კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რის შეყნოსვის კონკურსში გაიმარჯვა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა და რომელი ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლები არიან მისი წინაპრები

2012 წლის 8 ივნისს პოლონეთისა და უკრაინის ქალაქებში სტარტს აიღებს ევროპის ჩემპიონატი ფეხბურთში და მთელი მსოფლიოს ყურადღება ბუნებრივია, აღმოსავლეთ ევროპის ამ ორი სახელმწიფოს მიმართ იქნება მიმართული. ჩემპიონატის კარგად ჩატარების ერთ-ერთი გარანტი, რა თქმა უნდა, ამ ქვეყნების მთავრობაა და ვინაიდან გახსნის მატჩი ვარშავაშია დაგეგმილი, საინტერესო ფაქტების კრებულს პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, 55 წლის დონალდ ტუსკის შესახებ შემოგთავაზებთ, რომელიც ფეხბურთის დიდი ქომაგია.
* დონალდ ტუსკი ქალაქ გდანსკში, 1957 წელს, ისევე როგორც ვლადიმირ ლენინი, 22 აპრილს დაიბადა. დონალდ ტუსკი ეთნიკური კაშუბია, ამ ეთნოსის ხალხი პოლონეთის ჩრდილოეთში ცხოვრობს და ისინი ძველი სლავების პირდაპირ შთამომავლებად ითვლებიან. მამამისი დურგალი იყო და მაშინ გარდაიცვალა, როცა დონალდი სკოლას ამთავრებდა, დედა კი მთელი ცხოვრება ექთნად მუშაობდა. გდანსკის მცხოვრებნი ამაყობენ, რომ ტუსკი მათი თანაქალაქელია და მას სხვა ცნობილი გდანსკელების, მაგალითად, პოლონური „სოლიდარნოსტის” ლიდერის, ლეხ ვალენსას გვერდით აყენებენ. თავის საყვარელ ქალაქს ტუსკმა რამდენიმე წიგნი მიუძღვნა. ტუსკი განათლებით ისტორიკოსია. უნივერსიტეტში ჩაბარებამდე ნიკოლაი კოპერნიკის სახელობის ლიცეუმში სწავლობდა. გდანსკის უნივერსიტეტში სწავლის დროს კი ის „სოლიდარნოსტს” შეუერთდა და დამოუკიდებელ სტუდენტურ პროფკავშირს ხელმძღვანელობდა. პოლიტიკური კურსი ტუსკმა მას შემდეგ აირჩია, რაც 13 წლის ასაკში, მის თვალწინ, მილიციელებმა მშვიდობიან დემონსტრაციას გაუხსნეს ცეცხლი. იმ დღეს გდანსკელი მუშები ფასების მომატებას აპროტესტებდნენ. ტუსკის თქმით, სწორედ ამ მოვლენებმა დაანახვა მას, თუ რა არის ცუდი და რა – კარგი.
* მას შემდეგ, რაც გენერალმა იარუზელსკიმ პოლონეთში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, დონალდ ტუსკს, 1983-1990 წლებში არა-სპეციალობით მოუწია მუშაობა. ის „სამრეწველო ალპინისტი” იყო და მაღალსართულიან შენობებზე გდანსკსა და სხვა ქალაქებში საკვამლე მილებს ღებავდა. გარდა ამისა, იმ წლებში ტუსკი ღვეზელებსაც ყიდდა ქუჩაში.
* პოლონეთის ხელისუფლებიდან კომუნისტების წასვლის შემდეგ, 1991 წელს დონალდ ტუსკი სეიმის დეპუტატად აირჩიეს. მისმა პარტიამ, „ლიბერალ-დემოკრატიულმა კონგრესმა“ ხმათა 7,5 პროცენტი მიიღო. 2001 წელს მან ჩამოაყალიბა მოძრაობა „სამოქალაქო პლატფორმა” და 2005 წელს თავისი კანდიდატურაც კი წამოაყენა საპრეზიდენტო არჩევნებში. თუმცა, ლეხ კაჩინსკისთან დამარცხდა, მიუხედავად იმისა, რომ პირადად ლეხ ვალენსა უცხადებდა მას მხარდაჭერას. 2007 წლის საპარლამენტო არჩევნები კი დონალდ ტუსკისთვის ტრიუმფით დასრულდა. მისმა პოლიტიკურმა მოძრაობამ გაიმარჯვა, ხოლო თავად ტუსკმა ტელედებატებში სძლია იაროსლავ კაჩინსკის და 2007 წლის 16 ნოემბერს პოლონეთის პრემიერ-მინისტრის სავარძელი  დაიკავა. სმოლენსკის ავიაკატასტროფაში პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის დაღუპვის შემდგომ დანიშნულ ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტუსკმა არ წამოაყენა საკუთარი კანდიდატურა –„სამოქალაქო პლატფორმის” სახელით კენჭი ბრონისლავ კომოროვსკიმ იყარა  და დამაჯერებლადაც გაიმარჯვა. 2011 წლის საპარლამენტო არჩევნებში „სამოქალაქო პლატფორმამ” კვლავ გამარჯვება იზეიმა, რაც ავტომატურად ნიშნავდა, რომ დონალდ ტუსკმა მეორე ვადით დაიკავა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა. სწორედ ტუსკის სახელს უკავშირდება პოლონეთის საგარეო პოლიტიკის ნორმალიზება და ურთიერთობის დალაგება ევროკავშირსა და რუსეთის ფედერაციასთან.
* პოლონეთის ბალტიისპირეთის ტერიტორია, ქალაქ გდანსკის გამოკლებით, მეორე მსოფლიო ომამდე გერმანიის შემადგენლობაში შედიოდა. გდანსკს გერმანელები დანციგს უწოდებდნენ, რადგან მოსახლეობის უმეტესობა ეთნიკური გერმანელი იყო. გეოგრაფიული წყობის გამო, ტუსკის ერთ-ერთი ბაბუა, სახელად იოზეფი, ეთნიკური კაშუბი, გერმანიის მოქალაქე გახლდათ და ომის დაწყებისთანავე ის ვერმახტში გაიწვიეს. უცნობია, როგორ, თუმცა ფაქტია, რომ იოზეფი გაიქცა ვერმახტიდან და ომის ბოლოს უკვე პოლონეთის შეიარაღებულ ძალებში ირიცხებოდა. ტუსკის ბაბუის ვერმახტში მსახურების ფაქტი 2005 წლამდე უცნობი იყო. სანამ მისმა ოპონენტებმა არ გამოამზეურეს კომპრომატი, რომელშიც ნახსენები იყო, რომ პრეზიდენტობის კანდიდატის ბაბუა გერმანიის მხარეს იბრძოდა მეორე მსოფლიო ომის დროს. თუმცა, ამ ცნობამ ტუსკის რეიტინგს სერიოზული ზიანი ვერ მიაყენა.
* დონალდ ტუსკი თავისუფალ დროს სპორტით არის გატაცებული. მისი საყვარელი სახეობა ფეხბურთია და სეიმის დეპუტატობის დროს, ის პოლონელი პარლამენტარებისგან შემდგარი საფეხბურთო გუნდის კაპიტანიც კი გახლდათ. გარდა ამისა, დონალდ ტუსკს კიდევ ერთი არასპორტული  გატაცება აქვს – „თამბაქოს შეყნოსვა” და ამ „სპორტის სახეობაში” მან 2003 წელს, მეორე ადგილიც კი დაიკავა პომორიეში ჩატარებულ ტურნირში. ამას გარდა, ტუსკი გატაცებულია ფოტოგრაფიით,  ფლობს ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებს. ტუსკი ორასამდე  წიგნისა და მონოგრაფიის ავტორია. მათ შორის აღნიშვნის ღირსია ისტორიული ნაშრომები: „იყო თავისთვის გდანსკი”, „გდანსკი-1945” და „ძველი სოპოტი”.
* დონალდ ტუსკი პირველი არაპოლონელი პრემიერ-მინისტრია. კაშუბების ენა წააგავს პოლონურ ენას, თუმცა პოლონელთა ნაწილისთვის  ის გაუგებარია. პოლონეთში არსებობს გამოთქმა, რომ „კაშუბის საუბრის გარჩევა, უძნელესი ამოცანის ამოხსნას უტოლდება”. სხვათა შორის, დონალდ ტუსკი პირველი პოლონურ-კაშუბური ლექსიკონის ავტორია. პოლონეთში კაშუბებს ეჭვის თვალით უყურებენ, მათი გერმანელებთან კავშირის გამო მეორე მსოფლიო ომის დროს. ტუსკის გარდა, ცნობილი კაშუბია, ნობელის პრემიის ლაურეატი, გერმანელი მწერალი გიუნტერ გრასი.
* 2009 წლის მარტში დონალდ ტუსკი არ გამოცხადდა პოლონეთის სეიმის, საპარლამენტო სესიაზე, იმის გამო, რომ მეგობრებთან ერთად ფეხბურთს თამაშობდა. ეს ფაქტი ვიდეო-ოპერატორმა დააფიქსირა და სკანდალური რეპორტაჟის ეთერში გასვლის შემდგომ,  ტუსკს ჯარიმის გადახდა მოუწია, 300 ზლოტის ოდენობით.
* დონალდ ტუსკმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, ბარაკ ობამას ვარშავაში ვიზიტის დროს, კომპიუტერული თამაში „ვედმაკ 2” და „აიპადი” აჩუქა, რომელზეც ჩატვირთული იყო პოლონური კინოფილმები ინგლისურ ენაზე. „ვედმაკი” პოლონელი პროგრამისტების მიერ შემუშავებული თამაშია, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს გეიმერებს შორის.
* დონალდ ტუსკი კარლ დიდის სახელობის პრესტიჟული პრემიის მფლობელია. პრემია 1950 წლიდან გამოჩენილ პოლიტიკურ მოღვაწეებს გადაეცემათ, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს „ანტიევროპულ ნაციონალიზმთან” ბრძოლაში და ერთიანი ევროპის ჩამოყალიბებაში.  ტუსკთან ერთად ამ პრემიის მფლობელები სხვადასხვა დროს იყვნენ: ესპანეთის მეფე ხუან კარლოს პირველი, დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ტონი ბლერი, ამერიკის  ექსპრეზიდენტი ბილ ქლინთონი და გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი.
* დონალდ ტუსკი დაქორწინებულია, მისი მეუღე, მალგოჟატა განათლებით ისტორიკოსია. მათ ორი შვილი ჰყავთ: 1982 წელს დაბადებული მიხაილი და 1987 წელს დაბადებული კატარჟინა.

скачать dle 11.3