როგორ გაუცრუა ეკა კახიანმა იმედები მაჭანკლებს და რატომ დაარღვია მან კახიანების ქალების ტრადიცია
ერთი თვეც არაა, რაც ეკა კახიანმა ტელეგადაცემის წამყვანის როლი მოირგო და „ხანუმა” გახდა. პროექტი, რომელიც ტელეკომპანია „იმედზე” გადის ოცდამეერთე საუკუნის მაჭანკლის თანამედროვე ვარიანტია, ცოტა განსხვავებული ფორმატით. მსახიობსა და ტელეწამყვანს ახალი ამპლუა მოსწონს. არ მალავს, რომ უკვე გამოცდილი ხანუმაა, თუმცა რეალურ ცხოვრებაში სასცენო გამოცდილება დიდად არ გამოადგა – ერთხელ სცადა მაჭანკლობა და ისიც უშედეგოდ, რის შემდეგაც ამ საქმეზე საბოლოოდ აიღო ხელი.
ეკა კახიანი: ეს ტელეპროექტი, ჩემთვის, როგორც მსახიობისთვის, ახალი როლის მორგებაა, თუმცა რატომღაც ისე მოხდა, რომ უკვე ბევრჯერ ვითამაშე მაჭანკალი. ეს როლი მქონდა სპექტაკლშიც – ვიყავი ქაბატო „ქეთო და კოტეში” – ასე რომ გამოცდილი, სამგზის ხანუმა ვარ (იცინის). არ ვიცი, როგორი უნდა იყოს პროფესიონალი მაჭანკალი, მაგრამ ამ საქმეში პატარა გამოცდილება მეც მაქვს. იმის მიუხედავად, რომ ტელევიზია ჩემთვის უცხო არაა, გადაცემის წამყვანის როლში პირველად ვარ. მსახიობისთვის ეს საინტერესოა, ხასიათის შექმნას აქვს თავისი ხიბლი. სიმართლე გითხრათ, ჯერ ძიების პროცესში ვარ, ვნახოთ, რა გამოვა – სახასიათო როლი თუ ეკა კახიანი წამყვანის ამპლუაში, თუმცა მე უპირატესობას მაინც მაჭანკლის ხასიათის შექმნას მივაკუთვნებდი. თან, როგორც ჩანს, ოცდამეერთე საუკუნეში ეს ისევ აქტუალური თემაა. ყველაფერი ვითარდება და რა თქმა უნდა, თანამედროვე მაჭანკალიც უკვე სხვანაირია – თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი (იცინის). ეს სულ არაა ურიგო საქმე, ზოგჯერ ახალგაზრდებს უჭირთ გადაწყვეტილების მიღება, დაბნეულები არიან, ვერ გარკვეულან თავის გრძნობებში. ამ დროს სხვა ადამიანი თუ კარგ როლს შეასრულებს ამ ურთიერთობაში, ეს ცუდი სულაც არაა.
– როგორ ფიქრობთ, თქვენ რატომ შეგარჩიეს გადაცემის წამყვანად?
– არ ვიცი, ტელევიზიიდან დამირეკეს და შემომთავაზეს, მე ვიფიქრე: რატომაც არა, რატომ უნდა ვთქვა უარი. პირიქით, ვფიქრობ, ადამიანმა, ალბათ, ყველა სიახლე უნდა მოსინჯოს. როგორც ვიცი, ასე იყო ლელა წურწუმიას შემთხვევაშიც. გადაცემის მესამე წამყვანია პროფესიონალი ასტროლოგი ნინო ხომერიკი, რომელიც აკეთებს იმას, რაც იცის – ზოდიაქოს ნიშნების გავლენა წყვილის ურთიერთობებზე და ასე შემდეგ. მე და ლელა ჩვენი თუ სხვების ცხოვრებისეული გამოცდილებიდან მიღებული რჩევებით დავეხმარებით ამ ადამიანებს, ქალებს კარგ ქალურ რჩევებს მივცემთ, სხვათა შორის, არც კაცებისთვისაა ურიგო ქალების რჩევები. ტელეწამყვანობა სხვა სპეციფიკაა, რაღაც სხვა გჭირდება ამ როლში ყოფნისას, მეტი სისხარტე და იმპროვიზაცია, უცებ უნდა დასვა შეკითხვა, რომელიც იქვე, ადგილზე ჩნდება. ასე რომ, ეს ახალი და ცოტა უჩვეულო ამპლუაა ჩემთვის, თუმცა უფრო და უფრო ვხვდები, რა არის საჭირო, რომ კარგი ხანუმა იყო (იცინის).
– რეალურ ცხოვრებაში ყოფილხართ ამ როლში?
– ერთხელ ვცადე მაჭანკლობა, მაგრამ არ გამომივიდა – კრახით დავასრულე (იცინის). მახსოვს, ძალიან მონდომებული ვიყავი, შეხვედრაც მოვაწყვეთ, მაგრამ ისტორია აღარ განვითარდა. ეს ამბავი ჩაიშალა, ბიჭმა დაიწუნა ის გოგო. გული ამიცრუვდა, ვიფიქრე, რომ ეს ჩემი საქმე არ იყო, მაგრამ ეტყობა, მაშინ გამოცდილება მაკლდა. ახლა იმდენ საჭირო „ილეთს” ვისწავლი, მე და ლელა წურწუმია ვხუმრობთ ხოლმე, სარფიანი საქმეა, ოფისი ხომ არ გავხსნათ და ბიზნესი წამოვიწყოთო (იცინის). ოცდამეერთე საუკუნის მაჭანკალი საინტერესო ფენომენი იქნება, არა? ეს თემა აქტუალური რომ არ იყოს, ამ ფორმატის გადაცემა თითქმის ყველა ქვეყანაშია და ყველგან პოპულარობით სარგებლობს. რუსულ და ამერიკულ გადაცემებს რომ ვუყურებ, იქ მონაწილე კანდიდატებს არანაირი კომპლექსი არ აქვთ. მე ცოტა მეშინოდა, ჩვენი მენტალიტეტიდან გამომდინარე, როგორ გამოვიდოდა გადაცემა ჩვენთან, ისაუბრებდნენ თუ არა ძალიან პირადულ თემებზე საკუთარი წარსულიდან, მაგრამ სხვათა შორის, ეს პრობლემა ჯერ არ შეგვქმნია. ეს თაობა უფრო გახსნილია და წარსულში შეყვარებულმა რომ უღალატა, ამაზე თავისუფლად ლაპარაკობენ. ის საშიშროება რაც იყო, რომ ახალგაზრდებს გადაცემაში მოსვლა გაუჭირდებოდათ, უკვე აღარ არსებობს.
– სამაჭანკლოებს იღებთ წამყვანები?
– ფარჩებს და საკაბეებს? არა, ჯერჯერობით სამაჭანკლოს გარეშე ვმუშაობთ (იცინის). ჩვენი სამაჭანკლო ის იქნება, ბევრ წყვილს თუ დავაკავშირებთ ერთმანეთთან, მაგალითად, პრომოზე მუშაობის დროს ორმა ახალგაზრდამ ერთმანეთი ჩვენთან გაიცნო და თურმე დღეს ერთმანეთს ხვდებიან. ეს ამბავი ძალიან გამიხარდა.
– წლების წინ იმედო კახიანის პოპულარულ ქალიშვილსაც, ალბათ, ბევრი მაჭანკალი „გიტევდათ”.
– კი, როგორ არა, მაშინ მთლად ამ „ფორმატის” მაჭანკლები არ ყოფილან, მაგრამ იყო გაუთავებელი სატელეფონო ზარები ტექსტებით: რომ ვიღაც იყო კარგი ბიჭი, დიპლომიანი, პერსპექტიული და ასე შემდეგ. მაია ჯაბუა ხშირად ამბობდა ხოლმე: არ ვიცი, რატომ იყო ასე აქტუალური შენი გათხოვების თემა, მაშინ, როცა ჯერ სამაგისო ასაკი არ გქონდაო. საერთოდ, კახიანების ქალები გვიან თხოვდებიან. მახსოვს, ბაბუაჩემის მხრიდან იყო ორი ძალიან ლამაზი, სიმპათიური ქალბატონი, რომლებიც ძალიან გვიან გათხოვდნენ. ალბათ, ამის გამო ჰქონდათ შიში, წინაპრების კვალს არ გაყვესო (იცინის). მაშინ ყველა მაჭანკალს გავუცრუე იმედები, არავინ ჩამირევია ჩემს საქმეში, ისე გავთხოვდი. თუმცა, მერე ვფიქრობდი, ჯობდა რომ ჩამერია. ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით. იმ ქორწინებიდან არაჩვეულებრივი შვილი მყავს. სხვათა შორის, მე და ნიკოს მაჭანკალი ნამდვილად გვყავდა. ჩვენმა მეგობარმა, გოგა გველესიანმა შეითავსა მაჭანკლის როლი. როდესაც მე და გოგამ თუმანიშვილის თეატრში ჩვენი პირველი სპექტაკლი ვითამაშეთ, ამ სპექტაკლს ჩემი მომავალი მეუღლე, ნიკოც დაესწრო. სპექტაკლის შემდეგ გოგასთან შევიკრიბეთ, მან ნიკოც დაპატიჟა. ჩვენ მაშინ გავიცანით ერთმანეთი, მაგრამ გოგა მერეც ძალიან აქტიურობდა. გოგას ჩარევის გარეშე, შესაძლოა, ჩვენი ურთიერთობა არც გამოსულიყო. გოგა ნიკოს ლობირებდა ძალიან, მის ბანაკში იყო, მაგრად „მუშაობდა” (იცინის). ჩვენ დავუფასეთ მას მაჭანკლობა – ჩვენი მეჯვარე და ანასტასიას ნათლია გახდა.
– ახლა, ისეთი გამოცდილებაც შეიძლება მიიღოთ, საკუთარ ქალიშვილთანაც რომ გამოგადგეთ.
– შვილებთან ეს არ გამომდის. უფრო გლობალურ მასშტაბებს ვარ შეჭიდებული (იცინის). ნინის გათხოვებაზე საუბარი, მგონი, უკვე ყველა საზღვრებს გასცდა, ამიტომაც გადავწყვიტე, ამაში არათუ ჩავერიო, არც კი ვისაუბრო. შეწუხდა ნინი და გამოგვიცხადა, თავი დამანებეთო. დავრწმუნდი, რომ ნინი თავის პირად ცხოვრებაში არავის ჩაგვრევს და ჩვენი მცდელობები – „ნინი, ნახე რა კარგი ბიჭია”, სრულიად უშედეგოა. იყვნენ ისეთებიც, ვის მიმართაც სიმპათიებით ვიყავი განწყობილი, მაგრამ ეს ნინის არჩევანია და მისი თხოვნით, მეც დავხურე ეს თემა. ძალიან უნდა მიყვარდეს ადამიანი, რომ მასზე გავთხოვდეო, ამბობს ნინი. ამაში ვეთანხმები – ოჯახი სიყვარულით უნდა შეიქმნას. აი, სამაგიეროდ, ანასტასია ხომ გაგვითხოვდა. მან თავიდანვე ასე დააყენა საკითხი: მე მიყვარს ეს ბიჭი, უნდა გავყვე მას, თქვენ მოგეწონებათ ეს თუ არაო. საბედნიეროდ, მისი რჩეული კარგი ბიჭი აღმოჩნდა. ტრადიციული „სიძესიდედრიანი” არ გვაქვს, ვმეგობრობთ. სიძე მაძლევს ამის საშუალებას, რომ ვემეგობრო. მთავარია, იმას ვხედავ, რომ ჩემი შვილი ძალიან ბედნიერია.
– ხანუმები კანდიდატურების მზითევშიც იქნებით გარკვეული? მზითევი დღესაც აქტუალურია, თან უფრო მაღალი სტანდარტებით.
– ოო, ეს ჯერ არ ვიცი, მზითევზე ჯერ არ გვიფიქრია (იცინის).
– თქვენ თავად მზითვიანი საპატარძლო იყავით, ქალიშვილებზეც ასე იზრუნეთ.
– დღეს მზითევი ბინა და ავტომანქანაა. თუმცა, მე მაინც ვფიქრობ, რომ იქ, სადღაც შიგნით, ის რაღაც უხილავი ქიმიური რაღაც თუ არ შედგა, არც მზითევია რამე და არც მაჭანკლის თავგადადებული მცდელობა. მზითევი მარტო ჩვენთან კი არა, მგონი, უცხოეთშიც თემაა. ქალი ქალად, მაგრამ რა მოჰყვება მას, ამასაც ბევრი კითხულობს. ჩვენი ოჯახი ყოველთვის ყურადღების ქვეშ იყო და მე რომ მზითვიანი ვიყავი, ჩვეულებრივი ამბავი გახლდათ. სამწუხაროდ, მას შემდეგ, რაც ძმა გარდაიცვალა, დედისერთა დავრჩი და ყველაფერი, რაც მამაჩემს ეკუთვნოდა, ჩემი იყო. ასე რომ, ნამდვილად კარგი მზითვიანი ქალი ვიყავი (იცინის). ჩემი შვილების მზითევზე სიმართლე გითხრათ, არ მიფიქრია. ნინის სულ არ აინტერესებს ეს თემა, ანასტასია ხშირად ამბობდა ხოლმე, თუ რამე მოეწონებოდა: ეს, რომ გავთხოვდები, თან უნდა წავიღოო. ანასტასია უფრო იყო გატაცებული საოჯახო ნივთებით, ამიტომაც გაასწრო. თუმცა, თუ რამ მაქვს მე და ჩემს მშობლებს, მათი არ არის? მეც კი ვანებივრებდი შვილებს, მაგრამ ბებია-ბაბუა მაინც განსაკუთრებით. ალბათ, ამიტომაც ურჩევნიათ, ხშირად იყვნენ მათთან. მივდივარ ხოლმე და ძალით ვცდილობ, წამოყვანას. ბებია-ბაბუა კარებში დგებიან და არ მატანენ. მაგრამ, თუ გააბრაზეს, იწყება რეკვები: მოგვაშორე ეს ბავშვი, ჩვენ გავაჩინეთო? (იცინის).
– გოგონების გარეშე თქვენ და მეუღლეს მშვიდი ცხოვრება გექნებათ.
– მშვიდი ცხოვრება გვაქვს. როგორც ყველა ოჯახში ჩვენთანაც ყველანაირი ფორიაქია ხოლმე – ისეთიც, ასეთიც. ვხარობთ ჩვენი შვილების ბედნიერებითა და წარმატებით. მთლად მარტონი კი არ ვართ, არ მიყვარს მარტო ყოფნა. პირიქით, სულ ვცდილობ, საყვარელი ადამიანების გარემოცვაში ვიყო. ამას, ძირითადად, მცხეთაში ვახერხებ. ამიტომაც სულ იქით მიწევს გული. იქ ყველა ერთად ვართ ხოლმე. მიყვარს მცხეთა, იქ მიწას სხვანაირი მადლი აქვს.
– რა ხდება თქვენს პროფესიულ კარიერაში, მარლენ დიტრიხის შემდეგ პაუზა გაგიგრძელდათ.
– ამ ბოლო დროს თეატრში ცოტა ვპასიურობ. მე არ შემიძლია, ყოველ კვირა ახალ-ახალ სპექტაკლებში დავკავდე და სხვადასხვა თეატრში ვირბინო. სულ ასე ვიყავი. მირჩევნია ცოტა და კარგი. მარლენ დიტრიხის შემდეგ მით უმეტეს, ასე ვფიქრობ. მინდა, კიდევ საინტერესო როლი შევასრულო. ვისურვებდი, ასეთი როლები ბევრი იყოს, მსახიობები მაინც რეჟისორებზე ვართ დამოკიდებული. ამ ბოლო დროს ძალიან ვისიამოვნე „ქეთო და კოტეთი”, არაჩვეულებრივი პროექტი გამოვიდა. არაჩვეულებრივ მსახიობებთან და ხელოვანებთან ერთად მომიწია სცენაზე დგომა. ეს ძალიან დიდი სიამოვნება იყო ჩემთვის. მე ამ სიცარიელეს და პაუზას მუსიკით ვივსებ, ან ახალ სიმღერას ჩავწერ, მე თვითონაც ვწერ. ჩვენთან თეატრის ულამაზეს ბაღში საავტორო კონცერტი გავაკეთე, ჩემი სიმღერები და როლები „შევკრიბე”. კარგი საღამო გამოვიდა.