ჭინჭრის სეზონი
ჭინჭრის სეზონი დაიწყო. ბევრს გაუგია ამ მცენარის სასარგებლო თვისებების შესახებ ზოგადად, მაგრამ, ცოტამ თუ იცის, რომ ის სისხლდენის შემაჩერებელი, ჭრილობის შემახორცებელი, ანტიანთებითი, ნაღველმდენი, იმუნოტროპული, ესტროფენული უნარის მქონე უნიკალური საშუალებაა. ეს „მკბენარა” მცენარე შეიცავს: კაროტინოიდებსა და A, C, K ვიტამინებს, ქლოროფილსა და რკინის მარილებს, აცეტილქოლინსა და ფლავონოიდებს.
სამედიცინო დანიშნულების გარდა, ჭინჭრის ექსტრაქტი აქტიურად გამოიყენება კოსმეტოლოგიაშიც, მაგრამ, გაცილებით უფრო ეფექტური იქნება შედეგი, თუ მას ცოცხალი სახით გამოვიყენებთ.
ცნობისთვის: ჭინჭრის ნაყენის დალევა არ შეიძლება მათთვის, ვისაც თრომბოზი ან თრომბოფლებიტი აწუხებს.
პრობლემური კანისთვის
თუ გაქვთ ჩირქოვანი გამონაყარი (აკნე), ფერისმჭამელები ან ადვილად გიღიზიანდებით და გიწითლდებათ კანი, ჩაიტარეთ ერთთვიანი მკურნალობის კურსი: 3 სადილის კოვზ ჭინჭრის ფოთოლს (ნედლს ან გამხმარს) დაასხით 3 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, შეფუთეთ და 2 საათი გააჩერეთ. შემდეგ გადაწურეთ და სითხე მიიღეთ მთელი დღის განმავლობაში 3-ჯერად. მისგან დარჩენილი ფოთლები კი დაიფინეთ პრობლემურ ადგილებზე, 15 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ და წაისვით თქვენი კანის შესაფერისი კრემი.
ქერტლისა და თმის ცვენის
სამკურნალოდ
200 გრამ ჭინჭრის ფოთოლს დაასხით 1 ლიტრი წყალი და ადუღეთ თავდახურულ ჭურჭელში ნახევარი საათის განმავლობაში. რომ გაგრილდება, გადაწურეთ და სითხე ცალკე ბოთლში შეინახეთ (რამდენიმე დღე გეყოფათ). ყოველ საღამოს, ძილის წინ, ეს სითხე შეიზილეთ თმის ძირებში მასაჟის სახით. კარგია, თუ თავის დაბანის შემდეგ ჭინჭრის ნახარშს გადაივლებთ თმაზე.
მასაჟი ჭინჭრის ყინულით
1 სადილის კოვზ ჭინჭარს დაასხით 200 მილილიტრი მდუღარე წყალი; გააჩერეთ თავდახურული 1-2 საათის განმავლობაში, შემდეგ გადაწურეთ, ჩაასხით ფორმებში და შედგით საყინულეში.
დღის განმავლობაში 2-ჯერ (დილა-საღამოს) გაიწმინდეთ სახე ჭინჭრის ყინულის კუბიკით და არ ჩამოიბანოთ, აცადეთ, შეგაშრეთ. მხოლოდ ამის შემდეგ წაისვით თქვენი კანის შესაფერისი მკვებავი.