ხუთი გათხუთმეტებულა
საშემოსავლო კრეატივი
პირადად ჩვენთვის არავის უცნობებია, მაგრამ, რაკი „საკანონმდებლო მაცნეში“ უკვე გამოქვეყნდა პრეზიდენტის შესაბამისი ბრძანებულება, მართვის მოწმობების კატეგორიები წყალგაუსვლელად შეიცვლება, თუმცა, არც ის უუწყებიათ (კვლავ ნაცადი და გამოცდილი გზით: ბევრის ცოდნა მავნებელიაო), რა მიზნით.
ყოველი შემთხვევისთვის, მოგახსენებთ, რომ დღემდე არსებული 5 კატეგორია (A,B,C,D,E) 15 კატეგორიად იქცევა (მოტოციკლი, მსუბუქი ავტომანქანა, სატვირთო ავტომანქანა, ავტობუსი, მისაბმელიანი მსუბუქი ავტომანქანა, მისაბმელიანი სატვირთო ავტომანქანა, მისაბმელიანი ავტობუსი, ტრაქტორი, სკუტერი, მცირე ზომის მსუბუქი ავტომანქანა, მცირე ზომის სატვირთო ავტომანქანა, მცირე ზომის ავტობუსი, მცირე ზომის სატვირთო ავტომანქანა მისაბმელით, მცირე ზომის ავტობუსი მისაბმელით და ექსკავატორი).
მართვის მოწმობების ძველი ნიმუშები ამა წლის პირველი აგვისტოდან ისტორიას ჩაჰბარდება, ოღონდ, პრეზიდენტის ბრძანებულება გვაიმედებს, რომ მართვის ძველი მოწმობების გამოყენება მათი მოქმედების ვადის ამოწურვამდე გაგრძელდება.
რაკი უცნობია, რით გააუმჯობესებს ჩვენს ცხოვრებას ხუთის გათხუთმეტება, ოპონენტები მიიჩნევენ, რომ მართვის მოწმობების კატეგორიების ცვლილება დამატებითი შემოსავლის მიღებას უკავშირდება (მართვის ახალი მოწმობა თანხა ეღირება). თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ ცხოვრება დღითი დღე ძვირდება, ვფიქრობ, ხელისუფლების კრეატიულობა თვალშისაცემი და დასაფასებელია (ოღონდ, ვისურვებდით, ასეთივე კრეატიულობა მოსახლეობის ჯიბეების გასქელებაშიც გამოეჩინათ).
მეორე მხრივ, ხელისუფლების გონება შემოსავლების ახალ-ახალი წყაროების ძიებაზე რომ არ მომცდარიყო, იქნებ, ტრადიციად გვექცია, რომ მადლიერ მოსახლეობას (რაკი პოსტრევოლუციურ საქართველოში მოუწია ცხოვრება) წელიწადში ორჯერ საკუთარი ნებით, იქ, ზემოთ მყოფებისთვის, ძღვენი მიერთმია, თუმცა, რაღა მიერთმია, მიგვერთმია?!