სიხარულის რეცეპტი
ჯერ გააუქმეს, შემდეგ აღადგინეს
მაშინ, თუ არ ვცდები დედაქალაქის თავკაცი ბ-ნი ჭიაბერაშვილი იყო, თუმცა, იყო თუ არა, ფაქტია, რომ რუსთაველისა და ჭავჭავაძის გამზირებზე სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აიკრძალა (მიზეზად, ჯერ ერთი, მათ მიერ ჰაერის დაბინძურება დასახელდა; მეორეც – დედაქალაქის ცენტრალურ მაგისტრალებზე საავტომობილო მოძრაობის განტვირთვა და, რაც მთავარია, თურმე, ის სამარშრუტო ტაქსები ადამიანების გადასაყვანად არ ყოფილა გამიზნული და ამიტომაც ჩვენი მთავრობა ვერ დაუშვებდა, რომ მათ საყვარელ მოქალაქეებს ღირსებისთვის შეუფერებელი ტრანსპორტით ემგზავრათ!). სამაგიეროდ, ყვითელი ავტობუსები გამოჩნდა (რომლებიც მცირე დროში ისე დაგლახდნენ, რომ აკრძალულ სამარშრუტო ტაქსის მოგანატრებდა).
მართალია, თბილისის მერიაში კატეგორიულად უარყოფენ, მაგრამ, ავტობუსის მძღოლები აცხადებენ, რომ დედაქალაქში ავტობუსების რაოდენობა ჯერ შემცირდება, შემდეგ კი – საერთოდაც, გაქრება. მეორე მხრივ, დედაქალის მესვეურები გვაიმედებენ, რომ, რაკი სამარშრუტო ტაქსები ამიერიდან (აი, ის კი არ ვიცი, რამდენად სამარადჟამოდ) რუსთაველის გაიზირზე უკვე მოძრაობენ, უახლოეს მომავალში ჭავჭავაძის გამზირზეც ამოძრავდებიან (ოღონდ, მხოლოდ ავტობუსის გაჩერებებზე გაჩერდებიანო).
ბუნებრივია (თუ ავტობუსებიც დარჩა), სამარშრუტო ტაქსების რუსთაველისა და ჭავჭავაძის გამზირებზე გამოჩენა მგზავრებს ასიამოვნებს. აქედან გამომდინარე კი, ნათელი ხდება, რაოდენ შორსმჭვრეტელურად მოიქცა დედაქალაქის მაშინდელი მესვეური, როდესაც თბილისის ცენტრალურ გამზირებზე სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აკრძალა: სულ რომ ემოძრავათ, მათი დაბრუნებით მოგვრილი სიხარული ხომ ვეღარ გვეწვეოდა?!