კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არ ჭრის საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების მიერ გაცემული დიპლომი ევროპის ქვეყნებში და რატომ გაჩნდნენ საქართველოში ოჯახები, რომლებიც შვილებს სკოლაში აღარ ატარებენ

უცნობ მიზეზთა გამო, დამკვიდრდა მოსაზრება, რომ, განსაკუთრებით, თანამედროვე სამყაროში უფასო არაფერია. ხოლო, რაკი ჩვენც თავი თანამედროვე სამყაროს ნაწილად მიგვაჩნია, ვეზიარეთ ამ მოსაზრებას. შესაბამისად, რაკი ვეზიარეთ, ისე წარმატებით გავიზიარეთ, რომ არათუ უმაღლესი განათლება, ჩვენს ქვეყანაში თვით საბავშვო ბაღებიც კი ფასიანი გავხადეთ. რამდენად ესადაგება საკითხის ამგვარი გადაწყვეტა ევროპულ ღირებულებებს, თემას „ახალი მემარჯვენეების“ წარმომადგენელთან, მანანა ნაჭყებიასთან, ერთად განვიხილავთ.

– რიტორიკული კითხვით დავიწყებ: უნდა იყოს თუ არა უმაღლესი განათლება ფასიანი?
– ხელისუფლების და, ზოგადად, სახელმწიფოს დამოკიდებულება განათლების მიმართ, უპირველესად, გამოიხატება იმით, თუ რა თანხას გამოყოფს სახელმწიფო განათლებისთვის. ამ მხრივ, ევროპასა და საქართველოს შორის რომ ძალიან მნიშვნელოვანი სხვაობაა ეს ციფრებიც მეტყველებს: 2011 წლის ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოში მცხოვრებ მოსახლეობის ერთ სულზე განათლებაზე გაღებული ხარჯები შეადგენს, დაახლოებით, 75 ამერიკულ დოლარს.
– წლის განმავლობაში?
– დიახ, მაშინ, როდესაც ბულგარეთში იგივე მაჩვენებელი არის 520 დოლარი, სლოვაკეთში –  702 დოლარი, უნგრეთსა და პოლონეთში –  1 00 დოლარი, ლიტვასა და ლატვიაში –  1 100 დოლარი, ესტონეთსა და იტალიაში  – 1 400 დოლარი, საფრანგეთში –  2 000 დოლარი, დიდ ბრიტანეთში –  2 000 დოლარის ექვივალენტი, შვედეთში –  2 600 დოლარი, ნორვეგიაში –  2 800 დოლარი, ლუქსემბურგში –  3 600 დოლარი. მე არაფერს ვიტყოდი წამყვან ევროპულ სახელმწიფოებზე, რადგან ისინი მთელი მეოცე საუკუნის განმავლობაში ბევრად უკეთესად ვითარდებოდნენ, ვიდრე საქართველო, რომელიც მაშინ საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში იყო და ევროპის წამყვან ქვეყნებს ახლაც ჩვენზე ბევრად მეტი პოტენციალი აქვთ. მაგრამ, მოდი, შევადაროთ იმ ქვეყნების მდგომარეობას, რომლებიც გუშინ ჩვენთან ერთად იყვნენ სოციალისტურ ბანაკში და, მეტიც, საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში: ბალტიისპირეთის ქვეყნები 1 100-1 400  დოლარს ახარჯავენ განათლებას, ჩვენ – 75-ს. ასე რომ, მცდარი შეხედულებაა, რომ უფასო არაფერია. ცხადია, განათლება არც ზემოჩამოთვლილ ქვეყნებშია უფასო, მაგრამ ამის ფასს იხდის სახელმწიფო და ეს სახელმწიფო პოლიტიკის შემადგენელი ნაწილია, რადგან ვერ გახდება განათლება ხელმისაწვდომი და მაღალი დონის, თუ სახელმწიფო ვერ გააცნობიერებს, რომ მან მნიშვნელოვანი თანხები უნდა დახარჯოს განათლებაზე.
– შეიძლება, ასეთი კონტრარგუმენტი გაჩნდეს: ჩამოთვლილ ქვეყნებში მოსახლეობის ერთ სულზე მთლიანი შიდა პროდუქტის ოდენობაც გაცილებით აღემატება საქართველოს მაჩვენებელს?
– კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს, ჩვენი ბიუჯეტისა და მოსახლეობის ერთ სულზე მთლიანი შიდა პროდუქტის ოდენობა მცირეა წარმატებულ ევროპულ ქვეყნებთან შედარებით, მაგრამ ავიღოთ სხვა შედარება: თუ ევროპის ქვეყნებში ბიუჯეტის 4-5 პროცენტია განათლებაზე გამოყოფილი, ჩვენთან ეს მაჩვენებელი 2 პროცენტამდე ძლივს აღწევს და ესეც მიუთითებს, რომ ჩვენი სახელმწიფოსთვის განათლება არ არის პრიორიტეტი. მეტსაც გეტყვით, ჩვენს სახელმწიფოს არ აქვს გააზრებული განათლების პოლიტიკა. კარგად გახსოვთ, რომ განათლების სისტემაში რეფორმა 2004 წლიდან დაიწყო. 2005 წელს მიიღეს მთელი რიგი კანონები, რომლებმაც რადიკალურად შეცვალა საქართველოს განათლების სისტემა, მაგრამ შემდეგ ამ რეფორმების ნაწილზე ხელისუფლებამ უარი განაცხადა. გემახსოვრებათ თავად მიხეილ სააკაშვილის შეფასება, ვის მოაფიქრდა ასეთი სულელური რეფორმებიო და სახელმწიფომ სულ სხვა გეზი აიღო. ძალიან ხშირად ხელისუფლების მომხრეები და წარმომადგენლები ამბობენ, რომ ჩვენ წინ წავედით გასული საუკუნის 90-იანი წლების ბოლოს არსებული მდგომარეობიდან. რა თქმა უნდა, ბევრად წინ წავედით, მათ შორის, განათლებაზე გაღებული თანხების რაოდენობითაც, მაგრამ არის ეს ის შედეგი, რომელიც ხელისუფლებას 8 წლის შემდეგ უნდა ჰქონდეს?! ვფიქრობ, არა. ბევრად უფრო მეტი წარმატების მიღწევა შეიძლებოდა, რომ ყოფილიყო სწორი პოლიტიკა.
– და რას ნიშნავს, თქვენი აზრით, სწორი პოლიტიკა?
– სახელმწიფომ უნდა გაიაზროს, რას ელის განათლების სისტემისგან სკოლის მერხიდან, მეტიც, საბავშვო ბაღიდან დაწყებული და მეცნიერებით დამთავრებული. ის, რომ საქართველო ჩაერთო ბოლონიის პროცესში, ნიშნავს, ჩვენი საზოგადოება უნდა იყოს ცოდნაზე დაფუძნებული საზოგადოება, ხოლო ჩვენი ეკონომიკა –  ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკა. ამ მიმართულებით, რამდენად წინ წავიდა ქვეყანა? არსებობს განათლების კვლევის საერთაშორისო ცენტრი, რომელიც სისტემატურად ატარებს კვლევებს, რის თანახმადაც, საქართველო არის პრობლემური ქვეყნების რიგში და, სამწუხაროდ, ძალიან ცუდი მაჩვენებლების მქონე ქვეყნების გვერდით, სადაც მოქალაქეთა დიდი ნაწილი არ აკეთებს აქცენტს საკუთარ ქვეყანაში განათლების მიღებაზე და ცდილობს, სხვა ქვეყნებში მიიღოს განათლება.
– იქ უფრო იაფიც უჯდებათ და უფრო ხარისხიან შედეგსაც იღებენ.
– პირდაპირ ვთქვათ: ჩვენთან განათლების ხარისხი ძალიან დაბალია და საქართველოს მოქალაქეების უდიდესი ნაწილი ისურვებდა, განათლება უცხოურ ქვეყანაში მიეღო. ვისაც აქვს ამის შესაძლებლობა, ასეც იქცევა. ჩვენი, „ახალი მემარჯვენეების“, ყველაზე დიდი საყვედური ხელისუფლების მიმართ არის ის, რომ ხელისუფლება ვერ იაზრებს, რა შეცდომას უშვებს, როდესაც ქვეყანაში განათლებას ასეთი დაბალი ხელმისაწვდომობა გააჩნია. საშუალო განათლებაში მეტ-ნაკლებად კარგი მდგომარეობაა, თუმცა, სამწუხაროდ, ზოგიერთი ჩვენი მოქალაქე მაინც ვერ ახერხებს, რომ შვილს სრული საშუალო განათლება მიაღებინოს. ჩვენ ბევრს დავდივართ საქართველოს რეგიონებში და წავაწყდით ისეთ ფაქტებს, როდესაც მოქალაქეები ამბობენ, რომ სკოლების ოპტიმიზაციის პროცესის შედეგად ისინი ვეღარ აგზავნიან შვილებს რამდენიმე კილომეტრით დაშორებულ სკოლებში: ფეხით ძნელია, განსაკუთრებით, მძიმე კლიმატური პირობებისას, ტრანსპორტით –  ძვირია. კონკრეტულ მაგალითს გეტყვით: თეთრი წყაროს რაიონის სოფელ ალექსეევკაში, აჭარიდან ჩასახლებული ოჯახი აცხადებს, რომ მათი სამი შვილი უკვე ვეღარ დადის სკოლაში. მათ რამდენიმე კილომეტრი უნდა იარონ ფეხით, რომ მეზობელი სოფლის სკოლაში მივიდნენ, რაც შეუძლებელია ან სამი ბავშვის სკოლამდე მგზავრობაში დღეში 6 ლარი უნდა გადაიხადონ, რის საშუალებაც ოჯახს არ აქვს. ამიტომ ბავშვები ვეღარ დადიან სკოლაში. ასეთივე მდგომარეობაა წალენჯიხის, მარტვილის რაიონებში, სადაც, ასევე, მოხდა ოპტიმიზაცია. საშუალო განათლებაც კი ხელმიუწვდომელი გახდა, არათუ უმაღლესი განათლება. თქვენ კარგად იცით, რომ ჩვენი განათლების დღევანდელი სისტემა საშუალებას იძლევა, რომ მხოლოდ ათასმა აბიტურიენტმა მიიღოს სრული დაფინანსება. 1 000 ძალიან ცოტაა.
– მყიფე არგუმენტია, როდესაც ამბობენ, ჩვენ ვაფინანსებთ საუკეთესოებსო, რადგან 10 000-მა აბიტურიენტმა რომ მიიღოს 80-დან 70-ზე ზემოთ ქულა, მაინც 1 000 დაფინანსდება, როდესაც რეალურად 10 000 გყავს ძალიან კარგი და დაფინანსების ღირსი?
– რა თქმა უნდა. როდესაც სოფლად მცხოვრებ მოქალაქეებს ვხვდებით, ისინი გვეუბნებიან, ჩვენი რაიონიდან 100-პროცენტიანი დაფინანსება მიიღო დავუშვათ, 7-10-15-მა აბიტურიენტმა, მაგრამ 40 გვყავს საუკეთესოო.
– ეს 100-პროცენტიანი დაფინანსება ერთია და მეორე, მათ თბილისში უნდა იცხოვრონ, ანუ ბინის ქირაობა სჭირდებათ და უამრავი სხვა რამ.
– რა თქმა უნდა. ამიტომ ასეთი გზით სიარული დიდ ზიანს მოგვიტანს. ჩვენ გაგვიჩნდება მნიშვნელოვანი წყვეტა და დიდი რაოდენობა იმ მოზარდებისა, რომლებმაც მიიღეს საშუალო განათლება, მაგრამ არ იციან, სად წავიდნენ ამის შემდეგ.
– პროფესიული სასწავლებლები?
– მაგრამ იმ პროფესიულ სასწავლებლებში ადგილები არ არის შეზღუდული?! მოდი, ვთქვათ, რამდენი ადგილი გვაქვს უმაღლეს სასწავლებლებში და რამდენი –  პროფესიულ სასწავლებლებში?! ძალიან კარგია პროფესიული განათლების მიღება, იმიტომ რომ ეს გაძლევს განვითარების საშუალებას, მაგრამ იქაც ხომ საგრძნობლადაა შეზღუდული დაფინანსებული ადგილების რაოდენობა?! ამიტომ მე ვითარებას შევაფასებდი, როგორც, მართლაც, ძალიან პრობლემურს. ოფიციალური მონაცემებითაც, საქართველო ძალიან პრობლემური ქვეყნების რიცხვშია განათლების მდგომარეობით და ჩვენ ერთ-ერთი ბოლო მაჩვენებელი გვაქვს. თავის იმით დამშვიდება, რომ ეს მაჩვენებელი გაუმჯობესდა, არ არის საკმარისი. ჩემი აზრით, ქვეყანას ესაჭიროება რადიკალური ნაბიჯები, იმისთვის, რომ ჩვენ, მართლაც, ცოდნაზე დაფუძნებული საზოგადოება და ეკონომიკა გვქონდეს. ბოლონიის პროცესთან მხოლოდ მიერთება არ მოიტანს საბოლოო შედეგს.
– ბუნებრივია, საბჭოთა რეალობა განსხვავებული იყო. მაშინ სამუშაო ადგილების შევსება სხვა პრინციპით ხდებოდა და, ამდენად, შესაძლოა, დიპლომის ყიდვის, ანუ არცოდნაში ფულის გადახდის პრაქტიკას ობიექტური საფუძველიც კი ჰქონდა, მაგრამ ისევ ხომ არ წაგვაქეზებს იქითკენ, თუკი ისევ თითქმის ყველას ექნება დიპლომი? 
– გავიხსენოთ ფინეთის თუ იაპონიის სასწაული, რომლებმაც მიიჩნიეს, რომ არათუ საშუალო განათლება უნდა იყოს სავალდებულო, არამედ უმაღლესიც. ჩვენი მნიშვნელოვანი პრობლემაა, როდესაც სახელმწიფოს არ გააჩნია ეკონომიკური განვითარების პოლიტიკა, რის შემადგენელი ნაწილიც არის განათლების პოლიტიკა. სახელმწიფო ვერ ხედავს, რაში შეიძლება, დასჭირდეს უმაღლესი განათლების მქონე კადრები და ამიტომ მოძებნა გამოსავალი: არ არის აუცილებელი, ყველას დიპლომი ჰქონდეს, იმიტომ რომ ეს დიპლომიანები შემდეგ სახლებში სხედანო. არადა, თუ ქვეყანა ვითარდება, თუ ეკონომიკა ვითარდება, პარალელურად, უნდა იზრდებოდეს მოთხოვნა უმაღლესი განათლების მქონე ადამიანებზე.
აქვე ვიტყვი, თუკი ხელისუფლება ახერხებს, რომ ტურიზმის განვითარებისთვის ხელსაყრელი პირობები შეუქმნას ბიზნესს და ამბობს, თუ ქობულეთში ააშენებთ სასტუმროს, ჩვენ მოგიყვანთ ინფრასტრუქტურას და გაგათავისუფლებთ გადასახადებისგანო, არ შეიძლება, ასეთივე პირობები შესთავაზოს ინტერნეტპროვაიდერებს ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელების საქართველოს რეგიონებში შეყვანის სანაცვლოდ?! ყველა სოფელში უნდა იყოს რაღაც ადგილი, სადაც ყველას შეეძლება შეკრება, სადაც იქნება ხელმისაწვდომი ინტერნეტი, რომ ინფორმაცია მოიძიონ და გაცვალონ. თუკი განათლებაზე ბიუჯეტის 2 პროცენტამდე იხარჯება, მეცნიერებისთვის გამოყოფილი თანხა, საერთოდაც, 0,22 პროცენტია.
– სიმონ ჯანაშიას მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას წავაწყდი, რის მიხედვითაც, შოთა რუსთაველის ფონდმა, რომელიც სამეცნიერო გრანტებს გასცემს, მხოლოდ 35 პროექტი დააფინანსა, თუმცა ათჯერ ამაზე მეტმა სამეცნიერო ნაშრომმა დაიმსახურა 80 ქულაზე მეტი შეფასება, უბრალოდ მეტი თანხა არ იყო.
– ინტელექტუალურ პოტენციალს ვერ შექმნიან ბიზნესფაკულტეტის სტუდენტები, ამ პოტენციალს ქმნიან ფუნდამენტურ მეცნიერებათა ფაკულტეტების სტუდენტები. ჩვენ იმთავითვე ვამბობდით, რომ არ შეიძლებოდა უმაღლესი განათლების საბაზრო ეკონომიკის პრინციპებზე გადაყვანა, რადგან გავა წლები და აღარ გვეყოლება მაღალი დონის მეცნიერები ქიმიაში, ბიოლოგიაში, ფიზიკაში… დღეს ხელისუფლებამ ამ ჩიხიდან გამოსასვლელი ასეთი გზა გამონახა:  აღარ დავაფინანსებთ, ვთქვათ, იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს და დავაფინანსებთ საბუნებისმეტყველო მიმართულების სტუდენტებსო. ეს არასწორი გამოსავალია.
– ჩვენი რომელიმე უმაღლესი სასწავლებლის დიპლომი ჭრის დასავლეთში?
– სამწუხაროდ, არც ერთი ჩვენი დიპლომი უცხოეთში არ ჭრის.
– სასკოლო ატესტატი?
– ამაზე ხომ ლაპარაკიც არ არის. არადა, თუ ჩვენ ბოლონიის პროცესს მივუერთდით, უნდა უზრუნველვყოთ ჩვენი დიპლომების თავსებადობა სხვა ქვეყნებთან. დღეს, ვისაც აქვს საქართველოს უმაღლესი სასწავლებლის დიპლომი, ის ევროპაში სამსახურს ვერ დაიწყებს. მაგალითად, საქართველოში სამედიცინო ფაკულტეტის ან სამედიცინო უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ გერმანიაში რომ დაიწყო მუშაობა, დამატებით რამდენიმე საფეხური უნდა გაიარო, რამდენიმე წელი უნდა დაკარგო და მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებ ექიმად მუშაობის დაწყებას. მაშინ, როდესაც იმავე გერმანიაში სამედიცინო კადრებზე საკმაოდ დიდი მოთხოვნაა.
– ძალიან საინტერესო მოვლენაა: თავად ის ევროპული ქვეყნები რით ხელმძღვანელობენ, როდესაც არათუ საკუთარ მოქალაქე სტუდენტებს აძლევენ უფასოდ უმაღლეს განათლებას, არამედ უცხო ქვეყნების მოქალაქე სტუდენტებსაც?
– ჩვენი ხელისუფლების შეცდომაა, როდესაც ამბობს, რომ მე დავაფინანსებ მხოლოდ საუკეთესო შედეგის მქონე 1 000 აბიტურიენტსო, რადგან რა ქნას ათასმეერთემ ან ათასორმოცდამეათემ, რომელიც, ასევე, ნიჭიერია, მაგრამ იმ 1 000-ში ვერ ხვდება?! ამიტომაც ისინი, რომლებიც ვერ იღებენ დაფინანსებას საქართველოში, ეძებენ ინტერნეტით იმ უცხოურ უმაღლეს სასწავლებლებს, სადაც მათ სწავლას დააფინანსებს რომელიმე ფონდი, ასეთი ფონდი კი უამრავია უცხოეთში.
– იმ ფონდებს რა ინტერესი აქვთ, ასე თავიანთი ხარჯით ასწავლონ უცხო ადამიანებს?
– მათი ინტერესია, რომ, რაც შეიძლება, მეტმა ახალგაზრდამ მიიღოს განათლება მათ ქვეყანაში, რადგან შემდეგ ეს განათლებული ახალგაზრდა, როგორც წესი, ისევ მათ ქვეყანას რჩება.
– თან, ალბათ, განათლებული სამყარო ჯობია გაუნათლებელს.
–  ერთ მაგალითს გეტყვით, ვეკუას სახელობის სკოლის კურსდამთავრებულს, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ფიზიკა-მათემატიკურ ოლიმპიადაში, ერთ-ერთმა გერმანელმა პროფესორმა იქვე შესთავაზა მის ქვეყანაში სწავლის გაგრძელება. მაგალითად, კახა ლომაია ამბობდა, რომ ჩვენ აქცენტი უნდა ავიღოთ საშუალო მოსწავლეზეო. შაშკინმა ის მაინც გააკეთა, რომ ვეკუასა და კომაროვის სახელობის სკოლებს სტატუსი დაუბრუნა. მაგრამ მხოლოდ სტატუსის დაბრუნება საკმარისი არ არის, ამ სკოლების დაფინანსებაც უნდა გაიზარდოს. ის სკოლები იმიტომ შენარჩუნდა, რომ მშობლები უწყობდნენ ხელს: მშობელმა უფრო გაიაზრა ამის აუცილებლობა, ვიდრე სახელმწიფომ. ყველა ქვეყნის მთავარი აქცენტია, რომ ინტელექტუალურ ელიტას ვერ შექმნის საშუალო მოსწავლე და ისინი, რომლებიც პროფესიებად ირჩევს ისეთ სპეციალობებს, რომ ადვილად დასაქმდნენ. ელიტას ქმნიან ფუნდამენტურ მეცნიერებებს დაუფლებული ახალგაზრდები, მაგრამ, თუ ახალგაზრდამ დაინახა, რომ მეცნიერებას არ აქვს პოტენციალი ჩვენ გვექნება წყვეტა და მივიღებთ სურათს, როდესაც საქართველოს პრეტენზიაც კი აღარ ექნება იმაზე, რომ სამეცნიერო ინტელიგენცია ჰყავდეს.

скачать dle 11.3