კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მე – დაქირავებული მკვლელი

უშიშროების პოლკოვნიკის ჩანაწერების მიხედვით

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹29-17(591)

მე პულტი ავამუშავე და დისტანციური მართვის ტყვიამფრქვევიდან ნასროლმა ჭურვებმა სანკტპეტერბურგელი ბანკირი მოკლა. სხვები არ დაზარალებულან და ეს საქმე ამით დასრულდა. ჩვენ იმავე საღამოს დავბრუნდით თბილისში. ამით  იმის თქმა მინდა, რომ აბსოლუტურად დაცული, მოუხელთებელი სამიზნე არ არსებობს და ნებისმიერი ადამიანის ლიკვიდაციაა შესაძლებელი, ეგრეთ წოდებული „სუფთა” თუ „ბინძური” მეთოდით. „სუფთა” მეთოდი – მხოლოდ ერთი, კონკრეტული ობიექტის ლიკვიდაციას ნიშნავს, „ბინძური” კი – ობიექტთან ერთად უამრავი ადამიანის მკვლელობას, რაც, ძირითადად, აფეთქების ან დაბომბვის საშუალებით ხორციელდება. ამგვარად მოკლეს ჩეჩნეთის პრეზიდენტი ჯოჰარ დუდაევი, რომელიც საკმაოდ მოუხელთებელი იყო, მუდმივად გადაადგილდებოდა, მაგრამ, მაინც აღმოაჩინეს და მისი ლიკვიდაცია მოახდინეს. აფეთქებით მოუკლავთ მრავალი ცნობილი სამიზნეც, მაგრამ, ასეთი მეთოდები ჩემთვის მიუღებელია, ეს ტერორისტების საქმეა. მე შორს ვდგავარ ტერორისტებისგან, „კლასიკური” წყობის ქილერი ვარ და ვოვაც ამგვარად გამოვწვრთენი.
– ბაბუა, ნუთუ არასდროს, არანაირ სიტუაციაში არ ააფეთქებ ობიექტს? – მკითხა ერთხელ ვოვამ. მე კი მივუგე:
– ობიექტს კი, ოღონდ, ისე, რომ სხვები არ დაზარალდნენ.
– ეგ როგორ? – გაუკვირდა ვოვას, რომლისთვისაც ასაფეთქებელი საქმე არ მისწავლებია, რადგან, საჭიროდ არ მივიჩნიე.
– როგორ და, როგორც უკვე გითხარი, – გავუმეორე ვოვას, – ეს საქმე მე საფუძვლიანად მაქვს შესწავლილი და იშვიათად ვიყენებ, თორემ, განა არ ვიცი. აფეთქების მრავალი საშუალება არსებობს და, ას კაცში მდგარი ადამიანი შეიძლება ისე ასწიო ჰაერში, რომ მის გვერდით მდგომებს ერთი ნაკაწრიც არ ჰქონდეთ. ამას „მიმართული აფეთქება” ეწოდება და რამდენჯერმე წარმატებით მაქვს გამოყენებული.
ვოვას, რომელიც ჩემს ყოველ სიტყვას უაპელაციოდ ენდობოდა, მეტი არაფერი უკითხავს ჩემთვის და ერთი საქმე გამახსენდა, რომელიც ჯერ კიდევ „კაგებეში“ მუშაობისას, შუა „ზასტოის” დროს შევასრულე.
ერთ ზაფხულს ოჯახთან ერთად ყირიმში ვისვენებდი. ჩემს უფროს ვაჟს ცურვას ვასწავლიდი. წყლიდან რომ გამოვედით, ბავშვი დედის გვერდით ქვიშაში ჩაწვა. მე კი წყალში შევბრუნდი და კლდეებისკენ გავცურე, რომელიც ნაპირიდან ერთი კილომეტრით იყო დაშორებული.
– ფრთხილად იყავი, კოკი! – მომაძახა მერიკომ.
მე ზურგზე დავწექი და ცურვა განვაგრძე, თან ჩემებს მანამდე ვუქნევდი ხელს, სანამ ვხედავდი.
კლდეებთან ასიოდე მეტრის მანძილზე კატერი გამოჩნდა, რომელზეც ერთი ადამიანი იმყოფებოდა.
„ფუი, მაშველი! დამიწყებს ახლა ნატაციების კითხვას და ორმოცდაათმანეთიანი ჯარიმით დამემუქრება“, – გავიფიქრე გუნებაში. მაგრამ, კატერი ჩემგან ათიოდე მეტრში გაჩერდა და მასზე მყოფმა ახალგაზრდამ მითხრა:
– ხომ არ დაიღალე, ძმობილო?
– არა, ძმობილო, – მივუგე ახალგაზრდას, რომელსაც ღიმილი არ სცილდებოდა და მითხრა:
– რადიოში მოვისმინე, რომ ჩვენკენ აისბერგები მოცურავენ და, არ გეშინიათ, რომ დაეჯახოთ?
ყველაფერი ნათელი იყო – კატერში მყოფმა მეკავშირის პაროლი მითხრა და პაროლითვე მივუგე:
– რომ გამოჩნდებიან, ისე ღრმად ჩავყვინთავ, რომ ქვეშ გავუძვრები და სამშვიდობოზე გავალ...
„პაროლობანა” რომ დასრულდა, მოღიმარმა მეკავშირემ მითხრა:
– იმ სიშორეზე ხართ გამოსული, რომ მართლაც გაუძვრებით აისბერგს ქვეშ. კატერზე ამოდით, კლდეებთან მივცუროთ და იქ ვილაპარაკოთ.
– თქვენ მიცურდით და მეც მალე იქ ვიქნები, – მივუგე მეკავშირეს, რომელმაც გეზი კლდეებისკენ აიღო. ხუთიოდე წუთში მეც მივედი, კლდეზე დაუხმარებლად შევდგი ფეხი და მეკავშირემ რამდენიმე კომპლიმენტის შემდეგ მითხრა:
– დღეს, საღამოს, ბერლინში უნდა გადაფრინდეთ. საბუთები და სხვა საჭირო რეკვიზიტები აეროპორტის შენობაში გადმოგეცემათ. დანარჩენს კი აეროპორტის მეკავშირე გეტყვით.
მეკავშირის შეთავაზებაზე, რომ ნაპირზე კატერით გავეყვანე, უარი ვუთხარი. მან წარმატება მისურვა და წავიდა. მე ცოტა დავისვენე და ნაპირზე დავბრუნდი, სადაც ჩემი ცოლ-შვილი მელოდა. სასტუმროს ნომერში რომ დავბრუნდით, მერიკოს მოსატყუებლად ტელეფონზე ვილაპარაკე და ვუთხარი:
 ამ საღამოს მოსკოვში უნდა გადავფრინდე ხუთიოდე დღით. ინგლისიდან პარლამენტართა დელეგაციაა ჩამოსული და ძვირფას ლორდებს საბჭოთა კავშირის დედაქალაქის ღირსშესანიშნეობები უნდა გავაცნო.
– რა გაეწყობა, – მორჩილად მომიგო მერიმ და ნაღვლიანად გამიღიმა.
ყირიმის აეროპორტში მეკავშირემ გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის მოქალაქის პასპორტი გადმომცა და მითხრა:
– ბერლინის აეროპორტში დაგხვდებიან და საბოლოო ინსტრუქციებსაც იქ მიიღებ.
ბერლინის აეროპორტში საბჭოთა მეკავშირე დამხვდა, რომელიც გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის მოქალაქე იყო და საფარქვეშ მუშაობდა. მართალია, დემოკრატიული გერმანია საბჭოეთის მოკავშირე იყო და, ორმხრივი ხელშეკრულების თანახმად, იქ სადაზვერვო საქმიანობა არ უნდა გვეწარმოებინა, საბჭოთა კავშირს მაინც ჰყავდა თავისი აგენტურული ქსელი.
პაროლები რომ გავცვალეთ, მეკავშირემ მანქანაში ჩამისვა და თქვა:
– წავედით, თქვენს მეუღლეს გაგაცნობთ.
– მეუღლეს? – ვკითხე მეკავშირეს.
– დიახ, – მომიგო მეკავშირემ, – თქვენ ხომ ბერლინელი ტომას მიულერი ხართ და გყავთ კანონიერი მეუღლე – ბრიგიტა.
პირმშვენიერი და ტანწერწეტა ბრიგიტაც საბჭოთა აგენტი იყო, რომელიც კოსმეტოლოგად მუშაობდა ბერლინის ელიტურ კლინიკაში. მარტონი რომ დავრჩით, მითხრა:
– აბა, ძვირფასო ტომას, მოდი, ჩვენი ცოლქმრული ვალდებულებები აღვასრულოთ.
– სამწუხაროდ, უნდა გაგაწბილოთ, ძვირფასო მეუღლევ, ჩვენი ცოლქმრობა ფიქციაა, მე ნამდვილი მეუღლე მყავს, რომელსაც არ ვღალატობ. აქ კი საქმისთვის ვარ ჩამოსული და, ჯობია, პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ, – მივუგე ბრიგიტას, რომელმაც უკიდურესად იმედგაცრუებულმა შემომხედა, მაგრამ, მშვიდად მკითხა:
– თქვენ სკანდინავიელი ხომ არ ხართ?
– არა, რუსი, – მივუგე „ცოლს“.
– გულცივობით სკანდინავიელს უფრო ჩამოჰგავხართ, – მწარედ ჩაეცინა „დიასახლისს”, ყურადღებით მომაჩერდა და დაამატა: – ამას წინათ თქვენი საბჭოთა კოლეგა იყო აქ ერთი დელიკატური დავალებით. ისიც ჩემი ქმარი იყო თქვენსავით, მაგრამ, თქვენგან განსხვავებით, ცოლქმრული მოვალეობის აღსრულებაზე უარს არასდროს ამბობდა. ორი კვირა გაატარა ჩემთან და უკან გამგზავრება აღარ უნდოდა. ხოლო, რომ მიემგზავრებოდა, იტირა და მეც მატირა. ერთი სიტყვით, ძალიან ტემპერამენტიანი კაცი იყო ის თქვენი ქართველი კოლეგა.
„აბა, ასეთ რამეს ქართველის მეტი ვინ იზამდა“, – გავიფიქრე გუნებაში, ბრიგიტას კი ვუთხარი:
– ქართველები ზოგჯერ ზომაზე მეტად ემოციურები არიან.
– კარგი ვინმე კი იყო, რაც მართალია, მართალია, – რომანტიკულად თქვა ბრიგიტამ, – მაგრამ, წარსულს თავი დავანებოთ და საქმეზე გადავიდეთ. მოკლედ, ასე: თქვენი სამიზნე „შტაზის“ ბობოლა ოფიცერია, რომელიც დღისით, მზისით, ათეულობით თავისი კოლეგის წინ სამაგალითოდ უნდა გამოასალმოთ სიცოცხლეს.
– რას ნიშნავს – „სამაგალითოდ”?
– თქვენ ის უნდა ააფეთქოთ, მაგრამ, ისე, რომ მის გარდა სხვა არავინ დაზარალდეს.
– ესე იგი, მიმართული აფეთქებით, – ვთქვი მე.
– სწორედაც, – მომიგო ბრიგიტამ, – მანამდე მე რაღაც-რაღაც დეტალებს გაგაცნობთ, მერე კი ოპერაცია დავგეგმოთ.
როგორც შევიტყვე, „შტაზის“ მაღალჩინოსანი ოფიცერი იარაღით ვაჭრობაში იყო ჩართული და იმ ხაზზე „იჯდა”, რომელიც „კაგებეს“ ეკუთვნოდა, ანუ, ის ჩვენი კონკურენტი იყო და, იმის ნაცვლად, რომ დაზვერვა გაეფრთხილებინათ, ხელი აეღოთ მსგავს „პერეხვატებზე“, „კაგებე“ პირდაპირ მოქმედებაზე გადავიდა და იმ ოფიცრის ასეთი ხერხით ლიკვიდაცია იმიტომ გადაწყვიტეს, რომ საკუთარი ძალა ეჩვენებინათ.
ჩემი აზრით, ასეთი მოქმედება შეცდომა იყო და სჯობდა „კაგებეს“ „შტაზი“ გაეფრთხილებინა, მაგრამ, ჩემი უწყების ხელმძღვანელობა სხვაგვარად ფიქრობდა და მე არავინ არაფერს მკითხავდა.
– ახლა, რაც შეეხება ლიკვიდაციის დროსა და ადგილს, – განაგრძო ბრიგიტამ, – ეს უნდა მოხდეს ბერლინის საუკეთესო საბანკეტო ჰოლში, რომელსაც „ბერლინ პლაზა“ ეწოდება, „შტაზის“ იუბილეზე.
– ასეთ რამეს მხოლოდ „კაგებეში“ თუ მოიფიქრებენ, – ჩამეცინა მე, ბრიგიტამ კი სრული სერიოზულობით მომიგო:
– სწორედ ამიტომაც ვართ მსოფლიოში საუკეთესონი და პირველობას არასოდეს დავთმობთ.
– რა თქმა უნდა, არ დავთმობთ, – სრულიად გულწრფელად დავუდასტურე დიასახლისს, რადგან, აბსოლუტურად დარწმუნებული ვიყავი „კაგებესა“ და საბჭოთა კვშირის დაუმარცხებლობაში და მათი სიძლიერის განსამტკიცებლად საკუთარ სიცოცხლესაც კი გავწირავდი.
– „ბერლინ პლაზაში“, – განაგრძო ბრიგიტამ, – მიმტანის სტატუსით შეხვალთ.  ასაფეთქებელ მოწყობილობას კი მიკროავტობუსში მიიღებთ, უნიფორმით შეიტანთ, ადგილზე ააწყობთ და შესაფერის მომენტში აამოქმედებთ. დამატებითი კითხვები ხომ არ გაქვთ?
– არა, – მოკლედ მივუგე ბრიგიტას, მან კი ვნებიანი მზერა მესროლა და მითხრა:
– შეიძლება, ერთი რამ გკითხოთ?
– ბრძანეთ.
– ძვირფასო კოლეგავ, იქნებ, ამ ერთხელ შეცვალოთ თქვენი პრინციპი და ერთი ღამით ჩემი ქმარი გახდეთ?
– არა.
– კიდევ ერთს გკითხავთ.
– გისმენთ.
– თქვენი ცოლი მჯობია?
ბრიგიტას გავუღიმე და მივუგე:
– თქვენც ძალიან ლამაზი, მიმზიდველი და სექსუალური ხართ. ღამე მშვიდობისა!
– გმადლობთ. ღამე მშვიდობისა! – მომიგო „დიასახლისმა“ და დასაძინებლად გაემართა.
მეც დავწექი და მალევე დამეძინა. დილიდან კი მე და ბრიგიტამ მომავალი ოპერაციის დეტალები საგულდაგულოდ განვიხილეთ, კარგად დავამუშავეთ და მოსალოდნელი გართულებებიც არ გამოგვრჩენია მხედველობიდან.
ოპერაციის დღე რომ დადგა, მე წინასწარ მომზადებული გრიმი და პარიკი გავიკეთე და რესტორან „ბერტაში“ მივედი. იქ უკვე შეკრებილიყვნენ ჩემი „კოლეგა” მიმტანები და მეც მათ შევუერთდი. როდესაც სპეციალური მიკროავტობუსი მოვიდა, ზედამხედველმა სია ამოიკითხა, ყველანი მანქანაში ჩაგვსვეს და „ბერლინ პლაზასკენ“ ავიღეთ კურსი. ვისი გარეგნობაც მქონდა მიღებული და ვის მაგივრადაც მივემართებოდი „შტაზის“ იუბილეზე, ის უკვე გატაცებული და მოყუჩებული ჰყავდათ საბჭოთა მზვერავებს.  მიკროავტობუსში სწორედ ზედამხედველმა გადმომცა ცელოფნის თხელი პაკეტი, რომელიც მიმტანის უნიფორმაში დავმალე და „ბერლინ პლაზაში“ დაუბრკოლებლად შევიტანე.
„ბერლინ პლაზას“ უზარმაზარი ჰოლი ბროლის ჭაღებით იყო გაჩახჩახებული, იქაურობას კი სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი, სანიმუშოდ გაწვრთნილი შტაზელები იცავდნენ. იუბილეზე სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული სტუმრებიც იყვნენ, რომელთა შორის საბჭოთა კოლეგებიც იმყოფებოდნენ. პაკეტში მოთავსებული პლასტიკური ასაფეთქებელი ნივთიერება თხელი, გამჭვირვალე სკოჩი იყო, რომელიც ჩემს საათში ჩამონტაჟებული დისტანციური მართვის პულტით მოქმედებდა. სკოჩი შამპანურის ბოკალს მივაკარი და, როდესაც დარბაზში შამპანურით სავსე ბოკალები შევიტანეთ, ისე მოვაწყვე, რომ ასაფეთქებლიანი ბოკალი სალიკვიდაციო ობიექტს ეკავა ხელში. ყველაფერი მზად იყო. საათს ხელი შევახე, რომ ობიექტის ლიკვიდაცია მომეხდინა, მაგრამ, დროზე შევჩერდი – რატომღაც, ობიექტმა თავისი ბოკალი ერთ-ერთ კოლეგას გაუცვალა და, როდესაც მას შევხედე, სახტად დავრჩი: ასაფეთქებლიანი ბოკალი საბჭოთა გენერალს ეკავა ხელში და ეს გენერალი ვიქტორ იაკოვლევიჩ  შჩუკინი აღმოჩნდა... ოპერაცია ჩაშლის პირას იყო. მე ან სწრაფად უნდა მეღონა რამე, ან ოპერაცია გამეუქმებინა. ფიქრისთვის დრო არ მქონდა, ამიტომ შჩუკინს წინ ჩავუარე და მის დასანახავად, მარცხენა ხელით პირობითი მოძრაობა გავაკეთე, რაც „სოსს“ ნიშნავდა. მართალია, გარეგნობაშეცვლილი ვიყავი, მაგრამ, გენერალი უნდა მიმხვდარიყო, რომ მის წინ მე ვიდექი. ჩემდა საბედნიეროდ, შჩუკინმა მიცნო და მე ამას მისი თვალების პირობითი მოძრაობით მივხვდი. შემდეგ მე ობიექტს „შემთხვევით” დავეჯახე, რის მერეც ვიქტორ იაკოვლევიჩმა ობიექტს ჭიქა დაუბრუნა. ჩემი ლანგრიდან კი ახალი აიღო და ჩემგან რომ მოეშორებინა, ხელკავი გაუკეთა და გვერდზე გაიყვანა. „დროა“, – გავიფიქრე გუნებაში და საათს ხელი შევახე, დისტანციური მართვის პულტი ჩავრთე და ასაფეთქებელ ღილაკს თითი დავაჭირე... ყრუ ჭახანის ხმამ მიიპყრო „ბერლინ პლაზას“ ჰოლში შეკრებილთა ყურადღება. მიმართული აფეთქების ტალღამ კი ობიექტს თავი ააცალა და ის ჯერ კიდევ ფეხზე იდგა, როდესაც მისი თავი მარმარილოს იატაკზე გაგორდა....
ეს ყოველივე იმდენად ეფექტური იყო, რომ პლაზაში შეკრებილები ადგილზევე გაქვავდნენ და თვალს ვერ აშორებდნენ „შტაზის“ მაღალჩინოსნის იატაკზე გაგორებულ თავს... საქმე გაკეთებული იყო. დრო არ ითმენდა და, რომ იტყვიან, მანამდე უნდა „ავთესილიყავი“, სანამ ჩემი გერმანელი კოლეგები გონს მოეგებოდნენ და ყველა გასასვლელს საიმედოდ ჩაკეტავდნენ. მე სამზარეულოსკენ გავემართე და გაზქურასთან მოფუსფუსე მზარეულებს, რომლებმაც ჯერ არ იცოდნენ, დარბაზში რა ხდებოდა, ვუთხარი:
– ღმერთო ჩემო, რა საშინელებაა, ვიღაც კაცს თავი მოსწყდა და იატაკზე გაგორდა!
მზარეულები დარბაზში გაიქცნენ და სამზარეულო დაცარიელდა. მე კი ამით ვისარგებლე, სავენტილაციო ლუკში შევძვერი და იქაურობას გავეცალე. ბრიგიტასთან რომ დავბრუნდი, „დიასახლისმა“ მკითხა:
– როგორ ჩაიარა საღამომ?
– ყველაფერი რიგზეა, ობიექტს თავი მოსწყდა და ბურთივით გაგორდა იატაკზე.
ქალს რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ ქუჩიდან პოლიციური სიგნალების გამაყრუებელი ხმა გაისმა. ჩვენ ფანჯარაში გავიხედეთ და პოლიციის უამრავ მანქანას მოვკარით თვალი. ისინი ქაოსურად მიმოდიოდნენ აქეთ-იქით და მათი ლურჯ-წითელი ციმციმები ღამის ბერლინის ქუჩებს ანათებდნენ.
– აი, უკვე ამოქმედდნენ და გეძებენ, – მითხრა ბრიგიტამ და ფანჯარას ჟალუზები ჩამოაფარა. შემდეგ სავარძელში მოკალათდა, მომაჩერდა და დაამატა, – შენი აქედან გაყვანა საკმაოდ რთული იქნება.
– ვითომ? – ვთქვი მე.
– კი, – ჩაეცინა „დიასახლისს”, – შენ „შტაზს“ არ იცნობ, ისინი „კაგებეს“ არაფრით ჩამოუვარდებიან.
– მე ვფიქრობ, რომ აჭარბებთ, – თქვენობით მივმართე ბრიგიტას იმ იმედით, რომ ისიც ასე მომიგებდა, თუმცა ჩემმა მასპინძელმა მითხრა:
– გიმეორებ, რომ „შტაზი“ უსაშინლესი უწყებაა, კარგად დატოტვილი ჯაშუშური ქსელი აქვს და მათ ყველგან მიუწვდებათ ხელი.
– თუ საქმე ძალიან გაჭირდა, ალბათ, საელჩოს მეშვეობით გამიყვანენ.
– გეთანხმები, მაგრამ, საელჩომდე მისვლა ხომ გინდა! ქუჩაში გასვლა კი უკიდურესად საშიშია, უკვე ყველგან მილიცია-პოლიციაა,  და, რაც მთავარია, ყოველ კუთხე-კუნჭულში შპიკები დაძრწიან, რომლებიც ყველას და ყველაფერს აკვირდებიან.
– გამოდის, რომ აქ უნდა გამოვიკეტო?
– ბოლომდე არც აქაა უსაფრთხო ადგილი – ყველასა და ყველაფრის ტოტალურ შემოწმებას რომ დაიწყებენ, აქაც მოვლენ.
როგორც მოგვიანებით გაირკვა, ბრიგიტა არ აზვიადებდა და „შტაზი“ გამალებით მეძებდა. მართალია, მათ არც ჩემი ვინაობა იცოდნენ და არც საქმიანობა, მაგრამ, ისინი ყველა უცხოს ამოწმებდნენ და რომ ვენახე, აუცილებლად გამშიფრავდნენ, რასაც, ჩემი დაპატიმრება და წამებით სიკვდილი მოჰყვებოდა, ამ საქმეს კი, ბრიგიტას მტკიცებით, შტაზელები უნაკლოდ ფლობდნენ.
–  ჩახედული ადამიანების მონაყოლიდან ვიცი, – მიყვებოდა ბრიგიტა, – რომ „შტაზის“ ჯურღმულების ჯალათები „გესტაპოს“ გაუმჯობესებული მეთოდებით მოქმედებენ და რომ იტყვიან, ქვასაც კი აატირებენ...
მოძმე გერმანიის ძალოვან სტრუქტურებთან ჭიდილი მაინც ჩემი გამარჯვებით დასრულდა და ისე დავტოვე გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის ტერიტორია, საბჭოთა საელჩოს დახმარებაც კი არ დამჭირდა. იმავე საღამოს პოლიციის მანქანა გავიტაცე, ორი პოლიციელი საბარგულში ჩავტენე, ერთ-ერთის ფორმა გადავიცვი და როსტოკში ჩავედი. იქ კი საბჭოთა სატვირთო გემზე ავიპარე, კაპიტანს კაიუტაში ვეახლე და ვუთხარი:
– მე საბჭოთა მზვერავი ვარ, საბჭოთა კავშირში ვბრუნდები და უნდა დამეხმაროთ!
– ჯერ ერთი, მე სულ სხვა კურსი მაქვს და სკანდინავიაში მივცურავ. თანაც, იქნებ, ტყუით, აბა, მე რა ვიცი?
– კურსსაც შეიცვლით და საიმედოდაც დამმალავთ! – მტკიცედ ვუთხარი კაპიტანს, მან კი მომიგო:
– რატომ ხართ ასე დარწმუნებული?
– იმიტომ, შე კრეტინო, რომ, თუ ჩემს ბრძანებას არ შეასრულებ, „კაგებე“ ყვერებს მოგაგლეჯს, მოხარშავს და შეგაჭმევენ, ახლა გაიგე?
ჩემმა სიტყვებმა კაპიტანზე შთაბეჭდილება მოახდინა და ამიტომ, სხაპასხუპით მიპასუხა:
– დიახ, დიახ, გავიგე, ამხანაგო მზვერავო! ახლავე ისე დაგმალავთ, რომ თვით ეშმაკიც კი ვერ მოგაგნებთ. წამობრძანდით.
გემის კაპიტანმა ხომალდის ფსკერზე დამმალა, სადაც საიდუმლო კაიუტა მდებარეობდა და მართლაც ვერავინ მომაგნო. არადა, „შტაზის“ თანამშრომლებმა საგულდაგულო ჩხრეკა ჩაატარეს გემზე და გაწბილებულები წავიდნენ.
მოსკოვში რომ დავბრუნდი და შჩუკინს ვეახლე, ვიქტორ იაკოვლევიჩმა მითხრა:
– ვერაფერს იტყვი, იუველირული შესრულება იყო. ჩემი კოლეგის თავი ისე მოსწყდა კისერს და გაფრინდა, რომ თვალიც ვერ შევავლე. ახლა ეცოდინებათ ჩვენს კონკურენტებს, თუნდაც მოძმეებს, რომ ჩვენთან დაპირისპირება კარგს არავის არაფერს მოუტანს. ერთი სიტყვით, ხელმძღვანელობა შენით ძალიან კმაყოფილია და, ვადასტურებ, რომ მსოფლიოში საუკეთესო ხარ.
მოსკოვიდან კვლავ ყირიმში დავბრუნდი და დასვენება განვაგრძე, თან, ჩემს უჩვეულო, ფათერაკებით აღსავსე ცხოვრებაზე ვფიქრობდი, იმ სასიკვდილო საფრთხეზე, რომელიც ყოველ ნაბიჯზე მყავდა ჩასაფრებული და ვალდებული ვიყავი, რომ ეს საფრთხე როგორც ოჯახისთვის, ისე საკუთარი თავისთვისაც ამეცილებინა.
საფრთხის თავიდან აცილება და მოუხელთებლობა ჩემი პროფესიის ადამიანის ერთ-ერთი უმთავრესი მოვალეობაა, თუმცა, ეს ყოველთვის ვერ ხერხდება და ზოგჯერ ერთ უბრალო შემთხვევას შეუძლია, მახეში გაგაბას. თუმცა, თავის დაღწევა ნებისმიერი სიტუაციიდან უნდა შეგეძლოს, რაც აგრეთვე კოჯრის სპეცსკოლაში მასწავლეს. ერთ-ერთი ინსტრუქტორი კი მარიგებდა:
– მახეში არ უნდა გაება. თუ გაებმები, ჩათვალე, რომ იქიდან თავის დაღწევის ერთი პროცენტი შანსიც არ გექნება. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ არ უნდა ეცადო. არა მხოლოდ უნდა ეცადო, არამედ, საამისოდ ყველა საშუალება უნდა გამოიყენო.
ერთხელ ერთ ლათინოამერიკულ ქვეყანაში მიმავლინეს, სადაც თავდაცვის მინისტრი სნაიპერული შაშხანიდან მოვკალი. იარაღი, რა თქმა უნდა, შემთხვევის ადგილზე დავტოვე, იქაურობას სასწრაფოდ გავეცალე და სასტუმროში დავბინავდი. თუმცა, თავიანთი მეთაურის სიკვდილით გამწარებულმა სამხედროებმა რეიდები მოაწყვეს. ისინი იჭერდნენ ყველა საეჭვო ადგილობრივ მოსახლეს და აბსოლუტურად ყველა უცხოელს. მე რადგან უცხოელი ვიყავი, სასტუმროს რესტორანში სადილობისას დამაპატიმრეს, სხვა დაპატიმრებულებთან ერთად უზარმაზარი დახურული მანქანით საფეხბურთო სტადიონზე მიგვიყვანეს და მინდორზე დაგვყარეს, სადაც უამრავ ადამიანს მოეყარა თავი. ხალხი კი მოჰყავდათ და მოჰყავდათ...
საფეხბურთო მინდორს მთელ პერიმეტრზე მავთულხლართი ჰქონდა შემოვლებული, ყოველ ორ მეტრში კი კომუფლირებული, ავტომატმომარჯვებული ჯარისკაცები მზად იყვნენ, რომ ნებისმიერ წუთში ცეცხლი გაეხსნათ დაპატიმრებულებისთვის. ასეთი სურათი მე ჩილეში, სანტიაგოს ცენტრალურ სტადიონზე მქონდა ნანახი, როდესაც აუგუსტო პინოჩეტის მოსაკლავად ვიყავი ჩასული და იქ ლუის კორვალანი ჩავიყვანე.
საღამოს 6 საათისთვის მინდორი თითქმის ბოლომდე გაივსო დაპატიმრებულებით, რომლებიც ჯგუფებად მიჰყავდათ მავთულხლართის მიღმა და უკან არავინ ბრუნდებოდა. ერთ ნაწილს იმედი ჰქონდა, რომ მათ ათავისუფლებდნენ, მეორენი კი ფიქრობდნენ, რომ მათ ხვრეტდნენ. თუმცა, ზუსტად არავინ იცოდა, რა ხდებოდა სინამდვილეში და ყველა თავის რიგს ელოდა. მორიგი ოცი კაცი რომ გაიყვანეს გარეთ, მათ შორის მეც მოვხვდი. ჩვენ სტადიონის ტრიბუნებს ქვემოთ, ცივ ბუნკერში ჩაგვიყვანეს. იქ სამხედრო ოფიცრის უნიფორმაში გამოწყობილი ოფიცერი დაგვხვდა. მას ოციოდე კუნთმაგარი ხელქვეითი ახლდა. ოფიცერთან  რიგრიგობით მიჰყავდათ ადამიანები და ის მათ ეკითხებოდა, თუ ვინ მოკლა თავდაცვის მინისტრი. ხოლო, როდესაც უარყოფით პასუხს იღებდა, დასაკითხი ობიექტი გვერდითა ოთახში ინაცვლებდა, სადაც სასტიკად აწამებდნენ და, თუკი იქ არ შემოაკვდებოდათ, უკან აბრუნებდნენ და უკან დაბრუნებულს თავად ოფიცერი კლავდა შუბლში ერთი გასროლით. მოკლულ-დახვრეტილებს კი უზარმაზარ, გავარვარებულ ღუმელში წვავდნენ, რომელიც გვერდით ოთახში მდებარეობდა.
ჩემი ჯერი რომ მოვიდა, ოფიცერთან მიმიყვანეს. მან კი გამიღიმა, მის წინ დაჯდომა შემომთავაზა და მკითხა:
– იცით თუ არა, ვინ მოკლა თავდაცვის მინისტრი?
– სენიორ! მე უცხოელი ვარ და თქვენს ქვეყანაში თქვენი კულტურის შესასწავლად ვიმყოფები. სამწუხაროდ, პოლიტიკაში ვერ ვერკვევი და, სიმართლე გითხრათ, არც მაინტერესებს, – მივუგე ოფიცერს, თან ნიადაგი მოვსინჯე, რომ ხაფანგიდან თავის დაღწევა მომეხერხებინა.
– მე თქვენ სულ სხვა რამე გკითხეთ, სენიორ, – ზრდილობიანად  მითხრა ჯალათმა ოფიცერმა, – გმადლობთ, რომ ჩვენს კულტურას სწავლობთ და ჩვენს ენაზეც საუცხოოდ ლაპარაკობთ, მაგრამ, მე მაინტერესებს, იცით თუ არა, ვინ მოკლა თავდაცვის მინისტრი?
– აბა, მე რა ვიცი, სენიორ ოფიცერო, – გავუმეორე ოფიცერს, მან კი მშვიდად მომიგო:
– გვერდით ოთახში გაარკვევენ სიმართლეს.
– რა სიმართლეს, სენიორ. თქვენც ხომ კარგად იცით, რომ არაფერი ვიცი.
– ვიცი, მაგრამ, ძმა მომიკლეს და, ვცდილობ, მკვლელი ნებისმიერი ხერხით ვიპოვო.
– თავდაცვის მინისტრი თქვენი ძმა იყო? ვწუხვარ, ძალიან ვწუხვარ, სენიორ, მაგრამ, მე უდანაშაულო ვარ. მე რიგითი ეთნოგრაფი ვარ, მხოლოდ და მხოლოდ თქვენი კულტურით ვარ დაინტერესებული და პოლიტიკიდან ისევე შორს ვარ, როგორც მთვარე – დედამიწიდან.
– თქვენ ლამაზად ლაპარაკი გცოდნიათ და ძალიან ხატოვან გამონათქვამებს იყენებთ, – მითხრა ოფიცერმა, შემდეგ ცნობილი ლათინოსი პოეტის ცნობილი ლექსი მაღალმხატვრულად წამიკითხა და დაამატა: – არც მე ვარ პროფესიონალი სამხედრო და ფორმა გარემოებებმა ჩამაცვა. რევოლუციურ მთავრობაში რომ შეგვიყვანეს მე და ჩემი ძმა, ფორმებიც მაშინ მოვირგეთ. ისე კი, ის ცხონებული, ფილოსოფიის დოქტორი და ძალიან განათლებული ადამიანი იყო, მე კი – მოკრძალებული მსახიობი ვიყავი.
– გეტყობათ, – ორაზროვნად ვუთხარი ოფიცერს, – თქვენ ისე მაღალმხატვრულად წაიკითხეთ ეს ცნობილი ლექსი, რომ უბრალო, არაპროფესიონალი ადამიანი ვერასგზით ვერ შეძლებდა ასეთ რამეს.
– გმადლობთ კომპლიმენტისთვის. და მაინც, სენიორ, წესი ყველასთვის წესია და თქვენც იგივე პროცედურები უნდა გაიაროთ, რაც სხვებმა.
– ესე იგი, წამება არ ამცდება?
– მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ჩემი ძმის მკვლელის კვალზე არ დამაყენებთ.
– რომ დაგაყენოთ?
– რაო, რა თქვით? – თვალები გადმოეკარკლა ოფიცერს, რომელსაც ეგონა, რომ მოესმა.
– თქვენი ძმის მკვლელის კვალზე რომ დაგაყენოთ, გამიშვებთ?
– ხუმრობთ?
– სულაც არა.
– როგორ უნდა დამაყენოთ, თქვენ, უცხოელმა ეთნოგრაფმა, საიდან უნდა იცოდეთ, ვინ მოკლა ჩემი ძმა? მას, ალბათ, კონტრრევოლუციონერებმა მოუღეს ბოლო, ძველი რეჟიმის მომხრეებმა. თქვენ ხომ პოლიტიკაში ვერ ერკვევით და არაფერი გაგეგებათ?!
– ეგ კი მართალია, მაგრამ, ხომ არსებობს შემთხვევითობაც?
– ვერ გავიგე, რა შემთხვევითობა?
– მე მაქვს ვარაუდი, რომ თქვენი ძმის მკვლელი სნაიპერის სახე ვნახე.
სნაიპერის ხსენებაზე ოფიცერს სახე ეცვალა, ცარცის ფერი დაედო და ენის ბორძიკით მითხრა:
– მართალია, ჩემი ძმა სნაიპერმა მოკლა, მაგრამ მსროლელი როგორ და სად უნდა გენახათ?
მე უკიდურესად სათადარიგო გეგმა ავამოქმედე, რომელიც, რა თქმა უნდა, წინასწარ მქონდა დამუშავებული. თუმცა, დარწმუნებული ვიყავი, რომ არ დამჭირდებოდა, მაგრამ, საპირისპიროდ მოხდა და ოფიცერს ვუთხარი:
– თუ შეიძლება, ფანქარი და ფურცელი მომეცით.
ოფიცერი დაიბნა, მაგრამ, ფანქრისა და ფურცლის მოტანის ბრძანება გასცა, მე კი მკითხა:
– ფანქარი და ფურცელი რად გინდათ?
– სენიორ, – ვუთხარი ოფიცერს, – მე ხატვა მეხერხება, თან ფენომენალური მახსოვრობა მაქვს და, შემიძლია, ერთხელ ნანახი ადამიანი აბსოლუტური სიზუსტით, ზეპირად დავხატო. როდესაც თქვენი ძმა მოკლეს, მე იმ შენობის სიახლოვეს ვიმყოფებოდი, საიდანაც სნაიპერული გასროლა მოხდა. მე იმ შენობიდან გამოსული კაცი ვნახე და, ვფიქრობ, რომ სნაიპერიც სწორედ ის იყო. მე ახლა იმ კაცის პორტრეტს დაგიხატავთ, ძებნა კი თქვენი საქმეა.
ოფიცერი უხმოდ, გამომცდელად და ფერმკრთალი სახით უყურებდა, თუ როგორ ვხატავდი. მე კი ერთი პარიკმახერის სახე დავუხატე, რომელიც ქალაქის მეორე ბოლოში მუშაობდა, „ცეერუს“ აგენტი იყო და მე ეს კარგად ვიცოდი და სწორედ მისი „ცეერუელობის“ გამო გავიმეტე ის პარიკმახერი. პორტრეტი რომ მზად მქონდა, ოფიცერს მივაწოდე და ვუთხარი:
– აი, სენიორ, ის კაცი, ვინც თქვენი ძმის მკვლელობის ჟამს იმ შენობიდან გამოვიდა.
ოფიცერმა პორტრეტის გადამრავლება და იმ კაცის მოძებნის ბრძანება გასცა, მე კი მომიბრუნდა და მითხრა:
– საერთოდ, თქვენ ჩემი სტუმარი იქნებით, მაგრამ, ღმერთმა არ ქნას, რომ ტყუოდეთ. ასეთ შემთხვევაში, საშინელი სიკვდილი გელოდებათ და ვერც უცხოელობა გიხსნით, ვერც ჩვენი კულტურის სიყვარული და ვერც თქვენი ხატვის ნიჭი. ახლა კი წამობრძანდით, სუფრას მივუსხდეთ და ჩემი ძმის მოსაგონარი შევსვათ.
ოფიცერმა გვერდით ოთახში გამიყვანა, დაკითხვები კი შეწყდა. ერთი საათის მერე ჩემს მასპინძელს ადიუტანტი ეწვია და ყურში რაღაც ჩასჩურჩულა.
– შემოათრიეთ! – მრისხანე სახით თქვა ოფიცერმა და ადიუტანტი რომ გავიდა, მითხრა:
– თქვენ მიერ აღწერილი კაცი მოიყვანეს.
– ყოჩაღი ხელქვეითები გყოლიათ, – მივუგე მასპინძელს და კარს მივაპყარი თვალი, სადაც ჩემ მიერ დახატული „ცეერუელი“ პარიკმახერი შემოათრია ორმა ჯარისკაცმა.
– ესაა? – მკითხა ოფიცერმა.
– დიახ, სწორედ ეგ, – მტკიცედ მივუგე ოფიცერს და პარიკმახერისკენ თითი გავიშვირე, რომელიც ცინიკურად მიყურებდა.
ოფიცერმა პარიკმახერი შუა ოთახში დედიშობილა, პირქვე დააკიდინა ჯარისკაცებს და ისე სასტიკად აწამა, რომ მან ჯერ „ცეერუელობა“ აღიარა, ბოლოს კი თავდაცვის მინისტრის მკვლელობაც. ოფიცერმა მას ჩემ თვალწინ მაჩეტეთი თავი მოჰკვეთა და მითხრა:
– ბოლომდე არ მჯეროდა, რომ სიმართლეს მეუბნებოდით და აღიარებითი ჩვენება რომ არ მოეცა, მის ბედს თქვენც გაიზიარებდით. ახლა კი ნამდვილად ჩემი სტუმარი ხართ, ჩემს ვილაში იცხოვრებთ და იმუშავებთ, რამდენ ხანსაც გნებავთ და ყოველმხრივ ხელს შეგიწყობთ.
ოფიცრის ვილიდან სამი დღის მერე გავიპარე და ორ დღეში ჩემი სვლით მოსკოვში ჩავედი. შჩუკინს რომ ვეახლე, მითხრა:
– მადლობა ღმერთს, საღ-სალამათს რომ გხედავ. შენი კვალი სტადიონთან დავკარგეთ და ზოგ-ზოგიერთებმა გამოგიტირეს კიდეც. თუმცა, მე დარწმუნებული ვიყავი, რომ არაფერი შეგემთხვეოდა და არც შევმცდარვარ.
მე ყველაფერი დაწვრილებით მოვუყევი შჩუკინს და ბოლოს გამოვეჯგიმე:
– ვემსახურები საბჭოთა კავშირს!
– მშვენივრადაც ემსახურები, ძმობილო, – მომიგო გენერალმა და მხარზე ხელი მომითათუნა, – მართალია, ზოგჯერ ისეთი საშინელების ჩადენა გვიხდება, რაც ადამიანურ არსს სცდება და მხეცებს ვემსგავსებით, მაგრამ, ნურც ის დაგვავიწყდება, რომ უარეს მხეცებთან გვაქვს საქმე და მათ თავიანთივე იარაღით ვუმკლავდებით.
შჩუკინი მართალი იყო. უმეტეს შემთხვევაში ჩვენი მოწინააღმდეგეები უკიდურეს სისასტიკეს იჩენდნენ განურჩევლად ყველას მიმართ და პასუხის გაცემა ანალოგიური ხერხებით გვიხდებოდა.
ერთხელ, ჯერ კიდევ ჩემი „კაგებეშნიკური“ კარიერის გარიჟრაჟზე, შჩუკინმა კაბინეტში დამიბარა, მე და მუხინი უხმოდ გაგვიყვანა პატარა კინოდარბაზში, კინოფირი ჩართო და თქვა:
– უყურეთ!
ოცდაათწუთიან კინოფირზე საშინელი ხოცვა-ჟლეტა იყო აღბეჭდილი, რომელიც ერთ-ერთი არაბული სახელმწიფოს დედაქალაქში, საბჭოთა საელჩოს ტერიტორიაზე მოხდა, ეს ყველაფერი კი რამდენიმე ვიდეოკამერამ დააფიქსირა, რომლებიც საელჩოში ახალი დამონტაჟებული იყო. შემდეგ ეს ვიდეოკადრები  „კაგებეს“ ოპერატორებმა კინოფირზე გადაიტანეს და სწორედ იმ კოლაჟს ვუყურებდით. ჩვენება რომ დასრულდა, შჩუკინმა გვითხრა:
– ეს საშინელება გუშინ, შუადღეს მოხდა. მოკლულია ცხრამეტი ადამიანი, დაჭრილია რვა, მათ შორის ყველა – ძალიან მძიმედ. უკვე ვიცით, რომ ეს საშინელება ავღანელმა ტერორისტებმა ჩაიდინეს. ჩვენმა გამანადგურებელთა ესკადრილიამ მათი ბაზა დღეს დილით მიწასთან გაასწორა და ორი ათასი მოჯაჰედი გაწყვიტა. თუმცა, ამ დანაშაულის უშუალო შემსრულებლები – ომარ ვაჰიდ-ხანის ოცეული, თავიანთი  შეფიანად, სულ ოცდაერთი ადამიანი, – კვლავ ცოცხლები არიან და ბეირუთს აფარებენ თავს. ჩვენმა ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ მკვლელები სასტიკად დავსაჯოთ. ამიტომ, შენი მეთაურობით, კოკი, ექვსკაციანი ჯგუფი უნდა ჩავიდეს ლიბანის დედაქალაქში და ომარ ვაჰიდ-ხანი და მისი მკვლელები უსასტიკესად დასაჯოთ.
იმ პერიოდში ლიბანის ერთ დროს აყვავებული დედაქალაქი უკვე ნანგრევებად იყო ქცეული სამოქალაქო ომისგან და იქ ორიენტაცია ძალიან ძნელი იყო. მიუხედავად ამისა, მე და ჩემი რაზმი იქ დათქმულ დროს ჩავედით, მეკავშირეს შევხვდით და ტერორისტების ძებნას შევუდექით. უფრო სწორად, ჩვენი მეკავშირე და მისი ხალხი ეძებდნენ, ჩვენ კი სიგნალს ველოდით და მზად ვიყავით ტერორისტების გასაჟლეტად. მესამე დღეს მეკავშირემ გვაცნობა, რომ ძებნილები ერთ-ერთ ნახევრად დანგრეულ სახლს აფარებდნენ თავს დასავლეთ ბეირუთში. ჩვენ მინიშნებული ადგილისკენ შუაღამეს გავემართეთ. მსუბუქად, მაგრამ მრავალმხრივად ვიყავით შეიარაღებულები, თან, მინი-ცეცხლმფრქვევებიც გვქონდა და ოპერატორებიც გვახლდნენ.
ომარ ვაჰიდ-ხანსა და მის ხელქვეითებს ტკბილად ეძინათ, როდესაც მათი ორი გუშაგი გავანეიტრალეთ – კისერი მოვტეხეთ და იქვე დავყარეთ. შემდეგ კი მათ ადგილსამყოფელში შევცვივდით, იქაურობა ძლიერი ფარნებით გავანათეთ და ტერორისტებს ინტენსიური ცეცხლი გავუხსენით... ჩვენ ვესროდით, ოპერატორები იღებდნენ... მთელი ეს ჯოჯოხეთი სულ რაღაც რვა წუთს გაგრძელდა. ბოლოს კი ოცდაერთივე დაფლეთილი ცხედარი ერთად დავაწყვეთ და მინი ცეცხლმფრქვეველებიდან დავანახშირეთ...
მოსკოვში უვნებლები დავბრუნდით და ძალიან ფასეული ჯილდოები მივიღეთ. მე წოდება მომიმატეს და თბილისის ახლად აშენებულ, ფეშენებელურ სახლში ხუთოთახიანი ბინა მომცეს. სხვათა შორის, ის ბინა დღემდე მაქვს, ისევე, როგორც მოსკოვის ბინა. თუმცა, ოჯახთან ერთად კვლავ ძველ ბინაში ვცხოვრობდი.

 

скачать dle 11.3