კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის არ უნდა ნიკა კუჭავას თაკო ცქვიტინიძის „დანახვა“ და რის გამო დათმობდა ის სიყვარულს


როგორც კი ბავშვობის შემდეგ, შემთხვევით შეხვდა ქუჩაში, მიხვდა, რომ მის გვერდით ძალიან ბედნიერი იქნებოდა. ნიკა კუჭავას თაკო ცქვიტინიძე სულ სხვანაირი წარმოედგინა, რეალობა კი აბსოლუტურად სხვანაირი აღმოჩნდა. ნიკას გვერდით თავს თაკოც ძალიან მშვიდად გრძნობს. მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთს გადასარევად იცნობენ, ორივემ უამრავი რაღაც გაარკვია ჩვენი რუბრიკის საშუალებით.


ინტერვიუ 1. ჟურნალისტია თაკო ცქვიტინიძე

– ნიკუშ, ძალიან რთულია შენგან ინტერვიუს აღება, მაგრამ ვეცდები, ისეთი რაღაცეები გავარკვიო, რაზეც არ გვისაუბრია. მოდი, მითხარი რომ არა მე, როგორ იცხოვრებდი, რა მოხდებოდა, როგორი იქნებოდა შენი დღევანდელი დღე?

– უზარმაზარი სხვაობა იქნებოდა. პირველი ის, რომ ამწუთას არა შენთან, არამედ სულ სხვა ადგილას ვიქნებოდი, რომელიმე ჩემს მეგობართან, როლიკოსთან (გულისხმობს როლანდ ოქროპირიძეს, – ს.გ.) ან კიდევ, უკეთესი, საერთოდ არ ვიქნებოდი თბილისში, წავიდოდი რომელიმე ჩემი ძმაკაცის აგარაკზე ან სოფელში. ვინაიდან ახლა მარჯანიშვილის თეატრში რემონტია, შესაბამისად მეტი თავისუფალი დრო მაქვს და სადმე გავვარდებოდი.

– გინდა სადმე ყოფნა?

– რა შუაშია ამ საუბარში ეს?! სადაც მინდა, რომ ვიყო, იქ ვარ.

– კარგი, მიღებულია შენი პასუხი. წარმოგიდგენივარ თუ არა შენ გვერდით სცენაზე, ანუ პარტნიორად და რა როლში უფრო მხედავ?

– წარმომიდგენიხარ, რა თქმა უნდა. მაგრამ, ვიტყვი, რომ ჩვენი ერთმანეთთან პარტნიორობა გაცილებით უფრო რთული იქნებოდა, ვიდრე სხვებთან. გაცილებით უფრო მკაცრი და მომთხოვნი ვიქნებოდი შენ მიმართ, რადგან სხვა მსახიობებთან ამის უფლება არ მაქვს ელემენტარული კოლეგიალობის გამო. შენთან ურთიერთობა კი კოლეგიალობის საზღვრებში არასდროს მოქცეულა. უფრო მეტი პირადული ურთიერთობა გვაქვს და, შესაბამისად, თავს უფლებას მივცემდი, უფრო კატეგორიულად მომთხოვნი ვყოფილიყავი. რაც შეეხება როლს, ნებისმიერი პიესა წარმომიდგენია შენთან ერთად.

– როგორ ფიქრობ, წარმატებული იქნებოდა ჩვენი წყვილი სცენაზე?

– გააჩნია რეჟისორს. მაგრამ, მგონია, რომ ძალიან კარგი იქნებოდა ეს ტანდემი, თან ერთმანეთს სხვა კუთხითაც გამოვცდიდით და შევაფასებდით (იცინიან).

– იმიტომაც ვიკითხე, როგორ პიესაში წარმოგიდგენივარ-მეთქი: სასიყვარულო-რომანტიკულში, როგორიცაა „რომეო და ჯულიეტა“ თუ რამე ჩვეულებრივში, სადაც ერთმანეთთან მჭიდრო კავშირში არ ვიქნებით? თან, იმასაც ამბობენ, რომ ერთად მუშაობა, თუნდაც როლზე, შეყვარებული ადამიანებისთვის არ არის კარგიო.

– მეზარებოდა ასე დაწვრილებით ახსნა, მაგრამ, თუ ასე დეტალურად გაინტერესებს ყველაფერი, მაშინ მისმინე (იცინიან): ჩემთვის ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესია ჩემი პროფესია. პირდაპირ ვამბობ, რომ უამრავ რამეს, თან, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანს, დავთმობდი პროფესიის გამო. ასე რომ, დედაჩემი იდგება სცენაზე, შენ, ჩემი შვილი თუ სხვა ვინმე, ის იმ მომენტში ჩემთვის მხოლოდ და მხოლოდ ის ადამიანი, ის კოლეგა და პარტნიორი იქნება, რომელიც იმ კონკრეტულ მომენტში მხოლოდ და მხოლოდ სცენისთვის, სპექტაკლისა და მისი წარმატებისთვის მჭირდება. ყველაზე პრიმიტიული სიტყვით რომ ვთქვათ, კარგი სპექტაკლი უნდა მივიღოთ. რა თქმა უნდა, მნიშვნელობა აქვს იმასაც, ვინ არის ჩემ გვერდით, კარგია თუ ის კარგი ადამიანია და შესაბამისად მუშაობა გაგვიადვილდება. სხვა მხრივ, არ არსებობს, შენთან ერთად თამაში გამიჭირდეს. გიყურებ ისე, როგორც სხვა „არტისტკას“.

– მაგრამ რეპეტიციის შემდეგ გაცილებით უფრო მომთხოვნი იქნები ჩემ მიმართ, ხომ?

– ასეა, სხვა გზა არ არის და, დარწმუნებული ვარ შენც ასე მოიქცევი. შეიძლება, ვიჩხუბოთ კიდეც, ვიჯაჯღანოთ. თუ ამაზე სერიოზულად დავიბოღმეთ და „დავიგრუზეთ“, მაშინ მაგარი გოიმები ვყოფილვართ. ექიმები რომ ვიყოთ, არ ვიჯაჯღანებდით. ჩემმა რეჟისორმა მითხრა, რაც უნდა ხდებოდეს შენს პირად ცხოვრებაში, იმ შვიდი, ზოგჯერ ათი საათის განმავლობაში, რომელსაც ჩაკეტილ ოთახში ატარებ, შენი პირადი პრობლემები, შენი სიხარული თუ მწუხარება, შენი შიმშილი, წყურვილი – გარეთ უნდა დატოვო. მსახიობს უნდა შიოდეს, სწყუროდეს, სციოდესო – ამ მოსაზრებას ნამდვილად არ ვეთანხმები, იმ ნიკას დედაც ვატირე ასეთ დღეში, სცენაზე რომ იდგება. მაგრამ, ვეთანხმები იმას, რომ შენი განცდები რეპეტიციაზე და, მით უმეტეს, სპექტაკლზე, არ უნდა შემოგყვეს. თუ რაღაც ძალიან მაწუხებს, მირჩევნია, გავეთავისუფლო. ბებია რომ მომიკვდა, იმ დღეს სპექტაკლი მქონდა, დასაფლავების დღეს, ორმოცზეც და წლისთავზეც სპექტაკლი დაემთხვა და ვითამაშე. ამის გამო ნათესავების სამოცდაათი პროცენტი ცოტა „ისე“ მიყურებს, მაგრამ ასეა და ვერაფერს შეცვლი.

– არა, ეს მართლა ძალიან ჩვეულებრივი მომენტია და, ამიტომ, გპირდები, ამაზე არ ვიწუწუნებ და არ მეწყინება. რომ თქვი, ძალიან ბევრ რამეს დავთმობდი თეატრის გამოო, მეც მათ შორის?

– აუცილებლად გიპასუხებ ამ შეკითხვაზე პირდაპირ. ასეთი საკითხი რომ დადგეს, არავითარ შემთხვევაში არ მივატოვებდი ჩემს პროფესიას შენ გამო და ამას აგიხსნი. პირველი მიზეზი, იცი, რა არის? თუ ასე დამისვი საკითხი: ან – მე, ან – პროფესიაო, მაშინ, დამთავრებულია იქ ყველაფერი. ამაზე ფიქრიც არ უნდა მომიხდეს. აუცილებლად გავითვალისწინებ შენს აზრს, ვთქვათ, რომ მითხრა, აი, ამ სცენაში, ესა და ეს არ მომწონსო, ვეცდები, ავუხსნა რეჟისორს, რომ იქნებ, ეს სცენა რამენაირად შევცვალოთ-მეთქი. თუმცა, ვაღიარებ, რომ ესეც მაგრად „გამიტყდება“. ჩემი აზრით, „გოიმბაზობაა“, შეყვარებული რომ გეტყვის აი, ეს „ზასაობის“ სცენა არ მომწონსო, მაგრამ, იმასაც ვაღიარებ, ეს სიტუაცია პირიქით რომ დავაყენოთ, საშინლად არ მომეწონებოდა ასეთ ტიპთან ერთად სცენაში შენი მონაწილეობა.

– რა კარგია, რომ აღიარე შენი ეჭვიანობა!

– საშინლად ეჭვიანი ვარ. ჩემი ძაღლის მიმართაც ეჭვიანი ვიყავი, როდესაც ცოცხალი მყავდა, საწყალი.

– ძალიან რომ გთხოვო ვეგეტარიანელი გახდებოდი?

– ვერა (იცინიან). ხორცი თუ არ ვჭამე იმ დღეს ვიქნები უბედური, საშინელ ხასიათზე.

– ხალხს ვუთხრა, ზაფხულში „ალბინოსიკი“ რომ ხდები?! იცით, რა საყვარელია, როდესაც ალბინოსს ემსგავსება? წარბი, წამწამი ყველაფერი თეთრი აქვს.

– ცოტა ქვემოთ ჩამოდი და ბარემ ყველაფერი თქვი (იცინიან).

– რა ბოროტი ხარ! შეიცვალე მას შემდეგ რაც ჩემ გვერდით ხარ?

– თავისთავად. როდესაც ადამიანს სჭირდები, როცა ხვდები, რომ ის შენც ძალიან გჭირდება, გარკვეულწილად იმ რაღაცეებს რაც არ მოსწონს, ასე თუ ისე, თმობ. ძალაუნებურად, ერთსა და იმავე რამეს ბევრჯერ რომ თმობ, მერე ის უკვე ხასიათში გადაგდის. ნუ, გოგოებს რომ დავთმობ, ეს თავისთავად, თან, სულ რაღაც ჟურნალში ხარ გამოჭენებული და ყველამ იცის, რომ შეყვარებული მყავს. საერთოდ, სულ ტყუილად დადიოდა ჩემზე ჭორები, რომ მექალთანე ვიყავი, ეს იმიჯი სერიალმა შემიქმნა. ისე, ვერც მექალთანეობაში ვხედავ ვერაფერ ცუდს, ისევ ქალები მოგწონდეს, ჯობია, „მეკაცთანეობას“.

– მეც, ძვირფასო! (იცინიან).

– ძალიან ბევრი ქალი უნდა გყავდეს გვერდით, რომ მიხვიდე იმ ქალამდე, რომელიც მართლა სულ გეყვარება. უბრალოდ, ამით არც საკუთარ თავს და არც იმ ქალს არ უნდა ავნო, ვინც შენ გვერდითაა.



ინტერვიუ 2. ჟურნალისტია ნიკა კუჭავა



– ხომ რთულია ჩემ გვერდით ყოფნა?

– ძალიან. ზედმეტად ემოციური ხარ, ყველაფერზე ჯაჯღანებ, ცოტა მელანქოლიკი ხარ. წვიმს და, შეიძლება, ამან მთელი დღით გაგიფუჭოს ხასიათი. აბსოლუტურად ყველაფერზე შეგიძლია წუწუნი.

– არის შემთხვევები, როდესაც, შესაძლოა, საერთოდ არ გამოვიდე სახლიდან. სულ რომ მშიერი ვიყო, პურის საყიდლადაც არ გავალ, რომელიც ჩემი სახლიდან ზუსტად ხუთ მეტრში იყიდება. უბრალოდ, ცუდ ხასიათზე ვარ და მორჩა. მაგალითად, გუშინ ვიყავი ასე. ამ დროს იმასაც ვგრძნობ, რომ თაკოს ცოტა სწყინს ეს ამბავი, მაგრამ იმასაც გრძნობს, რომ ჩვეულებრივად ვარ, უბრალოდ, სახლიდან გამოსვლა არ მინდა.

– არა, შევდივარ ხოლმე მაქსიმალურად შენს მდგომარეობაში და სულ არ ვფიქრობ, რომ ჩემი ბრალია რამე.

– ჩემნაირი ბიჭის გვერდით წარმოგედგინა თავი?

– არასდროს. ვერ წარმოვიდგენდი, თუ შენ გვერდით ვიქნებოდი. აბსოლუტურად განსხვავდები იმ ტიპაჟებისგან, რომლებიც მომწონდა გინდ ვიზუალურად, გინდ ჩაცმის სტილით, გინდაც – გემოვნებით.

– არანაირი ჩაცმის სტილი არ მაქვს, უბრალოდ მაცვია, სტილი არ შემირჩევია.

– გარდა ამისა, გარემოთი, მეგობრებით, დამოკიდებულებებით, ძალიან განვსხვავდებით ერთმანეთისგან.

– შენი მეგობრები სხვა ტალღაზე არიან. არ „ჰკიდიათ“ რა აცვიათ. (იცინიან) „ბეემვე“ ჰყავს იმიტომ, რომ მოდაშია და ბარნოვზე რომ გაივლის, გვერდულად დაჯდეს (იცინიან).

– სულ ამაზე ვხოცავთ ერთმანეთს, რომ მე „ბეემვე“ მომწონს და ამას – „მერსედესი“. საერთოდ ვერ ვხვდები, რატომ ჰყავს ავტომობილი, რადგან, შეუძლია, საცობში შუა ქუჩაში დატოვოს. ერთხელ დატოვა, თეატრში ტაქსით წავიდა და მერე ავტომობილს საჯარიმოზე მიაკითხა.

– თაკოსა და მის მეგობრებს მოსწონთ კლუბური სიტუაციები, დცნ, დცნ...

– ნუ, აბა, შენ რესტორნები გიყვარს, დედმამიშვილების სადღეგრძელოთი რომ იწყება და საქართველოს სადღეგრძელოთი მთავრდება. 50-60 წლის ადამიანები სხედან და მათ შორის მეც. როგორი ვარ, ხომ წარმოგიდგენიათ? (მე მომმართავს, – ს. გ.).

– ისინი ძალიან საინტერესო ხალხია ჩემთვის და სუფრაზე მარტო კი არ ვსვამთ, უამრავ თემაზე ვსაუბრობთ, რაღაცეებს ვწყვეტთ.

– ფაქტია, რომ შენ რესტორნებში უჩემოდ დადიხარ, მე კი ამ დროს სახლში გელოდები. მოკლედ, ავტომობილებისა და რესტორნების თემა ამოვწუროთ.

– როგორ მიტან?

– (იცინიან) ვაიმე, სხვა რა გზაა?! გადასარევად გიტან, ჩემო კარგო, ხომ იცი. რაც ვილაპარაკეთ, ეგეთი კატასტროფაც არ არის შენს გევრდით ყოფნა. ძალიან ბევრი კარგი თვისება გაქვს, ბევრზე ბევრი. დავიწყოთ იმით, რომ ძალიან მეგობრული ხარ – პირველ ყოვლისა, მეგობარი და მერე – შეყვარებული, საქმრო და სხვა. ვგიჟდები, ისეთი თბილი ხარ და, როდესაც რაღაცას გიყვები, პრობლემა არ მაქვს. ვიცი, გამიგებ, მომისმენ. ძალიან ყურადღებიანიც ხარ, თუმცა, არა რომანტიკული.

– ხომ იცი, მინდა, მაგრამ არ გამომდის. ისე, ჩემს პონტში მაგარი რომანტიკული ვარ, რაც არ ესმით ხოლმე. ახლა რომ დავიწყო იმის მოყოლა, რა არის ჩემთვის რომანტიზმი, გადაირევი.

– ვიცი, რაც არის შენთვის რომანტიზმი, რაც ჩემთვის კატასტროფაა (იცინიან): სადღაც ბუნებაში, ქალაქგარეთ წასვლა, სიმწვანეში ყოფნა...

– აი, რითია ცუდი, გეხვეწები?! არ არის რომანტიკული, უცებ თავში რომ დაგარტყამს რაღაც, აიკიდებ გუდა-ნაბადს, ჩაჯდები მანქანაში და წახვალ სადღაც მთაში?!.

– სადაც არ არის ცივილიზაცია, უკაცრიელ ადგილას, სადაც ხელსაც კი ვერ დაიბან, არანაირი პირობები არ არის...

– რატომ იგონებ ახლა ამას? ხელების დაბანის პირობები და წყალი, მით უმეტეს, საქართველოში ყველგან არის. მთლად ასეც არაა. აგარაკი ვიყიდე, რომელიც მალე გარემონტდება და იქ ძალიან ხშირად ვივლით.

– ძალიან ხშირად ვყოფილვართ ქალაქგარეთ ერთად, ეს მეც მომწონს, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ რომანტიზმის პიკია. თუმცა, ჩვენს ურთიერთობაში ის არის ძალიან მაგარი, რომ ერთმანეთს ყოველთვის ანგარიშს ვუწევთ, პრინციპში, სადაც შენ ხარ, მეც იქ მიხარია ყოფნა.

– როგორი წარმოგიდგენია ჩვენი ქორწილი?

– ოო. მე და შენ, ალბათ, თავისთავად სხვადასხვანაირად წარმოგვიდგენია ეს ამბავი. ჩემთვის ქორწილი ასოცირდება, იცი, როგორ რაღაცეებთან? უნდა მეცვას შოკის მომგვრელი, უზარმაზარი კაბა...

– რომელშიც შოკის მომგვრელ თანხას გადაიხდის შენი მეუღლე...

– რა თქმა უნდა! მინდა, ისე გამოვიყურებოდე, რომ ნიკამ ვერ მიცნოს, გადაირიოს, დაეცეს და ვერ ადგეს.

– რატომ გგონია, რომ სხვანაირად ვფიქრობ ჩვენს ქორწილზე? ზუსტად ასეთი წარმომიდგენიხარ საქორწილო კაბაში – რომ გადავირიო და ვერ ავდგე.

– ნიკა, დარწმუნებული ვარ, რომ კედებში არ იქნება. წარმომიდგენია უცნაური ტრანსპორტი, რომელშიც ჩვენ ვისხდებით, არა „ლიმუზინი“ ან „მერსედესი“.

– თუ ორიგინალურობა გინდა, მაშინ ტრაქტორით უნდა „გავიჩითოთ“. წინ, „კოვში“ რომ ზიხარ და ბედნიერი სახით მოდიხარ.

– ქორწილი ძალიან-ძალიან მხიარული იქნება ალბათ. ჯერ მარტო რამდენი მსახიობი მოვა, რომელთა გვერდითაც ვერაფრით მოიწყენ, მით უმეტეს – ქორწილში. მეც მსახიობი ვარ და რაღაც ერთი წრე შეიკვრება.

– შესაძლებელია, ღია ცის ქვეშაც გავაკეთოთ...

– მაგალითად, ზღვის სანაპიროზე, ჩამავალი მზის ფონზე. მაგრამ, თუ რეალურად შევხედავთ, ალბათ, ჩვენი ქორწილი მაინც რესტორანში იქნება.

– ჩემი მეჯვარეები იქნებიან: გიო სვანიძე, გიორგი ზანგური, როლიკო ოქროპირიძე და კიდევ ერთი ადამიანი ზურა ბერიკაშვილი, რომლისთვისაც ჯერ არ მითქვამს. ზურა ძალიან მიყვარს, უთბილესი ადამიანია და, მინდა, გარდა მეგობრობისა, ნათესაური კავშირიც გვქონდეს.

– ჩემი ერთი მეჯვარე იქნება შენი და, დანარჩენებს არ ვიტყვი.

– ჩემი და?! გადაირიეთ?! პირველად მესმის!

– ეს ეკლესიის მიერ ნებადართულია და ძალიან მომწონს ეს იდეა.


скачать dle 11.3