მკვლელი ფანჯარაში
ახალგაზრდა ქალი ძალიან შეშინებული ჩანდა. დიდი, ლამაზი თვალები კიდევ უფრო გაფართოებოდა და კანკალებდა. ჰოლმსმა ცოტა ბრენდი დაუსხა და მიაწოდა.
– გმადლობთ, ბატონო ჩემო. თქვენი დახმარების იმედი მაქვს. რაღაც მოხდა, ტრაგედიაა, ამბობენ, რომ ჩემს მეგობარს ქმარმა ესროლა და მერე ტყვია თავადაც იკრა შუბლში, მაგრამ მე ამის არ მჯერა. ვორბერტონი მკვდარია. ელეონორა სიკვდილს ებრძვის... სიმართლე არავინ იცის, რადგან ყველაფერი ჩაკეტილ ოთახში მოხდა. პოლკოვნიკი ვორბერტონი ფეთქებადი ხასიათის იყო, მაგრამ სიგიჟეს მისგან არავინ ელოდა.
შერლოკ ჰოლმსმა თავისი გამჭოლი მზერა მიაპყრო ახალგაზრდა ქალს.
– ყველაფერი მომიყევით, ყველა დეტალი, თუნდაც სრულიად უმნიშვნელო.
– პოლკოვნიკი და მისი ცოლი – ჩემი მეგობარი ჰაიდ-პარკზე, ერთ-ერთ სოლიდურ სახლში ცხოვრობდნენ. სახლს ფრანგული ფანჯრები და ვერანდები აქვს. ტრაგედია გუშინ საღამოს, სადილის შემდეგ მოხდა. ოთახ-მუზეუმის ვერანდაზე გამავალი ორივე ფანჯარა და ასევე, კარი შიგნიდან ანჯამებით იყო ჩაკეტილი. ელეონორა და პოლკოვნიკი სახლში იყვნენ. მე ტყვიის ხმა არ გამიგონია... ასეთია ფაქტები, მისტერ ჰოლმს.
– პოლკოვნიკი ხშირად იკეტებოდა ოთახში ცოლთან ერთად? მას ეს ჩვევად ჰქონდა?
– არა. უხეში კაცი იყო და ელეონორა ხშირად საყვედურობდა, მაგრამ კამათზე შორს მათი შელაპარაკება არ წასულა. გჯერათ ჩემი ინტუიციის? ქალის ინტუიციის?
ჰოლმსმა თავი დაუქნია.
– იმ ჩაკეტილ ოთახში რაღაც მოხდა. ფანჯრებიც და კარიც შიგნიდან იყო ჩაკეტილი.
– შეეცადეთ, იმ საღამოს მოვლენები აღიდგინოთ.
ქალმა შუბლზე მოისვა ხელი.
– მახსოვს, კარი რომ შევამტვრიეთ და ოთახში შევცვივდით, იქ პოლკოვნიკის ინდური სიგარის მძიმე სუნი იდგა. რევოლვერი პოლკოვნიკის ხელთან ეგდო...
ჰოლმსი მოულოდნელად გამოცოცხლდა.
– ინდური სიგარები მეც მაქვს. მძაფრი სუნი აქვს, მაგრამ სიმხნევეს გმატებს... გააგრძელეთ მადამ.
– ოთახი-მუზეუმი მე ყოველთვის შიშს მგვრიდა, კერპების გამოსახულებებითა და ძველი ინდური იარაღით არის გამოტენილი. პოლკოვნიკს კი პირიქით, უყვარდა იქ ყოფნა. მაიორი ერნშოუ და კაპიტანი ლეშერი ჩემთან ერთად კარტს თამაშობდნენ სასტუმრო ოთახში. მაიორი ერნშოუ ხშირად ესტუმრებოდა ხოლმე პოლკოვნიკს. კაპიტანი ლეშერი კი, მისი დისშვილია. ის მოკლე ვიზიტით იყო ბიძასთან მოსული. ელეონორა გამორჩეულად ლამაზი ქალი იყო და ყველა გაოცდა, როცა ის პოლკოვნიკს ცოლად გაჰყვა.
– მათ შორის, პოლკოვნიკის დისშვილსიც? – ეჭვნარევი ღიმილით იკითხა ჰოლმსმა.
– არა სერ, პოლკოვნიკი ცოლსა და დისშვილზე არ ეჭვიანობდა, თუ თქვენი ღიმილით ამის თქმა გინდათ. გუშინ საღამოს, სადილის შემდეგ, ელეონორამ თქვა, რომ ქმართან უნდოდა ლაპარაკი, ამიტომ გავიდნენ ოთახ-მუზეუმში. ჩვენ, როგორც გითხარით, კარტს ვთამაშობდით. უფრო სწორად, ვაპირებდით კარტის თამაშს. მე და მაიორი ოთახი-მუზეუმიდან მოშორებით, პატარა ბუდუარში, კაპიტანს ველოდებოდით, რომელიც თავისთვის სასმლის მოსატანად გავიდა. გასროლის ხმა არ გაგვიგონია, რადგან ჩვენი ოთახის ფანჯრები ბაღში გადის, ხოლო ოთახი-მუზეუმისა – ქუჩის მხარეს მდებარე ვერანდაზე. კაპიტანი შემოვარდა და გვითხრა, რომ რაღაც მოხდა. ყველანი იქით გავიქეცით. კარი, როგორც გითხარი, შიგნიდან იყო ჩაკეტილი. მძიმე კარია და მისი შენგრევა ვერ შევძელით. მაშინ კაპიტანი ვერანდაზე გაიქცა, ქვით ფანჯრის მინა ჩაამსხვრია და ფანჯარა ისე გააღო.
– ანუ, ოთახში ფანჯრიდან გადახვედით?
– ჩვენ კარიდან შევედით, ფრანგული ფანჯრები თითქმის იატაკამდეა. კაპიტანი გადაძვრა და კარი გაგვიღო.
– რა უნდოდა კაპიტანს ბიძისგან?
– არ ვიცი, მგონი, რაღაცაზე უნდოდა მასთან ლაპარაკი. მახსოვს. უკმაყოფილო იყო, რატომ ჩხუბობენ გამუდმებით პოლკოვნიკი და ელეონორა, მშვიდად მათთან საუბარი შეუძლებელიაო.
– მადამ, თქვენთან უნდა მოვიდე და ყველაფერი ადგილზე ვნახო. პოლიცია, ალბათ, უკვე იყო.
– დიახ, სერ. მაგრამ ეჭვი არ შეჰპარვიათ, რომ ეს ტრაგედია პოლკოვნიკმა ჩაიდინა. მარტო მე არ მჯერა, რომ მომხდარში მესამე პირი არ არის ჩარეული. თუმცა, წარმოდგენა არ მაქვს, შიგნიდან ჩაკეტილ ოთახში მკვლელს რანაირად უნდა შეეღწია.
– სწორედ მაგის გასაგებად ვარსებობ მე, – გაიღიმა ჰოლმსმა, – უოტსონ, გააცილეთ ქალბატონი და რადგან ჩემი მოახლე დღეს ისვენებს, მაგარი ყავაც მომიმზადეთ...
უოტსონმა გასროლის ხმა კიბეზე გაიგონა. პისტოლეტმა ორჯერ იქუხა. დოქტორი ოთახში რომ შევიდა, იქ დენთის კვამლი და საშინელი სუნი იდგა. უოტსონმა ფანჯარა გამოაღო.
– ჰოლმს, რატომ არ მოეშვებით ამ თქვენს სულელურ გასართობს?! საშინელი დენთის სუნია...
ჰოლმსს თვალები გაუბრწყინდა.
– დენთის და არა სიგარის, რომელსაც მთელი საღამო ვეწეოდი, – შესძახა მხიარულად, – ესე იგი, ჩემი ვერსია სწორია. გახსოვთ, რა თქვა იმ ახალგაზრდა ქალბატონმა, ახლახან რომ წავიდა აქედან? – ოთახში რომ შევედით, პოლკოვნიკის სიგარის სუნი იგრძნობოდაო. ვიცი, ვინც არის მკვლელი.
– იცით, ვინ არის მკვლელი? – გაოცდა უოტსონი, – ჩაკეტილ ოთახში მკვლელი შევიდა?
– არა. არ შესულა, მაგრამ მეტს ნურაფერს მკითხავთ. ისიც არ დაგავიწყდეთ, რომ გასროლის ხმა სამიდან ორ ადამიანს არ გაუგონია, რაც ჩაკეტილ სივრცეში გასროლის შემთხვევაში, პრაქტიკულად, შეუძლებელია, ისეთი ძლიერია ექო. გამომყევით, უოტსონ. მე მჯერა ქალის ინტუიციის.
... იმ ოთახის ფანჯარა, სადაც მკვლელობა მოხდა, ისევ ჩამსხვრეული იყო. ნამტვრევები ვიღაცას მოეხვეტა და ბუხარში ეყარა. ჰოლმსი მივიდა და ნამსხვრევებს გამადიდებელი შუშით ჩააშტერდა. მის უკან მდგარმა ინსპექტორმა მხრები აიჩეჩა.
– არ მესმის. ეს ნამსხვრევები რაში უნდა გამოგადგეთ.
– დანაშაულის კვალი მათზეა, მაგრამ ჯერ რაღაცაში უნდა დავრწმუნდე. დილით მოგახსენებთ, ვინ არის მკვლელი და ნივთმტკიცებასაც მოგცემთ.
ოთახის კართან მდგარმა მაიორმა და კაპიტანმა ერთმანეთს შეხედეს.
– მკვლელობა? შიგნიდან ჩაკეტილ ოთახში? – წამოიძახა მაიორმა, – რა აბსურდია!
ჰოლმსმა მხრები აიჩეჩა...
– დილით ვილაპარაკოთ ამაზე. ახლა კი მე ვახშმის დრო მაქვს. ინსპექტორო, მე და უოტსონს ხომ არ შემოგვიერთდებით? აქვე, ახლოს შესანიშნავი ხამანწკები ვიცი...
... ღამე საკმაოდ ნათელი იყო. თუმცა, ოთახში მაინც ბნელოდა. ჰოლმსი და ინსპექტორი ბუხართან ახლოს, შეზლონგის უკან ჩასაფრდნენ, უოტსონი – იარაღების თაროს გვერდით. ჰოლმსის მოთხოვნით, სამივე ბეისბოლის მძიმე ხელკეტებით შეიარაღდა. არც ინსპექტორს და არც დოქტორ უოტსონს თავიანთ შეკითხვებზე პასუხი არ მიუღიათ. ჰოლმსმა მარტო ის უთხრა, რომ ძალიან საშიშ დამნაშავესთან ექნებოდათ საქმე. ლოდინმა დიდხანს გასტანა. ისეთი სიჩუმე იყო, რომ უოტსონს ლამის ფეხზე მდგომს ჩაეძინა... შავი ფიგურა თითქმის უხმაუროდ მივიდა ბუხართან... უცებ საშინელი ხმაური ატყდა... ოთახში ხელჩართული ბრძოლა გაჩაღდა და დოქტორმა ჰოლმსის ყვირილი გაიგონა.
– შუქი... შუქი აანთეთ, უოტსონ!
გაზის ნათურის შუქზე დოქტორმა გარკვევით დაინახა კაპიტანი ჯეკ ლეშერი, რომელიც კიდევ იბრძოდა ინსპექტორისა და ჰოლმსის მკვლავებიდან გათავისუფლებისთვის. თან, ღმუოდა. ჰოლმსს ლოყაზე სისხლიანი ნაკაწრი აჩნდა – კაპიტნის ფრჩხილების კვალი.
– მგონი, ყველაფერი ნათელია, – ქოშინით თქვა ჰოლმსმა, – როცა შებორკილი კაპიტანი ბუხართან, იატაკზე დასვეს, – ფაქტზე დავიჭირეთ მკვლელი, როცა ნივთმტკიცების განადგურებას ცდილობდა. სინამდვილეში, არანაირი კვალი ამ ნამსხვრევებზე არ არის. ეს სპექტაკლი იმიტომ დამჭირდა, რომ მკვლელს საკუთარი თავი გამოემჟღავნებინა... კაპიტანმა ბიძა და ბიცოლა ვერანდიდან, ფანჯარაში გასროლით მოკლა... სნაიპერისა და დედოფლის სპეციალური რაზმის საპატიო მსროლელს ამის გაკეთება არ გაუჭირდებოდა. მით უმეტეს, რომ ცოლ-ქმარი გაცხარებულები კამათობდნენ და ფანჯარასთან მკვლელის მიახლოება შეუმჩნეველი დარჩათ. სავარაუდოდ, კამათის თემაც კაპიტნის ცხოვრების წესი იყო, რომელიც ელეონორას არ მოსწონდა. კაპიტანმა ბანქოში ყველაფერი წააგო და უზარმაზარი ვალები დაიდო. ის პოლკოვნიკის ერთადერთი მემკვიდრეა და ამიტომაც გაიმეტა. უოტსონ, აი, რატომ არ იდგა ჩაკეტილ ოთახში დენთის სუნი. რაც შეეხება ნატყვიარ ფანჯარას, ის ლეშერმა თავად ჩაამსხვრია ქვით და ერთადერთი სამხილი მოსპო... მგონი, ყველაფერი ნათელია...
თარგმნა
ნინო წულუკიძემ