კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ მაჭანკლობდა უშანგი ჩხეიძე საახლობლოში და რომელ მხატვართან პოზირებდა მსახიობი ძმის ნაცვლად ნინო ჩხეიძე

 

„მე გადავწვი ჩემი ენერგია და ხანმოკლე, ბედნიერ, მზიან დღეებს თან მოჰყვა დაუკმაყოფილებელი და ჩემთვის უაღრესად ტრაგიკული დასასრული“... – ეს სიტყვები ეკუთვნის კაცს, რომელმაც მთელი ეპოქა შექმნა ქართულ თეატრში. ალბათ, ყველას ძალიან გაინტერესებთ, რა გზა გამოიარა საქვეყნო აღიარებამდე, როგორ იქცა ზესტაფონელი ბიჭი კოტე მარჯანიშვილის რჩეულ მსახიობად და როდის გაუფერულდა მისი ცხოვრება. ამ ყველაფერს თავად მსახიობისა და მისი უმცროსი დის – ნინო ჩხეიძის დღიურის ფურცლებიდან გაიგებთ. აქვე გეტყვით, რომ შვიდი დედმამიშვილიდან ქალბატონ ნინოს ყველაზე დიდი სიყვარული და ნომერ პირველი საზრუნავი ოცდაორი წლით უფროსი ძმა – უშანგი ყოფილა. მისი ისეთი რიდი და პატივისცემა ჰქონია, რომ ძმას „ბატონობით” მიმართავდა. მარჯანიშვილის თეატრში სწორედ სახელგანთქმული ძმის ხელშეწყობით მოხვდა. მეუღლესთან, მსახიობ გოგი ტატიშვილთან ერთი ქალიშვილი შეეძინა – მაია. მეუღლეს რამდენიმე წელში დაშორდა, თუმცა, ამ არაჩვეულებრივ ქალბატონს სულაც არ გასჭირვებია ბოლომდე არაჩვეულებრივი ურთიერთობა შეენარჩუნებინა არა მხოლოდ ყოფილ მეუღლესთან, არამედ, მის შემდგომ ქორწინებაში შეძენილ ქალ-ვაჟთან. (ამათგან მსახიობ დიმიტრი ტატიშვილს ყველა კარგად იცნობთ).

„მამაჩემი ეკუთვნოდა იმერეთის აზნაურთა იმ თაობას, რომელიც უკვე უკანასკნელ აგონიას განიცდიდა, მაგრამ ეს თაობა თავისი აზნაურობით მაინც კიდევ ამაყობდა და უკანასკნელ მიწის ნაჭერს ყიდდა იმისთვის, რომ შემოფლეთილი ჩოხა არ სცმოდა და გლეხებისგან რაიმეთი განსხვავებულიყო... მე იშვიათად შემხვედრია ჩვენში, რომ აზნაურს შრომა ჰყვარებოდეს – ასეთები თითზედ ჩამოსათვლელნი იყვნენ. როდესაც სოფელი მახსენდება, ჩემი მოგვარეებით, ჩემს გონებაში უთუოდ ცოცხლდება ძველი იმერეთის ნაცნობი, უკვე დაშორებული სურათები... საერთოდ, ბავშვობისას ცოტა ჯიუტი ვიყავი. ეს იმის ბრალი იყო, ალბათ, რომ ჩემი ყოველი ჭირვეულობა უსიტყვოდ სრულდებოდა. მე კარგად მახსოვს, მაგალითად, როგორ ვაწვალებდი ჩემს მამიდებს. ისინი ხშირად საათობით მყავდა თმებით მიბმული ბაგაზედ, სადაც პირუტყვებს ათავსებდნენ; ანდა, სრულიად მოულოდნელად, მოვისურვებდი, რომ რომელიმე სტუმარი ურემში შებმულიყო და მე და დედაჩემი კი ზედ მოვთავსებულიყავით. სტუმრებისგან ყოველივე ეს სრულდებოდა, რასაკვირველია, ხუმრობით, მაგრამ, მაინც სრულდებოდა. „თანამეუღლეს” თვითონ ასახელებდნენ, ანდა, მთხოვდნენ, რომ რომელიმე ლამაზი ქალიშვილი ამომერჩია მათთვის. ხშირად მთხოვდნენ ხოლმე დეიდაჩემის დასახელებას, რომელიც ლამაზი ქალი იყო... უდარდელად მიდიოდა ჩემი ბავშვობა. მანებივრებდნენ არა მხოლოდ მამის ახლობლები, არამედ, გლეხების ოჯახებშიც პატივით მეპყრობოდნენ... გასაოცარი, თითქოს ფოტოგრაფიული სიზუსტით აღიბეჭდა ჩემს მეხსიერებაში ყველა ახლობელი. სახეების მთელი გალერეა გაივლის ხოლმე ჩემ თვალწინ: ზოგი მოხუცებულების, ზოგი ახალგაზრდასი, ჩოხებში, ახალუხებში, ცხენებზედ, სუფრაზედ, უფრო ხშირად კი, ეზოში წამოწოლილნი, ჩრდილქვეშ. არც ერთი მათგანი არ დამამახსოვრდა მუშაობის პროცესში, გარდა მამის ბიძაშვილის, მაქსიმე ჩხეიძისა, რომელიც მუდამ რაღაცას საქმიანობდა, არასდროს მოსვენებული არ დამინახავს. მიუხედავად იმისა, რომ ყველა მის მეზობელ ჩხეიძეებზედ გაცილებით უკეთ ცხოვრობდა... 

როდესაც მამამ დაასრულა სახლის აშენება ზესტაფონში, ჩვენც ყველა გადავსახლდით იქ საცხოვრებლად. მე გული არ მწყდებოდა, რამდენადაც მახსოვს, სოფლის დატოვებაზედ, ალბათ, იმდენად პატარა ვიყავი, რომ ძლიერად არ ვიყავი სოფელს შეჩვეული, არ ვგრძნობდი მის სიყვარულს, თანაც, ახალი ბინა, ახალი სახლი და რაღაც უცნობი, სხვა ცხოვრება, ვიდრე აქამდის იყო, მიზიდავდა... ზესტაფონში დასახლება მამამ იმიტომ გადაწყვიტა, რომ ახლოვდებოდა ჩემი სწავლის დაწყების დრო და მალე სხვებიც წამომეწეოდნენ. მე იმ წელსვე მიმაბარეს კერძოდ მოსამზადებლად. გარდა სწავლებისა, აღზრდის მხრივ, რასაკვირველია, არავინ ზრუნავდა ჩვენზე. ზეგავლენის ერთადერთი მეთოდი იყო გალახვა. ბავშვებიც სწავლობდნენ, რადგან, გალახვის ეშინოდათ, მაგრამ, იყვნენ ზოგიერთები, რომლებიც შეეჩვივნენ ცემა-ტყეპის ატანას. ასეთი ბავშვების პატრონები ხშირად იძულებულნი იყვნენ, ხელი აეღოთ თავიანთი შვილების სწავლაზედ. შიშისგან ხშირად ნახევარი იმისა გვავიწყდებოდა, რაც ვიცოდით. მთელ სამოსწავლო დღეს დაძაბულ მდგომარეობაში ვატარებდით, თუმცა, მე პირადად იშვიათად მახსოვს არამცთუ გალახვა, არამედ, ყურის აწევაც კი, მაგრამ, შიშს მაინც არანაკლებ სხვებზე განვიცდიდი. სამოსწავლო საათები, ეს რაღაც ტანჯვა იყო და, ყველა ჩვენგანს, რასაკვირველია, მთელი არსებით ეჯავრებოდა მეცადინეობა... ყველაფერზედ უფრო მიშლიდნენ მდინარეში ბანაობას, მაგრამ, ჩემზედ არავითარი დაშლა არ მოქმედებდა, მაინც გავიპარებოდი ხოლმე. ბოლოს დედაჩემი პერანგის საყელოს ამიკერავდა და დაბრუნებისას მისინჯავდნენ, გახსნილი მქონდა თუ არა. ბოლოს საყელოს ამბავმა ძალიან შემაწუხა და გადავწყვიტე, თან მეტარებინა ნემსი და ძაფი... 

1910 წელს უკვე წამიყვანეს გამოცდაზედ, რის შემდეგ მიმიღეს ქუთაისის კლასიკური გიმნაზიის პირველ კლასში. დაიწყო ჩემთვის ახალი ცხოვრება. გამომიწყვეს ბარგი, როგორც გასათხოვარ ქალიშვილს და მამამ ჩამიყვანა ქუთაისში. თუ აქამდე სოფელში ცოტა თავაშვებულად ვიზრდებოდი, რადგან მშობლები ყველაფერს მითმობდნენ, გიმნაზიაშიც, გაკვეთილების შემდეგ, სრულიად უპატრონოდ ვიყავი და, რასაც მინდოდა, იმას ვაკეთებდი... მე-4 და მე-5 კლასიდან დაწყებული, ჩვენ უკვე ვეჩვეოდით ჩხუბს, რადგანაც, ვინც კარგი „დამრტყმელი“ იყო, ის, მაშასადამე, ვაჟკაცი იყო და მას პატივისცემით ეპყრობოდნენ მოწაფეები. ჩხუბი და თავ-პირის მტვრევა მაშინ ჩვეულებრივი და ხშირი მოვლენა იყო... ერთხელ, თბილისის ქუჩაზედ ვჩხუბობდით 35 და 40 კაცი და პოლიცმეისტერიც იქნა გამოძახებული ჩვენს დასაწყნარებლად. „დარტყმაში“ განთქმულ მოწაფეზედ ისე ლაპარაკობდნენ ხოლმე, როგორც დიდად გამოჩენილ და სახელგანთქმულ პირებზედ... ქეიფს მოწაფეები თავიდან, რა თქმა უნდა, სხვების მიბაძვის წყალობით იწყებდნენ, მაგრამ, შემდეგში უკვე თვითონაც ეჩვეოდნენ და ქეიფის გამოისობით ბევრი მოწაფე იღუპებოდა. მე მახსოვს ჩემი პირველი ნაბიჯები ამ დარგში. ამ მოწაფეებთან ერთად ვცხოვრობდი დიასახლისთან და, როდესაც ესენი დროის სატარებლად წავიდოდნენ, ხან თითო ჭიქა ღვინოსაც დამალევინებდნენ. თუ ჩხუბი მოუვიდოდათ, ჩემს სიხარულს ხომ საზღვარი არ ჰქონდა და სიამოვნებით ვკრეფდი ხოლმე გადაყრილ ქუდებსა და პალტოებს... მე-6 კლასიდან დაწყებული მე უკვე ვიცოდი ქართული სუფრის ყველა ტრადიცია, განთქმული რესტორნები და ქალაქგარეთ მდებარე საქეიფო ადგილები და სამიკიტნოები. მიხდებოდა ქეიფი ყველა ჯურის ხალხთან. ხშირად შეყვარებული მიმიტოვებია და წავსულვარ საქეიფოდ. ახლობელი ამხანაგები შეძლებულები მყავდნენ, რომელთაც ყოველთვის ჰქონდათ ქეიფის საშუალება, უსათუოდ მომძებნიდნენ, სადაც არ უნდა ვყოფილიყავი. მეშვიდე, მერვე კლასში, მგონი, საქეიფოდ უფრო ხშირად დავდიოდით, ვიდრე სამეცადინოდ... მეხუთე კლასიდან დაწყებული, ვმუშაობდი გიმნაზიის დრამატულ წრეში. მერვე კლასში უკვე რეჟისორიც კი გვყავდა – მიხეილ ჭიაურელი, რომელიც იმხანად ქუთაისის დასში მუშაობდა მსახიობად. ჭიაურელმა ჩვენთან დადგა პიესა „პანსიონის ზღუდეთა შორის“. ეს პირველი პიესა იყო, რომელიც წესიერად მომზადდა... როდესაც ქუთაისი დავტოვე, უკანასკნელად შევხვდი მ. ჯ-ს. მაგონდება საღამო, ქუთაისის ბულვარი. ორივე დიდხანს ვისხედით იმ დღეს, ვლაპარაკობდით მომავალზე, ვოცნებობდით ცხოვრებაზედ, როცა ცხოვრების თითქმის არაფერი გვესმოდა... რა ვიცოდით მაშინ მე და ჩემმა მოსაუბრე ქალიშვილმა, რომ ჩვენ ასეთ სუფთა გრძნობას შეიძლება, ვერასოდეს ვღირსებოდით. მე, უკვე შემდგომში, ისეთი სპეტაკი გრძნობა აღარ განმიცდია და იმისი – არ ვიცი, ვეჭვობ, რომ მასაც ჩემი ბედი ეწია. ჩვენ დავშორდით იმ მოსაზრებით, რომ მომავალ წელს, როდესაც ის სასწავლებელს დაასრულებდა, ჯვარს დავიწერდით, მაგრამ, მომავალ წელს სულ სხვა მიმართულება მიიღო ცხოვრებამ. მან დამანახა, რომ ჩემი საქმე არც მაინცდამაინც საოჯახოდ არის მოწყობილი და მე იძულებული ვიყავი, უსინდისოდ შემეწყვიტა მიწერ-მოწერა, ისე, რომ არც კი ავუხსენი საწყალ გოგონას მიზეზი ჩემი მდუმარებისა. ალბათ, ეს არ იყო ძლიერი სიყვარული, თორემ, ასე ადვილად ვერ დავიმორჩილებდი ჩემს გრძნობებს. ამაზედ უფრო ადრე, მე-6 კლასში, უფრო ძლიერ მიყვარდა ერთი მოწაფე ქალი, მაგრამ, ეს გრძნობა დარჩა ჩემში გამოუთქმელი... გატაცებული რომ არ ვყოფილიყავი, ისე ჩემი თავი არ მახსოვს. გატაცებული ვიყავი ისეთი პატარა, რომ, ვისაც მოვუყვები ხოლმე, არ სჯერათ. როდესაც მზადება დამაწყებინეს, რვა წლის ვიყავი. მაჭავარიანის მეუღლესთან, სადაც მე ვემზადებოდი, ცოტა ხანს იყო ერთი მასწავლებელი ქალი, რომელზედაც შეყვარებული  ვიყავი სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. მე ყოველ გამოძახებაზედ ვწითლდებოდი, მინდოდა, რომ მეცქირა მუდამ ამ ქალისთვის. დღეში რამდენჯერმე გავივლიდი მის ბინასთან და რაღაც, ჩემთვის გამოურკვეველ სიამოვნებას ვგრძნობდი ყოველთვის, მასთან შეხვედრისას... ზაფხულზედ, გიმნაზიის დამთავრების შემდეგ, ვისვენებდი სახლში, ზესტაფონში. თეატრში ხშირად დავდიოდი, რეპეტიციებზეც კი... აგვისტოს ბოლო რიცხვისთვის საჭირო იყო ატესტატის და სხვა საჭირო საბუთების შეტანა თბილისის უნივერსიტეტში. წავედი ქუთაისში და ატესტატი გამოვიტანე. როდესაც გიმნაზიიდან გამოვედი, იმის მაგივრად, რომ სიხარული მეგრძნო, საშინელი ბოღმა შემომაწვა გულზედ, თითქოს რაღაც ძვირფასი დავკარგე. თითქოს სახლიდან გამომაგდეს გარეთ და მარტოდმარტო გამიშვეს ამ უცნობ და უსაზღვრო ქვეყანაში. ამის იქით უკვე დამოუკიდებლად უნდა გამერკვია ცხოვრების გზა... 

1919 წლის სექტემბერში უკვე თბილისში ვიყავი. ერთ პატარა ოთახში ორი ამხანაგი დავდექით. რამდენიმე ხანს კარგად ვცხოვრობდით, ვინაიდან ორივეს გვქონდა საკმარისი სანოვაგე და ცოტაოდენი ფული, მაგრამ, ყველაფერი მალე გათავდა. შემდეგ დაიწყო ჩვენი „წმინდა ცხოვრება“, ხშირი მარხულობა, თუმცა, წმინდანები, რამდენადაც ვიცი, ამქვეყნად ყოველთვის კარგად იკვებებოდნენ. მაშინ ძლივძლიობით გაჰქონდა თავი ჩვენს ოჯახს და ცხადია, მე ვერაფერს მომეხმარებოდა. ჩემ გარდა კიდევ ექვსი შვილი ჰყავდა გასაზრდელი მამაჩემს. მიუხედავად ოჯახის მატერიალური გაჭირვებისა, მაინც ყველამ მიიღო განათლება – ზოგმა საშუალო, ზოგმა უმაღლესი. ეს იყო მენშევიკების ხანა; მაშინ შეძლებული ოჯახებიც კი შიმშილობდნენ და, მით უმეტეს, გაჭირვებულ მდგომარეობაში იქნებოდა ისეთი წვრილშვილიანი ოჯახი, როგორიც მამაჩემის ოჯახი იყო... ჩემი დახმარება ჩვენი ოჯახისთვის იყო წვეთი ზღვაში. როდესაც უკვე საერთოდ ჩვენი თეატრის მდგომარეობა გაუმჯობესდა, მე მაშინ ავად გავხდი და ამის შემდეგ სულ ვეღარაფერს ვუგზავნიდი. ჩემი მდგომარეობით მე თეატრში არასოდეს ვსარგებლობდი. რასაკვირველია, მე შემეძლო, როდესაც ორას მანეთს (1928 წელს) ვღებულობდი, მომეთხოვა მეტი, თუგინდ ხუთასიც და, მე ვიცოდი, რომ თეატრი ვერ გამიშვებდა, რადგან მთელი რეპერტუარი თითქმის ჩემზედ იყო აწყობილი, მაგრამ, მე ფულზე არასოდეს ხმა არ ამომიღია. მაშინ, მარჯანიშვილს რომ მოეცა ჩემთვის 50 მანეთი, მე მაინც ვიმუშავებდი. ასე რომ, მე ვეღარ ვეღირსე რამენაირად შემემსუბუქებინა ჩემი მშობლების მდგომარეობა. ახლა, როდესაც მე უკვე ამდენი შემიძლია გავაკეთო, რომ ორ ოჯახს შევინახავდი, ჯანმრთელობამ მიმტყუნა და, არათუ სიხარული შემიძლია განვაცდევინო მოხუცებულ, უწყალო შრომით დაღლილ დედაჩემს, არამედ უკანასკნელი დღეები გავუმწარე კიდეც ჩემი ავადმყოფობით. ასეთ ბოლოს არც მე მოველოდი და არც ჩემი მშობლები, მაგრამ ერთი უბედური შემთხვევა ხშირად ძირფესვიანად შეცვლის ხოლმე ჩვენს ცხოვრებას. თურმე, ჩვენი ოჯახი ბედნიერი იყო მაშინ, როდესაც მატერიალურ გაჭირვებას განიცდიდა, მაგრამ, ყველა კარგად ვიყავით...“

ნინო ჩხეიძე:

„უშანგი თეატრის წამყვანი მსახიობი იყო – ამაში ეჭვი არავის ეპარებოდა, მაგრამ, მისი სამხატვრო ხელმძღვანელად დანიშვნა თეატრში ბევრს მოხვდა გულზე, მათ შორის, უშანგი ჩხეიძის უახლოეს მეგობარს, ყმაწვილობიდანვე მასთან შეზრდილს, მის ძმადნაფიცს, დოდო ანთაძეს. მას მიაჩნდა, რომ თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი უნდა იყოს რეჟისორი და არა მსახიობი. ამ პიროვნების დიდი მონდომების შედეგად, თეატრში დაიწყო უსიამოვნებანი, რომელთა გამწვავებას იგი კვლავ და კვლავ ხელს უწყობდა. უხმოდ, ღირსეულად უმკლავდებოდა უშანგი ყოველ იერიშს და, ამასთან, მუდამ ამ მეგობრის დამცველად გამოდიოდა. თეატრში ურთიერთობების გამწვავებას ისიც დაემატა, რომ წარსული წლების განმავლობაში დიდი დატვირთვის გამო, უშანგი თავს ცუდად გრძნობდა, გადაღლილი გახლდათ და ცოტას თამაშობდა. ერთ დღეს ეს მეგობარი და კიდევ ერთი პიროვნება მივიდნენ ერთ ცნობილ ექიმ-ნევროპათოლოგთან და სთხოვეს: „ბატონო! უშანგი ვერ არის კარგად და მისი საზღვარგარეთ სამკურნალოდ გაგზავნა გვინდა. მოგეხსენებათ, ეს რთული საქმეა და, გთხოვთ, დაგვეხმაროთ: მოგვცეთ ცნობა უშანგის ავადმყოფობის შესახებ და, თანაც, რაც შეიძლება მძიმე ნერვულად დაავადებულად დაახასიათეთ, რათა უფრო დამაჯერებელი იყოს მისი საზღვარგარეთ გაგზავნის აუცილებლობა”. ნევროპათოლოგმა დიდი მსახიობის საკეთილდღეოდ მისცა ასეთი ცნობა, რომელიც შემდეგ „მეგობარმა“ უშანგის საწინააღმდეგოდ გამოიყენა; მიიტანა საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელობასთან და მოახსენა – უშანგი ჩხეიძე მძიმე ნერვული ავადმყოფია და მისი თეატრის ხელმძღვანელად მუშაობა ყოვლად დაუშვებელია, დაღუპავს თეატრსო. ასეც მოხდა: უშანგი გაათავისუფლეს და მის მაგივრად დანიშნეს დოდო ანთაძე. ექიმთან ამ ვიზიტის მეორე მონაწილემ ძლიერ განიცადა ეს ამბავი, მოვიდა უშანგისთან და გულწრფელად უამბო ყველაფერი. უშანგიზე ამან ძლიერ იმოქმედა, მაგრამ ხმაც არ ამოუღია, არავისთვის მოუთხოვია პასუხი, არც სამაგიეროს გადახდა გაუვლია გულში, ისე დატოვა თეატრი და გამოეთხოვა საყვარელ პროფესიას. მაშინ უშანგი 37 წლის იყო. ადვილი აღმოჩნდა უშანგის გზიდან ჩამოცილება... თეატრიდან წასვლის შემდეგ უშანგი დროებით მოსკოვში წავიდა (ალბათ, ფიქრობდა, ცხელ გულზე არავინ შემომაკვდეს ხელშიო), კაზაკოვის კლინიკაში სამკურნალოდ. უშანგის პირად არქივში დაცულია უამრავი ფასდაუდებელი წერილი, რომლებიდანაც დასტურდება ჩემ მიერ მოთხრობილი ფაქტის ჭეშმარიტება!..“ მე მქონდა ბედნიერება, როცა კორნელი სანაძე უშანგის ჰამლეტს ხატავდა, უშანგისთან მსგავსების გამო, მხატვრისთვის მეპოზიორა უშანგის იერსახის მოსაგონებლად.“ 

კოტე ნინიკაშვილის წიგნის „უშანგი ჩხეიძის“ მიხედვით 

 

 

скачать dle 11.3