლეხად ითვლებოდა, რომელმაც მხოლოდ სიკვდილის წინ, 1840 წელს გაააზატა უკანონო შვილი, მას და ევდოკიას ოთხსართულიანი სახლი უყიდა და კარგი საცხოვრებელი პირობები შეუქმნა. იქიდან გამომდინარე, რომ მეცხრამეტე საუკუნის რუსეთის ზნეობრივ ნორმებში უკანონო შვილი არ თავსდებოდა, ბავშვის მშობლების რეალურ ვინაობასა და სახელებს საგულდაგულოდ მალავდნენ და ბავშვს საზოგადოებაში პორფირი ბოროდინისა და ევდოკია კონსტანტინეს ასულის შვილად ასაღებდნენ. თუმცა, ამ დაფარული წარმომავლობის გამო მას გიმნაზიაში ვერ მიაბარებდნენ და ამიტომ გიმნაზიის მთელ კურსს ის სახლში გადიოდა.
– ერთი სიტყვით დაბადებიდანვე დაიჩაგრა.
– შეიძლება, თუმცა, ამას ხელი არ შეუშლია, რომ შეესწავლა ენები და ბრწყინვალე განათლება მიეღო. ბოროდინი მუსიკალურ ნიჭს ბავშვობიდანვე ავლენდა – 9 წლისამ, დაწერა პირველი ნაწარმოები – პოლკა „ელენ”. პატარა იყო, როდესაც დაკვრა დაიწყო ფლეიტასა და ფორტეპიანოზე, 13 წლიდან კი – ვიოლონჩელზე. სწორედ ამ პერიოდს ეკუთვნის მისი პირველი სერიოზული ნაწარმოები – კონცერტი ფლეიტისა და ფორტეპიანოსთვის, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ასეთი რომანტიკული და შემოქმედებითად დატვირთული იყო მისი ბავშვობა. მუსიკასთან ერთად, ალექსანდრე სერიოზულ შემოქმედებით წვას განიცდიდა ქიმიის დარგშიც. იგი 10 წლის ასაკიდან ინტერესდება ქიმიით და ეს მეცნიერება მთელი მისი ცხოვრების საზრისად იქცევა.
– ის უფრო დიდი ქიმიკოსი იყო თუ დიდი კომპოზიტორი?
– მან ორივე მიმართულებით იმხელა სიმაღლეებს მიაღწია, რომ დღეისთვის ძნელია, დაბეჯითებით მტკიცება, უფრო დიდი ქიმიკოსია ის თუ უფრო დიდი მუსიკოსი. ბოროდინმა მედიცინისა და ქიმიის შესწავლა მეცხრამეტე საუკუნის ორმოცდაათიანი წლებიდან დაიწყო და ძალიან მალე, 1858 წელს, მედიცინის დოქტორის ხარისხი სამედიცინო ქიმიის საკითხებზე დაცული დისერტაციისთვის მიენიჭა. მან განათლება დასავლეთ ევროპაში სრულყო და დაბრუნებისთანავე მიიღო სამედიცინო-ქირურგიული აკადემიის ადიუნქტ-პროფესორის თანამდებობა. 1877 წლიდან ის უკვე სამედიცინო-ქირურგიული აკადემიის აკადემიკოსია. მის მიერ არის აღმოჩენილი ბრომის მოქმედებით ბრომჩანაცვლებული ცხიმოვანი მჟავების მიღება, რომელიც ცნობილია ბოროდინ-ჰუნსდიკერის რეაქციის სახელით, მანვე, 1862 წელს, მსოფლიოში პირველმა აღმოაჩინა ფტორორგანული შენაერთი – ფტორული ბენზოილი, გამოიკვლია აცეტალდეჰიდი და აღწერა ალდოლი. ჯერ კიდევ სამედიცინო-ქირურგიულ აკადემიაში სწავლისას დაიწყო ბოროდინმა რომანსების, საფორტეპიანო პიესების, კამერულ-ინსტურმენტული ანსამბლების წერა, რითაც იწვევდა თავისი სამეცნიერო ხელმძღვანელის – ზინინის რისხვას, რომელსაც მიაჩნდა, რომ მუსიკით გატაცება მეცნიერს სერიოზულ მუშაობაში უშლიდა ხელს. მაგრამ, როგორც ხვდებით, ბოროდინს თავი არ დაუნებებია მუსიკაში მოღვაწეობისთვის და ამ სფეროშიც უდიდეს წარმატებას მიაღწია. ამ ნაწარმოებებმა ბოროდინს დამსახურებული ადგილი მოუპოვა რუსულ სამუსიკო ხელოვნებაში. კომპოზიტორის ყველაზე თვალსაჩინო ნაწარმოებია ოპერა „თავადი იგორი”, რომელიც მუსიკაში ეროვნული ჰეროიკული ეპოსის მაგალითად ითვლება. ბოროდინი ოპერაზე თვრამეტი წლის განმავლობაში მუშაობდა. ნაწარმოები დღემდე ფასდება, როგორც საოპერო მუსიკის შედევრი. ბოროდინი ითვლება კლასიკური ჟანრების – სიმფონიისა და კვარტეტის ერთ-ერთ დამფუძნებლად რუსეთში.
– ბოროდინმა პუშკინის პოეზიაზეც დაწერა ნაწარმოებები, ხომ?
– დიახ. ეს იყო ფაქიზი კამერული-ვოკალური ნაწარმოებები, რისი მაგალითიცაა პუშკინის პოეზიაზე აჟღერებული „ელეგია“. 1867 წელს დაწერილმა მისმა პირველმა სიმფონიამ, რიმსკი-კორსაკოვისა და ჩაიკოვსკის სიმფონიებთან ერთად, სათავე დაუდო რუსული სიმფონიზმის ჰეროიკულ-ეპიკურ მიმდინარეობას. მსოფლიო ეპიკური სიმფონიზმის მწვერვალად მიიჩნევა 1876 წელს დაწერილი მისი მეორე სიმფონია. საუკეთესო საკამერო ინსტრუმენტულ ნაწარმოებებს მიეკუთვნება 1878 და 1881 წლებში დაწერილი პირველი და მეორე კვარტეტები.
– როგორც ვიცი, ბოროდინი ქალების უფლებების დიდი დამცველიც იყო.
– საზოგადოებრივად ყოველთვის აქტიური იყო, თავგამოდებით იბრძოდა ქალებისთვის უმაღლესი განათლების მიღების უფლების დაკანონებისთვის. მისი ინიციატივით მოხდა ქალთა საექიმო კურსების ორგანიზება, სადაც თავად პედაგოგობდა. მუდმივად მხარში ედგა სტუდენტებს და თავისი დიდი ავტორიტეტით იცავდა მათ პოლიტიკური დევნისგან იმპერატორ ალექსანდრე მეორის მკვლელობის შემდეგ.
– ქალებთან პირად ურთიერთობაში რა ხდებოდა?
– გერმანიაში ყოფნისას მან გაიცნო ახალგაზრდა ლამაზი გოგონა, ეკატერინა პროპოტოვა, რომელიც ასთმით იტანჯებოდა და გერმანიაში სამკურნალოდ იყო ჩასული. მათი სიყვარული ხანმოკლე დაშორებების შემდეგ ქორწინებით დასრულდა, თუმცა, თანაცხოვრება იოლი არ იყო. ეკატერინა იტანჯებოდა ასთმით, რთულად იტანდა პეტერბურგის ნესტიან კლიმატს და ამიტომ დიდ დროს მოსკოვში ატარებდა. ქმართან მხოლოდ ზამთარში ჩადიოდა, მშრალ, გაყინულ ამინდში. ასთმის შეტევების დროს ქმარი მისი ექიმი და მომვლელი იყო. დაავადების მიუხედავად, ეკატერინა ბევრს ეწეოდა. შვილები, სამწუხაროდ, არ ჰყავდათ. მიუხედავად ყველაფრისა, ბოროდინი ყოველთვის მოსიყვარულე ქმრად რჩებოდა. პარალელურად ამ სირთულეებისა, მეცნიერსა და კომპოზიტორს მთელი ცხოვრების განმავლობაში თან სდევდა მატერიალური სიდუხჭირე. მსოფლიო დონის მეცნიერი და მუსიკოსი თავის სარჩენად იძულებული იყო, ლექციები ეკითხა სატყეო აკადემიაში და ეთარგმნა უცხოური ლიტერატურა. ბოროდინი საკმაოდ ადრე – 53 წლის ასაკში ინფარქტით გარდაიცვალა. დღესდღეობით რუსეთში მის სახელს ატარებს სახელმწიფო კვარტეტი, ქუჩები, ბავშვთა სამუსიკო სკოლები.