რატომ გადამალა სტალინმა ლენინი სახელმწიფო გადატრიალების მზადების პერიოდში
1917 წლის თებერვალ-მარტის რევოლუციამ რუსეთში რომანოვების დინასტია დაამხო. რუსეთი აღმოჩნდა ისტორიის გზაჯვარედინზე: უნდა გარკვეულიყო, რუსეთი დაადგებოდა ევროპიზაციის გზას და გახდებოდა ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი, თუ, დარჩებოდა თვითმყოფად სლავურ სამყაროში. რუსეთის იმპერიის ხელისუფლების სამართალმემკვიდრე, დროებითი მთავრობა, მიუხედავად თავისი სისუსტისა და უუნარობისა ნამდვილად ცდილობდა რუსეთის ევროპიზაციას. ევროპაც დაინტერესებული იყო, ჩაეთრია რუსეთი ისეთ პროცესებში, რომ ექცია ის ევროპული სამყაროს ნაწილად. იყო თუ არა რეალური რუსეთის ევროპიზაციის პერსპექტივა, დღეს ამის თქმა ძნელია, მაგრამ სრულიად გარკვევით შეიძლება დავასკვნათ, რომ რუსეთის ევროპიზაციის პერსპექტივას წერტილი დაუსვეს რუსმა ბოლშევიკებმა. 1917 წლის 24-25 ოქტომბერს, მათ, სხვა მემარცხენე სოციალისტურ ძალებთან კავშირში, განახორციელეს კონტრრევოლუციური სახელმწიფო გადატრიალება და ხელთ იგდეს ძალაუფლება. საბჭოთა (კომუნისტურმა) ისტორიოგრაფიამ შექმნა მითი იმის შესახებ, რომ ბოლშევიკებმა რუსეთში სახელმწიფო ძალაუფლება ხელთ იგდეს ლენინის მიერ შემუშავებული სტრატეგიით. ლენინია მიჩნეული ამ სტრატეგიის განხორციელების უშუალო ხელმძღვანელადაც. სინამდვილეში ეს არის დიდი სიცრუე. 1917 წლის 24-25 ოქტომბრის სახელმწიფო გადატრიალება, რომელმაც ზღვარი დაუდო რუსეთის ევროპიზაციის მცდელობას, განხორციელდა იოსებ ჯუღაშვილის (სტალინის) მიერ შემუშავებული სტრატეგიული გეგმით. დასახული სტრატეგიის რეალობაში განხორციელების ტაქტიკური სვლებიც სტალინის მიერ იყო გააზრებული და განხორციელებულიც. რაც შეეხება ლენინს, ის 1917 წლამდე დიდი ხნით ადრე (9-10 წელი) არავითარ როლს აღარ თამაშობდა რუსეთის ცხოვრებაში და ალბათ, საერთოდ ვეღარ ეღირსებოდა რუსეთში დაბრუნებას, რომ არა პირადად მისი და მისი თანამოაზრეების მიერ ჩადენილი სახელმწიფო ღალატი. პოლიტიკურ ლეშად ქცეულმა ლენინმა პოლიტიკაში დაბრუნება შეძლო მხოლოდ იმით, რომ გერმანიის დაზვერვასთან თანამშრომლობა იკისრა. გარიგების არსი შემდეგში გახლდათ: გერმანიის იმპერიის გენერალური შტაბი უზრუნველყოფდა ემიგრაციაში მყოფი ლენინის დაბრუნებას რუსეთში იმ მიზნით, რომ ამ უკანასკნელს ეწარმოებინა აგიტაცია რუსეთის პირველი მსოფლიო ომიდან გამოსვლის თაობაზე. თუ რუსეთი პირველ მსოფლიო ომს გამოეთიშებოდა, მაშინ გერმანიას ინგლის-საფრანგეთის დამარცხება გაუადვილდებოდა. გერმანელებმა ლენინი ფულით მოამარაგეს და უზრუნველყვეს საკუთარი აგენტის, თანამოაზრეებთან ერთად, რუსეთში დაბრუნება 1917 წლის აპრილის დამდეგს. რამდენიმე კვირით ადრე ციმბირის გადასახლებიდან პეტროგრადში უკვე დაბრუნებული იყო იოსებ სტალინი. არანაირი გეგმა ძალაუფლების ხელში ჩაგდებისა ლენინს არ ჰქონია, სამაგიეროდ ასეთი გეგმა შემუშავებული ჰქონდა სტალინს. ლენინს გერმანიის ფულიც ვერაფერს უშველიდა და ის სულ მალე პოლიტიკურად გაკოტრდებოდა. ლენინს, როგორც პოლიტიკოსს, სიცოცხლე იოსებ სტალინმა გაუხანგრძლივა.
ძალაუფლების დაპყრობის სტალინისეული გეგმა თითქოს არარეალური და ალოგიკური ჩანდა. სტალინს ეს არ აშინებდა. რადგან რუსეთი იყო ქვეყანა, სადაც არარეალურის რეალურად და ალოგიკურის ლოგიკურად ქცევა არცთუ იშვიათი მოვლენა იყო. ბოლშევიკთა ლიდერები: ვლადიმირ ლენინი (ულიანოვი), ლევ ტროცკი (ბრონშტეინი), გრიგოლ ზინოვიევი (რადომისლსკი), ლევ კამენევი (როზენფელდი), ისევე როგორც რუსეთის სხვა პოლიტიკური პარტიების ლიდერები, ფიქრობდნენ, რომ 1917 წლის თებერვალ-მარტის რევოლუციის კვალობაზე, რომელიც ნამდვილად სახალხო რევოლუცია იყო, რუსეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში კვლავაც დიდ როლს შეასრულებდა ხალხის მასა. ასე ფიქრობდნენ არა მარტო რუსი პოლიტიკოსები, არამედ ევროპელი პოლიტიკოსების აბსოლუტური უმრავლესობა. სხვაგვარად ფიქრობდა სტალინი. მისი აზრით, ხალხის მასების (მუშების, გლეხების, ჯარისკაცების, მეზღვაურების) აქტიურობას წერტილი უნდა დასმოდა. სტალინი ღრმად იყო დარწმუნებული, რომ სახელმწიფო ძალაუფლების დაპყრობისთვის ხალხი საერთოდ არ იყო საჭირო. სახელმწიფო გადატრიალება იყო უმოკლესი და ყველაზე ეფექტური გზა ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად. ძნელი სათქმელია, ლენინმა ირწმუნა სტალინის გეგმის რეალობა, თუ, როგორც პრაქტიკულად გაკოტრებული პოლიტიკური მოღვაწე, იძულებული იყო სტალინთან ერთად ემოქმედა. ასეა, თუ ისე, 1917 წლის აპრილიდან ოქტომბრამდე ეს ორი პოლიტიკური მოღვაწე ერთ ბანაკშია. გარკვეული ტაქტიკური მოსაზრებით, სტალინი არ ეწინააღმდეგებოდა ლენინის მიერ მისი ნააზრევის თავისად გამოცხადებას. არადა, სრულიად აშკარა იყო, რომ სტალინის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში გატარებულ აზრს რამდენიმე დღის შემდეგ უსინდისოდ მოიპარავდა ხოლმე ლენინი.
ცხადია, სტალინი დარწმუნებული იყო, რომ დაუყოვნებლივი სახელმწიფო გადატრიალების განხორციელება რუსეთში შეუძლებელი იქნებოდა. სახელმწიფო გადატრიალება მას შემდეგ იქნებოდა შესაძლებელი, რაც დროებითი მთავრობის საშინაო და საგარეო პოლიტიკა სავსებით გაკოტრდებოდა. რუსეთის უუნარო და უსუსური დროებითი მთავრობა ვერავითარ წინააღმდეგობას ვერ უწევდა ბოლშევიკების მიერ გაჩაღებულ ანტისახელმწიფოებრივ, მოღალატურ კამპანიას. 1917 წლის ოქტომბრისთვის ცხადი გახდა, რომ რუსეთის დროებითი მთავრობა იმდენად დასუსტდა, ქვეყანა ისეთ ღრმა კრიზისში შევიდა, რომ სახელმწიფო გადატრიალების განხორციელება ძნელი არ უნდა ყოფილიყო. სახელმწიფო გადატრიალების გეგმა სტალინს ზედმიწევნით ზუსტად ჰქონდა გააზრებული, მაგრამ მოულოდნელად, მის გეგმას საფრთხე შეუქმნა ლენინმა, რომელმაც გადაწყვიტა, ერთპიროვნულად ჩადგომოდა სათავეში ძალაუფლების დაპყრობისთვის ბრძოლას. სტალინს ყველაფრის დაკარგვის საფრთხე შეექმნა, რადგან დაწმუნებული იყო, რომ ბოლშევიკი ლიდერები: ტროცკი, ზინოვიევი, კამენევი, ბუხარინი, გადამწყვეტ მომენტში ლენინის მხარეს დადგებოდნენ. ამ უიმედო ვითარებაშიც, სტალინმა ორიგინალური გამოსავალი იპოვა: მან ლენინი დაარწმუნა, რომ პეტროგრადს უნდა გასცლოდა, თორემ გერმანიის აგენტობის ბრალდებით, მას დააპატიმრებდნენ და ციხეში ჩასვამდნენ. ლენინი შეშინდა და ფინეთში გადაიხვეწა. მასვე გაჰყვა ზინოვიევიც. ეს უკვე სტალინის დიდი გამარჯვება იყო.
სახელმწიფო გადატრიალების სტალინისეული გეგმა ასეთი იყო: მუშათა, ჯარისკაცთა და მატროსთა რამდენიმეათასკაციან რაზმს კონტროლი უნდა დაეწესებინა პეტროგრადზე, დაეკავებინა არსენალი, სარკინიგზო და საგზაო ვაგზლები, ხიდები, ფოსტა-ტელეგრაფი და სხვა სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტები. ამის შემდეგ რამდენიმე ასეული თავზეხელაღებული ადამიანისაგან შემდგარ რაზმს უნდა დაეკავებინა მთავრობის რეზიდენცია – ზამთრის სასახლე. თითქოს ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ ვითარება კვლავ გართულდა – ბოლშევიკმა ლიდერებმა სტალინს ლენინის პეტროგრადში ჩამოყვანა მოსთხოვეს. სტალინი მათ მოთხოვნას წინ ვერ აღუდგა, მაგრამ გამოსავალი ამ შემთხვევაშიც იპოვა. პეტერბურგში ჩამოყვანილი ლენინი კონსპირაციულ ბინაში გადამალა, რომლის მისამართიც მხოლოდ თვითონ იცოდა. 1917 წლის 24 ოქტომბერს, დღის განმავლობაში, სტალინმა სახელმწიფო გადატრიალების გეგმის უმეტესი ნაწილი განახორციელა. დასაკავებელი რჩებოდა, მხოლოდ მთავრობის რეზიდენცია. ბოლშევიკი ლიდერები ხვდებოდნენ, რომ ყველაფერი სტალინის გეგმის მიხედვით ხორციელდებოდა, ამიტომ კიდევ ერთხელ მოითხოვეს ლენინის აჯანყებულთა შტაბში – სმოლნში მიყვანა. 24 ოქტომბერს ლენინი სტალინმა მართლაც მიიყვანა სმოლნში. იქ იმჟამად იმყოფებოდა სტალინის ერთ-ერთი უახლოესი თანამებრძოლი – სამხედრო რევოლუციური კომიტეტის თავმჯდომარე ბოლშევიკი ნიკოლოზ პოდვოისკი. მივიდა თუ არა სმოლნში, ლენინმა პოდვოისკი გამოიძახა და მითითებები მისცა: სასწრაფოდ დაიკავეთ სარკინიგზო და საგზაო ვაგზლებიო. პოდვოისკიმ ლენინს მშვიდად უპასუხა: უკვე დაკავებულია. ლენინის მორიგი მითითება ასეთი იყო: სასწრაფოდ დაიკავეთ ხიდები ნევაზე! პოდვოისკი ისევ მშვიდად პასუხობდა: უკვე დაკავებულია. უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდო ლენინი მისმა მესამე დირექტივამ: „სასწრაფოდ დაიკავეთ ფოსტა და ტელეგრაფი“! ისევ მშვიდად – პოდვოისკი: ფოსტა და ტელეგრაფი ყველაზე ადრე, დილით, „დავიკავეთ“. ასეთ კომიკურ მდგომარეობაში აღმოჩნდა ლენინი სახელმწიფო გადატრიალების გადამწყვეტ მომენტში 24 ოქტომბერს, საღამოს. მაშინ როცა, ცრუ ბელადი სიტუაციაში გარკვევას უშედეგოდ ცდილობდა, გადატრიალების ნამდვილი ბელადი – სტალინი, დროებითი მთავრობის რეზიდენციის, ზამთრის სასახლის დაკავებისთვის ემზადებოდა.
რუსეთი ის ქვეყანაა, სადაც ცრუ ბელადები ადვილად ახერხებენ ტახტზე ასვლას. სტალინს შეეძლო ხელი შეეშალა ცრუ ბელადის – ლენინის აღზევებისათვის, მაგრამ გარკვეული პოლიტიკური მოსაზრებით, მან ეს არ გააკეთა. გამარჯვებულის მანტია თავისი ხელით წამოასხა ლენინს. სტალინი თავისი ნებით დარჩა ჩრდილში, მისი დრო ჯერ არ დამდგარიყო. ეს დრო სულ რამდენიმე წელიწადში დადგა. რაც იმხანად დათმო სტალინმა, ასგზის აინაზღაურა შემდეგში – 30 წელი რუსეთს ერთპიროვნულად განაგებდა. მის ხელში იმდენი ძალაუფლება იყო თავმოყრილი, რომელიც რუსეთის ბოლო იმპერატორს არც კი დაესიზმრებოდა.
ვახტანგ გურულის მასალების
მიხედვით